ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
8 მარტი, 2022


ბეთ ლეჰემი. ქალი- ბეღელთან

#ლექსები

ნინო დარბაისელი

ბეთ ლეჰემი. ქალი - ბეღელთან

მე საკუთარმა დედამთილმა
მე .... ბერიკაცთან ჩამაწვინა
და თანაც მთვრალთან!
მიწის გულისთვის ჩამაწვინა,
მიწის გულისთვის,
მდიდარიაო,
ასე მითხრა,
გვიპატრონებსო,
ჩვენს მიწებს გამოისყიდისო,
კარგი პატრონი ხომ გვჭირდებაო.

კაცმა ვეღარა აწამა, რა,
შუაღამისას თავის ფეხებში შეწოლილი როცა მიხილა!
ორი დღის წინ კი “შვილო, შვილოო”, ასე მეძახდა.
იმის ყანაში ვკალმასობდი,
ჯერ კიდევ სველი ბალახებით ფეხდასერილი,
გვიანობამდე,
მცხუნვარე მზეზე  პირგამშრალი.

აი - ამბავი იმღამინდელი,
მერე  - სანდალი,
მერე - კანდელი
და საქორწინო,
მარმაშიანი ჩემი მანდილი
და ბედი ჩემი - არდაბინდული.

მოსავალია არნახული წელს ბეთ ლეჰემში,
ვდგავარ ბეღელთან
და პირველად მუცელსავსე  - მზეს ვეფიცხები,
ნეტავი,  ძეა თუ ასული? …
რადგან პირველი,  თუ ძე გამოდგა -
წესის მიხედვით, მარასია,
მარასი - ჩემი დედამთილის.
ჰო, დღეს მარაა,
მარა - მწარე,
ხოლო  ნაომი  - ადრე იყო,
მე რუთი მერქვა - თანამგრძნობელი,
მე მოაბელი რუთი ვარ და
რუთად დავრჩები.

მაინც როგორი გამომადგა?!
ღამით ფეხები  უცივდება ახალჩაწოლილს,
მაგრამ ნიადაგ გული  აქვს თბილი,
ტკბილია ჩემი ბერიკაცი,
ვუყვარვარ ნაზი და ლამაზი,
არ იცის ბრაზი,
გონმახვილია,
სიტყვამტკიცე,
მართლა სუყველას პატრონია ჩემი ბოაზი.

მოსავალია არნახული ამწლევანდელი,
ვერ გაჩერდება მუშახელად
ვინმე უნდილი,
დასაჭერია თადარიგი,
ჩვენ  - ჯერ ლხინი გვაქვს გადასახდელი.
დიდი ლხინი გვაქვს გადასახდელი,
შენ კი - მანდ ელი.
შენ - მანდ ელი,
განუწმენდელი თუ განწმენდილი
რომ ჩემი შვილთაშვილისაგან,
დავით მეფისგან,
ჰო, მეფსალმუნე დავითისაგან,
იმისი შვილთაშვილებისგან მოვა მანდ ალი,
მოვა მანდ ალი  - მადლის მთოვარი,
თვით უფლისაგან  მოვა ამქვეყნად ის - მაცხოვარი…

კიდეც მოვიდა,
კიდეც წავიდა,
დავბრუნდებიო, დაიბარა
და ისევ ელი,
შენ მანდ ელი,
მანდ ელი,
ელი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები