ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ეკატერინე
ჟანრი: პოეზია
18 დეკემბერი, 2008


...................

ოკეანეა ჩემს გარშემო ღრმა და უძირო,
ცოდვის, ტკივილის, ბოროტების ტალღა მიმათრევს,
ცას, უღრუბლო ცას, მხოლოდ ზეცას მინდა ვუცქირო,
რომ წამით მაინც ჩაიღვაროს სულში სინათლე.

რა შორს ხარ ღმერთო, სად მოგწვდები ასე უმწეო,
რწმენის ხომალდის ნაპრალებში  თარეშობს  ტალღა,
შენ გიხმობ, გვედრი, გამოფიტულ სულს, რომ უწამლო,
ხსნის მოლოდინში ცოდვის ტალღა მაწვეთებს ბალღამს.

დაღლილი გული შენსკენ ილტვის, ნუ მიმატოვებ,
ცოდვის ჭაობში ნუ დამაგდებ დაცემულ მხევალს,
როცა ახლოს ხარ, აღარ არის ცხოვრება მდორე,
შენსკენ მზირალი,თითქოს მზისკენ გაწვდილი ხე ვარ.

ტოტები ჩემი ხელებია, ლოცვაში თრთიან
ციდან მადლივით ჩამოღვრილი სხივები მათბობს,
ცოდვილ ფესვებზე ამოზრდილი გაფრენას ვლამობ,
მზად ვარ უფალო, ეს მაცდური სამყარო დავთმო.

მერე რა, თუკი  მათამაშებს ბოროტი ტალღა,
მე არ ვარ გემი ქაღალდისგან შეკრული ნივთი,
თუ ჩემს გარშემო ოკეანე ბობოქრობს ცოდვის,
ცისკენ მიზიდავს განუწყვეტლივ უფალზე ფიქრი.

და თუკი კლდეებს მიმანარცხებს ბოროტი ტალღა,
მიწას დარჩება დამსხვრეული ჩემი სხეული,
სული კი ცისკენ გაუყვება მზისფერ სამანებს
თავისუფალი, განწმენდილი, უფლისეული.

 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები