 | ავტორი: ყირამალა ჟანრი: პროზა 6 იანვარი, 2015 |
ყველაფერი ძალიან ბანალურად დაიწყო... საერთოდ შეიძლებოდა ყველაფერი ბევრად ორიგინალურად ყოფილიყო, მაგრამ როგორც ყოველთვის ჩემს თავს მაინც ბანალურად ხდება ყველაფერი. არა, ვიღაცას რომ ჰკითხო ალბათ არც ისე ბანალური მოეჩვენება. მგონი მაინც უფრო ჩემშია პრობლემა რომ აღარაფერი მაკვირვებს და ყველაფერი მებანალურება... მოკლედ, რა მნიშვნელობა აქვს ამას, მთავარი ხომ რაღაც ახლის დასაწყსია.
დასაწყისი
აი, დაიწყო 2015 წელი, ლურჯი თხისა თუ ბატკნის. მე პირადად რაღაც რქებმოგრეხილი ვერძი ვიყიდე და ნაძვის ხის ქვეშ გავამწესე. შიგადაშიგ მივირბენ და რქასთან ხელს რომ მოვუტყაპუნებ მეეე, მეეეს იძახის. დიდად არ მახალისებს მაგრამ მგონი ამ 2015 წლის ბრალი უნდა იყოს ყველაფერი. ახალი წლის ღამეს სასწაულები ხდებაო, დიდად არ მჯეროდა, მაგრამ როცა მეუღლემ ჯემპრი მაჩუქა, რომელზეც უზარმაზარი ფისო, უფრო სწორად კატა იყო წამოკოტრიალებული, დავიჯერე... არა სასწაულების კი არა, ჩემი ფისოობის დავიჯერე, უკვე იმდენი ფისო მყავს წამოკოტრიალებული ზოგი ჯემპრზე და ზოგიც დივანზე, რომ სადაცაა კნავილსაც დაიწყებენ...
გზა
გზა ჩემს სოფლამდე ყოველთვის გრძელი მეჩვენება. რეალურად სულაც არაა გრძელი გზა, ერთი საათიც არ უნდა ქალაქიდან, მაგრამ მე სულ მიმეჩქარება და... აი, ახლაც, ვზივარ მანქანაში და გული ყელში მაქვს გაჩხერილი, თითოეულ გაშიშვლებულ ხეს ვითვლი, მოთოვლილ მთებს შევციცინებ, რამდენჯერმე ვაჩერებ მანქანას, ფოტოებს ვიღებ და ეიფორიისგან, როგორც ბებიაჩემი ამბობს ხოლმე „ვცეტობ“. ხო, მართლა, ბებია და პაპა გზაში რამდენჯერმე მირეკავენ, ხინკლის მოხვევას ვიწყებთ და მალე ხომ მოხვალო? თითქოს ვეღარ მოასწრებდნენ, მაგრამ ჩემი მისვლა ეჩქარებათ... წარმომიდგენია, ბებიაჩემი რამდენჯერ გადმოდგა აივანზე და თავზე წაკრული ჩიქილის დაბოლოებით რამდენჯერ მოიმშრალა ცრემლიანი თვალები...
ირინე
-ირინე, გაიხსენე შენი სიკარგე? არ გვივიწყებ ამ ბეჩავ მოხუცებსა - ამბობს ბებიაჩემი და გულში მიკრავს ცრემლიანი. -ცუდი როდის ვიყავ ბაბო? მოდი მეც მოგეხმარებით... - არ გამიფუჭო ცომი ირინე, დამაცალე ეხლა, ცოტა რამ დაგვითოლე და გველაპარაკე, მაგაზე კარგს ვერას გაგვიკეთებ შენა- მეუბნება პაპაჩემი და თავისი დაკოჟრილი თითებით იმდენ ნაოჭს უკეთებს ერთი ციდა ხინკალს რომ ვერ დაითვლი...მეც გაყურსული ვუყურებ ჩემს მოხუცებს და ვცდილობ გავიღიმო, არადა მეტირება, იმათი სიხარული გულზე ლოდივით მაწევს, რა ცოტა რამ სჭირდებათ... -ირინე, აბა შენი ლექსები დაგვითოლე ჩემი მოხუცების გარდა ირინეს არავინ მეძახის და ალბათ ვერც ვერავისგან ვიგუებდი. ყურსაც სხვანაირად ხვდება და გულსაც...
გული
უცნაური რამაა ეს გულიმეთქი ვფიქრობდი. რამდენ რამეს იტევს, რამდენ განსხვავებულ ემოციასა თუ გრძნობას და არაფრით ივსება, უძირო ქვევრივითაა, ილექება და ახლა-ახალი ემატება. როდის შეინჯღრევა და როდის მოექცევა ლექი თავზე არავინ იცის... ცხოვრება კი ისეთი რამაა, როგორ იქნება რომ რამდენჯერმე მაინც კარგად არ შეგაჯანჯღაროს და აზრზე არ მოგიყვანოს? ისე როგორ გადაივლის რომ 1-2-ჯერ მაინც არ წამოგაზიდოს? არ აგამჟავოს? მშლატე გემო არ დაგიტოვოს პირში და მერე ისევ არ დაგილექოს? მთავარია ქვეშ არ მოექცე და ყველაფერს შეიძლება მოერიოს კაციო, ესეც გულმა მითხრა მგონი, ან უბრალოდ ვერ ვიხსენებ ვინ...
ვიხსენებ
ისევ ბებიაჩემის მოქსოვილ ხალიჩაზე ვწევარ და ისევ არაგვის დუდღუნს ვუსმენ. მგონი რაღაცას მსაყვედურობს და მახსენდება, რომ დიდი ხანია მასთან არ მილაპარაკია... მეორედ რომ ამოვალ, აუცილებლად გიამბობ მეთქი ჩემი თავისას, გავძახე და მისი მოსმენა გავაგრძელე... ეზოს მოვავლე თვალი და მოშიშვლებულ კაკლის ხეებზე შევაჩერე მზერა. აი იქ საქანელა მქონდა, პაპამ ჩამომიბა ბავშვობაში, აი იქ კიდევ ჰამაკი გამიბეს და ჩამოვვარდი, ჭინჭრისგან დასუსხული ფეხები თითქოს ისევ ისე ამეწვა და გამეღიმა, არადა მაშინ მახსოვს რომ სიმწრის ცრემლები მცვიოდა.
წარსული
ასეა, წარსული ჭინჭრის ნასუსხს ჰგავს, სანამ ახალია მასავით იბურცება კანზე და გეწვის, მერე კი თანდათან წვა, ქავილში გადადის და მოგვიანებით საერთოდ ცხრება, შეწითლებული ადგილები სიწითლეს კარგავენ და გარეგნულად არაფერი გემჩნევა, გავიწყდება. მერე კი, როცა იხსენებ შეიძლება გაგეღიმოს კიდეც, ან სულაც ღიმილთან ერთად ისევ ცრემლი მოგერიოს წამიერად, თუმცა ალბათ ესეც ბუნებრივია. სად გაექცევი? ხანდახან საერთოდაც ბრუნდება ხოლმე წარსული და ცხვირწინ კლდესავით აგეყუდება კაცს. გეუბნება, მოდი და თუ კაცი ხარ გადამლახეო, შენ კი შეუიარაღებელი, შიშველი ხელებით დგახარ და არ იცი როგორ მოიქცე. ადვილია რომ უბრალოდ ზურგი აქციო, მაგრამ ეს ხომ ისევ უკან მიბრუნების ტოლფასია? ამიტომაც იწყებ ასვლას, ხან ფეხი გიცურავს, ხან ხელი გისხლტება, შეიძლება თითებიც გეტკინოს და სიმწრის ცრემლებიც გადმოგცვივდეს, მაგრამ თუ შეძელი და კლდეს წვერზე მოექეცი, მეორედ ვეღარ აიყუდება შენს წინაშე. ვეღარ გაბედავს გამოწვევას. ეს არვიცი ვინ მითხრა, მაგრამ ფაქტია რომ დავიჯერე... ფიქრებიდან ტელეფონის ზარმა გამომარკვია და დავუბრუნდი თანამედროვე კომუნიკაციურ სამყაროს.
ზარი (გადახვევა)
-კიდე ვიჩხუბეთ- ისმის ტირილი -აჰა, კიდევ შერიგდებით -არა, ვიცი რომ დავკარგავ და ძალიან ცუდათ ვარ ირიიი -საერთოდ კაცი მანამდეა შენი, სანამ შენი დაკარგვის შიში აქვს- ვპასუხობ და მერე მეთვითონ ბევრს ვფიქრობ ამაზე...
დანაკარგი
ცხოვრება დანაკარგების გარეშე არ არსებობს. ზოგჯერ ისეც ხდება რომ ნივთის დაკარგვა უფრო ეტკინება ადამიანს, ვიდრე ადამიანისა, ასეც ხდება ხოლმე და რომელი მხარის ბრალია ღმერთმა იცის. აი, როცა ძვირფას ადამიანებს კარგავ, მერე სწავლობ და იწყებ ფიქრს ყველაფერზე. როცა იძენ უფრო ფრთხილი ხდები, გეშინია შენს გრძნობებს გასაქანი მისცე, რათა მერე ისევ არ გეტკინოს დაკარგვისას... არადა ეს ხომ ცხოვრების წესია, რომელსაც ვერც სიფრთხილითა და ვერც სიჯიუტით ვერ გაუმკლავდები? მაგრამ მცდელობა, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა... -ჩამოდი, ჩამოდი, ხინკალი მოიხარშა - მესმის ქვემოდან ჩემი დის ხმა -მოვდივარ -ირინე, აბა დაგვითოლე რამე ლექსი მთაზე, რატო არ გვითვლი ქალო? - მტუქსავს ბებიაჩემი -არ მახსოვს ზეპირად და რვეული დამრჩა, აი რო ამოვალ კიდევ, აღარ დამავიწყდება, ეხლა არ გამებუტოთ იცოდეთ -კიდავ ამოხვალ ჩვენს გუდამაყარში წასვლამდე? -აბა რას ვიზამ?- ვპირდები მე -უ შენ შამოგევლოს ბაბო აგრიადაარაია, - მიღიმის ბებიაჩემი.
გზა
გზა ყოველთვის რაღაცის დასაწყისია, მაშინაც კი როდესაც გგონია რომ დასრულდა...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. ნან, მე კიდევ შენ მიყვარხარ :*
ნათთია :)
ყველას დიდი მადლობა :) ნან, მე კიდევ შენ მიყვარხარ :*
ნათთია :)
ყველას დიდი მადლობა :)
6. მომეწონა)))) მომეწონა))))
5. შობას გილოცავ ჩემო კარგო...:-* მიყვარხარ და ყ ელა შენი ნაწერი მომწონს...პოეზიაც და პროზაც...:-* შობას გილოცავ ჩემო კარგო...:-* მიყვარხარ და ყ ელა შენი ნაწერი მომწონს...პოეზიაც და პროზაც...:-*
4. სმიტ :)ნათია, ბუდულა, მადლიბა :)
შობის მადლი გეწეოდეთ ურაკელებო, გილოცავთ ყველას :) სმიტ :)ნათია, ბუდულა, მადლიბა :)
შობის მადლი გეწეოდეთ ურაკელებო, გილოცავთ ყველას :)
2. განწყობიანი. კაკ ვსეგდა =) განწყობიანი. კაკ ვსეგდა =)
1. კი დასასრული ყოველთვისაა რაღაც მეორის დასაწყისი:) წარმატებები ავტორს
კი დასასრული ყოველთვისაა რაღაც მეორის დასაწყისი:) წარმატებები ავტორს
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|