ადრე, ჩემს თვალებში ნაპოვნი სუნთქვა გყოფნიდა, ფიქრებში დაგუბებული ეჭვების ამოსაშრობად. ჯერ კიდევ არ გჯეროდა დედამიწის. გიყვარდი. მე, შენ და ანგელოზებს, ერთად გვეძინა. მერე დაავადება გართულდა, შენმა სულმა ხმაური დაიწყო. ფიქრებმა თავზე ბენზინი გადაისხეს და ცხელი ქუსლებით საფეთქელზე დაიწყეს ხტუნაობა. ეჭვები აგტკივდა. დაიჯერე თვალები, დაისწავლე სხეული, შეეჩვიე ჰაერს. შენ გაიზარდე... მეწყინა. სულზე სხეული ამოგივიდა. გიჭერს. ვერ ხვდები. ჰაერის ლურჯ აკვარიუმში ჩამდგარი შენი ტანი მოგწონს. ვწუხვარ. მე შენობებივით ვარ, სხვებისთვის შექმნილი და წინასწარ განსაზღვრული სართულებით. გეძახი... საშენოდ ნასწავლი ხმამაღალი სიჩუმეც აღარ გესმის. სულზე სქელი ჰაერით ამოგილესეს ნესტოები. იხრჩობი... ნეტავ შეგეძლოს სიცოცხლისგან დროული განკურნება. მჯერა გაიღვიძებ.
სიყვარულითა და მონატრებით, შენი ბავშვობის თოჯინა შერონი.