ნაწარმოებები


კონკურსი- “ლექსების გამოფენა/ასი სიტყვა“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვ.ხაბეიშვილი
ჟანრი: პოეზია
14 მაისი, 2017


შენი შვილი არის, ლოთი... 

შენი შვილი არის, ლოთი... 
ბავშვობაში ჩიტებს რომ ითვლიდა 
მიხვედი და დაუხოცე -
''რა დროს ჩიტებია, უკვე კაცი ხარო''...
შენი შვილი არის, ლოთი... 
საკუთარ თავს რომ გიხსნიდა - 
მაშინ გალოთდა... 
გეუბნებოდა: 
გვირილებსო უყვართ კითხვები და 
ტირიფები გვეხუტება თუ გავუღიმებთ.
(ჰო,იმ ღიმილით შენს სახეზე,რომ ვერ იპოვა). 
შენ მშობელი ხარ... 
. . . . . . . . . . . . . . . . .მკაცრი იერით .
-ვის გაუგია ცხოვრებაში, აბსტრაქციები...
შენ უკეთ იცი... მესაჭე ხარ,თან გამოცდილი.
გაავლე კურსი, შეადგინე ცხოვრების რუკა .
ოღონდ შტურმანო , ამინდები არ დაგავიწყდეს...
ცუდ ამინდებში საფრთხილოა, გემით გადასვლა
და ამიტომაც , პირველ რიგში- უნდა გაფანტო ,
საშიშ ღრუბლებად მოწოლილი, ყველა ოცნება! 
...შენი შვილია , თუ კი გახსოვს , 
ა , ის მფლანგველი : 
არაფრის მქონე გაღლეტილებს 
ფულს , რომ უყოფდა და მათ ბავშვებთან 
თამაშობდა, -
საღებავებით.
. . . . 
-''რა, ეგ ხელები , - ფუნჯებია ?! 
თუა - იესოს?! 
ხატავენ ანდაც , მოახდენენ სასწაულებას.
ჩვენი თავები, სხვის ბეჭებზე არ ამოზრდილა,
ჩვენ უნდა ვზიდოთ , - ჩვენი მხრებით,
ჩვენი ზურგებით,რომლის ტყავები წააგავენ 
პოლიგონებს, საკრავს სახრეთა...
პიტერი მოკვდა ,
გადავყარეთ პეპის წინდებიც, 
ახლა მოგიწევს სველ ხარაჩოზე, 
ააგო სახლი. 
თუ ჩამოვარდე 
(რაც დამიჯერე ბევრჯერ მოხდება) 
მარტო ხარ, გესმიის ? 
არ არსებობენ მოკეთეები , სიკეთის მქმნელი -
სტაფილოსფერ სამოსში გამოწყობილი, მაშველთა რაზმი.
ეგ უგერგილო, შავ მიწაზე გასხმული - ტვინი,
შენი ხელებით 
შენი ძალებით 
შეაგროვო და უნდა გაკერო -
ტანჯვით 
წამებით 
ისე, როგორც მახრა ხრავს, მიწას. შენ არ გცალია, ამ უცნაური იმიჯებისთვის 
და ხელოვნება - ხიდის ქვემოთ , ღვიძლდაშლილი, - აღსასრულია.
ჩამოირეცხე საღებავები ,
შეეშვი ძაღლებს ,
ხვალ, სამსახურში პირველი დღე გაქვს ...
(არ დაივიწყო : ყველა მიცნობს , 
... ნუ, შემარცხვენ,
- იქ,ბევრი გაქებს.)''
. . . . 
შენი შვილი არის, ლოთი...
შენ, ღამ-ღამობით მშიერ კუჭთან საუბრისას, ხშირად აღნიშნავ, 
რომ შენმა შვილმა, იმედები ვერ გაამართლა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები