ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სოფო88
ჟანრი: პოეზია
2 მაისი, 2019


* * *

რა დროს დარდია, რა დროს  ნაღველი?-
ჩვილივით ვტოვებ საწოლს ნამზეურს
ჯერ ბევრი დამრჩა კიდევ სათქმელი,
ჯერ ალიონი აჩნია სხეულს.
შუადღე ალბათ შორია ჯერაც
და ღამე კიდევ სულ უფრო შორი,
ავუყვანივარ სიგიჟის წერას
და მინატრია სულ სხვა ამბორი,
სულ სხვანაირი ღელვა და განცდა,
განცდა და ხიბლი სხვაფერი ხვალის
და აყოლილი სურვილის მახრას
ვურევ ნაბიჯებს მომავლით მთვრალი.
მივდივარ ისე, როგორც ფოთოლი
ქარი ნებაზე რომ აკანკალებს
და ბედისწერაც სადღაც ობოლი
ჩემს სიყვარულში ნაბერებ წამებს
ისევ ჩემს სულში ფანტავს და აბნევს
და უშლის აფრებს გრძნობებს "ცოდვიანს,"
რომ დაამტკიცოს არ არის ადრე,
რომ შეიძლება აღმოჩნდეს გვიან
და სულიც, სულიც ბედს მინდობილი,
ყველაზე ღრმა და სათუთი თითქო,
სხეულის ჟინით აფეთქებული
დამარცვლავს ვნებებს სულ თითო-თითოდ...
და მერე ალბათ შუადღეც მოვა
და იმ დილანდელ საწოლს ნამზეურს
გამოეცლება ის ბოლო ძრწოლაც,
დენთად რომ ეკრა ნაჩვილევ სხეულს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები