ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ეკატერინე
ჟანრი: პოეზია
16 დეკემბერი, 2008


ორი ფრაგმენტი ერთ მოტივზე

ეს ორი ლექსი ერთმანეთისგან დიდი დროის განსხვავებით დაიწერა.
პირველი ლექსი 20 წლამდე ასაკში, მეორე დღეს საღამოს, ეს ძველი ლექსი წავიკითხე და...


შემომაგლიჯე ამწვარ ტანზე ეს სველი კაბა,
ღილ-ბორკილები გადაკრიფე მწიფე მკერდიდან,
ხორცის სიმთვრალე დამიამე მწყურვალი ბაგით,
მიშველე რამე, შიშველ წელზე მზე მომეკიდა.

მოასკდი სუნთქვას რეტიანი სურვილით სავსე,
ოღონდ კი გრძნობებს აეკიდოს ალმური შენი,
მო, გევედრები დამიამე ტკივილი სულის,
ჩემს სნებოვნებას მხოლოდ შენი ალერსი შველის.

და თუ ინანო თავგანწირვა ამ სიგიჟისთვის,
დაჭერი ყველა ვენისფერი ხაზის დინება,
გთხოვ მაპატიე, სიველურე ასე ძვირფასი,
ვეღარ შევძელი კვლავ მოთმენა და გარინდება.

1992 წელი


შენს მოლოდინში კაბა წვავს სხეულს,
მკერდი ვერ ჰგუობს ბორკილს ღილების,
ვნებით მწყურვალი ტუჩების ნატვრით
და მოგონებით ისევ ვიღლები...
სასწორზე ვაგდებ მძიმე სულს და ხორცს
ბოლო ხანს სულის პინა იმარჯვებს,
უცებ სხეულში დგება სინათლე
და სხივებს ხორხთან ახლოს მიმაბჯენს.
გულის კუნჭულში შენი დემონი
ძვრება და სულის მირყევს კარიბჭეს,
გამიჭირდება, მაგრამ მის დარტყმებს
ავიცილებ და...გადავაბიჯებ...
ნდომას მაგ მკლავთა მორჩილ ტყვეობის,
თუ ახლა თავი არ დავაღწიე,
შენკენ ლტოლვილი ამ მერყეობით
კვალვ ვემონები ვნების მაქციებს.
...ახლა ლოდნიში ცხრება ვნებები,
სხეულს ატყდება კაბის ეკლები,
ვნებით მწყურვალი ტუჩების ნაცვლად,
გაყინულ მინას შუბლით ვეკვრები.
ღამე მიწვება გვერდით მდუმარედ,
მთვარეც ცბიერის მიცქერს იერით.
ხვალ გავიღვიძებ ისევ უშენოდ,
სავსე სევდით და სიცარიელით.

2008 წელი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები