ნაწარმოებები


    * * *         * * *         * * *     რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსი - 2025. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *         * * *         * * *     კონკურსი- “ლექსების გამოფენა/ასი სიტყვა“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჰერელი
ჟანრი: პოეზია
18 აგვისტო, 2014


...სურათები სოფლიდან...

###

ღრუბლის ქსოვილით ქარი ისევ ამინდებს კერავს,
წვიმს და სოფელში ივსებიან პატარა ტბები...
ბეღურასავით რომ შემორჩი მშობლიურ კერას,
დე, ალბათ ახლა წინდას ქსოვ და ბუხართან თბები.

მე კი მცივა და ვიყინები... ვერ ვითბობ ხელებს!
რომ არა სწავლა, დავტოვებდი უთუოდ დედა-
ქალაქს* და ჩუმად, ჩვენს ეზოში გამავალ ღელეს
გადმოვიდოდი და ვიტყოდი: „-სა ხარა, დედა?“

გამოხვიდოდი აივანზე ფერმკრთალი სახით
(თათს შემომკრავდა შარვლის ტოტზე პატარა ლეკვი),
მომეხვეოდი, ჩამიკრავდი გულში და სახლით
სულს გამითბობდი (ოცნებებსაც, ფიქრებსაც...) მე კი –

ასე ნელ-ნელა დამიწევდა მაღალი სიცხე...
გამომიცხობდი (მშიერ-მწყურვალს) კეცებზე მჭადებს,
მერე მეტყოდი: „-შეუკეთე ბუხარს ცაცხვის ხე.“
და „ნაღვერდალზე“ შევიწვავდი მე თვითონ მწვადებს.

მერე კი ტყიდან მოვიდოდა დაღლილი მამა,
ჩამოვსხდებოდით სუფრასთან და ავწევდით ჭიქას,-
არაყს დავლევდით სამ-სამს მხოლოდ და მხოლოდ წამლად.
საღამოს - ბაბო ჩამობანდა კამეჩის ჯიქანს,

ძუძუს მოწყვეტდა პირმშო ზაქის ხის მწარე წკეპლით,
ჩამოწველიდა, მოხარშავდა რძეს დიდი ქვაბით...
(ისევ მცივა და ვგრძნობ, რომ სათქმელს გზასავით ვტკეპნი,
სიცხე მაქვს, რა ვქნა, რომ არ მშველის არცერთი აბი!).

ღრუბლის ქსოვილით ქარი ისევ სიცივეს კერავს,
წვიმს და ქალაქი ვეღარ იტევს წვიმიან ამინდს...
ავად ვარ... ღმერთო, ნუ მანატრებ მშობლიურ კერას
„და საფარველსა ქვეშე მისსა“ მამყოფე –
ამინ!

------




მთაში

მთა როცა ღრუბლების ქათქათა უნაგირს იხვევს,
ძაფივით გაკვანძულ ბილიკზე ავუშვებ წაბლას...
და კლდესთან ჭიდილში რქის წვერებწამტვრეულ ჯიხვებს
ჩამოვერეკები მოწყვეტილ ფერდობზე დაბლა.
ქვევით კი - ვიწროში დახვდება უწვერო ბიჭი
და ნაიარევი მარჯვენით მოზიდავს ჩახმახს -
(წინდაწინ გადმომხტარ ჯიხვს გაუქვავდება ბიჯი),
შეხტება, შესძახებს: „ა, ეგრე მოგიხდებ, ახმამს!“
მთა გულში ათასჯერ გადაიმეორებს ექოს,
ბოლოს კი მონახავს ხეობის სიღრმეში საფლავს.
და ჩვენ კი ჩავყვებით ნისლებით დაბურულ ბექობს,
ღრუბლებზე ზევით და მთვარეზე ცოტათი დაბლა..






სოფლის სურათი

(დილა)
სახურავებზე დაილექა ღამის ნაშალი...
ბაბომ უთენზე გადაზილა ვარცლში ცომი და
გათენდა... მერე გაისწორა მუქი თავშალი
და მზე სოფელში ამოვიდა ჩვენი თონიდან.




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები