ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თამუ
ჟანრი: პროზა
3 მაისი, 2009


ოცდაცამეტი საფეხური. (პირველი ნაწილი)

ავტორის ფანტაზიაა და არავითარ
დოკუმენტებს არ შეესაბამება

სიბნელე იმდენად სქელ ფენად იწვა ირგვლივ, საკუთარი სხეულის არსებობისაც არ სჯეროდათ თვალებს. მხოლოდ სინესტის მკვეთრი, უცნაური სუნი და სადღაც ჩამოვარდნილი წვეთების ხმა, რომელიც სიბნელეში უცნაურ ექოს გამოსცემდა, მახსენებდა, რომ ნამდვილად ვიყავი, ოღონდ სად? – ამ კითხვას მეათასეჯერ ატრიალებდა გონება. ყველაზე უცნაური კი მაინც ის იყო, რომ არავითარი შიშის გრძნობა არ გამაჩნდა, მშვიდად ვიდექი მთელი ძალით დაქაჩული თვალებით და იმედით, რომ სადღაც მაინც დავინახავდი პატარა შუქს, რომელიც ამ იმედს გამიმართლებდა.
უცებ, განათდა. განათდა არამიწიერი, უცნაურად თეთრი შუქით, წამიერად შევიწროვდა სიბნელისაგან გაფართოებული გუგები და საშინელი ტკივილი ვიგრძენი, ინსტიქტურად დავხუჭე თვალები. თვალის გახელა და შიშის დამთრგუნველი გრძნობა ერთი იყო, ჩემს ირგვლივ და ჩემს ქვემოთაც კი აბსოლუტური სიცარიელე მეფობდა. თეთრი უსასრულობა...
- ღმერთო, მიშველე! - რატომღაც ხმამაღლა ვთქვი, - ღმერთო, მიშველე! ღმერთო, მიშველე! ღმერთო, მიშველე! - ჩამესმა ყველა მხრიდან ჩემივე ხმა და ამან კიდევ უფრო გამიმძაფრა შიში.
უცებ, თითქოს ვიღაცის უხილავმა ხელმა, თეთრი, უცნაური შუქი გამორთო და  გრანდიოზული ხატებით მოჭედილ გამოქვაბულში აღმოვჩნდი. გავარჩიე მხოლოდ ოთხი ადამიანის სილუეტი, რომლებიც უზარმაზარი მოცულობის ხატის წინ მუხლებზე იყვნენ დაჩოქილი, დანარჩენის აღქმა გონებამ ვერ მოასწრო.
უცებ მაღვიძარამ გულისწამღებად დაიწრიპინა. გამეღვიძა. ძლივს ავწიე დამძიმებული ქუთუთოები, საწოლზე წამოვჯექი და ის იყო, წამოდგომა დავაპირე, გამახსენდა: მე ხომ დღეიდან შვებულებაში ვარ!..
ღმერთო ჩემო, როგორ დამავიწყდა მაღვიძარას გამორთვა?.. ხომ გამოვიძინებდი გემოზე!.. სარკმლიდან, რომელიც ღამე ღია დავტოვე, გრილმა ნიავმა დაჰბერა. შემაცია. ავდექი, ხალათი მოვიცვი და სააბაზანოსკენ წავჩანჩალდი. შხაპი მივიღე. სამზარეულოში ყავა მოვიდუღე, დავჯექი და დავიწყე ფიქრი, თუ რა შეიძლებოდა მეკეთებინა დროის ამ მონაკვეთში, მანამ, სანამ ისევ დავიწყებდი მოსაწყენ სამსახურს. არადა, ეს დრო თითქმის ოცი დღე იყო და არ მინდოდა წლევანდელი შვებულება ისეთივე ყოფილიყო, როგორც გასული წლების... ამიტომ, გადავწყვიტე - არავითარი ზღვა, არანაირი კურორტი! ეს დრო ყველაზე საინტერესო თავგადასავლებით დასამახსოვრებელი უნდა ყოფილიყო და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებდი. უცებ გამახსენდა ჩემი მეგობრის, მაგდას სოფელი, სადღაც ალვანის ახლოს. სოფლის სახელი არ მახსოვდა, მაგრამ მახსოვდა ის, რაც ამ წუთას ყველაზე ძალიან მაინტერესებდა. იქ იყო ჭა, დამშრალი ჭა. ვიცოდი, იმ ჭიდან გვირაბი გადიოდა შუამთის მონასტრამდე, და თან, რაც ყველაზე დამაინტრიგებელი იყო – იქ ვერავინ ბედავდა ჩასვლას. თუ ჩასულა კიდეც ვინმე, ბოლომდე მაინც ვერავის მიუღწევია. მაშინვე თანახმა ვიყავი, ვყოფილიყავი ის ადამიანი, ვინც ბოლომდე მიაღწევდა მიზანს.
უცებ, ღამე ნანახი სიზმარი გამახსენდა, ტანში უცნაურმა ჟრუანტელმა დამიარა. იქნებ, ზუსტად ეს არის ის, რაც იმ ჭაში, იმ გვირაბის სიღრმეში იმალება?... იქნებ, ღმერთის ნებაა ეს ყველაფერი.
და აი, ახლა ნამდვილად არ გავუშვებდი ამ შანსს ხელიდან. ახლა მხოლოდ და მხოლოდ ეს მჭირდებოდა. თან ვიცოდი, რომ მაგდაც თავისუფალი იყო ამ დროისთვის, ამიტომ ტელეფონის ციფერბლატზე მისი ნომერი ავკრიფე. მაგდამ ყურმილი მოგვიანებით აიღო.
- გისმენთ, - ნამძინარევი ხმით მიპასუხა მან.
- მაგდა, ძვირფასო...
- გაგიჟდი? რომელი საათია? - არ დამამთავრებინა წინადადება მეგობარმა.
... მაგდა წულაძე, ჩემი ბავშვობის მეგობარი. არც მეტი, არც ნაკლები, 33 წლის გაუთხოვარი ქალიშვილი გახლავთ. ნაზი, მოხდენილი გარეგნობით, მაგრამ საშინლად გრძელი და მწარე ენით. უსაზღვროდ შეყვარებული მარტოობაზე, ისევე, როგორც მე.
- არ გავგიჟებულვარ, მორჩა ჩემი წამება, სამსახურიდან თავისუფალი ვარ, შვებულება ავიღე. ჰოდა, რომ იცოდე, რა მოვიფიქრე, გააფრენ, – დაზეპირებული ტექსტივით მივაყარე სიტყვები.
- შენ მე გამაგიჟებ, ამ დილაუთენია რა გეტაკა? ვერ მოითმენდი ცოტას? ხომ იცი, როგორ მიყვარს ძილი. როცა მაღვიძებენ, ვგიჟდები. ესეც მშვენივრად მოგეხსენება, – დამაყარა საყვედურების კორიანტელი მაგდამ.
- ხომ გაიღვიძე უკვე, ჰოდა, მისმინე. მე მინდა!... აუ, გთხოვ უარი არ მითხრა, ხო? მე მინდა, რომ... მე და შენ წავიდეთ შენს მამაპაპისეულ სოფელში და შევაღოთ შენი სახლის დაჟანგული კარი. აი, მერე კი... ხო, დანარჩენს მერე გეტყვი... – გადავწყვიტე ჭის ამბავი და სიზმარიც მერე გამენდო მისთვის.
- აი, ახლა ნამდვილად ვიცი, რომ გაგიჟდი. მარტოობა, ჩემო კარგო, ყველას არ უხდება. გაგიჟებულხარ, რა გვინდა მარტო მე და შენ მიტოვებულ და თითქმის დაცარიელებულ სოფელში?
- კარგი! თუ არ გინდა, რომ მარტოები ვიყოთ, ვინმე, ვინც შენ გინდა, წამოიყვანე და...
- კარგი, კარგი. სულელი ხარ, ნამდვილი სულელი,- ისე თქვა, შემეშინდა ყურმილი არ დაედო და უცებ მივაყარე სიტყვები - მე შენთან მოვალ და მოვილაპარაკოთ, კარგი?...
- კარგი, მოდი, - დამთანხმდა და გათიშა ტელეფონი.
- გაგიჟდა – ხმამაღლა ვთქვი მე. გადავწყვიტე ჩამეცვა და მასთან წავსულიყავი. სულ მალე უკვე მაგდას კართან ვიდექი და ენერგიულად ვაბრახუნებდი. ეჭვი მქონდა, რომ მაგდას ისევ ეძინა, მაგრამ კარი იმ დროზე ადრე გაიღო, ვიდრე ველოდი.
- სულელი გოგო, - მოჩვენებითი, ბრაზმორეული ღიმილით შემეგება მეგობარი და გულთბილად გადამეხვია.
- რატომ ვარ სულელი? ვფიქრობ, როგორ გაგილამაზო მარტოობის 33 წელიწადი, შენ კი სულელს მეძახი?... - ვიხუმრე და შევყევი მეგობარს ჰოლში.
- არ ვარ მარტო, ქალბატონო, - ჩურჩულით მითხრა მან.
- რა?... მარტო არ ხარ? ეს როგორ? - გულწრფელად გამიკვირდა და რატომღაც თვალები მისაღებისკენ გამექცა.
- ტყუილად ეძებ, ძვირფასო. იგი უკვე წავიდა.
- ვინ? მომიყევი. რატომ არ ვიცი აქამდე არაფერი? ძნელი იყო დაგერეკა? - ვუსაყვედურე.
- ეს სულ ახალი ამბავია, ნუ გაიგიჟებ თავს. გახსოვს, რომ მოგიყევი? თანამშრომელი მეპრანჭება-თქო. ჰოდა, ის ბიჭი ახლა ჩემი მეგობარია, თუ რა ჰქვია ასეთ ურთიერთობას ქართულად? - დამისვა კითხვა მაგდამ და თვალებში მშიერი ძაღლივით მომაჩერდა.
- შენ გინდა თქვა “ბოიფრენდი”, შენ რა, ქალიშვილი აღარ ხარ? - კითხვითვე მივმართე მე.
- რომ გითხრა, არ დაიჯერებ? - ისევ კითხვა.
არ ვიცოდი, რა მეპასუხა, აქამდე მეგონდა, ეს საკითხი მისთვის ძნელად გადასაწყვეტ პრობლემას წარმოადგენდა. მაგრამ ის ისე იოლად ლაპარაკობდა, რომ დავიბენი.
- აი, ხომ ხედავ, არ გჯერა! - თვითონვე უპასუხა თავისსავე კითხვას და ღიმილით დაუმატა - არც დაიჯერო!... მე ისევ ისეთი შინაბერა ქალიშვილი ვარ, როგორიც ვიყავი, - ისეთი ინტონაციით თქვა, რომ გულწრფელად შემეცოდა. მაგრამ, საყვედური მაინც ვუთხარი.
- ხო, ჩემო კარგო, დაივიწყე შენი მეგობარი. აპირებ ქართული ძირძველი ტრადიციების დავიწყებასაც? მე რატომ არ ვიცი, ვინ არის, ის შენი...
- კარგი, კარგი მოგიყები ყველაფერს. გოგასაც გაგაცნობ, თუმცა, მოსაყოლი არც არაფერია, - შემაწყვეტინა მაგდამ. სამზარეულოსკენ შეტრიალდა და ძლივს გასაგონად ჩაიბუტბუტა.
- შენ ხო მყავხარ ტრადიციების დიდი დამცველი, რა!
გადავწყვიტე არაფერი მეთქვა. მივხვდი, რასაც გულისხმობდა და სიჩუმე ვარჩიე. მაგრამ, გამახსენდა ის დრო, როდესაც თავის მაგივრად, რაღაც სხვა ორგანოთი ვაზროვნებდი.
აგვისტოს საშინელი სიცხით შეწუხებული, მამიდასთან ვისვენებდი იმერეთის ერთ-ერთ სოფელში. მალე მომბეზრდა იქაურობა და ისევ თბილისისკენ გამომიწია გულმა. ეს იმ წლებში იყო, როდესაც ამდენი სამარშრუტო ტაქსი არ ირეოდა ქალაქსა თუ მის შემოგარენში. დადიოდა რამდენიმე ოდესღაც ჩამოწერილი ავტობუსი და ეს დანჯღრეული ტრასპორტიც სანატრელი იყო. ამიტომ გადავწყვიტე გამვლელ მანქანას გავყოლოდი და ცერათითაშვერილი, ორი საათი ვიდექი სოფლის შარაზე.
და აი, ძლივს გამიჩერა “06” მარკის ავტომანქანამ. მანქანის სალონში, მძღოლის გარდა, უკან ორი ქალბატონი იჯდა.
- თბილისში მოდიხართ? – მომესმა მამაკაცის ლამაზი ბარიტონი. დავიხარე, მინდოდა მეპასუხა, მაგრამ ყბა აშკარად არ დამემორჩილა. საჭესან ჩემი ოცნების მამაკაცი იჯდა. ძლივს ჩავიბუტბუტე რაღაც თანხმობის მსგავსი და რადგან უკან ადგილი თითქმის არ იყო, წინ წამოვსკუპდი.
გზად გავიგე მძღოლის სახელი, ზაზა. ასე მიმართავდნენ ქალები. ისინი რატომღაც მისი ოჯახის პრობლემებს არჩევდნენ. ზაზა მათ ცხოვრების ისეთ დელიკატურ საკითხებზე ელაპარაკებოდა, გამიკვირდა, როდესაც გავიგე, რომ ისინიც ჩემსავით შემთხვევით დამგზავრებული ადამიანები იყვნენ. ზაზა უყვებოდა, თუ როგორ დაეჯახა მანქანით ფეხმძიმე ქალს, რომ რამდენიმე წელი ციხეში გაატარა, იქიდან გამოსულს კი ცოლი სხვა მამაკაცთან გაქცეული დახვდა. თუ როგორ განიცადა ეს ყველაფერი და კიდევ ათასი სხვა. განცვიფრებული ვუსმენდი მის მონაყოლს და გული გახეთქვაზე მქონდა, ნუთუ შეიძლება ასეთ კაცს ცოლმა უღალატოს? კაცს, რომელიც გიყვარს. ღმერთო ჩემო, ალბათ პენელოპასავით ოცი კი არა, მთელი დარჩენილი სიცოცხლე დაველოდებოდი მას, ისეთი ზრდილობიანი, ისეთი თავაზიანი იყო... მოკლედ, მას ყველაფერი ჰქონდა, რაც მე მამაკაცში მომწონდა.
ქალბატონების დიდი დამშვიდობებისა და მადლობების შემდეგ, რომლებიც რატომღაც სოფლის ბოლოში ჩამოვიდნენ, დავრჩით მარტო მე და ზაზა.
რადგან მე მათ საუბარში არ ჩავრეულვარ, მანქანის სალონში სიჩუმემ დაისადგურა. მაგრამ სულ მალე ზაზამ სიჩუმე დაარღვია და სახელი მკითხა. ნანუკა უბრალო სახელად ჩათვალა და ჩემი ნათლიაობა იკისრა. მკითხა, ხომ არ მეწყინებოდა ნუკა რომ დაეძახა ჩემთვის. მეც, რა თქმა უნდა, შევიფერე ჩემი ახალი სახელი. ის ლაპარაკობდა ბევრს. მე კი ვეცადე, ბევრი არ მელაქლაქა უცხო მამაკაცთან და სიტყვაძუნწი ადამიანივით ხანდახან თუ ამოვიღებდი ხმას. არ გასულა 15 წუთი, რომ მივუახლოვდით ავტო-საგზაო საგუშაგოს. “საის” ინსპექტორმა ჩვენი მანქანის გასაჩერებლად სასტვენს ენერგიულად ჩაჰბერა და ზოლიანი ჯოხი მაღლა ასწია. ზაზამ ამ ყველაფერს იგნორირება გაუკეთა და ვითომც აქ არაფერიო, საუბარი გააგრძელა, რამდენიმე წამში კი ჩვენს მანქანას საგზაო პოლიციის მანქანა წამოეწია და ზაზას რაღაც გადასძახა. მე მხოლოდ ის გავიგე, რომ უბრძანა გაჩერებულიყო. აი, აქ კი ჩემი თანამგზავრი თითქოს შეცვალეს. ეს ზრდილი, თავაზიანი ახალგაზრდა, უცებ ჩემს თვალწინ გადაიქცა უზრდელ, საზიზღარ ქუჩის ბიჭად. მან ერთი გვარიანად შეიგინა და მანქანა საწინააღმდეგო მიმართულებით შემოაბრუნა. გაისმა საბურავების ღრჭიალის საშინელი ხმა. მანქანა მთელი სისწრაფით მიჰქროდა უკან, ისევ იმერეთისკენ. თავი უცხოური ფილმის გმირი მეგონა. უკან კიდევ დიდხანს მოგვყვებოდა იგივე მანქანა, შემდეგ ის ნელ-ნელა ჩამოგვრჩა, ბოლოს კი სულ გაქრა. რადგან გაუგებრობამ კულმინაციას მიაღწია, უკან დაბრუნების მიზეზი ვიკითხე. ზაზამ მეგობრულად ხელი გადამხვია და მთხოვა, ცოტა მომეთმინა, რადგან მანქანა, რომელშიც ვისხედით, მოპარული იყო და რამენაირად უნდა დაგვეღწია თავი ამ ყველაფრისგან. მე იმდენად დავიბენი, რომ ვერც კი მოვიფიქრე, რა შეიძლებოდა ამ სიტუაციაში გამეკეთებინა. უცებ, რომელიღაც ფილმის სიუჟეტი გამახსენდა და ზაზას ვთხოვე მანქანა შეენელებინა.
- რატომ? - იკითხა მან აუღელვებლად.
- მე გადავხტები, - დავფიქრდი, შემეძლო კი მართლა გადავმხტარიყავი?
- და შენ გადახტები? - სიცილი აუტყდა მას.
- ხო, გადავხტები! - დარწმუნებული ტონით ვუპასუხე.
- გაგიჟდი, შენ რომ რამე მოგივიდეს, კიდე ვხეხო ციხე ხომ?!..
- მანქანის მოპარვისთვის დაგასაჩუქრებენ, არა? - ირონიით მივაყარე სიტყვები ზაზას.
- მანქანა მე არ მომიპარავს! და ეს შენი საქმე არ არის. გაჩუმდი და დაელოდე, მალე ყველაფერი დამთავრდება, - ისეთი დარწმუნებული და მკაცრი ტონით თქვა, რომ ლაპარაკის სურვილი დამეკარგა.
იგივე სოფლის ორღობეში, რომლის ბოლოშიც ის ქალბატონები ჩავიდნენ, მანქანა სწრაფად მოუხვია. საბურავებმა ასფალტზე ისევ ის საშინელი ხმა გამოსცეს. საჭე გაასწორა და სადღაც ტყის დასაწყისში დაამუხრუჭა. მკაცრი ტონით მიბრძანა ჩამოვსულიყავი. არც დაელოდა ჩემს მოქმედებას, ხელი ჩამავლო და ისევ შარაგზისკენ სირბილით წამათრია. ფეხები აშკარად არ მემორჩილებოდა. ძლივს მივყვებოდი მის სწრაფ ნაბიჯს. ქუჩაზე გასვლა და მანქანის გაჩერება ერთი იყო. ორივე უკანა სავარძელზე მოვთავსდით და თბილისამდე არცერთს ხმა არ ამოგვიღია. ავლაბარში, რიყეზე, სადაც კლდეზე წყალი ჩამოდის, მანქანას წყალი აუდუღდა. ზაზამ მძღოლს ფული გადაუხადა და ჩამოვედით. გადავწყვიტეთ, ფეხით ჩავსულიყავით ქვემოთ. ზაზა მეტეხისკენ მიმავალ გზაზე გამიძღვა წინ. დასიცხული წიწილასავით, ენაგადმოგდებული მივყვებოდი და მიკვირდა, რატომ ვემორჩილებოდი მის ყველა გადაწყვეტილებას.  შევჩერდი. კლდიდან უხვად ჩამომავალ წყალს ხელი შევუშვირე. მინდოდა გახურებულ სახეზე შემესხა, რომ უცებ ხავსზე ფეხი ამიცურდა და ტალახში ტყაპანი მოვადინე. ზაზას ისეთი ხარხარი აუტყდა, ისე ლამაზად იცინოდა, რომ მეც გადმომედო და ასე, ტალახში მჯდარი ავკისკისდი.
- ლამაზად იცინი, - მითხრა მან და ძლივს წამომაყენა - ჩავიდეთ ქვემოთ, ბარია და იქ ტუალეტში მოწესრიგდები.
- კარგი, - დავთანმხდი მე.  სხვა გზა ხომ არც მქონდა!
ტუალეტის შესასვლელში ჩანთა ზაზას დავუტოვე, შევედი და თუ ამას მოწესრიგება ერქვა, გავაკეთე რაღაც ამის მაგვარი. გარეთ გამოსულს არც ზაზა და  არც ჩემი ჩანთა არ დამხვდა. ჩემს გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა. გამახსენდა ბებიას ნათქვამი: “ალვის ხე მაღალია, ლამაზია, მაგრამ უნაყოფო:. რა სიმართლე უთქვამს წინაპარს! არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა. ვინ წამიყვანდა ასეთ ფორმაში უფულოს სახლამდე?
ტვინში ათასი აზრი მიტრიალებდა, რომ უცებ ჩემი შეცვლილი სახელი გავიგონე და შემოვტრიალდი. ბარ-რესტორანის კარებში ზაზა იდგა.
- არ ყოფილა მთლად ალვის ხე - რატომღაც ხმამაღლა ვთქვი და მისკენ წავედი.
- შენ რა, შენთვის ლაპარაკობ? - ჰოლივუდის ღიმილით გამიღიმა ზაზამ - მოდი, სულ ცოტა ხნით დავსხდეთ. შენ შენზე მომიყვები, მე ჩემზე...
ალბათ, კიდევ უნდოდა რაღაცის თქმა, მაგრამ ვინ აცალა, შლეგიანივით ავკივლდი.
- ასე?... - დავიხედე ჩემს ქვედაბოლოსა და ფეხსაცმელებზე - არა! დამიბრუნე ჩემი ჩანთა, მე სახლში მინდა, - ისე ვთქვი ბოლო სამი სიტყვა, თითქოს ვინმე მიშლიდა ამას. მას მეტი არ უთხოვია. მხოლოდ სინანულით გაიხედა უკან და ასეთივე ტონით დაამატა.
- მე კი სუფრა გავაშლევინე... არა უშავს, შემდეგში იყოს, - თქვა და ქუჩისკენ წავიდა.
- მშვიდობით - დავაწიე სიტყვა - მე ტაქსს ვაჩერებ.
- აქეთ წამოდი, აქეთ უფრო იოლია ეგ საქმე, მოგეხმარები.
- მე თვითონაც მოვახერხებ, გმადლობ! - ჩემთვის ჩვეული ცივი ტონით მივმართე.
-კარგი, ნუ ჯიუტობ. დამშვიდობებისას ხომ შეიძლება ერთი სიკეთე მეც გავაკეთო შენთვის? - ღუმილით მითხრა.
- ღმერთო ჩემო, ტაქსის გაჩერება იმხელა სიკეთეა, რომ მეშვიდე თაობაში თუ გადაგიხდის ჩემი მომავალი, - ვთქვი და გადავიკისკისე.
- ლამაზად იცინი, - გაიმეორა ზაზამ და მომავალ მანქანას ხელი აუწია. მანქანა გაჩერდა. ზაზამ უკანა კარი გამოაღო. მძღოლმა ისეთი თვალებით შემომხედა, რომ თავი სომალის ბომჟი მეგონა. ჩემს ჭუჭყიან, ოდესღაც თეთრ ქვედაბოლოსა და ესპადრელებზე კიდევ ერთხელ საცოდავად დავიხედე და სავარძელზე მოვკალათდი. ზაზას გავუღიმე და მზრუნველი ტონით ვუთხარი:
- აბა შენ იცი, არ იცელქო, ჭკვიანად მოიქეცი, მშვიდობით.
- კარგი, ვეცდები, ჭკვიანად ვიყო და არ ვიცელქო. შენ კი არ გემშვიდობები... მხოლოდ ნახვამდის, ჩემო ნუკი, - ისევ ჰოლივუდის ღიმილი.
- ნახვამდის?... ო, არა, ჩემო კარგო, მშვიდობით. მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობით. მინდა ღმერთს ვთხოვო, რომ ჩვენი გზები აღარასოდეს გადაიკვეთოს, მშვიდობით! - ვთქვი და მრავლისმთქმელი თვალებით შევხედე ზაზას. ის დაიხარა, მანქანის ფანჯარაში თავი შემოყო, ლოყაზე ნაზად მაკოცა და ყურში ჩემი ტელეფონის ნომერი დამარცვლით ჩამჩურჩულა. ჩემს გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა. თვალები ლამის გადმომცვივდა გუგებიდან. სანამ აზრზე მოვიდოდი და რაიმეს ვკითხავდი, მან მძოლს ჩემი სახლის მისამართი გარკვევით უთხრა.
მანქანა დაიძრა. დიდხანს ვიყავი ასე დაშტერებული, სანამ მძღოლის სასაცილო აქცენტმა არ მომიყვანა გონს.
- მოვედით, ლამაზო, - თქვა მან და სარკიდან სულელივით მომაჩერდა.
- მოვედით! - ექოსავით გავიმეორე და საფულეში ჩავძვერი.
- გადაიხადეს, ლამაზო, - ისევ ის სასაცილო აქცენტი.
- გმადლობ, - მეტი რაღა მეთქმოდა. ძლივს გადმოვედი მანქანიდან. დარიშხანნაჭამ ვირთხასავით ძლივს ავბობღდი კიბეზე და ჩემს კარებთან კიდევ ერთხელ დავშტერდი. დიდხანს ვაფათურე ხელი ჩანთაში, სანამ გასაღებს მივაგნებდი. ვიპოვე. კარი გავხსენი და ბინაში შევედი. ეგრევე აბაზანას მივაშურე. შხაპმა გამომაცოცხლა. თითქოს თავიდან დავიბადე. სხეულზე აბრეშუმის ხალათით მჭიდროდ მოჭიდულმა ჰოლის სარკეში ჩემი თავი მუშტრის თვალით შევათვალიერე. თითქმის არა მიჭირდა რა. საშუალოზე მეტი სიმაღლე, ნორმალური ზომის მკერდი, მწვანე დიდი თვალები, ქერა მელირებული თმა. ეს ყველაფერი მომწონდა, მაგრამ აი, ტუჩები, ვიწრო, თხელი ტუჩები საშინლად მაღიზიანებდა. უცებ გამახსენდა ზაზა. სიტუაცია, რომელშიც უნებურად აღმოვჩნდი, ნერვებს მიშლიდა. მაგრამ მისი ჯენტლმენური ხასიათი მაინც მსიამოვნებდა. ჰოლში დივანზე მოვკალათდი. სველი ხალათი აგვისტოს პაპანაქებაში თითქმის შეშრობოდა გახურებულ სხეულს. ტელევიზორი ჩავრთე და პულტს დავუწყე წვალება. ყველა არხზე ერთი და იგივე უაზრო გადაცემები გადიოდა. გამოვრთე და დავიწყე ფიქრი, რა შეიძლებოდა მეკეთებინა საღამომდე. მაგრამ თავში ერთ ხალჩასაჭიდებელ აზრსაც ვერ მოვუყარე თავი. უცებ ტელეფონმა დარეკა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები