ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბ.ზაქაიძე
ჟანრი: პოეზია
11 ივნისი, 2014


  ჩამოტვირთვა

ლედი

                 
გთხოვ, რომ მომიტევო ვეღარ მოვითმინე,
დღესაც ვერ გავბედე ლედი შენი ნახვა,
შენი ჩრდილი გავხდი აგერ ორი თვეა,
მზისფერ გვირილებში წერილს შეგინახავ.

- ღამე იდუმალი, ღამე სევდიანი,
ქუჩამ აირეკლა, თითქოს, შენი ლანდი.
ლედი დამიჯერე ჩვენი ბედი არის,
ის, რომ დაგინახე და რომ შემიყვარდი.

ფრთები შეიფარეს ვფიქრობ მაგ ღილებმა,
ვიცი ფრენა გიყვარს ყოველ ღამით ლედი,
იქნებ მისახსოვრო ერთი გაღიმება,
თორემ ცოცხლებს შორის აღარ ჩავითვლები.

დროა გაგიმხილო მცირე საიდუმლო,
როცა ბრუნდებოდი ღამით სახლის გზაზე,
ჩრდილად ადევნებულს სხვაგან საით მევლო?!
უკან მოგყვებოდი და არ გამიბრაზდე.

წვიმა მატულობდა, როგორც გულის ძგერა,
ქუჩა სარკე იყო ლედი, ალბათ იმ დღეს,
ქოლგით მოსვლა ვცადე, თუმცა გაიძვერა
ფიქრმა არ მომიშვა – მალე გადაიღებს.

მგზავრის მოთმინებით იდგა გაზაფხული,
დილა წითლდებოდა, როგორც ქალი მორცხვი.
ფრთხილად მოსვლა მქონდა ისევ განძრახული..
მაგრამ მორიდებამ ახლაც დამამარცხა.

ხშირად ჩავუვლიდი შენსკენ შესახვევს და
კართან გვირილების კონა დამიდია,
მხოლოდ მიზეზს ვეძებ შენთან შესახვედრად,
თორემ რა აზრი აქვს თუ რა ამინდია.

ღამე ახლოვდება, ღამე სევდიანი,
ქუჩამ აირეკლა, თითქოს, შენი ლანდი.
ლედი დამიჯერე ჩვენი ბედი არის,
ის, რომ დაგინახე და რომ შემიყვარდი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები