 | ავტორი: დებორა ჟანრი: პოეზია 19 დეკემბერი, 2008 |
''არ გეწყინოს, ჩემო კარგო, სიტყვაშიაც იგავი მაქვს'' - მიმართავდა ერეკლე მეფეს ერთ ლექსში საიათნოვა.და მართლაც,მისი აშუღური ენა,მისი ნამღერი საზზე,გაჯერებული სპარსული და ზოგადად ,აღმოსავლური პოეტური ენის კლიშე- სახეებით,კლიშე - შედარებებითა და მეტაფორებით, მრავალ მსმენელს ხიბლავდა,ესმოდა კი მხოლოდ იმ ნაწილს,ვისაც გამოთქმულის მიღმა ნამდვილი შინაარსის გაგება შეეძლო. არ მინდა ნათქვამი ისე გამომივიდეს,თითქოს საიათნოვას პოეზია მხოლოდ კლიშეებით იყოს სავსე და მისეული.ორიგინალური შიგ არაფერი მოიძევებოდეს.ეს რომ ასე ყოფილიყო,განა გაუძლებდა საუკუნეთა გამოცდას მისი სატრფიალო ლირიკა? ერეკლე მეფის კარის პოეტი,თბილისელი სომეხი,სახელად არუთინა,რომლის პოეტური სახელი- კომპოზიტიც სპარსულ ენაზე,სავარაუდოდ,ასე ,ორგვარად იშიფრებოდა:1. ''მარდი ბედკრული'' , / საიათ - სხარტი, მოხერხებული, მარდი; ნოვა - ბედუკუღმართი, უბედური,ბედშავი /; 2. ''ახალი მწერალი '', / საიათ - მწერალი,ნოვა - ახალი /, იყო პირველი,ვინც ''სპარსულს ხმებზედ'' ქართული სიტყვით იმღერა და ამით აშუღური პოეზიის ქართულენოვან შტოს დაუდო სათავე.იგი ითვლება აგრეთვე ქართულ პოეზიაში მუხამბაზური ლექსის დამამკვიდრებლად. ეროტიზმი მისი ლექსების მასაზრდოებელი წყაროა.თუმცა ,რაკი მაშინდელი წესის თანახმად, აშუღური პოეზია ძირითადად საზოგადოებაში,ხალხმრავალ ადგილებში სრულდებოდა აღმოსავლური ინსტრუმენტების თანხლებით,ამ ლექსებში დაუშვებელი იყო იმგვარი გამოთქმების,კონკრეტული ეროტიკული დეტალების,ადრესატის ვინაობის გახმიანება,რასაც შესაძლოა მსმენელთა შეურაცხყოფა,გაგულისება გამოეწვია.ამიტომ არის მისი ტრფიალების ადრესატის სახე არიდებული ყოველგვარ კონკრეტიკას და სქემატურობის ნიშანიც აზის. ეს კი ჩვენს თემას არ ეხება,მაგრამ მაინც მინდა გავიხსენო,რომ რაღაც მიზეზის გამო საიათნოვას მისი სათაყვანებელი მეფე ერეკლე შემოსწყრა,სასახლის კარიდან დაითხოვა, ჯერ კახში,საინგილოში გაამწესეს მღვდლად,მერე ძალდატანებით აღკვეცეს ბერად ახპატში,სადაც ყოფილი უპირველესი მეტრფე-აშუღი უკვე გულისტკივილითა და მჭმუნვარებით აღსავსე ლექსებს წერდა... მისი გარდაცვალების თარიღი უცნობია.
საიათნოვა /1722-1801?/
მოდი საყვარელო
მოდი, საყვარელო, ბაღში შავიდეთ, - ბაღი კარგი, ვარდი კარგი, ხე კარგი! სიკვდილამდინ გარეთ აღარ გავიდეთ, - სახე კარგი... მთვარე კარგი... მზე კარგი!
დავლიოთ ღვინო, - არაყი ჩვენია, მეჯლის-საზანდარი, საზი ჩვენია! გავაგდოთ მებაღე, ბაღი ჩვენია! - ლხინი კარგი... დრო კარგი... დღე კარგი!
მაილია ვარდი, - არსად აბია, - ბულბული სწუხს, რომ ყვავილს უზის ჭია! ხეივანში გადაშლილა სულ ია, წყალი კარგი... კვალი კარგი... მწე კარგი!
ტანთ გიხდება საწვიმარი აისი, ალვის ხესა გამოუსხამს ყაისი! ყველა ჩივის, რომ დავკარგეთ მაისი, სული კარგი... გული კარგი... თვე კარგი!
მე საიათნოვას ხმაში მაქვს ძალი! დაბძანდი, დაგიგო ხორასნის ხალი! მიჯნურმა ღობიდამ არა გკრას თვალი, საზი კარგი... შენ კარგი... მე კარგი!..
- - - - - - - - - I.ყაისი - 1.ჭერმის კურკა ტკბილის გულით./ყაისი სახელია ლეილის მიჯნურისა/. 2. ტკბილი ტყემლის ჩირი. I I .საზი - გრძელტარიანი სპარსული ჩონგური / ი.გრიშაშვილი,''ქალაქური ლექსიკონი'',თბ.,1997/
საყვარლის ბაღშია
საყვარლის ბაღშია ჭკვა დამეკარგა, გავბრუნდი, არ იყო კარ-გაღებული. გადავხედე, დავბნდი, ვერა გავიგე... ვნახე ალვის ხენი ხელახლებული.
უთხარ: "შენვე მომკალ შენა, კარგია! ავს ნუ ათქმევინებ, ენა კარგია, ღმერთმა გაგახაროს, ლხენა კარგია, მე შენს ჭირს სანაცვლოდ გადაგებული!
მოდი, დამიჭირე მარჯვენა ხელი, იაგუნდ-ალმასო, ლალი ხარ ქველი! დამაცა, გითხრა ჩემი სათქმელი - შველი ხარ მინდორში გამოშვებული!
მე ხონთქარი ვიყავ - ჯარი დავკარგე... სოვდაგარი ვიყავ, ზარი დავკარგე! მზეთუნახავი - იარი დავკარგე... საიდამ ვიპოვო ზღვაში დებული?
შენის ნაქცეურობით, მე გამაკვირე!.. როსტომის ხანჯალი ყელთ დამაჭირე, ავათა ვარ, მოდი, ზედ დამიტირე, თვალები გზაზედ მაქვს დაყენებული!
მთვარე ხარ, თუ მზე ხარ, პირი გაქვს წმინდა, მე შენ გენაცვალე, სხვანი ნუ გინდა!.. სიყვარულით ლაპარაკი თუ გინდა, საიათნოვამ იცის სიტყვა ქებული!
- - - - - - - - - - - იარი - საყვარელი,სატრფო, მიჯნური
რა ზარბაბი
რა ზარბაბი, რა ატლასი, რა ზარი ვარ, იცი განა? იას და ვარდს ვენატრები, რა ქარი ვარ, იცი განა? ნიადაგ საზი ხელში მაქვს, ნოქარი ვარ, იცი განა? შენს დედ-მამას შეუტყვია, თითონ კი არ იცი განა? მაშ არ შეგიტყვია განა? მაშ არ შეგიტყვია განა?
ახლა მოდი, მოგახსენო, ქვეყანაზედ რა ვიარე: ლეილუმ ტოლი დავკარგე, მეჯნუნივით დავიარე, ბულბულივით ვარდს ვეძებდი, ავდეგ, ჭალას ჩავიარე ვარდის კვალი ვერ ვიპოვე, სულ უბრალოდ გავიარე, მზესავით პირი გაჩვენე, დამწვარი ვარ, იცი განა?
ეს ჩემი გულის ნაღველი ვატყობინე ერანელთა, მაშრიყელთა, მაღრიბელთა, ხელმწიფეთა, ერთა, ბერთა, ამის მეტი რა ღონე მაქვს, თავს მოვიკლავ ტურფას გვერდთა! ხვეწნაც ასეთი იქნება? ვამბობ: მე ვარ დედისერთა! დამადნე და დამანავლე, შაქარი ვარ, იცი განა?
შემოდგომა შემოვიდა, მე რაღა უკან ვიქნები?.. მანდ შენი ვარდი ამოვა, ან მოვკვდები, ან ვიქნები, შენი ნაღველი არ იყოს - ცოცხალი დიდხანს ვიქნები!.. გამიგონე, მოგახსენებ, ამაღამ შენთან ვიქნები!.. მალმალ ამბობ: ადე, წადი! სტუმარი ვარ, იცი განა ?!
საიათნოვა ამას ვჩივი, სამალი ვერ მიშოვია! მინდა გული ზედ ავაგო და ხმალი ვერ მიშოვია, შენი უბის ბროწეულის ნამალი ვერ მიშოვია, თავი მტკივა, გული მტკივა, წამალი ვერ მიშოვია, მომაქვს ზარის ხელმანდილი, ხუმარი ვარ, იცი განა?
- - - - - - - -- - I.ზარბაბი- ძვირფასად ნაქსოვი აბრეშუმი,ოქრომკედით ნაკერი II.ზარი -ოქრომკედი III.ნამალი - სახსოვარი IV.ხუმარი - /სპარს./ ნაღვინევი,შემთვრალი
პ.ს. აქვე ვათავსებ განმარტებას რამდენიმე სიტყვისა,რომელსაც გარკვეული მნიშვნელობა აქვს ქართული ეროტიკული პოეზიის ისტორიაზე საუბრისას. /ვსარგებლობ ი.გრიშაშვილის ზემოთ დასახელებული ლექსიკონის მონაცემებით/
I. აშუღი - სახალხო მომღერალი, საზანდარ მოშაირე, მიჯნური, არშიყი, მოალერსე, ტრფიალი,შეყვარებული. ძველად მდაბიო ხალხში და ეხლაც/ მეფეების დროს,ნათლობა,ქორწილ-ნიშნობა,მეჯლისი,მეჯლისი და ლხინი უაშუღოდ-უსაზანდაროდ არ იქნებოდა.... II. აშუღ-ყარიბი - მოგზაური აშიკი,აშუღი. I I I. აშოღლანი - 1.არშიყი ბიჭი,2.საკუთრივ:არშიყი ვაჟი.ისე კი ცნობილია, როგორც მოსარგებლე-ტრფიალი .ერთი და იმავე დროს არშიყობს კიდეც, სარგებლობს კიდეც. '' შეითანბაზარს რომ გასცდება თათრის ფოლორცი, ტრიოლეტივით დავყიალობ გაღმა-გამოღმა. და ვით აშოღლანს ეტმასნება ქალი ავხორცი (შეითანბაზარს რომ გასცდება თათრის ფოლორცი), არც მე მასვენებს საქართველოს დარდი და ბოღმა''- - /ი.გრიშაშვილი ,''ტრიოლეტები შეითანბაზარში''/ IV.ხურავანდი - მხიარული, ვნებიანი, სექსუალურად გაღიზიანებული.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. მე არ მომწონს ასეთი პოეზია და ლაის კომენტარზე მაგრად ვიხალისეე!!! უკაცრავა და ხარხარს ვერ ვიკავებ=)) მე არ მომწონს ასეთი პოეზია და ლაის კომენტარზე მაგრად ვიხალისეე!!! უკაცრავა და ხარხარს ვერ ვიკავებ=))
3. ქალბატონო ნინო. კარგი რჩევის მიცემა ვიცი:)ეს არ გჯერათ,მაგრამ მაინც:) ეროტიული პოეზია არააქტუალურია დღეს,აი გასული საუკუნის 80-იან წლებში უფრო საშური იყო ამ თემაზე ლაპარაკი. მე ასეთ თემატიკას შეგირჩევდით -არატრადიციული სიყვარულის (ურთიერთობის) პასაჟები ქართულ ლიტერატურაში-აქტიურად გაცხადებული ან ავტორის ქვეცნობიერ დონეზე დარჩენილი ..მესმის, რომ მასალა ძალიან მწირია,მაგრამ თქვენი მაძიებლური ბუნება და შემოქმედებითი ნატურა საინტერესო რამეს გამოადნობს აქედან.დამიჯერეთ,გაცილებით აქტუალური,საშური და სკანდალურია. ეს კი გუშინდელი დღეა:) კეთილი სურვილებით ;) ქალბატონო ნინო. კარგი რჩევის მიცემა ვიცი:)ეს არ გჯერათ,მაგრამ მაინც:) ეროტიული პოეზია არააქტუალურია დღეს,აი გასული საუკუნის 80-იან წლებში უფრო საშური იყო ამ თემაზე ლაპარაკი. მე ასეთ თემატიკას შეგირჩევდით -არატრადიციული სიყვარულის (ურთიერთობის) პასაჟები ქართულ ლიტერატურაში-აქტიურად გაცხადებული ან ავტორის ქვეცნობიერ დონეზე დარჩენილი ..მესმის, რომ მასალა ძალიან მწირია,მაგრამ თქვენი მაძიებლური ბუნება და შემოქმედებითი ნატურა საინტერესო რამეს გამოადნობს აქედან.დამიჯერეთ,გაცილებით აქტუალური,საშური და სკანდალურია. ეს კი გუშინდელი დღეა:) კეთილი სურვილებით ;)
2. სასიამოვნო სასწაულები არ მოგკლებოდეს კვლავაც ცხოვრებაში. რა დიდებულ საქმეს აკეთებ, ჩემო ნინო! სასიამოვნო სასწაულები არ მოგკლებოდეს კვლავაც ცხოვრებაში. რა დიდებულ საქმეს აკეთებ, ჩემო ნინო!
1. საინტერესოა. საინტერესოა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|