ნაწარმოებები


კონკურსი- “ლექსების გამოფენა/ასი სიტყვა“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პილიგრიმი
ჟანრი: პროზა
23 ივნისი, 2014


სანტიაგოს მოწამეობრივი აღსასრული

                                                      1

  სანტაიგო კერესელიძე იმადაც იყო უცნაური, რომ სანტიაგო ერქვა. მამამისს მეტისმეტად ჰყვარებია გიგანტურ თევზთან მებრძოლი ბებერი სანტიაგო და მის საპატივცემულოდ დაუნათლებია თავისი მხოლდშობილი ძისათვის ეს უცხოური სახელი.
  სანტიაგოს ყოველთვის სძულდა ჰემინგუეი, ამის გამო.
  სანტიაგოს არასდროს ჰყოლია ცოლი, თუნდაც იმიტომ, რომ ყოველთვის სჯეროდა, ასეთი სახელის მატარებელი ქართველი არამც და არამც არ იყო ცოლისა და ოჯახის ღირსი...
  სანტიაგოს ბავშვებიც არ უყვარდა, რადგან მართლა ყოველთვის სჯეროდა, ასეთი სახელის მატარებელი ქართველი არამც და არამც არ იყო ცოლისა და ოჯახის ღირსი... შესაბამისად, მას ბავშვიც ვერ ეყოლებოდა. ეს კი სრულიად საკმარის საბაბად მიაჩნდა, სხვისი ბავშვების ვერასატანად...
  სანტიაგო არასდროს სვამდა ჩაის - კომუნიზმს აგონებდა. ყავასთანაც ვერ იყო მეგობრულად, რადგან მეხსიერებაში წამსვე ამოუტივდივდებოდა-ხოლმე მის მეზობლად მცხოვრები მკითხავი, რომლის დანახვისაც მთელი ბავშვობა საშინლად ეშინოდა...
  საზოგადოდ, ხელმოცარული კაცი ერქვა ჩვენს მოჰემინგუეისპერსონაჟო პერსონაჟს. თავის დროზე, ხელობათა უამრავ სახესხვაობაზე ეცადა ბედი, მაგრამ არაფერი გამოსვლოდა ამა საქმისგან - თქვენ წარმოიდგინეთ, მწერალიც კი ვერ გამხდარიყო, მისი მეტისმეტი ენთუზიაზმის მიუხედავად...
  ყოველგვარი რეალური პერსპექტივის გამოყენების მიმართ ცვედანი გახლდათ სანტიაგო-ჩვენი, რადგან მზა პერსპექტივებზე წინ ყოველთვის საკუთარ გულისწადილს აყენებდა და უნდა ავღნიშნოთ, რომ იმდენად არაობიექტური გახლდათ საკუთარი შესაძალებლობების შეფასებისას - ჯერ არა საქმისთვის მოუკიდია ხელი, რომ წარმატებით გამოსვლოდა...
  რითი იკვებებოდა და (ვიცი, ეგეც დაგაინტერესებთ) ჭორებითა და პოლიტიკით. ჰო, სრული სიმართლე გახლავთ - დილით კარგი პოლიტ-ნიუსით რომ დაიკმაყოფილებდა თავს, შუადღემდე სრულებით ჰყოფნიდა მის სტომაქს. შუადღისას, კიკვიძის ბაღში, რამოდენიმე ცხელ-ცხელ ჭორს სულის შეუბერავად გადასანსლავდა და საღამოს ისევ ტელევიზორს მიუჯდებოდა სავახშმოდ. ოღონდ ეგ იყო, რომ საინფორმაციო საშუალებები მთელი დღის ნაგროვებ ნიუსებს ერთიანად გამოამთვარეულებდა ხოლმე და ხანდახან მეტისმეტიც კი მოსდიოდა ძილის წინ ჭამა, მის მოტეხილ სხეულს...
  სანტიაგო კერესელიძე იმადაც იყო უცნაური კაცი, რომ ას ოცდახუთ ლარად ნაქირავებ, ნახალოვკსთვის დამახასიათებელ, ასანთის კოლოფზე ოდნავ განიერ ბინაში, არა ძაღლი, არა კატა, არამედ ალბინოსური შავი ქრცვინი ჰყავდა... საკუთარ თავს ერჩივნა ეს დანასისხლად ნაყიდი ,,გარინჩა” (ასე უწოდა ქრცვინს, რადგან ერთხელ, ტრანსპორტით მგზავრობისას, ფანჯრიდან გადამხტარი ქრცვინი ფეხით დაიჭირა და უკან შემოაბრუნა, რის დროსაც აღნიშნული ფეხი საბრალობლად გადაუტყდა თავისუფლებისმოყვარე ქრცვინს, სანტიაგოსდა მოულოდნელად)... გარინჩა რამდენადაც საყვარელი, იმდენადვე ძნელად მოსავლელი იყო, რადგან საერთოდ ვერ იკვებებოდა პოლიტ-ნიუსებით და რეალურ ხორცს ითხოვდა, მაგრამ ეს პრობლემაც გადაჭრა მისმა პატრონმა - სად, სად და ნახალოვკაში თაგვს და ვირთხას რა გამოლევს... ჰოდა, სანტიაგომ თავისი უბნის ყველა ეზოში მოფინა სათაგურები, ნანადირევი კი აბსოლუტურად აკმაყოფილებდა გარინჩას გემოვნებასა და მადას.
  სანტიაგო კერესელიძე პოლიტიკით კი იკვებებოდა, მაგრამ არასდროს არცერთ პარტიაში შესულა, რადგან თავისი გემოვნებისად არ მიაჩნდა. მხოლოდ ბოლო დროს გამოჩენილმა, მზარდი რეიტინგის მქონე პარტიამ - ,,ნატვრის ბორბალმა” მიიპყრო მისი ყურადღება. პირველ რიგში, სახელწოდებამ გააგიჟა და დაიპყრო მისი გული - მეოცნებე გახლდათ (როგორც ყველა ხელმოცარული, რომელიც მწერალიც კი ვერ გახდა) და აღნიშნული პარტიის სახელწოდება საამოდ ხვდებოდა მის ყურს, მაგრამ ამ სახელწოდებას ნაკლიც ჰქონდა სანტიაგოს თვალში - ,,ბორბალი” რომ ერია მასში - ის. ,,ბორბალი” ღალატთან, უნდობლობასთან და სხვა მისთანანთან ასოცირდებოდა მისთვის. თუმცა ერთის მხრივ ,,ნატვრისა” და მეორეს მხრივ, პარტიის დამფუძნებლის ბანკნოტებისა სიმრავლის გამოისობით, ტიპიურ ანტიმიშისტურ, ქართულ მიტინგზე სანტიაგოს (როგორც მომიტინგეს) დებიუტი შედგა.
  იქ ბევრი ,,წადის” და ,,მოვდივარის” ძახების შემდეგ, დაღლილმა მუხლებმა შეახსენეს, რომ სახლში დაბრუნება და ქრცვინის გამოკვებაც საჭირო იყო, რის გამოც ჯერ დაუზოგავად იტკიცა თავში ხელი (ჯერ ერთი, მცირე ხანში მეორეც), შემდეგ დიდხანს მოარღვევდა ბრბოს და პირველსავე ტაქსიში (რომელიც უნდა ვთქვათ, რომ მეტისმეტად ნელა მოძრაობდა, ქუჩაში მოფენილი ხალხის სიმრავლის გამო), ისე, რომ შიგ არც კი შეუხედავს, ჩაჯდა (უკანა სალონში).
  მხოლოდ მაშინ აღმოაჩინა, რომ ტაქსი ცარიელი არ იყო - მძღოლის გვერდით ვიღაც ,,ცისკარას დევს” მთელი წინა სალონი ამოევსო, გვერდით კი წვერმეჩხერი, ერთმანეთისგან ცოტა განსხვავებული ფერის თვალებით მომზირალი მღვდელიც სკუპებულა. უჰ, დიდად უკაცრავად ვარ თქვენთან, ახლავე ჩავალ დაბლა - წაილუღლუღა დაბნეულმა სანტიაგომ. არა, რას ბრძანებ, შვილო ჩემო, საერთოდ არ გვიშლი ხელს - უთხრა წვერმეჩხერმა მამაომ და კისერზეც მოხვია ხელი, რაც თავიდან სითბოს გამოვლინებად, ხოლო ცოტა ხანში მარწუხის მოჭერად მიიჩნია სანტიაგომ...
- ჰა, რას იტყვი, ჯიმი, წავიყვანოთ ჩვენთან ეს პატიოსანი მონა ღვთისა, ხომ? - შეეკითხა მღვდელი წინ მჯდომ ,,ცისკარას დევს”, რომელმაც მცირე ყოყმანის შემდეგ, მაინც გამოაცხადა თანხმობა და ამის შემდგომ სანტიაგოს მიერ ხელ-ფეხის სავსავს და მშივრად დარჩენილ ქრცვინზე წუწუნს ყოველგვარი აზრი დაეკარგა, ხოლო როცა მანქანა თბილისიდან მცხეთის გზაზე გავიდა, სანტიაგო საერთოდ გაჩუმდა და ბედს მიენდო.

                                                          2

  როგორც აღმოჩნდა, მღვდელი მთლად მღვდელი არ ყოფილა - სოფელ აღაიანთან ანაფორა გადაიძრო, მარჯვენა - მარცხენასაგან მეტისმეტად განსხვავებული ფერის თვალიდან ლინზა ამოიღო, ის მეჩხერი წვერიც მოიხსნა და ტიპიურ, არამღვდელ ადამიანად იქცა წამსვე.
  ამის დანახვაზე სანტიაგოს უფრო მტკივნეულად ჩასჭიდა შიშმა სველი ხელები. სად მიგყავართ, რაში გჭირდებით მე? - ამოიკნავლა საბრალობლად. იყუჩე ცოდვილო! - ფართო ღიმილით უპასუხა ,,მამაომ” და პროტესტის უკანასკნელი გაჩუჩუნებაც გააქრო სანტიაგოს სულში.
  აქ ცოტა ხნით მივატოვოთ ჩვენი წამებული გმირი უცნობ ბოროტმოქმედთა ტყვეობაში და შევიხედოთ მის ბინაში, სადაც პატრონის დაბრუნებას ამაოდ ელის მარტოობით გაცოფებული გარინჩა.
  ვინაიდან ამ მოთხრობის ავტორი სრულებით ვერ დაიკვეხნის ქრცვინთმცოდნეობით - გადაწყვიტა, ინტერნეტში მოეძია მცირე ინფორმაცია ამ ცხოველის შესახებ:
  ქრცვინი მტაცებელი ძუძუმწოვრების ქვერიგი ყოფილა, კვერნისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე - 38-51 სმ, ხოლო მასა - 0.7-1.4 კგ. აქვს მოგრძო, მოქნილი სხეული, მოკლე ფეხები, ბლაგვი დინგი, პატარა ყურები. აერთიანებს 3 სახეობას. გავრცელებულია ჩრდილოეთ ამერიკაში, ევროპაში, ჩრდილოეთ აფრიკაში, ტაიგის სამხრეთ საზღვრამდე, შუა აზიაში, სამხრეთ ციმბირიში. ბინადრობს ტყეში (შავი ქრცვინი), ველებსა და ნახევარუდაბნოებში (ველის ქრცვინი და ამერიკული ქრცვინი). სახლდება ტყეკაფში, ბუჩქებში, გაშლილ ადგილებში, შავი ქრცვინი — ადამიანის სამოსახლოებშიც. იკვებება წვრილი ცხოველებით. აქვს ძვირფასი ბეწვი. შავი ქრცვინის ალბინოსური ფორმა მოშინაურებულია. იყენებენ მავნე მღრნელებთან საბრძოლველად. სულ ეს არის, რისი პოვნაც შევძელი ქრცვინთა შესახებ ka.vikipedia.org-ზე, ჩემის მხრივ კი დავამატებ, რომ ,,გარინჩა” განათლებულ ქრცვინთა იმ ერთადერთ ნიმუშს წარმოადგენდა, რომელსაც ოდესმე უარსებია დედამიწაზე...
  იმთავითვე მიჩვეული გახლდათ სანტიაგოს უცნაურ ახირებებს. იყო დრო, ვერშემდგარი სამწერლო კარიერის გამო, მთელი ღამე არ აძინებდა, საბრალო ცხოველს, პატრონის გოდება. სანტიაგოს გამძვინვარება მაშინ უნდა გენახათ, ვიღაც ,,ახალბედა” პოეტის, ბექა ახალაიას ლექსები რომ ჩაუვარდა ხელთ. - სად არის აქ მეტრი? - ყვიროდა ხაფი ხმით... ხან ურითმობას უჩიოდა და ხან თემების მიმართ ამჟღავნებდა უკმაყოფილებას.… ამისთანა ,,ღლაპები” ღუპავდა ქართული ლიტერატურის მომავალს, სანტიაგოს აზრით და მასაც სწორედ ასეთმა ,,ვაილიტერატორებმა” დაუხშეს პოეზიის მაღალი კარი... ასე გრძელდებოდა მანამ, ვიდრე სანტიაგომ ბოლომდე არ შეიგნო თავისი უნიჭობა პოეზიაში და შემდგომ ამისა ქანდაკებების კეთებას მიჰყო ხელი.
  არც ეს ახალი გატაცება მოსწონდა ქრცვინს მაინცდამაინც, თუმცა ერთი დადებითი ჰქონდა - სანტიაგო უხმოდ მუშაობდა და ნაკლები ჯაფა ადგა ცხოველის ყურებსა და გონებას.
  ბოლო დროს კი, პატრონს მთლად გაუფუჭდა ხასიათი,ქრცვინის აზრით. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც პოლიტიკით დაინტერესდა. მთელი დღე სადღაც იკარგებოდა და საღამოობით, უჩვეულოდ აღგზნებული ბრუნდებოდა. საინფორმაციო საშუალებებს მიუჯდებოდა უმალ და გაჰყვიროდა სალანძღავ სიტყვებს, რაც ადრე არასოდეს გაეგონა სანტიაგოსგან. განსაკუთრებით პრეზიდენტის პირდაპირი ეთერით გამოსვლა ეჯავრებოდა ქრცვინს - ,,პახმელიის” შეგრძნებით ეღვიძებოდა მეორე დღეს. როგორ გამაბრუა წუხელ, მაგ შობელძაღლმაო - ფიქრობდა მერე. დიდად არც ,,ნატვრის ბორბალი” ეხატებოდა გულზე. ნატვრა არა თაგვი - ბუზღუნებდა თავისთვის. ნატვრა და ოცნება მან იცოდა როგორ უნდოდა: აი, ის უკვე ერთი წლის გახდა. დედამ ბუერას ფოთოლზე დადებული, თორმეტი ხოჭოთი გაფორმებული სინდიოფალა გამოიტანა სადღესასწაულო სუფრასთან. და-ძმები ხარბად შესცქერიან ნუგბარს, რომლის პირველად დაგემოვნების უფლება მხოლოდ და მხოლოდ მას აქვს. მამა უჩვეულოდ თბილად, სიყვარულით სავსე თვალებით შესცქერის... ამ ბოლო დროს ხშირად ეზმანებოდა თუ ეოცნებებოდა ქრცვინს ეს სურათი და სახელის დარქმევაც ეწადა, მაგრამ ვერაფერს გახდა. სამწუხაროდ, მის სხეულში არ ცხოვრობდა ემილ ზოლას რეინკარნირებული სული, თორემ შესაძლოა ,,ქრცვინთა ბედნიერება” დაერქმია ოცნებაში წარმოდგენილი სურათისთვის. თუმცა ,,ბედნიერების” მნიშვნელობა ჯერ კიდევ არ იცოდა ქრცვინმა, რადგან სანტიაგოს სახლში, არასდროს უნახავს ამ სიტყვის მნიშვნელობის შესაბამისი რამ.
  გარინჩას, ყველაზე მეტად, მეზობლად მცხოვრები ახალგაზრდა ბიჭის, ომარის სტუმრობა ეჯავრებოდა. ისიც პოლიტიკით იყო გატაცებული და მას შემდეგ, რაც სანტიაგოც გადაეშვა ამ მდაბალი ხელოვნების ზღვაში, ხშირად მოდიოდა სტუმრად აქ. პოლიტიკა ისეთი თემაა, რომელზეც ეთერში დათაფლულად, ეთერს გარეთ კი ქუჩური ტერმინებისა და ლანძღვის გარეშე ვერასგზით ისაუბრებს კაცი. ამიტომ სანტიაგოს ლექსიკონი ქრცვინისთვის უცნობი ბევრი ახალი სიტყვით(ბოზი, განდონი, ეგ პიდარასტი, გამყიდველი, ვაზელინი, ვიგოდნიკი, ქვეშქვეშა, პოლიტიკური პუტანკა, პარტიიდან პარტიაში მოხტუნავე, ორიენტაცია(რუსული ან ამერიკული), პრ...ი(ეს ის სიტყვაა ,,გოჭის” რომ ერითმება კარგად) და სხვ.) შეივსო. ამ სიტყვების მნიშვნელობა, რასაკვირველია, არ იცოდა ქრცვინმა, მაგრამ მათი წარმოთქმისას პატრონს ისე საზარლად ეცვლებოდა სახე, ხვდებოდა, კარგს არაფერს ნიშნავდა. გარინჩას ომარის სტუმრობა ყველაზე მეტად იმად სძაგდა, რომ როგორც კი სანტიაგო საპირფარეშოში შევიდოდა, უსათუოდ წამოარტყამდა ბიჭი ხელს გავაზე და ,,ქრცვინო, შე ბოზო!” - დააყოლებდა...
  უკანასკნელი გატაცების მერე, სანტიაგომ ერთი პოლიტიკოსის ბიუსტის კეთებას მიჰყო ხელი - ჩემი ახალი სიყვარულიაო - ეუბნებოდა ქრცვინს, რომელსაც თავის მხრივ, მრავალ  უსიამოვნო ეჭვს აღუძრავდა პატრონის ,,ახალი სიყვარული”. მღალატობ სანტიაგო, ხომ? - ქირქილებდა გარინჩა გულში - ვნახავთ, მაგ შენს სიყვარულსაც როგორ უღალატებ მცირეოდენ ხანში, როგორც სხვა ეგეთები გყავს მიყრილი მეხსიერების კუნჭულებშიო. თავიდან ცერად უყურებდა, მერე კი საერთოდ შეეშვა ბიუსტის ცქერას და ბოღმით აღვსილი იწვა-ხოლმე ტახტზე. მისი პირის აპარატი მხოლოდ კნავილის, ღნავილის, ჩხავილის და წკნავილის გადმოსაცემად გამოდგებოდა, თორემ იცოცხლე, კარგ რამეებს კი ეტყოდა პატრონს.
  წვიმაც საშინლად აღიზიანებდა ქრცვინს - მონატეხი ფეხი სტკიოდა ასეთ დროს და ვერაფრით მოენელებინა, როგორ ბრიყვულად გაება ჩრდილოამერიკელი მონადირის მიერ დაგებულ მახეში, რომელმაც მერე ქართველ მეზღვაურს მიჰყიდა. მეზღვაურს ვიღაც მაწანწალამ მოპარა ქრცვინი და თბილისელ ცხოველებით მოვაჭრეს მიასაღა,იმან კი ათჯერ ძვირად - სანტიაგოს.
  მიუხედავად ყველაფრისა, გარინჩას მაინც ძალიან უყვარდა თავისი ხელმოცარული პატრონი, რომელიც ხშირად ელაპარაკებოდა და არც ალერსს აკლებდა. ჯერ არ მომხდარა, ოდესმე დაჰგვიანებოდა მისთვის საჭმელის მოცემა. დღეს კი, რატომღაც, უჩვეულოდ დიდი ხნით დაიკარგა და უკვე მღელვარებას აეტანა ცხოველი. ასე იცის მაგ დაწყევლილი პოლიტიკით დაავადებამ, თავიდანვე ხომ ვიცოდი, კარგს არაფერს მოუტანდა - ფიქრობდა და შეჩვენებას უთვლიდა ამქვეყნად არსებულ ყველა პარტიას...
 
                                                                3                                                       

ცხოვრებაში პირველად, სანტიაგომ ნამდვილი შიში მაშინ გამოსცადა, როცა გააცნობიერა, რომ ოსურ სოფელში იმყოფებოდა. რაც მართალია, მართალია - თავში მრავლად წაიშინა ხელი, მაგრამ უკვე მთლად ამაო გახლდათ ხელის თავში შენანი და თქვენ წარმოიდგინეთ, იმავე ხელის თითებზე კბენანიც კი.
  იქ ერთ-ერთი  სახლის ნახევრადსარდაფში  გამოკეტეს და მკაცრად გააფრთხილეს, რომ თავისუფლებას მხოლოდ მაშინ ეღირსებოდა, როცა ესოდენ ძვირფას სამშობლოს გასაყიდად გაიმეტებდა... რა ჰქონდა სასაცილო, მაგრამ ერთი კი გადაიხარხარა მწარედ - მანამ არ აგიდგეთ გვერდები, სანამ მაგაზე თანხმობას ეღირსებით ჩემგანო - უთხრა გამტაცებლებს. მერე ბეტონის ცივ იატაკზე მიეგდო და უხმოდ შეუდგა ტყვეობას.
  სინამდვილეში, გამტაცებლებს მოაჩვენა - ასე მორჩილად ვტყვეობო, თორემ, როგორც კი კარი მიუკეტეს, მაშინათვე წამოვარდა და გააფთრებით შეუდგა გასაქცევი გზების ძებნას. გულდასმით რომ მოათვალიერა ირგვლივ ყოველივე, დარწმუნდა, გაქცევაზე ფიქრი უაზრობა იყო, რადგან ქვით ნაშენ კედლებში მყარად ჩამჯდარი კარისა და ერთი გისოსებიანი, პატარა სარკმლის გარდა, აქედან გასაღწევი სხვა გზა არ არსებობდა.
  ახლა მართლა მწარედ დაღონდა სანტიაგო. დარწმუნებული იყო, სამშობლოს არაფრის საზღაურად გაყიდდა და უკვე წარმოიდგინა, როგორ მიჰყავდათ წინასწარ გათხრილ სამარესთან, თავზე შავნაჭერჩამოფარებული, იქ კი რევოლვერის ტყვია დაასრულებდა მის გმირულ, მოწამეობრივ სიცოცხლეს... მოიხიბლა კიდეც ამ პერსპექტივით - ხუმრობა ხომ არ იყო, იმ ქართველ მოწამეებს შეუერთდებოდა, ვისი სულებიც სალოცავად გაეხადა მთელ ქვეყანას. საოცარია, მის მდგომარეობაში, ღიმილიც კი აუკიაფდა სახეზე. ცოტაც გაწყდა და კინაღამ შეიკუნტრუშა ამხელა კაცმა. ძლივს, აღსრულდა ამდენი ხნის ნაოცნებარი - მის სიცოცხლეს, უფრო სწორად, სიკვდილს აზრი მიეცემოდა და გმირულ სახელს დააგდებდა ქვეყნად... აქ გაახსენდა რომ მის დაკარგვას და მითუმეტეს მოწამეობრივ გარდაცვალებას ვერავინ შეიტყობდა და ცოტა არ იყოს წაუხდა კიდეც გმირობის ხასიათი. რა აზრი აქვს სიკვდილს, როცა შენზე ჰაგიოგრაფიული მოთხრობის წერას არავინ შეუდგება? - ეს შეკითხვა ვერაგულად შეუძვრა, ტვინს ჩაეჭიდა და მოსვენება დაუკარგა.
  არა, რას მივქარავ - გაიმხნევა თავი - ჩემი ზნეთვალუწვდენელი პარტია მაშინვე შენიშნავს გულადი აქტივისტის დაკარგვას და რაღა თქმა უნდა, მოახდენს კიდეც რეაგირებას. ჯერ გამოძიება დაიწყება, მერე ტელევიზიას გადაეცემა მასალები... მერე ხომ ისიც არის შესაძლებელი, cnn-ზე გადაიცეს - რას გვიშვება ეს რუსეთი... აუუჰ, ადუღდა გმირული სულისკვეთება, მაგრამ რა ადუღდა, მის მოუსვენარ სულში! რას ამბობთ, cnn?! - ეს ხომ ოცნების აღსრულებაზე მეტი იყო - არამარტო საქართველო, არამედ მსოფლიო შეიტყობდა სანტიაგოს ზნეკეთილობას...
  ამ და სხვა უამრავი ტკბილი ფიქრით ჩაეძინა.
  დილით ,,ცისკარას დევმა” მოაკითხა, იმ იმედით, რომ ტყვე გასაყიდად განმზდებულ სამშობლოთი ხელში დახვდებოდა, მაგრამ საშინლად დაიჭყანა, როცა შეიტყო, რომ აქ გმირი ელოდა, სულდაჩიავებული სანტიაგოს ნაცვლად. რაღას იზამდა, - კიდევ ცოტა დროს მოგცემ ფიქრისთვის და თუ მერეც ასეთ პასუხს დამახვედრებ, იძულებული გავხდები, წამების საშინელებას გაზიაროო...
  წამებაო? - სანტიაგოსაც ეგ არ უნდოდა? ლამის შეჰყვირა სიხარულით - დროზე, იმოქმედეთ ხალხო, ვერ ხედავთ, სა-cnn-ე კაცთან გაქვთ საქმე(ჩემი სახით)-ო?!
  რაღა ბევრი გავაგრძელოთ და ჩვენი გმირი კიდევ ერთ დღეს ამყოფეს მშიერ-მწყურვალი და მერე წამების ახალ, უფრო ეფექტურ ფორმაზე გადავიდნენ:
  სანტიაგო საწოლზე დააკრეს, ფეხებზე ლითონის თოკი მოაბეს, რომელსაც გორგოლაჭების მეშვეობით ელექტრომოტორი დაქაჩავდა, რაც ფეხებს განზე გააშლევინებდა და წარმოუდგენელ ტკივილს მიაყენებდა, გარკვეული დროის შემდეგ...
  მოხდა ისე, რომ მოტორი არ ამუშავდა, რაც უიღბლობად ყველაზე მეტად თვითონ ,,მოწამემ” მიიჩნია. ,,მამაოს” და ,,ცისკარას დევს” პირველად მაშინ შეეშინდათ, როცა სანტიაგომ თავად შესთავაზა დახმარება, მის შეკეთებაში. არ მისცემდნენ ამის ნებას, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, არცერთ მათგანს გაეგებოდა ელექტროტექნიკისა რამე და იძულებულნი გახდნენ, აეშვათ დაბმული სანტიაგო.
  ჩვენი მოგმირო პრსონაჟი მართლაც გულდაგულ შეუდგა მოტორის გარემონტებას, თითქმის ბოლომდე მიიყვანა კიდეც საქმე, მაგრამ... უნდა ითქვას, სანტიაგომ ისე გადაწყვიტა მოწამეობრივი სიკვდილი, რომ ოდნავადაც არ იცნობდა საკუთარ თვითგადარჩენის ინსტიქტს. როცა ბუნებრივი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად გარეთ გასულმა ,,მამაომ” კარი ღია დატოვა, სანტიაგომ ისე, რომ თავადაც არ უწყოდა რას აკეთებდა, ,,ცისკარას დევს” ბეჭებს შუა ბოლომდე ჩასცა ,,ატვიორტკა”, რომლითაც მუშაობდა, მერე ღია კარებში სდურთა თავი და მთელი ძალ-ღონით მოკურცხლა.
  არც გმირად ივარგა სანტიაგომ და არც გაქცევა გამოუვიდა, სავალალოდ. ღობეზე გადახტომისას, უზარმაზარმა ნაგაზმა კოჭში ჩაავლო კბილი, ამასობაში შარდგამდინარე ,,მამაომ” ავტომატიდან გახსნა ცეცხლი და ერთ-ერთმა ,,ბრმა” ტყვიამ, აქ სახსენებლად მეტად უხერხულ რბილობში დაჭრა დევნილი, რომელიც მაშინათვე უღონოდ გადაეკიდა ღობეს.
  ძალიან სცემეს სანტიაგოს. ისე ძალიან, რომ ხუთი კბილი და სამი ნეკნი შესაბამისად, მოსტეხეს და გაუტეხეს. სადღა იყო გმირი?! კვნესა და გმინვა ერთიმეორეს ეჯიბრებოდა აღმოხდენათა სიმრავლით...
  ამის შემდგომ, ცოტა ხნით ისევ მარტო დატოვეს ტყვე. სწორედ მაშინ იყო, მისი მხსნელი, სულ სხვა, ჯანმრეთელი სანტიაგო რომ შემოძვრა გისოსებიანი სარკმლიდან.
ჯანმრთელი: სანტიაგო, რაებს მიედებ-მოედები, რა დროს გმირობაა შე კაცო?!
ნაცემი: ჩემი სიცოცხლე არასდროს ყოფილა სხვათათვის მიმზიდველი. მეტიც, არც მე მხიბლავდა საკუთარი პერსონა, მაინცდამაინც. ეს ერთი შანსი მომეცა ცხოვრებაში, რათა ჩემი არსებობა გავამართლო ქვეყნად...
ჯანმრთელი: რა გამართლებაზე ლაპარაკობ შე სულელო, - ვის რად უნდა კიდევ ერთი გმირი, ისედაც გადაიღალა ერი მოწამეთა სიმრავლით?!
ნაცემი: მინდოდა, მაგალითი მიმეცა მომავალი თაობებისთვის. მაგალითი იმისა, რომ კარგი ქართველები ძველად, მხოლოდ უხსოვარ დროში კი არ იყვნენ, ახლაც მოიპოვებიან...
ჯანმრთელი: კაი, ახლა, სანტიაგო-ჩემო, მე მაინც რას მატყუებ შე ჩემა, კარგად დამაკვირდი, შენი საკუთარი მე ვარ! ჩემზე უკეთ ვინ გიცნობს - შენ თაობების ცნობიერების განსპეტაკება კი არა, ტელევიზიაში მოხვედრა, ქაშუეთის ტაძარში დასვენება, დაკრძალვაზე მოსული ხალხის ზღვა და ,,საქართველოს გადასარჩენად დაღუპული გმირების” სადღეგრძელოში ადგილის დამკვიდრება გინდა, თორემ რისი გმირიც ხარ, მე არ ვიცი?
ნაცემი: ტყუილია ეგ, დავამტკიცებ, რომ ცდები! აი მერე კი ინანებ და უკანვე წაიღებ შენს სიტყვებს...
ჯანმრთელი: არ გინდა ეგ გახელება და გადარევა. შენ რომ რაიმეს გამკეთებელი ყოფილიყავი, წეღან ისე კუდამოძუებული არ გაიქცეოდი აქედან. არ გამოვა შენგან გმირი სანტიაგო, დამიჯერე! თან ქვეყანას გმირი კი არა, წესიერი მოქალაქე უფრო სჭირდება ახლა. მოგეყვანა ცოლი, გაგემრავლებინა შვილები, აღგეზარდა ჭეშმარიტ ქართველებად, შთაგენერგა მათთვის მოქალაქეობრივი თვითშეგნება... მაგით უფრო მეტ სამსახურს გაუწევდი სამშობლოს, ვიდრე ერთი ქეციანი მოწამის შემატებით. ან რისთვის იკლავ თავს, რა ისეთ მნიშვნელოვან საიდუმლოს ფლობ, რომ მაგის გაცემით დაიქცეს საქართველო?
ნაცემი: მე სანტიაგო კერესელიძე ვარ და ჩემი სახელი ოქროს ასოებით ჩაიწერება ისტორიაში!
ჯანმრთელი: სანტიაგო, ქრცვინს რას უშვები, ქრცვინს? არ გეცოდება, შენზე მონდობილი, საბრალო ცხოველი, რომელიც მოუთმენლად ელოდება პატრონის დაბრუნებას სახლში და ვინ იცის, როგორ იტანჯება ახლა შიმშილით?
  მართლაც, აქობამდის რატომღაც საერთოდ არ მოჰგონებია ქრცვინი და ახლა გული დაეწვა. ვაჰმე, ჩემო საბრალო
მეგობარო, როგორ ამომვარდი მეხსიერებიდან, ჰა?! - კიდევ ერთი გმინვა შეჰმატა სხვა მრავლად აღმონახდენს და ცრემლები დასცვივდა.
  სანტიაგო დასტიროდა ქრცვინს, ასევე საკუთარ შერყეულ რწმენას და ვერშემდგარ გმირობასაც დასტიროდა დიდხანს. მიხვდა, ქრცვინი მხოლოდ მიზეზი იყო საკუთარი ღალატის გასამართლებლად(რომელსაც სულ მალე ჩაიდენდა)... ამაზეც აეტირა.
  სანტიაგომ სამშობლო მაშინ გაყიდა, ,,ცისკარას დევი” სწორედ იმ, ავტომატის ტყვიით დაჭრილ რბილობში ,,რაღაცის ჰქმნით” რომ დაემუქრა... ნახალოვკაში დაბრუნებისას, ნირწამხდარმა და გმირიდან სამშობლოს მოღალატედ ჩამოქვეითებულმა, გააცნობიერა, ერთ გაქუცულ, კოჭლ ქრცვინადაც არ უღირდა, თურმე, საქართველო... და ამაზეც აეტირა მწარედ...

                                                        4

უამრავი ფიქრი ირეოდა სანტიაგოს დემორალიზებულ გონებაში. მართალია, ის მნიშვნელვან ინფორმაციას არ ფლობდა და ამ მხრივ არ (ვერ) გაუყიდია სამშობლო, მაგრამ სხვა ანტიქართული დავალებების შესრულება იდო თავს, რომელსაც მეტისმეტად გასაიდუმლოების გამო, ავტორი აქ ვერაფრის დიდებით გაამჟღავნებს.
  უკვე მიუახლოვდა სახლს, მაგრამ, სანამ ბინაში შევიდოდეს, უმჯობესი იქნება, ცოტა უკან დავბრუნდეთ და ვნახოთ, რას იქმოდა ქრცვინი, პატრონის გატაცებიდან დღემდე.

.....................................................................................................

  იმ დაწყევლილ საღამოს, როცა ასე უგზოუკვლოდ გაუჩინარდა პატრონი, სიყმილისაგან მეტისმეტად შეწუხებულმა ქრცვინმა ისეთი შიში გამოსცადა, რომ დროებით საერთოდ მიავიწყდა სიცარიელე კუჭისა და კარგა ხანს აღარ გამომძვრალა ტახტის ქვემოდან.
  უსიამოვნო შეგრძნებას მანამდეც ჰყავდა ატანილი, ქუჩა მიტინგიდან დაბრუნებული ხალხით რომ გადაიჭედა. ცოტა ხანში კი კარზე ვიღაც უამური სუნის სუბიექტმა ატეხა ბრახუნი, რასაც ხმამაღალი გინება მოაყოლა. ამან საბოლოოდ დააფრთხო გარინჩა და გულში ალაჰს მოუხმო საშველად (ისლამი მაშინ იწამა, როცა ბათუმელ მეზღვაურთან ცხოვრობდა).
  დაახლოებით ერთ საათში, ომარის საძულველი სუნი შემოიჭრა კარის ღრიჭოებიდან. ძალიან შეეცადა, ადამიანურ ენაზე ეთხოვა შველა ბიჭისთვის, მაგრამ ამჯერადაც კნავილი აღმოხდა, რაზეც ნაცნობი ,,ქრცვინო, შე ბოზო!” მიიღო პასუხად და ისევ მარტო დარჩა.
  სანტიაგო-შეჩვენებულო, სად დაყიალობ, ნეტავ, ამ შუაღამისას? - ათასგზის გადაატელეპატიურსიგნალა ეს შეკითხვა პატრონთან, მაგრამ მისი სიგნალი ათასივეჯერ ,,ხმა მღაღადებლისა, უდაბნოსა შინა” გამოდგა და საბრალო გარინჩას თვალთაგან, ცხოვრებაში პირველად, გადმოედინა მომლაში წყალი.
  ის ღამე ერთმა ლოთმა მთლად გაუმწარა - ჯერ დიდხანს რომ ცდილობდა კარის გაღებას და მერე ამის შეუძლებლობაში დარწმუნებულს, გათენებამდე ეძინა საკუთარ შარდში, იმავე კარის ძირას.
  მეორე საღამოსაც იგივე განმეორდა. გული გადაელია ქრცვინს - არა და არ დაადგა ლოთის მოშორებას საშველი. ეგ უთუოდ შემოაღწევს ბინაში და კარგი დღე არ დამადგება, გული მიგრძნობსო - გაიფიქრა და ოთახის მოთვალიერებას შეუდგა, რათა ისეთი ნივთი ეპოვნა, კარის ჩასახერგად რომ გამოადგებოდა.
  მაგიდისა და საწოლის მეტი ვერაფერი აღმოაჩინა შესაფერისი, მაგრამ მისი უღონო სხეული აბა სად შეძლებდა კარებამდე მათ მითრევას?! რა ღარიბი ხარ, სანტიაგო, შენ მოგიკვდი მე! - ჩაილაპარაკა გულში და ფანჯრის რაფაზე შეხტა, იქედან კედლისკენ ისკუპა და წიგნების კარადას ჩაებღაუჭა ბრჭყალებით, რა დროსაც სანტიაგოს საყვარელი პოლიტიკოსის ბიუსტმა იატაკზე მოადინა ზღართანი და ოთახის ცენტრისკენ გაგორდა. თავიდან შეშინებულმა გადმოხედა ბიუსტს - მომკლავს ამის გამო სანტიაგო, როცა დაბრუნდებაო. ჯანდაბას, გადავიტან მის გაჯავრებას როგორმე, ოღონდ ცოცხალი და საღ-სალამათი დავინახოო - დაიმშვიდა თავი მერე.
  პირველი წიგნის გამოძრობა ძალიან გაუჭირდა. თავიდან დოსტოევსკის დაეჯაჯგურა, მაგრამ ძვრაც ვერ უყო. ფოლკნერთანაც არაფერი გამოუვიდა. მერე რუდოლფ შტაინერი მოდიოდა რიგში, მაგრამ ზიზღით აუარა გვერდი (მართლმორწმუნე მუსლიმი იყო და ვერ შეეხებოდა შტაინერისეული მოძღვრების სახელმძღვანელოს) და მხოლოდ მეოთხე - თომას მაგსშტადტის ,,პოლიტიკის გაგების” დაძვრა მოახერხა ადგილიდან. პირველი წიგნის გამოძრობა იყო საქმე, თორემ დანარჩენი სულ პანტა-პუნტით ჩამოყარა დაბლა. შემდეგ თვითონაც ჩამოხტა და წვალებით შეუდგა მათ მიტანას კართან. თანდათანობით იქ დაახვავა ყველა და ცოტა დაუმშვიდდა გული - მისი გათვლით, ლოთს რომც მოეხერხებინა კლიტის გახსნა, ოთახში შემოსვლას მაინც ვერ მოახერხებდა.
  სიყმილმა ისევ სანტიაგოსკენ წაიყვანა მისი ფიქრები. წარმოიდგინა, ოთხმა კაცმა როგორ შემოასვენა ფერდში დაჭრილი პატრონი, რომელზეც ექიმებს უკვე ხელი ჩაექნიათ და მომაკვდავის უკანასკნელი სურვილის თანახმად, სახლში წამოეყვანათ, მარტოდშთენილ ქრცვინთან გამოსათხოვებლად. სანტიაგო, ძმაო და პატრონო! - ამოიბღავლ-ამოიკნავლა ქრცვინთა ენაზე და ჩაეკრა გულში. ამის დანახვაზე მომაკვდავს ერთადერთი, ობოლო ცრემლი ჩამოუგორდა ღაწვზე. რაღაცის თქმა დააპირა კიდეც, მაგრამ ბაგეების შერხევას უკანასკნელი სუნთქვაც ამოაყოლა და გვერდზე გადაუქანდა თავი.
  აქ ქრცვინს გული ამოუჯდა...
  გაახსენდა, ბებიამისის, ქალბატონი კუდბუთქას, დასაფლავება. იმ დროს, სულ რამოდენიმე თვის გახლდათ თავად. კოხტად გალოკილ-დავარცხნილი იდგა მამასთან ერთად, ქრცვინთა საერთო მოხმარების სორო-დარბაზში (რომელსაც ქორწილებსა და ქელეხებზე იყენებდნენ ძირითადად) და გამტკნარებული სახით იღებდა სამძიმარს. მიცვალებულის დასასვენებელი ოთახი ახლადმოწყვეტილი დროზანას ტოტებით მოერთოთ - ბუზებისგან გვამის დასაცავად... მერე ოთხმა, ყველაზე ახალგაზრდა, ჯან-ღონით სავსე ქრცვინმა ქალბატონი კუდბუთქას განსასვენებელი მხარზე შეიდგა და გაუყენა უკანასკნელ გზას... შეძლებული, კეთილშობილი ოჯახიდან გახლდათ გარინჩა და ამიტომ იყო, რომ ბებიის გასვენებას, თვით მეფე ლიონელ ათას ოცდამეჩვიდმეტე (მრისხანე)-ც ესწრებოდა.
  ქრცვინმა არ იცოდა სიტყვა ქელეხი და გასვენება, ამიტომაც საგონებელში ჩავარდა, რა ეწოდებინა ზემოთ აღწერილი ამბისთვის. სამწუხაროდ მის სხეულში არც ლევან გოთუას რეინკარნირებული სული ცხოვრობდა, თორემ, დიდი ალბათობით ,,ქრცვინთა ვარამს” დაანათლავდა აღნიშნულ სურათს...
  მართლა რომ რამე შეემთხვას ჩემს პატრონს, მე რა ბედი მეწევა მერე? - გაუელვა თავში და უფრო დაუმძიმდა გული. აქ ვინ დააყენებდა დარბაზის შესასვლელთან სამძიმრის მისაღებად - ალბათ მაშინათვე ბაზარში გამაქცუნებენ და კიდევ ერთხელ გამყიდიან, უწინდებურადო - ჩაეცინა მწარედ. არა, სანტიაგო, შენ არ გაქვს უფლება, ასე ღვთის ანაბარა დამტოვო ამ შენს მართლა სოროსავით ბინაში! სადაც უნდა იყო, კეთილი ინებე, დაბრუნდი, თავისუფლება მიბოძე და მერე, როცა გინდა და რამდენიც გინდა, იარე მაგ შენს მიტინგებზეო - კიდევ ერთი გზავნილი გასტყორცნა ტელეპატიური სიგნალის მეოხებით.
  მიტინგმა ,,ქართული ოცნება” გაახსენა და ალაჰს შეევედრა, უფალო, შენ მოსპე და აღგავე პირისაგან მიწისა ყველა პოლიტიკური პარტია და დაამყარე მშვიდობა ყოველსა ალაგსა-ო.
  უცნაური ხალხია ეს ადამიანები - განაგრძო ფიქრი - რა პარტია და არჩევნები აუტყდათ - დასვან ერთი მეფე და დაემორჩილოს ყველა მის ბრძანებას - ასე არ სჯობია? ჩვენთან, მაგალითად, სულ სხვანაირადაა საქმე: იქ ერთი ლომი განაგებს ტყეს და თვალით არ მინახავს, რომელიმე ცხოველს გაეპროტესტებინოს ეს. მართალია, ლომები მრავლად არიან, მაგრამ ყველას თავისი ტერიტორია აქვს და მტკიცედ იცავენ საზღვრებს. იქ არც დაკარგული მიწები არსებობს და არც ოკუპირებული ზონები. მართალია, ლომთა მონარქიას კონსტიტუციურს ვერ ვუწოდებთ და აბსოლუტურად ერთპიროვნულია, მაგრამ არცერთი ცხოველის უფლების დარღვევას აქვს ადგილი და ცხოვრობს ყველა ბედნიერად...
  ადამიანთა სახელმწიფოს მმართველი, რა თქმა უნდა, ლომი ვერ იქნება, მაგრამ ლომისებური სულით ნამდვილად უნდა გამოირჩეოდესო - დაასკვნა ბოლოს ბრძნულად და სწორედ მაშინ გაისმა კარზე გასაღების ფხაჭუნის ხმა. ამან ქრცვინი საბოლოოდ გამოაფხიზლა და შეუდგა თავდამსხმელის დასახვედრად მზადებას, რაც იმაში გამოიხატა, რომ შემოსასვლელი კარიდან მარცხნივ მდებარე მაგიდაზე აძვრა და გაინაბა. თუ მაინც შეძლებს კარის შემოღებას, მაშინვე თავზე დავახტები და თვალებს ამოვჩიჩქნიო - გადაწყვიტა...

.........................................................................................................................
  საკუთარი ბინის ეზოსთან, მოულოდნელმა აზრმა ერთ ადგილს მიალურსმნა სანტიაგო. იქნებ სჯობდა, დაევლო ხელი თავისი წიგნებისა და ქრცვინისთვის, მერე კი საერთოდ გადაკარგულიყო საქართველოდან? მაგრამ სად? - ერთადერთი ძმის ასავალ-დასავალი კარგა ხანია არ უწყოდა - მის გარდა არავინ ეგულვებოდა ამხელა სამყაროში. არც სახსარი გააჩნდა უცხოეთში წასასვლელად. სოფელში დაბრუნებაც შეეძლო, მაგრამ ალბათ იქაც მიწვდებოდა ოსების ხელი... არა, ეს საკითხი კარგ დაფიქრებას საჭიროებდა. ჯერჯერობით კი დაჭრილი რბილობი უნდა მოერჩინა და მერე გადაწყვეტდა, როგორ მოქცეულიყო. ამ აზრმა ცოტათი გაამხნევა და შევიდა ეზოში.
  შესასვლელთან საშინელი სიმყრალე ეცა შარდისა. ნეტა ვინ ოხერი ეთრეოდა აქ ჩემს არყოფნაში? - ჩაიბუზღუნა მეტისმეტად უკმაყოფილოდ და გასაღები მოარგო კარს, რომელიც, მისდა მეტისმეტად გასაოცრად, არ დაემორჩილა. მხარით მძლავრად მიაწვა და გაჭირვებით შეაღო...
  მართალია, ქრცვინი ყოველთვის შორიდანვე სცნობდა პატრონის სუნს, მაგრამ ამჯერად, ერთის მხრივ, კართან დაღვრილი შარდის სიმყრალისა და მეორეს მხრივ შიშის გამოისობით, უმტყუნა ყნოსვამ. არა არს ღმერთი თვინიერ ალაჰისა და მუჰამედია მოციქული მისი - წაილოცა სასწრაფოდ და ოთახში შემოსულ ,,მტერს" თავს დაესხა...


  სანტიაგო აბესალომის ძე კერესელიძე მაშინ აღესრულა, როცა ქრცვინის თავდასხმით დაბნეულმა, ძირს დაყრილ წიგნებს ფეხი წამოკრა და ოთახის ცენტრში დაგორებულ, თავისივე ხელით გამოქანდაკებული, მეტისმეტად საყვარელი პოლიტიკური მოღვაწის ბიუსტს დაჰკრა საფეთქელი.
  სანტიაგო, ჩემო ძმაო და პატრონოოო - დიდხანს ისმოდა ნახალოვკაში ქრცვინის მოთქმა-კნავილი. კედელზე მიჭედებული წიგნების თაროდან კი უმანკოდ იმზირებოდა დოქტორ რუდოლფ შტაინერის ,,ანთროპოსოფიული თეზისები”...

                                                                  5

კლეოპატრა ნემსიწვერიძეს  ცხოვრება  ჰქონდა მძიმე და მოსაწყენი, თორემ თვალ-ტანადობას ნამდვილად ვერ დაუწუნებდით. კლეოპატრა თვითონ დაირქვა (თურმე) ბავშვობისას და მერე სამუდამოდ დარჩა ეს მეტსახელი, ისე კი, ნინო ერქვა.
  ორი ვაჟკაცის დედას და მაღალი თანამდებობის პირის მეუღლეს, საწუწუნო თითქოს არაფერი უნდა ჰქონოდა, მაგრამ ვერაფრით მოინელა, ულამაზესმა, პირმშვენიერმა ფებრონიამ გრიგოლ ხანძთელის გული რომ ვერ მოინადირა და ამაზე ფიქრში ატარებდა დღეებს ბოლო თვეების მანძილზე. 
  უსაქმურობამ იცის ასე, თორემ ჩვენს დროში ასეთ რამეებზე საფიქრად ვინ მოიცლის, როცა ამერიკას შავკანიანი პრეზიდენტი ჰყავს და საქართველოში, ვანელი ბიჭი, ბესო, ყველაზე მოთხოვნადი მოდელია ქალთა სამოსის ჩვენებაზე... მოკლედ ეს ჩვენი კლეოპატრა დღითიდღე რეგრესს განიცდიდა და ასევე დღითიდღე სულ უფრო მეტი სიცხადით იჭრებოდა გიორგი მერჩულეს ჰაგიოგრაფიულ მოთხრობაში.
„ მენაო (ფიქრობდა) ერთი თვალი მომეწკურა (წინაშე გრიგოლისაო) ერთი თმის კულული დამეხვია თითზეო და ერთიც ფეხი გადამედო ფეხზე (ჩემებრ მოხდენილადაო) და გრიგოლი კიარა თუნდ საჭურისი მახმად ხანი ყოფილიყო, იმასაც კი შევასხენებდი  თავის მამაკაცურ ვალსაო...“
  ახლა მთლად ისე გამომდის, რომ თითქოს დაცემული ზნე ედგა სულში ამა დიაცს, მაგრამ აქვე ავღნიშნავ, რომ მის სხეულს არასდროს არავინ შეხებია გარდა  ქმრისა, ქმრის თორმეტი პარლამენტარი ,,მეგობრისა", ერთი უცნობი ბიზნესკაცისა და ერთიც... იქ მხოლოდ ჩქმეტას ჰქონდა ადგილი და სალაპარაკოდაც  არ ღირს... ჰო, კაი, პრეზიდენტმა დაჩქმიტა ერთხელ...ხუმრობით...
  ამ უმწიკვლო რეპუტაციის დიაცს, ერთი დიდი სიყვარული ჰქონდა გულში, რომლის გამხელას თავის მეუღლესთანაც კი ვერ ბედავდა.  ღმერთი უყვარდა ძალიან... ისე ძალიან, რომ ბოლო თვეებში ,,შემოჩენილი" გრიგოლი რომ არა, მასზე ფიქრში დააღამებდა და ხანდახან გაათენებდა კიდეც.
  საწუთრო რომ დიდხანს არავის დააცლის სიტკბოებას, ეს კი მოგვეხსენება ყველას შესანიშნავად და კლეოპატრას ცხოვრებაშიც ჩამოდგა შავბნელი, ქარიშხლიანი დღეები.
  უფროს ვაჟიშვილს, დავითს, ერთ უამურ საღამოს, ერთი წითელი ვაშლი მოსწონებია, უყიდია კიდეც გარემოვაჭრისგან აღნიშნული ნაყოფი ცოდვის ხისა და თავისთვის, ტროტუარზე ჩამომჯდარი თლიდა (თურმე) სულ რაღაც ერთი მტკაველი სიგრძის ჯიბის დანით,  რა დროსაც, ვიღაც, სუიციდისკენ მიდრეკილი, მოძველბიჭო ელემენტი წამოსდგომია თავს და როგორც კი დანა შეუნიშნავს დავითის ხელში, მაშინვე აწეულა ჰაერში და თავისით  ჩამოჰგებია ცივ იარაღს... სიკვდილის წინ უთქვამს, მადლობელი ვარ, მეგობარო, რომ ღმერთთან თვითმკვლელობის ცოდვით დამძიმებულს არ მიშვებ და იცოდე, რომ შენ ხარ ჩემი მხსნელიო...
  ეს ის ვერსიაა, რაც გამოძიების    საქმის მასალებში ჩაიწერა და კლეოპატრასაც არასდროს შეჰპარვია ეჭვი მის სიმართლეში. მხოლოდ ეგ იყო, რომ დავითს მხსნელის ნაცვლად, აშკარად მკვლელის განცდები აწუხებდა და ეს მის მიერ, წვერის პარსვის აუცილებლობის უარყოფასა და გამუდმებით არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნაში აისახა.
  კლეოპატრა ხვდებოდა, რომ შვილს რაღაც მძიმე ნაღველი  აწამებდა და ძალიან განიცდიდა ამას, თუმცა  ვერ კი მიმხვდარიყო დავითის ურვის მიზეზს. მისი ღრმა რწმენით, სასამართლოს დასკვნა, სიმართლეზე მაღლა მდგომი თუ არა, სიმართლის ექვივალენტური მაინც იყო და შესაბამისად, ამ მხრივ არაფერი უნდა ჰქონოდა სანერვიულო მის ,,ბიჭუნას". არადა ბავშვი ხელიდან ეცლებოდა (მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ) და რაღაც უნდა ეღონა.
  ერთ დღესაც ესიზმრა:  დავითი აბაზანაში, ღია ონკანთან დიდხანს და  უშედეგოდ იბანდა სისხლიან ხელებს.  საბრალო ბიჭი, ხმამაღლა მოსთქვამდა ამის გამო...გულდათუთქული კლეოპატრა უმალ გაიქცა ,,გუდვილში", თუ რამ ჰიგიენური საშუალება მოხვდა ხელთ, ყველაფერი იყიდა და მიურბენინა დათუნას, მაგრამ... ვაგლახ, რომ საუკეთესო ანტიბაქტერიული საშუალებებიც უძლური აღმოჩნდა  სისხლში ამოთხვრილ ხელებთან...
  ხმამაღლა ტიროდა თავადაც, როცა კართან ზარის ხმა გაისმა.
  სტუმარი ხელჯოხიანი, დაბებკილ, შავ კაბაში გამოწყობილი ასკეტი აღმოჩნდა. ჯვარი გარდასახა კლეოპატრას და რუსული  72%-იანი საპონი გამოუწოდა და უთხრა:
- შენს შვილს ეს საპონი გადაეცი და იცოდე, რომ ამას მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს ძალა, თუ შენ გამუდმებით ილოცებ მისთვისო.
- მამაო გრიგოლ შენ იცი, რომ ამქვეყნად ყველაზე მეტად ღმერთი მიყვარს, თუმცა ლოცვა არ ვიცი. - თვალის გასწორება ვერ გაუბედა წმინდანს და მხოლოდ მის ხამლებს დააცქერდა კლეოპატრა.
- შვილო, ნინო, იცი ყოველდღიურად რამდენი ადამიანი ამბობს მამაო ჩვენოს? და რაოდენ რთულია ღმრთისთვის, სწორედ შენი ლოცვა გამოარჩიოს სხვათაგან? ღმერთთან მისასვლელად მხოლოდ გაზეპირებული ლოცვების წარმოთქმა არ კმარა, მთავარი ისაა გული გაუღო, შენში იგრძნო და ესაუბრო მას... შენი დავითის დახსნა თუ გინდა, დაუტევე ეს სამყოფელი და დაეყუდე მღვიმეში... იპოვე შენს თავში ამის ძალა და შენ იხილავ უფალს! - უთხრა  წმინდანმა და უკანმოუხედავად გაბრუნდა.
„კი, მაგრამ ჩემი ლამაზი ფეხები და დიდრონი მკერდიო?“ - უნდოდა ეთქვა კლეოპატრას, თუმცა ვერ მოასწრო და ამაზე დარდით  გამოეღვიძა. 
  ცოცხალი იყო კლეოპატრა, მაგრამ სამყაროს ვეღარ აღიქვამდა... შიმშილს ვერ გრძნობდა, თუმცა არც კი ახსოვდა ბოლოს როდის მიირთვა საჭმელი... ჩაცმული იყო კლეოპატრა, მაგრამ სამოსი აღარც ეთქმოდა მის ძონძებს... ლოგინი ეგო კლეოპატრას, მაგრამ ხმელ ტოტებს წარმოადგენდა მისი სარეცელი... არ აწვიმდა კლეოპატრას, მაგრამ მღვიმეში ცხოვრობდა სახლის ნაცვლად... უფალს ელოდა ყოველ წამს, - მაგრამ ჯერჯერობით შორს იყო ღმერთი...
  შემოდგომა იყო. კენკრა და ტყის სხვა ნაყოფი მოიმარაგა კლეოპატრამ. ფიჩხიც შეაგროვა და უფალს მადლი უძღვნა ბოლოს, ამა წყალობისთვის. ერთი სურვილი ჰქონდა, - მღვიმის ერთი ნაწილის გადაკეთება სურდა აბაზანად, მაგრამ მწყემსები უკვე აღარ ამოდიოდნენ მთაში. თავად კი არ შეეძლო ამა განზრახვის სისრულეში მოყვანა.  დაუბანელი  და ქავილისგან დაწითლებული სხეული აწუხებდა,  საშინელ ტკივილებსაც გრძნობდა უკვე.
  შვილები ენატრებოდა.  ისინი კი არ აკითხავდნენ - რცხვენოდათ ასეთი დედის ყოლა. ქმარმა ერთი კი უთხრა, რამ „გამოგასირა დედაკაცოო“ და მერე არც კი დაინტერესებულა მისი ამბით. ნათესავები თავად უარყო, ჯერ კიდევ მაშინ, როცა მდიდარ კაცს გაჰყვა ცოლად. გრიგოლ ხანძთელმა იცოდა ხანდახან  სიზმარში მისი მონახულება, მაგრამ ისიც სადღაც დაიკარგა ბოლო დროს. ღმერთს ელოდა კლეოპატრა და იტანჯებოდა მარტოობით...
  ერთ დღესაც, მღვიმეში ბატკანი გამოეცხადა. თეთრსა და უბოროტოს, ისეთი სათნო თვალები ჰქონდა, რომ მაშინვე გრიგოლ ხანძთელს შეადარა და გრიგოლი დაარქვა კიდეც. დარწმუნებული იყო რომ გრიგოლი უფალმა გამოუგზავნა მარტოობის გასაქარვებლად და საკუთარ თავს ერჩივნა ეს ცხოველი. ხმელი ბალახი მოაგროვა და გული დაიმშვიდა, ჩემს გრიგოლს არ მოვაშივებ ზამთარშიო. ღამით, გვერდით იწვენდა _ ასე ეგონა, მე ვათბობ საბრალო ბატკანსო და ვერ კი ხვდებოდა, რომ სწორედ ეს ბატკანი უნარჩუნებდა სითბოს ცივ ღამეებში.
  იმ ზამთარს დიდი თოვლი მოვიდა. მზად იყო ამისთვის კლეოპატრა, მაგრამ დიდხანს გასტანა ზამთარმა. თვითონ -  ხილის მარაგი ამოეწურა და გრიგოლს - ბალახის. ერთი კვირა იშიმშილეს ორივემ.  ბოლოს მთლად დასუსტდა კლეოპატრა. ჰალუცინაციები დაეწყო... გაბოროტდა კიდეც...ჩათვალა, რომ გაწირა ღმერთმა და აღარასდროს მოვიდოდა მასთან, ეს ბატკანიც დაცინვად მიიჩნია,  გრიგოლს მისწვდა და ფეხზე უკბინა გამწარებულმა. ბატკანი არ ელოდა ასეთ მუხანათობას და სიმწირისაგან ჩლიქი კბილებში ჩააზილა.  ამაზე სულ გადაირია კლეოპატრა. გახოხდა გრიგოლისკენ, მღვიმის ერთ კუთხეში მიიმწყვდია და ზედ გადაემხო. უნდოდა ნაკუწებად დაეგლიჯა, მისი სისხლი შეესვა და ამით მოღონიერებულიყო.
  მაინც იძალა ცხოველმა,  კიდევ ერთხელ დაუსხლტა და მღვიმიდან გამოვარდა შეშინებულ-გაოგნებული. კლეოპატრა რის ვაივაგლახით წამოდგა და ბარბაცით გამოუდგა უკან.
- ვერსად წამიხვალ, მტარვალო, მე შენ ახლა დაგკლავ და შეგჭამ! - ჩურჩულებდა აგზნებული და ავად აბრიალებდა თვალებს.
  გრიგოლმა ერთი კი მოხედა ცრემლით სავსე თვალებით (როგორც მავანნი ამტკიცებს, ერთი ცრემლი დაბლა ჩამოუვარდა და სადაც ის დაეცა, ათი მეტრის რადიუსით გაზაფხული მოვიდაო(თუმცა მე საეჭვოდ მიმაჩნია ეს)) და სირბილით ჩაუყვა ბილიკს. მაინც არ მოეშვა კლეოპატრა, იქამდე მისდია, სანამ დაუძლურებულს მუხლმა არ უმტყუნა და კლდეზე არ გადაიჩეხა (მავანნი ამბობენ, ანგელოზებმა ხელი სტაცეს და რბილად დაუშვეს დაბლაო (რაც მე ასევე საეჭვოდ მიმაჩნია, რადგან მიწაზე დაცემისთანავე განუტევა სული).
  სრული ერთი თვე ეგდო კლეოპატრა უპატრონოდ, სანამ ერთმა მწყემსმა არ აღმოაჩინა შემთხვევით. სიმყრალის გამო ახლოს ვერ მიეკარა და მაშინვე სოფელში გაიქცა  დახმარების სათხოვნელად... ვერც სხვებმა შეძლეს გვამთან მიახლოვება.  ხრწნის სუნი ისე მძაფრად მოსდებოდა ირგვლივ ყოველივეს, რომ ვინც კი მიახლოვებას დააპირებდა, მაშინვე საშინელი ზიდება ეწყებოდა.

                                                        6

სანტიაგოს სული კარგა ხანს იყო გატრუნული და ელოდა მოვლენების შემდგომ განვითარებას. ბოლოს სიცივემ მიახვედრა, მოსასხამი გარდაცვლოდა და დრო იყო, გასდგომოდა გზას საიქიოსკენ. მიხვედრით კი მიხვდა, მაგრამ თავად გზა დახვდა ჩახერგილი. როგორც მოეხსენებოდა, წესიერი სული უცილობლად პირიდან უნდა ამოსვლოდა გვამს, აქ კი მიცვალებულს ისე მაგრად მიეჭირა კბილი კბილს, რომ ვერასგზით მოახერხა მათ შორის გაძვრომა. გულდასმით მოათვალიერა, იქნებ რომელიმე მათგანი გაფუჭებული იყოს და პაწაწინა ჭუჭრუტანა ვიპოვოო, მაგრამ მსგავსიც კი ვერაფერი აღმოაჩინა. სათადარიგო გზაც არსებობდა - ცხვირი, თუმცა შედედებული სისხლი ჩამდგარიყო იქაც და ფაქტობრივად ტყვეობაში აღმოჩნდა საბრალო სული.
  ვაიმე, ცოტა ხანში დაასაფლავებენ ჩემს სადგომს და მასთან ერთად მეც რომ ჩამაყოლონ სამარეში, რაღა მეშველება მერეო, - გაიფიქრა და ის ის იყო, პანიკას უნდა მისცემოდა, ტყვიით გახვრეტილი რბილობი მოაგონდა და სწორედ აღნიშნული გზის გამოყენებით მოიპოვა ესოდენ ნანატრი თავისუფლება.
  საშინლად გაცოფდა, როცა აღმოაჩინა, მისივე ხელით გამოძერწილი ბიუსტი გამხდარიყო სიკვდილის მიზეზი. ცოცხალი ვიყო, გაჩვენებდი შენ სეირსო, მუშტი მოუღერა პოლიტიკოსის სისხლში მოთხვრილ  გამოსახულებას,მერე მგლოვიარე ქრცვინს მოეფერა მზერით, ბოლოს კი საკუთარ გვამს დახედა ზიზღით - როგორ დავუმახინჯებივარ სიკვდილსო და ზეციური გზისთვის სამზადისს შეუდგა.
  ყველას კარგად მოგვეხსენება, რომ თბილისელი სულებისთვის, საიქიოს კარიბჭე, ისანი-სამგორის რაიონში, კერძოდ კი აფრიკაში მდებარეობს. ამიტომ, სანტიაგომ ჯერ ერთი ცელოფნის პარკი სომხური ქადა მოიმარაგა, ერთიც გაზეთ ,,ასავალ-დასავალის" უახლესი ნომერი ამოიღლიავა და კოლმეურნეობის მოედანზე გაჩერდა, აფრიკისკენ მიმავალი ავტობუსის მოლოდინში.
  ბარათაშვილის ხიდთან იყვნენ ჯერ, როცა ყვითელი ავტობუსის კონტროლიორმა ისეთი ჩხუბი აუტეხა ვიღაც დარბაისელ მოხუც ქალბატონს, რომ სანტიაგომ ერთი სევდიანად გადაავლო მტკვარს თვალი და ,,მშვიდობით, მტკვარო, იორო, შე...ცი კონტროლიორო"-ო კი მოადგა ენაზე, მაგრამ ბოლოს იფიქრა, მაინც სული ვარ, ეს უკანასკნელი საათი დამრჩა დედამიწაზე და ჯანდაბამდისაც გზა ჰქონიათ ამ ხალხს, ჯობია რაიმე სასიამოვნოზე ვიფიქროო.
    შორიდანვე შენიშნა საიქიოს კარიბჭესთან დიდი აყალმაყალი და ზედახორა რომ იდგა. როგორც გაირკვა, ახალი წესდებით, აღნიშნული შესასვლელი ქართველებს აღარ ემსახურებოდა და კართან მდგომი ორი ახმახი ჯეელი(ე.წ. დაცვა) მშვიდად მოუწოდებდა ქართველთა სულებს, რომ გადაბრძანებულიყვნენ გლდანი-ნაძალადევის რაიონში, ავჭალის კარიბჭით ესარგებლათ.
- კი, მაგრამ თქვენ დაიხურეთ, თუ რატომ არ გვიშვებ აქედანო, გამძვინვარდა სანტიაგო.
- ბიძაჩემო, ეს ტერიტორია თურქებმა შეიძინეს და აქედან მხოლოდ იქაური ტურისტები სარგებლობენ-ო - დაამშვიდა ერთ-ერთმა ახმახმა.
-თფუი, თქვენც შეგირცხვათ ქართველობა (ამ საქმეში ხელფასს როგორ იღებთ) და ვინც მაგათზე ლიცენზია გასცა იმასაც!-ო - მიაფურთხა სანტიაგომ და ამაყად გამობრუნდა უკან.
  მოულოდნელად შენიშნა, რომ ერთი ქალბატონის სული დაბლა ეგდო და სხვები ისე აბიჯებდნენ ფეხს, ვითომც აქ არაფერიაო. უსაფრთხო ადგილას რომ გამოიყვანა, მხოლოდ შემდგომ აღმოაჩინა, რომ ქალი საშინლად ლამაზი იყო, რამაც მოწიწება ჩაუსახა და დახმარების სურვილიც გამოთქვა, უკეთუ დედაკაცს ავჭალამდე დამოუკიდებლად მისვლა არ შეეძლო, რაზეც ქალმა ცოტაოდენი ყოყმანის შემდგომ თანხმობა განუცხადა...
  ასე დამეგობრდნენ სანტიაგო კერესელიძისა და ნინო(კლეოპატრა) ნემსიწვერიძის სულები.
  ავჭალის კარიბჭეს უპრობლემოდ გასცდნენ. ერთი ეგ იყო, რომ .,,ასავალ-დასავალი" არ შეატანინეს სანტიაგოს - გეყოფა რაც დედამიწაზე წამლე სული მაგ სიბინძურით, აწი ზეციერი ცხოვრებისთვის შეამზადე თავიო.
  გაჩახჩახებულ გვირაბში ერთი საათის სიარულის შემდგომ ერთ გზაგასაყარზე გავიდნენ, სადაც წარწერა დახვდათ: მარჯვნივ მხოლოდ სასულიერო პირთა სულები წავიდნენ, მარცხნივ ის სულები წავიდნენ, ვისაც კარგად მოეხსენება, რომ ჯოჯოხეთი არ ასცდება, ხოლო ვინც პირდაპირ წასვლას აირჩევს, ის ზეციურ სამსჯავროზე მოხვდება და თუ საკუთარი სიმართლის იმედი არ აქვს, ჯობია ახლავე გადაუხვიოს მარცხნივ-ო - იტყობინებოდა აბრა. ჩვენმა გმირებმა პირდაპირი გზა აირჩიეს.
  კლეოპატრას საგზალი რა თქმა უნდა არ გააჩნდა და სანტიაგოს სომხური ქადები მალე შემოელიათ. დედაკაცის სული ისეთი დაბეჟილ-დაჩეჩქვილი იყო კლდიდან ჩამოვარდნის გამოისობით, რომ ძალა სულ მალე გამოელია და დამოუკიდებლად გადაადგილებაც გაუძნელდა მცირე ხანში. არც კერესელიძე გახლდათ დიდი ჯან-ღონის პატრონი და კლეოპატრას თრევამ ისე გამოაცალა არაქათი, რომ ერთი გაფიქრება ისიც გაიფიქრა, დავტოვებ აქ და ბოლოს თავისით მოაღწევს სამსჯავრომდე, აბა რას იზმსო, მაგრამ როგორც კი ამის თქმა დააპირა, ქალმა ისე მომხიბვლელად დაიხვია კულული თითზე, რომ მამაკაცს სუნთქვა შეუგუბდა ამის დანახვაზე და ცოტაოდენ ხანში ისევ ზურგზე შეისვა კლეოპატრა. გზად ქალი თავისი ცხოვრების დეტალებს უყვებოდა და როცა იმ ამბავს მიადგა, პრეზიდენტმა არცთუ მთლად ხუმრობით რომ დაჩქმიტა, აქ სანტიაგოს ბრაზისგან სულ ელეთ-მელეთი მოუვიდა, დაბლა ჩამოსვა კლეოპატრა და ამჯერად მართლა დააპირა მისი დატოვება, მაგრამ ამ დროს ქალმა ისე მომაჯადოებლად გადაიდო ფეხზე ფეხი, რომ უმალ განქარდა კაცის სიბრაზე და მის ადგილას აგზნებამ მოიკალათა...
  ბოლოს როგორც იქნა მიაღწიეს ზეციური სამსჯავროს ალაყაფთან. იქ იმხელა რიგი დახვდათ, რომ სასოწარკვეთამ შეიპყრო ორთავ გმირი. სწორედ იმ დღეს, როცა სანტიაგო და კლეოპატრა გარდაცვლილა, რომელიღაც ბედნავს ტერორისტს თავი აუფეთქებია  ისრაელში და ამის გამოისობით იყო ახლა ასეთი სულთმრავლობა.
  ქართველი რის ქართველი იქნება, რიგს და წესრიგს რომ იცავდეს და სანტიაგომაც შეაბრალა ებრაელებს კლეოპატრას დაჟეჟილი სული, რისი წყალობითაც მისვლის უმალვე სულ წინ გადაინაცვლეს. ცოტა ხანში გაიღო ალაყაფი და ,,შემდეგი სამი განსასჯელი შემოვიდეს!" მოისმა იქედან ვიღაცის მბრძანებლური ხმა.
  სანტიაგო, კლეოპატრა და კიდევ ერთი ებრაელის სული ალაყაფის კარს მიღმა გაუჩინარდა.
  ზეციურ სასამართლოზე მთლად ისე არ დახვდა ყველაფერი, როგორც მანამდე წარმოედგინა სანტიაგოს. ეს იყო გარშემო ალვის ხეებით შემორკალული, ერთი პატარა ველი, სადაც ყველაფერი ზუსტად ისე იყო მოწყობილი, როგორც ტიპიურ სასამართლოს დარბაზში. პირველად ებრაელის სული გაასამართლეს, რომელსაც რამოდენიმე წუთში ამოუწერეს ჯოჯოხეთის საგზური და შემდგომ ამისა, სანტიაგო წარსდგა მიწიერ ცოდვათა განსახილველად. ბრალდების მხარეს, სატანას მარჯვენა ხელი, მისი პირველი მოადგილე წარმოადგენდა, რომელიც სანტიაგოსდა დიდად გასაოცრად, ბრწყინვალედ ფლობდა ქართულს.
- ბატონო ჩემო, როგორც ვატყობ ქართველი ბრძანდებით და ხომ ვერ მიბოძებთ თქვენს სახელს?! - ხელი გაუწოდა და ისე კითხა სანტიაგომ.
- აზნაური კახაბერ ყორღანაშვილი! - გაწვდილ ხელს დაუყოვნებლივ შეაგება ხელი თავადაც.
- უი, რას ამბობ, კაცო, შენ ის ხარ, ქარაფიდან რომ კრეს ხელი და...
- ჰაჰ, კი, ქონდა ადგილი მასეთ ძალადობრივ შემთხვევას, ჩემი მიწიერი ცხოვრების დასასრულს.
- ვახ, მერე აქ რა გინდა, შე კაი კაცო კიარა და შე ჩათლახო, შენა?
- საქმეც მაგაშია რომ პირველ ჩათლახად ვმუშაობ სატანის კარზე და თუ რას წარმოადგენს ჩემი თანამდებობა, ამას სულ მალე შეიტყობ, შე სულელო პატრიოტო!
  სანამ ესენი ამ საუბარში იყვნენ გართულნი, ალვის ხეების სარტყელის მიღმა, ისეთი ჩოჩქოლი ატყდა, რომ ყველამ უმალვე ჩაიგდო ენა მუცელში.
პეტრე, სად არის პეტრე, ახლავე მომგვარეთ აქ! - მოისმა მამა ღმერთის მგრგვინავი ხმა.
- აქა ვარ, უფალო, რად მიხმობდით? - აკანკალებული ხმით უპასუხა პეტრემ მცირე ხანში.
- რა ბილეთი გაგატანე მე შენ, ყორღანაშვილთან, მიპასუხე?!
- არსენალის ორიანი და ბაიერნის ჰანდიკაპით მოგება, უფალო!
- მერე რა არის ეს, გალათასარაის მოგება რატომ მიაწერე თვითნებურად, ჰა? იცი შენ ახლა მაგით რა გააკეთე?
- გალათასარაის მოგება კიარა ფრეზე გაყრით ორიანი მივაწერე, უფალო! - მორიდებულად მიუგო პეტრემ.
- რა მნიშვნელობა აქვს, ბეშიქთაშთან გასვლაზე, რისი მომგებია ეგა, ლიგაზეც რომ აქვს სათამაშო, ხომ არ გავიწყდება შენ, ჰა?
- კი, მაგრამ ბეშიქთაშს 5 კაცი არ ყავს ძირითადი შემადგენლობიდან, ეგაც გაითვალისწინე, უფალო!
- ბიჭო, მარტო მაგას რომ უყურებ, დროგბა რომ ტრავმირებულია და სნეიდერს ორი ყვითელი აქვს ეგ თუ იცი შენ? მარტო ებუე და ფილიპე მელო მოიგებს თამაშს, თუ ბურაკი გაიტანს გოლს, შენი აზრით?!
- დამნაშავე ვარ, ღმერთო, შემინდე! მეორედ აღარასოდეს ჩავიდენ მსგავს სისულელეს.
- მეორედ რომ შენ ბილეთს გაგატან, შენზე უარესი ვიქნები მე. არა რა, რა კარგი იყო იეშუა ასეთ საქმეებში, მაგასაც ახლა მოუნდა მეორედ მოსვლა და მზადება... ფუუ, რა 2.5 კუში გააფუჭა კაცმა რა... შენ იცი მაგით რა გააკეთე? - ფსონზე დადებული ათასი სული კიარ წამაგებინე მარტო, არამედ ორი ათას ხუთასი, იმიტომ რომ ის ორი თამაში წამოვიდა უკვე და გალათასარაი ორით ნულს აგებს თამაშის დამთავრებამდე ათი წუთით ადრე...გაიგე?! გამომივიდნენ ეგენიც ,,ლომთალომები" რა!
- მომეცით შანსი, უფალო და ვეცდები გამოვისყიდო ეგ შეცოდება.
- ახლა როგორ მოიქცევი, ჩემო პეტია, იცი? - ჩემს მაგივრად შენ ჩაატარებ სასამართლო სხდომებს და ათასი პროცესიდან თუ ერთი მაინც წააგე ყორღანაშვილთან, აქ აღარ დამენახო, გასაგებია?
,,თვითონ 40 ათასი ადამიანის სული წააგო ვაზანი-შპილზე წუხელ და დღეს მე მომდგა, საცოდავი ათასი სულის გამო" _ ჩაიბუზღუნა პეტრემ, როცა დარბაზში შემოვიდა და მწუხარე სახით დაიკავა უზენაესი მოსამართლისთვის განკუთვნილი ადგილი.
  სანტიაგოს ცოდვები იმდენი აღმოაჩნდა, თავადაც რომ ვერ წარმოიდგენდა ვერასდროს. ეს ყველაფერი კი თვალსაჩინო ადგილას გამოდგმულ პინებიან სასწორზე აისახებოდა. თითო ცოდვის ან მადლის საპირწონედ, შესაბამისი სიდიდის ქვას დებდნენ სასწორზე. ბრალდების მხარეს, როგორც წეღან აღვნიშნეთ, კახაბერ ყორღანაშვილი წარმოადგენდა, ხოლო დაცვას _ სანტიაგოსივე მფარველი ანგელოსი.
  საქმე ისე წარიმართა, რომ ბოლოს ყორღანაშვილს ყველა ბრალდება წაკითხული ჰქონდა და იგებდა კიდეც საქმეს, თუმცა მფარველ ანგელოსსაც აღმოაჩნდა კიდევ ერთი არგუმენტი, სანტიაგოს გასამართლებლად და ამით საბოლოოდ თავის სასარგებლოდ გადაწყვეტდა პროცესს, მაგრამ ყორღანაშვილმა რა შეატყო, ცუდად მიდის საქმეო, სრულიად მოულოდნელად მამლის ყივილს ისე ოსტატურად მიბაძა, რომ მოსამართლე პეტრეს წამსვე დაეძრა ცნობიერების ნაკადი და სიმწრისგან იმდენ ხანს ჰქონდა ყურებზე ხელები აფარებული, საერთოდ აღარ გაუგონია მფარველი ანგელოსის უკანასკნელი არგუმენტი. სასწორი კი ყორღანაშვილის სასარგებლოდ იყო გადახრილი...
  ის ის იყო დაცვას ჯოჯოხეთისკენ მიმავალ მიკროავტობუსში უნდა ჩაესვა ჩვენი საბრალო გმირი, რომ სცენაზე მოულოდნელად კლეოპატრას სული გამოვიდა და დაწვრილებით მოყვა, თუ როგორ ჯენლტმენურად მოეხმარა სანტიაგო, აფრიკის კარიბჭედან ზეციურ სასამართლომდე მოღწევაში...
  ერთი საკმაოდ მოზრდილი მადლის ლოდი დადეს სასწორზე და ყველა გულისფანცქალით ელოდა, თუ როდის გაჩერდებოდა პინების რხევა. ისეთი პირი უჩანდა, რომ სულ ოდნავ თუ გაუმართლებდა რომელიმე მხარეს, თორემ ცოდვაცა და მადლიც დაახლოებით თანაბარი სიმძიმისა იყო.
  საბოლოოდ ასეც აღმოჩნდა. რამდენი არ უკირკიტეს სასწორს (ხელმეორედაც აათამაშეს პინები), მაგრამ მაინც თანაბარ სიმძიმეს აჩვენებდა. გაოგნებისგან ყველას ენა ჩაუვარდა _ ადამის შექმნიდან დღემდე, ასეთი რამ არასდროს მომხდარიყო და წმინდა პეტრე სასწრაფოდ გაიქცა, მამა ღმერთის მოსაყვანად.
_ რა არის, პეტია, იცი? _ თქვა ღმერთმა, მას შემდეგ რაც ხელთავიდან ჩაატარა სასამართლო სხდომა და მაინც იგივე შედეგი მიიღო _ მოდი ასე მოვიქცეთ, _ამ ადამიანის სულს, კიდევ რამოდენიმე წლით გავუხანგძლივოთ მიწიერი ცხოვრება და დავაკვირდეთ მის ქცევებს _ დარწმუნებული ვარ ამჯერად მაინც არ დააგროვებს თანაბარი წონის ცოდვა-მადლს.
_ კი მაგრამ, მისი სხეული ხომ მესამე დღესვე დაასაფლავეს მეზობლებმა სამადლოდ? _ სევდიანი ხმით გაეპასუხა წმინდა პეტრე.
_ მდაა, ეგ მართლაც რომ დიდი პრობლემაა! მაშ რას მირჩევ, როგორ მოვიქცეთ?
სრულიად მოულოდნელად, კლეოპატრა ნემსიწვერიძე ჩაეჭრათ საუბარში:
_ უფალო, შენ იცი, რომ იმქვეყნად შენზე ძლიერ არავინ მყვარებია. შენი სიყვარულით დავუტევე სამყოფელი ჩემი და მღვიმეში დავეყუდე, იმის იმედად, რომ ოდესმე გიხილავდი. შენ კი ამის ნაცვლად საცდურად ცხვარი გამომიგზავნე, იმ შიმშილობის პერიოდში... იმედი მქონდა აქ მაინც მომეცემოდა შენთან საუბრის შესაძლებლობა, თუმცა ესეც არ ინებე და რომ არა სანტიაგოს უცნაური სასამართლო, ისე წავიდოდი აქედან, რომ ერთხელაც ვერ შეგავლებდი თვალს... ამიტომ აღარ მჯერა შენი და ამიტომ უარგყოფ მე შენ... მიეცი სანტიაგოს ნება, რომ ისარგებლოს ჩემი სხეულით, მიწაზე დაბრუნებისას, მე კი ახლავე, ჩემივე ნებით ვჯდები ჯოჯოხეთის მიკროავტობუსში და იმედი მაქვს იქ მაინც არ წავაწყდები ასეთ უსულგულობას! _ ამ სიტყვების შემდეგ კლეოპატრა ამაყი მიხვრა-მოხვრით გაემართა ჯოჯოხეთში მიმავალი ტრანსპორტისკენ და მშვიდი გამომეტყველებით მოიკალათა მძღოლის გვერდით.
_ სულ გაგიჟდა ეს ხალხი! _ დანანებით ჩაილაპარაკა მამა ღმერთმა _ თუმცა გონივრული კი იყო ეს შემოთავაზება...თან მეტი ობიექტურობისთვის, უფრო მომგებიანი იქნება, ქალის როლში თუ დავაკვირდებით ამ საინტერესო სულს...
  ასე გადაწყდა სანტიაგო კერესელიძის სულის კლეოპატრა ნემსიწვერიძის სხეულში რეინკარნირება.

                      (ადრე ვაპირებდი გაგრძელებას. ახლა კი მეეჭვება რომ ამის საჭიროება               
                                            საერთოდ არსებობს)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები