ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯაკომო-ჯან
ჟანრი: პოეზია
15 იანვარი, 2009


ორი_ერთი: ჩვენ

ორი გოლგოთა...
გვირგვინი ორი...
ბევრი ეკლებით.
ორი სამსჭვალი, მოპარული...
(ყველაზე უფრო "წმინდა ქურდობა"...)
ორი გზა_ორი ოღრო-წრიაპი...
ორი ძელი_თანდათან მძიმე...
ორი შუბლი_ცალ-ცალკე წმინდა...
და ორივეზე დასობილი უაზრო თვალი_
აუარება_ეკლებზე უფრო...
ორი ბარაბა...
და გავა წლები_ათი,ასი,იქნებ,ათასიც,
მივხვდებით მერე ერთად, ცალ-ცალკეც:
ის ორი ძელი ერთი ხის იყო,
იმ ორ სამსჭვალსაც ერთ გრდემლზე ჭედდნენ,
ის გოლგოთებიც_შენი და ჩემი_
ერთი მთის ორი მწვერვალი, ვერგაყოფილი...
(უფლის განგებით)
გზები შეერთდნენ...
უჰ, გვირგვინებიც ერთმა ხელმა დაგვადგა, გახსოვს?..
მზის ერთი სხივი ორ შუბლს ერთად რომ გაანათებს
და შენი ორი თვალის მზერა ჩემსას შეხვდება,
ორი სამყაროც დაიმსხვრევა ორ გონებაში და შეერთდება...
შენ მიხვდები, რომ შენს სამყაროში ვცხოვრობდი მუდამ,
მე მივხვდები, რომ შენით მედგა საბრალო სული...
ჩაგჭიდებ ხელს და გზას გავყვებით აღმოსავლეთით,
რომ ყოველ დილით გაგვაოცოს მზის ბრწყინვალებამ,
ყოველ საღამოს ერთად გვადგეს შარავანდედად...
თუ თვალს დავხუჭავ_იმიტომ მხოლოდ,
რომ უფრო კარგად დაგინახო, წარმოგიდგინო...
და ბეთჰოვენის სენიც სადმე თუ დამეწია,
შენს ხმას გავიგებ მხოლოდ და მხოლოდ...
და ვივლით ასე_ერთად, ერთობით.
სულ მზისკენ ვივლით, ამომავლისკენ...
და შენ იქნები_მე.
და მე ვიქნები_შენ.
და ორივე ერთად ვიქნებით_ჩვენ.
და ჩვენ ვიქნებით "ერთ სულ და ერთ ხორც".
და ერთად ვიტყვით: დიდება შენდა, ღმერთო!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები