ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ტენდი
ჟანრი: პროზა
20 მარტი, 2016


ფილოსოფიური ამინდი (ნაწილი პირველი)

„ქინძმარაულს“ სვამდნენ.
ორივე მოწყენილი იყო.
რესტორნის ფანჯრიდან ჩანდა, ისე გულმოდგინედ დატყაპუნებდა წვიმა ამღვრეულ გუბეებში, ალბათ, დიდხანს არ გადაიღებდა.
არც თვითონ ეჩქარებოდათ არსად.
ერთი რომელიღაც  ფირმის მთავარი ბუღალტერი იყო.
მეორე-ფილოსოფოსი.
ამ საღამოს მთავარმა ბუღალტერმა მოსაწყენ თათბრს აარიდა თავი.
ფილოსოფოსმა - სხვაგან დალევას.
ბუღალლტერს რაღაც აწუხებდა.
ფილოსოფოსს - ცნობისმოყვარეობა.
- ფილოსოფიური ამინდია - თქვა ფილოსოფოსმა და ამინდზე მიანიშნა.
- ჰო. -  მოკლედ დაეთანხმა ბუღალტერი.
- რას გაუმარჯოს?
- რასაც შენ იტყვი.
- მაშინ, მოდი, ამ ფილოსოფიურ ამინდს გაუმარჯოს - თქვა ფილოსოფოსმა.
- გაუმარჯოს!
- ეგრე მოკლედ არა, რამე თქვი.
- ამ ფილოსოფიურ ამინდს გაუმარჯოს!
ფილოსოფოსს გაეცინა:
- წვიმის დროს ყოველთვის ფილოსოფიურ განწყობაზე ვდგები. ვაანალიზებ ადამიანის არსებობის აზრს და დალევა მინდება.
- გვალვაში დალევაზე უარს ამბობ?! - ორაზროვნად გაიცინა ბუღალტერმა.
- რასაკვირველია, არა, მაგრრამ ფილოსოფიური განწყობა არ მაქვს, ანეგდოტებს ვყვები ხოლმე.
- მაგდენი ანეგდოტი იცი?! - გაუკვირდა ბუღალტერს.
- დავიწყო?
- არა, არ გინდა. რა სთქვი, რას გაუმარჯოსო?
- ფილოსოფიურ ამინდს.
- დღეს ძალიან ცუდ ხასიათზე ვიყავი და შენთან მომინდა დალევა. რომ დავრეკე და სახლში იყავი, გამიხარდა.
- ამ ქალაქში ვინც ცუდ ხასიათზეა, ყველას ჩემთან უნდა დალევა. ახლა ყველა ცუდ ხასიათზეა და აზრზე მოდი, რა დღეში ვარ. მერე უკვირთ, რატომ ვსვამ. - გაიცინა ფილოსოფოსმა.
ბუღალტერს იოსები ერქვა,
      ფილოსოფოსს - მახარე.
      იოსებმა ჭიქა აიღო:
      -გაუმარჯოს ფილოსოფიურ ამინდს...ფილოსოფია ბუღალტერიაზე საინტერესო საქმე უნდა იყოს.
ერთი ბოთლი დალიეს და იოსებს განწყობა მაინც არ გამოუკეთდა.
„მკითხოს მაინც, რა მაწუხებს“ გაიფიქრა იოსებმა.
„აშკარად რაღაც აწუხებს, მაგრამ თუ რამის თქმა უნდა, თვითონ იტყვის, მე რატომ ვკითხო?!“ გაიფიქრა ფილოსოფოსმა.
მეორე ბოთლი ღვინოც რომ დალიეს ფილოსოფოსს ლაპარაკის საღერღელი აეშალა:
-დიდხანს არ გადაიღებს - თქვა მახარემ.
-ჰო. - მოკლედ დაეთანხმა იოსები.
მახარე სავარძელში მოხერხებულად ჩაჯდა, მაგიდის ქვეშ ფეხები გაშალა და სიგარეტი გააბოლა:
-კაცი სამ ძირითად მიზეზს გამოჰყავს მდგომარეობიდან - გაფუჭებულ მანქანას, უფულობას და ქალს.
-ჰო - ისევ მოკლედ დაეთანხმა იოსები.
-თუ გავითვალისწინებთ, რომ აწყოფილი ფირმის მთავარი ბუღალტერი ხარ და ახალი მანქანა გაქვს, დარჩა ერთადერთი მიზეზი - ქალი! თან ეს რომ ძალიან სერიოზული მიზეზია, ის მოწმობს, რომ ახლა თათრბირზე ყოფნას რესტორანში ყოფნა გირჩევნია. ლოგიკური დასკვნა - გიყვარს!
-ლოგიკური დასკვნების გაკეთება ადვილია.
-არ დაიჯერო! ორჯერ ორი რომ ოთხია, ლოგიკურია, მაგრამ ჩემს მეზობელს სულ ხუთი ჰგონია.
-რატომ ჰგონია ხუთი?! - გაეცინა ბუღალტერს.
-ლოგიკურ დასკვნებს ვერ აკეთებს.
-შენს მეზობელს ჩემგან გადაეცი, რომ ორჯერ ორი ყოველთვის ოთხი იყო, ახლაც ოთხია და მომავალშიც ოთხი იქნება.
-არ დაგიჯერებს.
-რატომ?!
-იმისთვის ხუთია მომგებიანი.
-რომ უთხრა, მათემატიკა ზუსტი მეცნიერებაა და ორჯერ ორი კოსმისშიც ოთხია?!
-მაგას უკვე მე არ დაგიჯერებ.
-რატომ,  გამრავლების ტაბულა არ იცი?!
-მათემატიკა რომ ზუსტი მეცნიერება იყოს სამი ერთი არ იქნებოდა.
-ვერ გავიგე! - გაუკვირდა ბუღალტერს.
-მთლიანია, ერთია, წმინდა სამება - მამაღმერთი, ძე და სულიწმინდა და აქედან, შენი მათემატიკის ჯიბრზე  არც ერთი  მთლიანის ერთი მესამედი კი არა არის, არამედ, თითოეული სამია. - მშვიდად თქვა ფილოსოფოსმა.
-ჰო. მართალი ხარ - დაბნეულად დაეთანხმა ბუღალტერი.
-ისე, რომ, ჩემო ძვირფასო ბუღალტერო, მათემატიკა შენი წარმოებისთვის არის ზუსტი მეცნიერება,  მანდ მე და ჩემი მეობელი არაფერ შუასი ვართ. - ფილოსოფოსს ისევ გაეღიმა - ახლა ისევ იქიდან დავიწყოთ ორჯერ ორი რომ ოთხია, ესე იგი, ქალიდან! რაო, რა მინდაო?!
-ვერ გავიგე რა უნდა...
-დასაბამიდან ვერ გაიგო კაცთა მოდგმამ, ქალს რა უნდა და შენ შენი ბუღალტრული ტვინით, მაგას როგორ გაიგებ?!
-შენ ახლა ხუმრობის ხასიათზე ხარ და მე მკითხე ერთი.
-უკვე გკითხე და არ იცი - გაიცინა ფილოსოფოსმა.
-ძალიან ჭირვეულია.
-ბიჭო, ორი კეისარი თითის გარშემო აბზრიალა, ყველა მოგებული და წაგებული ომი მაგას დავაბრალეთ, ყველა შედევრის სახელი „ქალია“ და ახლა გინდა რომ ჭირვეულიც არ იყოს?! რას არ გაიგებ ბუღალტრისაგან! 
-ფილოსოფიურად თუ მივუდგებით მაგ საკითხს, მასეა - ირონიულად გაეცინა იოსებს.
-მერე, ადრექი შენც  მიუდექი  ფილოსოფიურად, მაგრამ ბუღალტერია გიშლის ხელს ფილოსოფიურ აზროვნებაში, ხო?
-ალბათ. - დაეთანხმა იოსები.
-არა, რაღა მაინცადამაინც ბუღალტრობა აირჩიე?! ყოფილიყავი შენც ჩემსავით ფილოსოფოსი, ქალის საკითხს ფილოსოფიურად მიუდგებოდი,  ჩემსავით ხშირად დალევდი, მართალია, ფული არ გექნებოდა, მაგრამ სამაგიეროდ, ბედნიერი იქნებოდი. ახლა კი ფულიც გაქვს, მანქანაც, ვერც ფილოსოფიურად აზროვნებ და არც ბედნიერი ხარ. ამ ყველაფერში კი შენი „ბუღალტერიაა“ დამნაშავე. ასე არ არის?!
-შენი ფილოსოფიით თუ მივუდგებით, მასეა.- არ ჩამორჩა ბუღალტერი.
-ლამაზია? - იკითხა მახარემ.
-კიი. ძალიან.


(გაგრძელება იქნება)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები