ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარი მემანიშვილი
ჟანრი: პროზა
29 სექტემბერი, 2018


მე და ანა

დედა

"მე და ანა ხელჩაკიდებული ვტრიალებთ, იებით და ფურისულებით მოჩითულ მინდორში, ვტრიალებთ მანამ, სანამ თავბრუ არ დაგვეხვევა. მერე უეცრად ჩნდება ქალი, მთლად თეთრებში ჩაცმული. პირდაპირ მიწაზე ჯდება, ჯერ ანას ჩაისვამს კალთაში და დიდხანს ეფერება, შემდეგ მე გადამისვამს თავზე ხელს, მომეფერება, გულში ჩამიკრავს  და ისევ მიდის შორს. თვალს ეფარება და უსასრულობაში ქრება. მას იმ ქალის სახე აქვს,  ჩვენთან კედელზე რომ სურათია და ტკბილი, ძალიან ტკბილი სუნი".

ბავშვობაში ამ  სიზმარმა საშინლად გამაწამა. გამეღვიძებოდა და მთლად ოფლში ვცურავდი. მერე ხელს გავწევდი  იმ მხარეს, სადაც დედას ეძინა ხოლმე და სიცარიელეში მოვაფათურებდი. მერე მეორე მხარეს  გავაფათურებდი ხელს. ხელში მამა მომხვდებოდა. ისიც ხან ბორგავდა და ხანაც,  როცა არ ეძინა, დამამშვიდებდა, ნიკაო, მომეფერებოდა .

მე კი ბურანში მყოფს და სიზმრისგან დაღლილს, ისევ მალე დამეძინებოდა ხოლმე.                                                   

ნიკა

მე და დედა ერთად ვარჩევდით სახელს. მას ანას დარქმევა უნდოდა, მე კიდევ ნინიკოს ვიჩემებდი. მერე, როცა ამაზე ლაპარაკი მოგვბეზრდებოდა, თმაზე ლამაზ ბაბთას გამიკეთებდა და მეფერებოდა. მანებივრებდა. გოგო შვილის სიყვარულსაც ჩემზე ისრულებდა. ერთი სურათიც კი მაქვს, გრძელი თმით  და თავზე ბაფთით. მეორეზე  - თავსაფარი მიკეთია.

ჩვენ  ნანატრ გოგოს ველოდებოდით,  - მე დას,  ის კი შვილს.
 
მას ანა უნდოდა დაერქმია...                                                 

ანა

ჩემი და,  ანა ,  ახლა ჩვიდმეტი წლისაა. მე და ანა ერთად ვცხოვრობთ  ჩვენ სახლში. მე ვმუშაობ და
თან ვსწავლობ. ანა სკოლას ამთავრებს და ფიქრობს, რომ ექიმი გამოვა.
ბინაში  გვაქვს სამი სკამი, ერთი მაგიდა და ერთი კარადა. კიდევ დედის სურათი გვაქვს.
და ერთმანეთს  მონატრებული  გულები. 
ხშირად დავდივართ ხოლმე ქუჩაში  ერთად და მე მიხარია,რომ ანა ჩემთანაა.                                                       

"ნიტა"

იმ ღამით დედასთან მეძინა. დილით როცა გავიღვიძე, დედა აღარ დამხვდა, თუმცა საბანი და ბალიში ისევ თბილი იყო.  სანამ ავტირდებოდი, ბებია შემოვიდა და მითხრა, დედა პატარა დაიკოს მოსაყვანად წავიდაო. გახარებულმა სათამაშოები მოვაგროვე და ოთახებში სირბილი დავიწყე, ჩემი დაიკო  მოვა  და ერთად ვითამაშებთ-მეთქი.

დედის საბანი და ბალიში მეტად აღარ გამთბარა...

ჩემი დაიკოც სახლში მხოლოდ ორი წლის მერე მოვიდა, ახალფეხადგმული...
დედას ანა უნდოდა დაერქმია და მართლაც ანა დავარქვით...
ნინო რომ მინდოდა დამერქმია, მე აღარ  გამხსენებია.

ანა სასაცილო გოგონა იყო. კულულა თმა და ლამაზი, აპრეხილი ცხვირი ჰქონდა.
სუნიც დედასნაირი ჰქონდა, მოტკბო.
მაშინვე ცხვირი აბზიკა და, - ნიტაო-, დამიძახა...
დღემდე ნიტას მეძახის. 
           
მამა


მამამ ერთ დღეს ბებიასთან საუბარში რომ თქვა, ბევრი ვალი მაქვსო, მის მერე წავიდა და აღარ მინახავს. მე კარების უკან ვიდექი და ყველაფერი მესმოდა.

მაშინ ვალი არ ვიცოდი რას ნიშნავდა, მაგრამ მივხვდი, რომ თუ "ის" გაქვს,  ცუდია,
მანამდე კი მეგონა, თუ რაიმე გქონდა, კარგი იყო...
მარიამ ბიცოლას მოტკბო სუნი არ ქონდა, მაგრამ კარგი ქალი იყო, მაგრამ მე მაინც დედა, მამა და
ჩემი და მენატრებოდა და სულ ვტიროდი. მერე თვალები მისივდებოდა და  ვერაფერს ვხედავდი...   

ბებია

ბებიას ერთადერთი შვილი ყავდა,  დედაჩემი.    მისი გარდაცვალება ძალიან განიცადა. ყოველთვის, როცა  დედას  ახსენებდა, თვალცრემლიანი იტყოდა: 
- მისთვის არ შეიძლებოდა ბავშვის გაჩენა, მაგრამ  გოგონა იმდენად უნდოდაო...

მეც გულუბრყვილოდ დავიჯერე,რომ რადგან ანას დაბადებას დედის გარდაცვალება მოყვა, ამაში
ის იყო დამნაშავე.

ერთხელ ბიცოლამ ანას სანახავად წამიყვანა, მე კი მას თმაში ვწვდი და მოვქაჩე, თან ვუყვიროდი, შენი ბრალია დედა რომ აღარ მყავს მეთქი...
ანამ იტირა და ისლუკუნა, მე კი ვქაჩავდი და ვქაჩავდი.
ამ საქციელს დღემდე ვნანობ და ბოდიში უკვე რამდენჯერ  მოვუხადე , აღარ მახსოვს. ბოლოს  გუშინაც კი  ვუთხარი, მაპატიე-მეთქი.
გუშინაც ისევე დიდსულოვნად მაპატია , როგორც ათი წლის წინ,  ჩემი ნიტა ხარო, გადამეხვია და    ცხვირზე  მაკოცა.

ბებიას ერთადერთი შვილი ჰყავდა, დედაჩემი. ამიტომ ძალიან მალე მოენატრა და მასთან წავიდა. 
             

მარიამ ბიცოლა

ანა მამიდამ გაზარდა, მე კი მარიამ ბიცოლამ.
“მშობლიური“  მარიამი ახლაც ძალიან მიყვარს. მას გრძნობების გამოხატვა არ ეხერხებოდა, ჩახუტებაც სხვანაირი იცოდა,  მაგრამ თბილი ქალი იყო...
მას ჩემზე უფროსი ორი ვაჟი ყავდა...
როცა საყიდლებზე წაგვიყვანდა,  ყველაფერს ერთნაირებს ყიდულობდა, რომ ტანსაცმელზე არ გვეჩხუბა.
არა, ჩვენ მაინც  სულ ვჩხუბობდით,  და “დამნაშავე“  მუდამ ისინი გამოდიოდნენ.
ხანდახან ლაშა-გიოს ჩუმად რომ ელაპაკებოდა ხოლმე, - ობოლია, არ დაიჩაგროსო, - მესმოდა  და ვბრაზობდი,  - ობლები, თუ კაია, ეგენი არიან - მეთქი.
ერთხელაც,  ჩემი ზომის ფეხსაცმელი ვერ იშოვა, ადგა და არც ლაშა-გიოს უყიდა. ნიკას ახლები არ ექნება და არაფერი გიჭირთ, თქვენც ძველებით წადითო.

ავად ვარ

მაღალი სიცხე მაქვს, ფარდები და საწოლის გადასაფარებლები ყველაფერი ხორკლიანია... საჭმელს მაწოდებენ და მლაშეა ან მწარე... სიცხისაგან ვიწვი. უცებ თეთრებში  ჩაცმული ქალი  სურათიდან გადმოდის, საწოლთან მიჯდება და მეფერება.  შუბლზე ტილოს მადებს.  მსიამოვნებს და ვიტრუნები... ტკბილი სუნი მცემს  და ბორგვას ვიწყებ...
ბებია და მარიამი, ორივე თავზე მადგას. ოც წუთში  მდგომარეობიდან გამოვდივარ და გაფითრებული  მიყურებენ, ახლახანს დედას ვახსენებდი...               

სვეტა

სკოლას ვამთავრებდი, როცა გავიგე მამა „სხვა დედიკოსთან“ ცხოვრობდა, მას სვეტა ერქვა... მერე    მამამ  თავისთან წამიყვანა საცხოვრებლად.  ივლისი იდგა. მე უნივერსიტეტში გამოცდებს ვაბარებდი. დედინაცვალი კი  სოფელში წავიდა.... ყოველ მესამე დღეს დამირეკავდა ხოლმე.  არ ვიცი, მაინც ვიფიქრებდი, - ალბათ აინტერესებს რა მივიღე და იმიტომ რეკავს-მეთქი.
ის კი მკითხავდა:
- ნიკა, ჩემი ყვავილები ხომ მორწყეო?!
ყვავილებს წყალს მართლაც ვუსხამდი, მაგრამ არა იმიტომ, რომ მას გავახარებდი.
უბრალოდ  ყვავილები მიყვარს  და მათ სილამაზეს ჩემი ცხოვრების მთავარ  ქალებს ვადარებ.
დედაჩემი - ენძელაა ,  ანა - ია,  ბებია - მიხაკი, მარიამი - ტიტა,   
სვეტა - კაქტუსი...             

მათთან მხოლოდ სამი თვე გავძელი...           

ანა და ნიკა

სწორედ ამის მერე ვთქვი, - უკვე სრულწლოვანი ვარ და ჩემი და ჩემთან ერთად  უნდა ცხოვრობდეს-მეთქი. მამიდა დავითანხმე, ცოტა სახლი მოვაწესრიგე და ჩემთან  გადმოვიყვანე. დილით, სკოლაში წასვლისას, საუზმეს მე ვუმზადებ და ბედნიერი ვარ, მასზე რომ ვზრუნავ.
ერთ დილას ანა აბაზანიდან გამოვიდა, დივანზე დამწუხრებული სახით დაჯდა და პირველად მითხრა, არა ნიტა, არამედ - ნიკა.
აი ასე მითხრა:
- ნიკა, მე მგონი ვკვდებიო...
გამაცია...
- რატომ, რა ხდება-მეთქი? - გამიკვირდა... არაფერს უჩიოდა.
ჩავეძიე, მაგრამ  ბევრი ვერაფერი გავიგე, თუმცა ინტუიციით რაღაცას მივხვდი.
ამ ამბისთვის სრულიად მოუმზადებელი ვიყავით. არ ვიცოდი  გოგონას ამ დროს რა დახმარება დასჭირდებოდა. მერე დავფიქრდი და აფთიაქში გაიქეცი...
ის უკვე ქალიშვილი გამხდარიყო...

ახლა მე და ანა ერთად ვცხოვრობთ, მე სტუდენტი ვარ და თან ვმუშაობ... ანა სკოლას ამთავრებს და უნდა, რომ  ექიმი გამოვიდეს... გინეკოლოგი.

ჩემს ცხოვრებაში კიდევ ერთი ქალია. ამას ჯერ ანასაც არ ვუმხელ და ვერც თქვენ გაგიმხელთ.

ჯერ უნდა დავრწმუნდე, რომ ის ერთადერთია...                                         
       

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები