ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მიშო.დადიანი
ჟანრი: პოეზია
13 მარტი, 2016


ზოგი ლექსი

***
მკითხე რატომ მიზიდავს ნგრევა
შენებაზე მეტად.
მიდი, მკითხე, ნანგრევებიდან როგორ ვიზრდები
ტყუპი ყვავილივით, ზუსტად ისეთი, როგორიც ვიყავი.
ყველაფრის თავიდან დაწყება კი არა
საკუთარი თავით თამაში მომწონს.
თორემ როგორ გინდა თავიდან დაიწყო
თუ ნამდვილი ხარ.

***
მე გიყვებოდი დღეების შესახებ.
შენ უყურებდი ქალაქს, რომელიც
ისე იყო გაშეშებული, თითქოს ფოტოსთვის პოზირებდა.
მე ვამბობდი, რომ ჩამწკრივებული
დომინოს ქვებივით ეცემიან დღეები.
შენ თქვი, რომ ქვები თავიდან დავაწყოთ,
ოღონდ ეს არა, ახალი ქვები.

***
რაც დაიწყო ეხლაც გრძელდება,
ოღონდ ჩუმად, უსხეულოდ.
ეგრე სადაა მთავრდებოდეს, თუ არ ჩავთვლით
მეხსიერებას.
წარმოიდგინე, მეორე სიტყვის
თქმას ვერ ვასწრებ,
პირველი უკვე სადღაც დროს მიაქვს,
შესაძლოა მომავალში ან წარსულში,
რომელიც გრძელდება.
მაგრამ გზააბნეული კი არა,
დროაბნეული სიტყვებიც არიან,
არსად მავალნი და შემთხვევით შეხეტებულები.
შეიძლება ეს ლექსი მათგან არის
და ვერ ვიტყვი, რომ არ გრძელდება,
რადგან ნებისმიერი ინერცია
მოძრაობას გულისხმობს.
რაც არ იჭმევა, აბა იმას სად მოეხევი,
მით უფრო, როცა ჩვენი სხეულების მუსიკა
დროსთან ერთად მოგზაურობს.

*** (ნინის)
აი ასეა, აქ უნდა ვიყო,
რომ ცხოვრება ავაშენო.
მერე კი თავისით გამომეცალოს ხელიდან
ნაწილ-ნაწილ ან ერთბაშად, ჩამოინგრეს
როგორც გუმბათი.
აი ასეა, რაც ეხლა გავიფიქრე
ადგილებად იქცნენ, სულ გზებად იქცნენ
და თვალს ვარიდებ, რომ სხეული
არ გამეპაროს რომელიმე დიდი ქუჩისკენ.
რადგანაც ვიცი სინამდვილეში
ვიწრო ჩიხები მიყვარს და მომწონს.
აი ასეა, რაც კი ეხლა ვთქვი
ადგილებად იქცნენ, სულ გზებად იქცნენ,
რომლის ერთ-ერთ დიდ ქუჩაზეც ქერა გოგო დგას
და მეუბნება - ჩემთან მოდი, რომ აქ კაია.
მე დაბნეული ვიყურები, შუქი თვალებს მჭრის.
ქერა გოგო კი ჩემკენ მოდის, ხოლო მის უკან
გზა სულ ქრება, თითქოს მიწა ჭამს.

***
დღეს კი ასეა,
ყველაფერი
რაღაც ერთჯერად
განცდას გიტოვებს;
სართულებით,
ხედით, მინებით.
შენ გირჩევნია
როგორც გჯერა
ისე გეჯეროს
და ასე ტოვებ
და არაფერს ჩაეძიები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები