ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დონკიხოტი
ჟანრი: პოეზია
29 ივლისი, 2014


* * * * * * * * * * * *

არასდროს, ძვირფასო

ყელამდე სავსე ხარ, ვარ სავსე ყელამდე:
ერთურთის სურვილით ასე რამ აგვავსო?..
ვფიქრობ, რომ ამაზე არ უნდა ვღელავდეთ,
არასდროს, ძვირფასო, ძვირფასო, არასდროს!

განა შენ არ იცი, არ ვიცი მე განა?
სიყვარულს, რომ ვერსად, ვერავინ წაუვა.
ჩვენთანაც ცეცებით მოვიდა ერთგვარად:
საუბარს მოჰყევი, მოვყევი საუბარს

და შორი, არც ისე აღმოჩნდა შორი და
სიყვარულს ვუპოვეთ ერთურთში სათავსო.
ვფიქრობ, რომ არ წავა, ვინც ასე მოვიდა,
არასდროს, ძვირფასო, ძვირფასო, არასდროს!

Finita la commedia

ისე რა – მიყვარდი, გიყვარდი – ისე რა...
არ იყო ჩვენს შორის რაიმე საბაბი,
რომელიც სიმძაფრეს, სიყვარულს მისცემდა:
გაქარვდი და ჩუმად... და ჩუმად გავქარვდი...

ასეა მუდმივად, მუდმივად ასეა...
სხვადასხვა საბაბის გვიჭირავს ალიბი,
რომ გული (მართლაც და) არაფრით სავსეა:
განივთდი ჩემთვის და შენთვისაც გავნივთდი...

რაც იყო – იყო რა... იყო რა – რაც იყო...
ერთ სანთლად (ნამდვილად!) ღირდა ეს სპექტაკლი.
ახლიდან? – არა ღირს! ან რაღად დავიწყოთ?..
შენ ჩაქრი – ჩემს ცაზე, შენს ცაზე – მე ჩავქრი. 

წერტილი

აღარაფერს ამბობ, ვამბობ აღარაფერს
ცოტა გულნატკენი და თავს გავანებებ
შენი სილამაზის ამოუცნობ ნაკვთებს,
სანანებელ სიტყვებს, კითხვებს - სანანებელს:

არაერთხელ ნათქვამს, დასმულს არაერთხელ...
ვრჩები უპასუხოდ, მაგ სიჩუმის მოწმე,
იმედით რომ სხვა, შენ, იქნებ არ დაგემთხვეს,
მომწერ ხოლმე, თუმც, მე აღარასდროს მოგწერ.

დამანებე თავი! მე ხომ დაგანებე? -
ბედი აგარიდე, გულნატკენი გაგცდი.
ახლა სხვაში ვეძებ შენზე უცხო ნაკვთებს,
მკაცრი გამოხედვით - ეჭვიანი კაცი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები