ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გადამფრენი
ჟანრი: პოეზია
20 მაისი, 2014


ჩემს ძმას (ლექსების გამოფენა)

შენ ჩემი ძმა ხარ, მამაჩვენის უმცროსი ვაჟი,
ნაკლებად, ანუ გაუჭრელი ვაშლივით მგავხარ.
სულხან წულუკიძე



ცხოვრება სილაა, რომელსაც თვალებში გაპნევენ
ღმერთი და ღამეებნათევი, ხორშაკი ქარები,
და როცა რთულ დღეებს მარტივად, მსუბუქად ათენებ,
ვიღაც გწმენდს იმ სილას თვალიდან მტევნებით, მაჯებით...
ჩვენ ახლა თანდათან, ვაშლები რაა და გაჭრილი,
ვშორდებით სხვაობებს, მსგავსება იმაზე მეტია,
ვიდრე ჩანს გარედან. გარედან სიცოცხლე ამლაშებს,
შიგნით კი ჰაერი სავსეზე სავსე და ბევრია.
ღამეა. ქარები ქუჩებში დგანან და იხდიან
ხეებში გაჩხერილ,დახეულ თებერვალს. იმარტებს.
და მერე მეზობლის წაქცეულ-დასჯილი შვილივით
ფანჯრებთან წვიმების თავხედი სლუკუნი იმატებს.
მოგწერ, რომ თბილისში საგრძნობლად, ზედმეტად აცივდა,
ვათხელებ კალენდარს შეხვედრის, ჩამოსვლის იმედით,
ყოველი საღამო წინაზე ბნელი და მძიმეა,
ყოველი თენება წინაზე სველი და შიშველი.
ვიხსენებ ჩვენს ქალაქს, სარეცხით გულწასულ აივანს...
და მრჩება განცდა და სისველე,- მარტივი, ზოგადი.
ამინდი ტანს იხდის ჩემს წინაც, უკანაც, გასწვრივ და
თოვლი სათქმელივით თოვლს პირში პირდაპირ მოგახლის,
ისე ჩანს, ისე თოვს.
გაღმა და გამოღმა ერთია,
მარტამდე თებერვალს კუდების მოქნევაც ეყოფა,
აქ ახლა ვინ იცის, რომ ავდგე, ხელმარცხნივ წავიდე,
იმავე ფეხსაცმლით ამ მხარეს რატომ ვერ შემოვალ...
ჩამოდი,
მგონია, უშენოდ ვერავინ გამიგებს,
ცა ისევ დასერეს ღრუბლებმა, ელვამ და მეხებმა,
დადიან ხალვათად, ცხოვრობენ არაფრის იმედით,
მე მარტო ცხოვრების ნისლი მხვევს ჯანღში და მერევა
ფიქრები: ჩვენ ვჭამდით ტაფამწვარს საერთო თეფშიდან,
წვებოდი ჩემ გასწვრივ და ფანჯრის რაფებზე დაყრდნობილ
იდაყვით ღმერთამდე მანძილი საერთოდ ქრებოდა
და ჩანდნენ ფანჯრიდან, ძაღლები ქუჩებში- დათოვლილ.
ახლა კი არც თოვლი,
არც წვიმა არც მზე და ქარია
მუდმივი,-
(ამინდი, რძესავით, ცაშია აჭრილი),
ვის ნახავ იმედად, ხავსივით ვის მოეჭიდები,
მით უფრო ნდობაა, ხომ იცი, არაფრით ადვილი...

ცხოვრება სილაა, რომელსაც თვალებში მაპნევენ
ღმერთი და ღამეებნათევი, ხორშაკი ქარები,
და უკვე რთულ დღეებს მარტივად სულ ვეღარ ვათენებ
და სილით სავსე მაქვს სულიც
და პირიც
და თვალებიც.
ჩამოდი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები