ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
1 *თასბოში - გვარის გამგრძელებელი. მემკვიდრე (მეგრ.). აქ. ტახტის მემკვიდრე. *უმრწესი - აქ. არა ტახტის მემკვიდრე უფლისწულები.
ვიდრე მზე ამოიწვერებოდა და ოქროსფერ ისრებს დედაქალაქს ესროდა, ხარიპარიას კი ცეკვას შეაწყვეტინებდა და ღამეულ ოცნებებს იაკინთისფერი მაზარას შემოაძარცვავდა, რაჰის ყველაზე დიდ, ფოსაჰიჶის ტაძარში გამალებით რეკავდა სადღესასწაულო ზარები. ლითონის ხაფიხმა ქალაქის ყველა კუთხე-კუნჭულს აღწევდა, დაუდგრომელი მდინარისებრ მიიპარებოდა და თითოეულ სარკმელზე აკაკუნებდა. საყდრის ძახილი წარჩინებულების, დიდგვაროვნებისა და მდიდართა სასახლეებსა თუ ღარიბთა უბანში თანაბარი ხმოვანებით იჭრებოდა.
ქალაქს, წინა დღით, „შავი მზის“ ზადიკისა და სარაჰი დიდი კრებისთვის საჭირო სადღესასწაულო სამზადისი დაესრულებინა. სხვადასხვაფერის ბაირაღები, საერისთავოებისა და ერისმთავრების დროშები, ზედ გამოსახული თვითნიშნებით, რაჰის სამეფო სასახლის მთავარ კოშკურებზეც ფრიალებდა და ექვსკუთხა ფოსაჰიჶის ტაძრის წინა სამ კედელზე ჩამოეფარებინათ. ანგურაშრთვილ სეფესახლის უმაღლეს წერტილზე აღმართულ ძელსა და ტაძრის გუმბათზე სამეფო დროშა დარეთის ზღვიდან მონაბერ ნიავს ელაციცებოდა. „ახალი ქალაქისა“ თუ „მამფონთა ქალაქის“ ქუჩების თავზე, სახლებს შორის გაჭიმულ წალაებზე , წითელი ყვავილნაქარგი სამკუთხა ალმები დაეკიდათ.
ზეჰის ნათება რაჰს ვიდრე მოეფინებოდა, მოქალაქეები, განურჩევლად წარმომავლობისა, ტაძრების მოლოცვის წესთაადათის შესასრულებლად ემზადებოდნენ. ტაძრის ზარები ამცნობდნენ, რომ დრო იყო საუკუნოვანი ადათ-წესი აღესრულებინათ. ხალხი მთავარი მოედნისაკენ გაიწია; თეთრ-წითელ სამოსში გამოწყობილები ნელი სვლით მიაბიჯებდნენ. ხოლო როგორც კი მზის პირველი ოქროსფერი კიდე ამოიწვერა, გორაკზე გაშენებული ორივე ქალაქის მაცხოვრებლები საკუთარი ტაძრებისკენ დაიძრნენ.
მდუმარე მსვლელობას ნიავის მცირედი ქროლა და ახალი ხმაჟღერადობით ამღერებული ზარები აკრთობდა. სამლოცველოების ზართა ლიჰერალი არ წყდებოდა, ვიდრე სარაჰის მთავარქურუმი ლოცვას არ აღავლენდა და ფოსაჰიჶის სიმღერა არ შეწყდებოდა, მერე ყველა „მამფონთა ქალაქის“ ერთადერთ ტაძარს მიბაძავდა და გაირინდებოდა.
საქმეში განსწავლული ქვეიტაჰი ზარს მცირე შეყოვნებებით, ერთსა და იმავე მუგვობით ჩამოჰკრავდა. მან ზუსტად იცოდა დრო – წამებში ჰქონდა გათვლილი – თუ როდის და როგორ დაერეკა სხვადასხვა დღესასწაულსა თუ ღონისძიებებზე. ყველაზე სწრაფად მაშინ ჩამოსცხებდა, როდესაც რაჰს საფრთხე ემუქრებოდა.
ზენეათისგან განსხვავებით, დედაქალაქში დიდგვაროვნები და წარჩინებულები დიდ ტაძარში იკრიბებოდნენ, ხოლო ღარიბნი, უაზნონი და მდიდრები მათვის განკუთვნილ, „ახალი ქალაქის“ სალოცავებში. მთელს სახელმწიფეოში რაც საერთო აქვს დღესასწაულს, მისი ქარაგმული ლიშანია – საზოგადოების თანრიგობები თეთრ-წითელ ტანსაცმელში იმოსებიან.
სალვატირას ეკლესია დედოფლის უბნის ჩრდილოეთ ნაწილში, აღმოსავლეთი კედლის მხარეს მდებარეობდა. მმართველი ბირვეთა მხოლოდ ზეჰსეთის მრწამსის მიმდევარია. მათი მიბაძვით კი წარჩინებულთა, დიდგვაროვანთა თუ მდიდართა უმეტესობაც ზეჰსეთის ტაძარს ეკუთვნის, რათა უკეთ გაიკვალონ გზა დედაქალაქის მაღალი წრეების ხვანჭიან ბანდილში. სწორედ ამიტომ, რაჰში სალვატირას მიმდევარი ბევრი არ არის. მზე უკვე კარგად ამოსულიყო. რწმენის სახლებში მომლოცველები შეკრებილიყვნენ და ლოცვისა და ქადაგების დაწყებას ელოდებოდნენ.
ფოსაჰიჶის წრიულ დარბაზში მთავარქურუმი ამაღლებულ კვარცხლბეკზე ქანდაკებასავით იდგა, რომელსაც თეთრი მაზარა წითელ, მანგით დაცრემლილ და ოქრომკედით ნაქარგ ფელონზე ესხა. მეფე ალთიონი ქვეიტაჰის, ხოლო დედოფალი ანა ლეტას მოვალეობას ითვისებდნენ. ამიტომაც მთავარქურუმის ალაგს ისინიც იზიარებდნენ, თუმცა ჩვეულებრივი ქვეიტაჰ-ლეტასგან განსხვავებით, დიდებულ ტახტრევანზე ისხდნენ, რომელიც კვარცხლბეკის უკანა ნაწილში იდგა. მათ ნაცვლად კი ქურუმის ქვეშევრდომისა და ტაძრის მდივნის საქმეს მსახურები ასრულებდნენ.
ანას წითელი სარტყელ-გულისპირიანი, ყურთმაჯიანი კაბა ემოსა. აწეულ თმაზე ოქროსგან ნაკეთი ვაზის მტევნებით გაწყობილი პატარა გვირგვინი ეხურა, რომელიც თეთრი ფერის მანდილს ეფარებოდა. ხავერდის მოსარიდებელი ზურგსუკან ნეკრტენივით ეფინებოდა. მხრებიდან ოქრომკერდით მოქარგული ვაზის მტევნები კაბას ბოლომდე მიუყვებოდა. წელზე მარგალიტებით დახრილული ფართო, ხავერდის სარტყელი ეკეთა. თეთრი გაჭრილსახელოიანი მოსასხამი ლალის თვლებით იყო გაწყობილი.
ალთიონს რაჰული ლერექუ ეცვა. თეთრი ხავერდის კაბა ოქროს სირმებით იყო გაწყობილი. მასაც სამოსზე, დედოფლის მსგავსად, დარიელთა საგვარეულო თვითნიშანი, ვაზის მტევნები ჰქონდა ამოქარგული. მხრებზე გაჭრილსახელოიანი წითელი ხავერდის ქულაჯა ესხა, ხოლო წელზე ვერცხლის ქამარი ერტყა. გრძელ, ჭაღარაშეპარულ თმას ხელმწიფის გვირგვინი ამშვენებდა, რომელიც სამეფო ოჯახს თრაგონების დროიდან ეკუთვნოდა როგორც თვითმპყრობელობისა და ძალაუფლების ნიშანი. გვირგვინს ერთმანეთში გადახლართული ორი, ოქროს და ვერცხლის, გველეშაპი ქმნიდა. ოქროსფერი განრისხებული, ხოლო ვერცხლისფერი მშვიდი იყო.
შეკრებილი საზოგადოება მთავარქურუმის ალაგიდან კარგად მოჩანდა და ხმასაც ადვილად მიაწვდენდი. ხარიხა აცალკევებდა მათ და მამფონებს, თუმცა ორმოცდაათამდე შავმაზარიანი და ყურებამდე შეიარაღებული, მუდამ მზად მყოფი სამეფო ქეშიკი მეფე-დედოფალს მაინც იცავდა. ტაძრის კუთხეებში სიამაყით წელგამართული, მაღალ-ახოვანი ოცამდე ფუსტელნი მთავარქურუმს არიდებდა საფრთხეს. მათ თეთრი მოსასხამი ვერცხლისფერ აბჯარზე მოესხათ. ხმლის ნაცვლად წელზე ხელკეტები შემოეკრათ. გულის მხარეს კი ზეჰსეთის ნიშანი – მზის ნიმბში გახვეული ღვთაება – ჰქონდათ ამოტვიფრული.
ფოსაჰიჶის ტაძარში ჯადოსნურ სიჩუმეს გადგა ფესვები, მხოლოდ ქადაგის ხმა ისმოდა. მთავარქურუმი ყვებოდა ზეჰის გმირობებსა და თარეჰის ბოროტებას ისევე, როგორც ატრეინი ზენეათის ზეჰსეთის კორცხელში. წრიულ სივრცეს სიტყვა „დიდება“ ტალღისებრ იმდენჯერვე გადაუვლიდა, რამდენჯერაც ესმა მთავარქურუმი წარმოთქვამდა ღვთაების სახელს და სადიდებელს დააყოლებდა.
მშვიდად განაგრძობდა მქადაგებელი და აუღელვებელი ხმით მტკიცე ნებას გამოხატავდა. გულმხურვალედ მოძღვრავდა მრევლს: – დაე, დაეცეს ყოველი ბოროტება. თუალეჰის ცეცხლოვანმა მდინარემ შთანთქოს ავსულთა შურ-ქვინნი და ზეჰის ნათელი საუკუნოდ გვინათებდეს გზას; გზას, რომელიც ვერ დაიჯაბნება წყვდიადის ბოროტებით, რამეთუ სიბნელის მბრძანებელი მზ...
ესმამ მოულოდნელად შეწყვიტა ქადაგება; ტაძარი მცირედით შეირხა. მცირე რყევას უმალვე მძლავრი მოჰყვა. ვიღაცამ დაიყვირა „მიწისძვრააო“. შენობა მცირე ტალღებზე მოთამაშე ნავივით ირხეოდა. თუმცაღა რყევები იმ სიძლიერის არ იყო, როგორიც ზენეათში. რამდენიმე წამში კი მიწა დამშვიდდა.
ხალხი შიშმა მოიცვა. დაიბნენ. აირივნენ. აყვირდნენ. ყველა გასასვლელისკენ გაიწია.
ქეშიკებმა და ფუსტელებმა საბრძოლო წყობა მიიღეს და მათ-მათი იარაღები სამეფო ოჯახისა და მთავარქურუმის დასაცავად იშიშვლეს. ცოცხალი კედელი აღმართეს, რათა არეული მრევლი მეფე-დედოფლისკენ არ დაძრულიყო.
მთავარქურუმი საქადაგოდან ჩამოვიდა, ქეშიკთა რაზმს მიუახლოვდა. რაღაც უჩურჩულა და საჩქაროდ მამფონებთან ავიდა.
დედოფალი კვარცხლბეკიდან ჭიანჭველებივით არეულ ხალხს ათვალიერებდა და საკუთარ შვილებს ეძებდა. თვალი მდივან-უხუცესთა ალაგისკენ გააპარა, სადაც ჩვეულებისამებრ მამფონთა თასბოში და უმრწესი სხდებიან, მაგრამ ამჯერად დაცარიელებული იყო.
ანას ისევ დაეუფლა ის ამოუცნობი, იდუმალმოსილი შიში, რომელიც რამდენჯერმე განუცდია მას შემდეგ, რაც შვილები ეყოლა. მშობლის პირველყოფილმა გრძნობამ აზვირთებული მდინარესავით გაჭრა კალაპოტი და დედოფლის მრავალგვარ შეგრძნებებს შორის გაიკვლია გზა. გაიფიქრა, ხალხს შერეოდა და შვილები თვითონ ეპოვა. ღელვისგან დედოფალს გული უთრთოდა, ისე ძლიერ უცემდა, თითქოს უნდა ამოვარდნოდა. საღი აზრი ჰკარნახობდა, რომ ისინი დიდები იყვნენ და სიძნელეებს თავს თვითონვე გაართმევდნენ, მაგრამ გონების თვალს გრძნობათა ქარიშხალი ახშობდა.
ფიქრები უკან დაბრუნებული მთავარქურუმის შეხებამ დაუფრთხო; ესმამ კვარცხლბეკიდან ეკლესიის სიღრმისკენ გაიშვირა ხელი და მამფონის ყურადღება ცოცხალ ფარად მდგარი შავ– და თეთრმოსასხამიანი მხედრობისკენ მტკიცედ მიაქცია, თითქოს მისი აზრები ამოიკითხაო. დედოფალმა დაინახა, რამდენიმე ფუსტელ-ქეშიკი უფლისწულებს გარს ეხვია და იცავდნენ.
– „მწიგნობართა დარბაზით“ გავიყვანოთ ხელმწიფე! – ჩასჩურჩულა მთავარქურუმმა. – ღირს კი ამ საიდუმლოს გამხელა? – იჭვნეულად გადახედა ანამ, თითქოს არ იწონებდა ამ გადაწყვეტილებას. – მთავარი გასასვლელი გადახერგილია, ვერ გააღწევთ. სჯობს, გამოქვაბულით გავიყვანოთ, ვიდრე ხალხს არ გავუჭყლეტივართ. მთავარქურუმის სიტყვებმა დედოფალი დაარწმუნა და ხელმწიფეს გადაუჩურჩულა წავიდეთო. კვარცხლბეკიდან ჩამოვიდნენ და სამივენი ერთად „მწიგნობართა დარბაზისკენ“ გაემართნენ.
ესმა ტაძრის აღმოსავლეთი ნაწილისკენ აუღელვებლად მიაბიჯებდა. იმ მხარეს, სადაც შენობის კედელს მხოლოდ კლდის ფერდობი ებჯინება; ფერდობზე კი ქალაქის გალავანია აღმართული.
ანას ალთიონისთვის ხელი ჩაეკიდა და მთავარქურუმის ნაბიჯისთვის აეწყო ფეხი. წრიული დარბაზის სვეტებიანი შიდა წრე განვლეს და ჩიხში აღმოჩდნენ.
– მოვედით, თქვენო უდიდებულესობავ, – თავაზიანად მიმართა მთავარქურუმმა მეფეს.
ალთიონმა კედელზე დაკიდებულ წმინდა თხზულებიდან ცნობილი ამბებით მოქარგულ უზარმაზარ მატყლის ფარდას გაკვირვებით მოავლო თვალი. გაფიქრებაც ვერ მოასწრო, როცა მთავარქურუმი ფარდაგის გვერდით ჩამოკიდებულ ავრიტს დაექაჩა.
ქსოვილი გადაიწია და მის მიღმა ვეება ხის კარი გამოჩნდა. ესმამ მცირედით შეაღო იგი და მეფეს ხელით ანიშნა შესულიყო. როგორც კი ანა და ალთიონი გავიდნენ, ესმაც თან მიჰყვა. ფარდაგი შრაშუნით, თავისით გადაეფარა კარს, თითქოს მის უკან მხოლოდ ქვის უსიცოცხლო, ცივი და მტკიცე კედელი ყოფილიყოს.
კიბეს დაბლა ჩაუყვნენ. ესმა წინ მიუძღოდა. ტალანი ბაკმით იყო განათებული. ხარისხუდეს დასასრულს სიღრმიდან უფრო ნათელი შუქი ეფინებოდა.
მეფე წაბორძიკდა, თან გაიფიქრა: „ნუთუ მთავარქურუმი თუალეჰის მდინარისკენ მიგვიძღვება?!“; აღელვებისგან დედოფალს ხელი მაგრად მოუჭირა.
ანამ ტკივილი იგრძნო, თუმცა არ შეიმჩნია. ესმას მშვიდი ნაბიჯით მიჰყვებოდა, აუღელვებლად, ეტყობოდა რომ გზა იცოდა.
– სად ვართ? – გაკვირვებით იკითხა ხელმწიფემ, როდესაც ნახევრად ჩაბნელებული ტალან-ქვაბულიდან მაღალჭერიან და ფართო სივრცის ოთახში აღმოჩდნენ.
ბარანჭას მბჟუტავი მწვანე ნათება მოჰფენოდა. ოთახს კედლების ნაცვლად კლდის დაუმუშავებელი ქანები ბუნებრივად ერწყმოდა და საუცხოო შესახედაობას ქმნიდა. კელია სავსე იყო თაროებით, რომელზეც ჭილ-ეტრატის წიგნები და გრაგნილები ელაგა. ორრიგად საკითხავი მაგიდები და საწერი დაფები ჩამწკრივებულიყო, სადაც ბერები უძველეს წერილობებს იწერდნენ და ათანამედროვებდნენ.
– ეგ საიდუმლო „მწიგნობართა დარბაზია“, თქვენო უდიდებულესობავ, – განუმარტა ესმამ, – აქედან ტაძრის უკანა აშთაში გავალთ, – მთავარქურუმმა ხელი შემოსასვლელის მოპირდაპირე მხარისაკენ გაიშვირა. – თქვენო უსპეტაკესობავ, თქვენმა ხელმწიფემ რატომ არ იცის ამ ოთახის არსებობის შესახებ? – ალთიონის გაკვირვებულ გამომეტყველებას გაჯავრებული ხმაჟღერადობაც ემატებოდა. – თქვენო უდიდებულესობავ, ეს ოთახი მზის ლახვამის ტაძრის საიდუმლოებაა, ამიტომ მხოლოდ ლახვამის მსახურებმა იციან, – შეყოვნდა ესმა, შემდეგ ფრთხილი ხმით განაგრძო, – მათ შორის, სარაჰის ყველა დედოფალმაც იცოდა და ეცოდინება ამის შესახე, – ქალმა ანასკენ გააპარა თვალი. – ჩემო სიყვარულო, – ვიდრე ალთიონი რამეს იტყოდა, დედოფალი სასწრაფოდ ჩაერთო საუბარში, – მართალს ამბობს მისი უსპეტაკესობა, – გაღიმება სცადა, – მხოლოდ მთავარქურუმმა, ლეტამ და ლეტას ხელქვეითებმა იციან ტაძრის ამ საიდუმლოების შესახებ. ყველა დედოფალს, როგორც სარაჰის მთავარი ტაძრის ლეტას, ანდობენ, აცნობენ თვით-ამ საიდუმლოს, ჩვენ კი სანაცვლოდ, ზიარებისას, დუმილის ფიცს ვდებთ. – მართალია, თქვენო უდიდებულესობავ! – კვერი დაუკრა მთავარქურუმმა და გასასვლელისკენ გაემართა.
თაროები და საწერი დახლები გაიარეს. მცირე კარით გამოქვაბულში გავიდნენ. მთავარქურუმმა ჩირაღდანი აანთო და კედლიდან ჩამოიღო. დედოფალს გაუწოდა და უთხრა: – თქვენო უდიდებულესობავ, დაგვჭირდება.
ანამ მოგიზგიზე ჟინჟღილი გამოართვა და წინ გაიჭრა.
გამოქვაბულის სიღრმიდან აღელვებული ბრბოს შეძრწუნებული ხმა მოისმოდა.
– აი, მოვედით კიდეც, – წარმოთქვა ესმამ და გასასვლელი კარი გააღო.
გარეთ ორმოცდაათამდე ხმალმოღერებული ქეშიკი მამფონებს ელოდებოდა. მეფეს მათი დანახვისას თვალებში გაკვირვების ნაპერწკალი გაუკრთა.
შეამჩნია ესმამ და განუმარტა: – ვიდრე წამოვიდოდით, თქვენო უდიდებულესობავ, ქეშიკთა უფროსი, წინამბრძოლი, გავაფრთხილე ტაძრის აშთაში დაგვლოდებოდნენ. მადლობის ნიშნად ალთიონმა მთავარქურუმს თავი დაუკრა. – არ დაგივიწყებთ თქვენს სიკეთეს გვირგვინისადმი, თქვენო უსპეტაკესობავ! მამფონთა სიკვდილს საიდუმლოს გამხელა არჩიეთ, – ალთიონმა ესმა მადლიერებით აღვსილი მზერა მიაპყრო. – ჩემთვის პატივია დავეხმარო მამფონს, თქვენო უდიდებულესობავ! – მთავარქურუმი გამოემშვიდობა და თავი დაუკრა.
ესმას გამოქვაბულში გაუჩინარებისთანავე ანამ ალთიონს ხმადაბლა მიმართა: – ჩემო სიყვარულო, – აღელვებული ხმა ჰქონდა, – ჩვენი შვილები ფუსტელთა და ქეშიკთა მფარველობის ქვეშ, ტაძარში დარჩნენ, გაგზავნე შენი რჩეული რაზმი მათ საპოვნელად, თავს რამე არ აუტეხონ.
ალთიონი სასწრაფოდ, თინჩი გამომეტყველებით მიუბრუნდა ქეშიკთა წინამბრძოლს და ხელის მოძრაობით თავისთან იხმო.
ჭურვილმა შუა ხნის მამაკაცმა ხმალი ქარქაშში ჩააგო, მოსასხამის შრიალით მეფესთან მსთუადად მივიდა და თავი დაუკრა.
– ალარტის, სასწრაფოდ იპოვო უფლისწულები და ჟირიონის სასახლეში მოიყვანე, შეარჩიე საუკეთესონი და თან გაიყოლე! – მეფეს მკაცრი და მბრძანებლური ხმა ჰქონდა. – როგორც მიბრძანებთ, თქვენო უდიდებულესობავ!
ალარტისმა მამფონებს კვლავ დაუკრა თავი. მკვირცხლად მიბრუნდა რაზმისკენ, ერთ წუთში გამოარჩია ათი ქეშიკთაგანი; ერთ-ერთს, მის ხელქვეითს დაავალა, დანარჩენისთვის ეხელმძღვანელა, მეფე-დედოფალი დაეცვათ, თვითონ კი ცხრა მხლებლებითურთ ტაძრის მთავარი შესასვლელისკენ გაემართა.
***
*კომარიჟიჶიგონ - მისალმება სარაჰულად. *სიგნისი - სალვატირაჲონის მთავარი წმინდა წიგნი. *მელერე - მადლობა (სარაჰული ენა).
*კაეტი - დასისთავი. *კანდრეუ (სვან.) - აქ. ერისთავის ცოლისა და საერისთავოს დედოფალი. *თვითმპყრობი - აქ. ტირანი. *ააკანი აქ. ტრიბუნა. *ჯე - ომში ნაშოვრის მოზიარე. *უდუმბირვები - აქ. ბედუინები, მომთაბარე ხალხი. *ათასწონა - ტონა. *ქვეხაზინა - აქ. სახელმწიფო ფონდი.
ფოსაჰიჶის ზარები კვლავ ახმაურდნენ. ტაძრის ქვეიტაჰი მათ „დიდი კრებისთვის“ განსაზღვრული მუგვობით ჩამოჰკრავდა. მთელ ქალაქს ატყობინებდა, რომ რელიჶი იწყებოდა.
ჟირიონის სასახლის ასასვლელ კიბეებს შავმაზარიანები იცავდნენ. მათი იქ ყოფნა ყველას მიანიშნებდა, რომ მეფე, საკუთარი ოჯახითურთ ციხესიმაგრისკენ მიემართებოდა. მართლაც, რამდენიმე წუთში სეფე-მაკოროფალი კიბეებთან გაჩერდა და მამფონები იმ მხარეს გადმოვიდნენ, სადაც ხალხი იყო თავმოყრილი.
მათი დანახვისას შეკრებილებმა ყიჟინა დასცეს.
ალთიონი და ანა ქვეშევრდომებს მიესალმნენ – ხელი ჰაეროვნად გაიქნიეს. პასუხად, აღტყინებული შეძახილები მიიღეს. მეფე-დედოფალს სახეზე სიამოვნების ღიმილი გაუკრთა. ნელი ნაბიჯით ჟირიონის სასახლის შესასვლელ კიბეზე ავიდნენ. აშთაში თავმოყრილი დიდებულები მხიარულ ყიჟინს არ წყვეტდნენ და ვნებათაღელვით ამკობდნენ. ტაძრის შესასვლელ აივანზე ასვლისთანავე ალთიონი და ანა შემობრუნდნენ, თანამოქალაქეებს კვლავ გაუღიმეს, ხელი კვირსად დაუქნიეს ისე, როგორც კეთილშობილებს სჩვევიათ ხოლმე, და ვეება კარებს მიღმა გაუჩინარდნენ.
მაღალჭერიანი ტალანი დღის შუქით იყო განათებული. სინათლე ჭერთან გაჭრილი სარკმლებიდან იპარებოდა, მბზინავ იატაკს ფაფუკი მანდილივით ეფინებოდა, არეკლილი სხივი კი არემარეს ნათელს ჰფენდა.
კედლების ჩაყოლებაზე, ციხესიმაგრის შუაწერტილისკენ მიმავალ ბილიკზე, სარაჰის მართველთა – მეფეთა და დედოფალთა – მთელ რიგად ჩამწკრივებული ქანდაკებები სტუმარს დარაჯებივით ტალად ედგნენ. მარმარილოსგან ნაძერწი მამფონები ნამდვილს ჰგავდნენ: ზოგს სახე უღიმოდა, ზოგიც მოპირდაპირედ აღმართულ ქანდაკს დინჯი გამომეტყველებით უცქერდა, რამდენიმეს კი მორიდებით მოედრიკა თავი და იატაკს დაჰყურებდა.
შესულ დარიელებს ალარტისი ორ ახალგაზრდა ყმაწვილთან ერთად დახვდა. უფლისწულებს უკმაყოფილო სახეები ჰქონდათ. უფროსი ვაჟი მეფესთან მიიჭრა და დინჯი ხმით მიმართა: – ხალხი შიშმა აიტანა, თქვენ კი ჩვენს საშველად წინამბრძოლი წარმოგზავნეთ? – გაჯავრებული ხმაჟღერადობის მიუხედავად თავაზიანად იქცეოდა.
ალთიონს ტახტის მემკვიდრის შენიშვნა არ ესიამოვნა და შეიშმუშნა. თუმცაღა შეეცადა, არ შეემჩნია და ასტერონს მშვიდი სახითა და დაწყნარებული ხმით უპასუხა: – კარგია, რომ ხალხზე ზრუნავ. ალბათ, მალე ეს შენი მოვალეობაც იქნება, როცა დრო მოვა და ტახტზე შემცვლი, მაგრამ ვიდრე ხელმწიფე მე ვარ, მანამდე, როგორმე, ცოცხალი უნდა დარჩე, – მეფემ შვილს მრავლისმეტყველად გადახედა, – ეგ საუბარი მოგვიანებით განვაგრძოთ, ახლა რელიჶს უნდა გავუძღვე, შენ კი ჩემ გვერდით უნდა დაიკავო ადგილი, როგორც თასბოშს შეჰფერის.
მეფემ შეამჩნია, რომ უფლისწულს რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ არ დაანება, დინჯი ნაბიჯით გაემართა მთავარი დარბაზისკენ.
– მართალს ამბობს მამაშენი, – ჩურჩულითა და შეუბრალებელი გამომეტყველებით უთხრა დედოფალმა, – ახლა ამის დრო არ არის, – თვალით ანიშნა, რომ მათ უკან დაეკავა ადგილი და უსიტყვოდ გაჰყოლოდა.
უმცროსი უფლისწული ხმაამოუღებლად გაჰყვა მამას. ძმის გვერდით მიმავალმა, ალთიონის ნაბიჯებს აუწყო ფეხი.
ჟირიონის მთავარი, საკრებულო ოთახი ორი სართულისაგან შედგებოდა. წრიულ დარბაზში განლაგებულ სავარძლებზე ერისთავ-მართველები მემკვიდრეებითა და მეუღლეებით სხდებოდნენ, ხოლო თავში, ამაღლებაზე კი მეფე იკავებდა ადგილს. მეორე სართულზე, საგანგებო აივანზე მათი ოჯახების დანარჩენი წევრები, წარჩინებულები და მოწვეული სტუმრები თავსდებოდნენ; ისინი გრიას მხოლოდ თვალს ადევნებდნენ. სიმაღლიდან დარბაზი ხელისგულივით ჩანდა, ხმა კი შესანიშნავად ისმოდა. სარკმელები, რომლებიც მთავარი ოთახის ჭერში იყო გაჭრილი, დარბაზს ანათებდა და ჰაერს ანიავებდა. თუმცა სათათბირო ბარანჭა სიმაღლის გამო მკრთალად იყო განათებული. ამიტომაც მინის თავსახურიანი სანათები ვეება სვეტებზე ჩამოეკიდათ, რომელიც ჭერს იჭერდა.
ვიდრე მამფონები სადარბაზოდ შევიდოდნენ, კაეტმა მჭექარე ხმით გამოაცხადა: – სარაჰის მეფეთ-მეფე, დარეთისა და ათრას ერისთავი და კარიბჭის მცველი, სარაჰის გრიის წინამძღოლი ალთიონ დარიელი, გთხოვთ მივესალმოთ უპირველესს თანასწორთა შორის.
ორად გაყოფილ ნახევარმთვარისებრ ოთახში თინჩი გამომეტყველებით მეფე-დედოფალი და უფლისწულები შევიდნენ. დარბაზში ერისთავები, მთავრები და მათი მხლებლები ფეხზედგომით ელოდებოდნენ.
ალთიონი და ანა მათთვის განკუთვნილ ამაღლებაზე ხუთსაფეხურიანი კიბით ავიდნენ და ტახტრევანზე დასხდნენ. ასტერონი მათთან ერთად გვერდით, ტახტის მემკვიდრის საკარცხლულზე მოკალათდა, ხოლო ტეონი, როგორც ამას სამეფო წესი ითხოვდა, მათ ქვემოთ, მეფის მდივან-უხუცესების ადგილას მოთავსდა.
მამფონები დასხდნენ თუ არა, ყველამ მათ მიბაძა და საკუთარი ალაგნი დაიჭირეს; ყრუ მდუმარებაში ელოდნენ, ხელმწიფე პირველ სიტყვას როდის წარმოთქვამდა.
მეფე კაეტს მიუბრუნდა და ხელის მოძრაობით ანიშნა ეთქვა, თუ ვინ ესწრებოდა და ვინ უპასუხა სარაჰის ხელმწიფის მოწვევას.
დასისთავი მეფისკენ შებრუნდა და ამაყი ხმით დაიწყო: – თქვენო უდიდებულესობავ, სარაჰის რიგით ორმოცდამეცამეტე გრიას ესწრებიან, – ჩახედა ჭილის გრაგნილს და ჩამოთვალა ანბანის მიხედვით:
ბეჲაშთა საგვარეულო: გარუთ-ჟაჰის ერისთავი ფარისტაგი, საერისთავოს კანდრეუ ტამარეა და ერისთავისძენი: გეგა, გიორგი, არისმაგი და ზოროში;
ვერისთა საგვარეულო: პათომონის მთავარი ასტერასი და საერისთავოს ტახტის მემკვიდრე ლიკენია;
ირისტელთა საგვარეულო: იქრისის ერისთავი ატრო, კანდრეუ გეჲა და საერისთავოს ტახტის მემკვიდრე ევრიპა;
კართახელთა საგვარეულო: შირტელსეშ-მეტაჰის ერისთავი მატეში და საერისთავოს ტახტის მემკვიდრე ადრიანა;
მიტაზეჰიონთა საგვარეულო: მიტტაზეჰის ერისთავი მირიამ;
სუმაჰიანთა საგვარეულო: ურასის ერისთავი ატროში, კანდრეუ მელისა, ერისთავის შვილნი – ლეონი, ევიონი და სანდრა; კაეტმა დაასრულა. მეფეს თავი დაუკრა და ჭილიდა დაგრაგნა.
ალთიონმა, როგორც ამას სამსაუკუნოვანი ადათი ითხოვდა, მოისმინა დასისთავის მოხსენება. ფეხზე წამოდგა და დინჯი გამომეტყველებით დაიწყო: – მადლობას მოგახსენებთ ამ გრძელი გზის გავლისა და რიგით ორმოცდამეცამეტე გრიაზე თქვენი მობრძანებისთვის, – გადახედა შეკრებილებს, ცდილობდა მათი განწყობა შეესწავლა და შესაბამისად მოქცეულიყო, – დილით მომხდარმა მიწისძვრამ მცირედით შეაყოვნა ჩვენი შეკრება, მაგრამ მთავარქურუმის სიტყვებს თუ გავიმეორებ, ღმერთებმა საკუთარი ნება გამოავლინეს და შემთხვევითი არ არის, სარაჰის დიდი კრების დღეს ამ მინიშნების გამოგზავნა. მართლაც, ღმერთებს მადლი უნდა შევწიროთ, რათა ყველაფერი უმსხვერპლოდ დასრულდა და „მიტურსეთის ყვირილს“ თითოეული ქვეშევრდომი ცოცხალი გადაურჩა... საკრებულო ოთახს ქარიშხალივით გადაუარა ზეჰის სადიდებელმა. სათათბირო დარბაზიდან და აივნიდან მოისმოდა ვედრების შეძახილები: „დიდება ზეჰს, დიდება მზის ლახვამს“.
ალთიონმა გაიღიმა; იგრძნო, რომ ვითარებას მართავდა და უფრო თავდაჯერებულად განაგრძო: – დიახ, დიდება ზეჰს, – ხელები ფართოდ გაშალა და ზეცად აღაპყრო, – დაე, ზეჰმა დალოცოს ჩვენი გრია და ჩვენი სახელმწიფო... შეკრებილებმა მეფეს სიტყვა ისევ ზეჰის დიდების ყიჟინით შეაწყვეტინეს. ხელმწიფეც მშვიდად და აუღელვებლად ელოდებოდა, როდის გადაუვლიდა თვითგრძნობათა ქარბუქი, რათა საკუთარი გამოსვლა გაეგრძელებინა. – დღეს, ამ ზადიკს შევიკრიბეთ, რათა გადავწყვიტოთ ჩვენი სახელმწიფეოს მნიშვნელოვანი საკითხები. აქ მოვიყარეთ თავი, ჟირიონის სასახლეში, სადაც თვითმპყრობი მეფეები სახლობდნენ, ვიდრე მათი მჩაგვრელობითი მმართველობისაგან ჩვენმა ხალხმა არ გაითავისუფლა თავი. და ახლა, – დიდებულებით მოსილი ხმაჟღერადობით წარმოთქვა, რათა სიტყვაზე ყურადღება გაემახვილებინა, – ერთად ვწყვეტთ საჭირბოროტო საქმეებს, ერთად ვთათბირობთ სარაჰის რელიჶზე...
მეფეს სიტყვა შეკრებილთა ტაშისცემამ შეაწყვეტინა. ალთიონმა ღრმად ჩაისუნთქა დედოფალს გადახედა, რომელმაც მხარდაჭერისა და გამხნევების ნიშნად გაუღიმა. ხელმწიფემ გნასის მოზღვავება იგრძნო და ამაყი ხმით განაგრძო: – დიახ, ჩვენ გავითავისუფლეთ თავი, ჩემმა დიდმა წინაპარმა ფარტაძმა, ზეჰის ნათების დახმარებით ათავისუფლა სარაჰი და ყველა საერისთავო...
„დიდება ფარტაძს“ – გაისმა გრიის დარბაზის ყველა კუთხიდან.
ალთიონს დამსწრეთა მოწონების ხმაური გულს სალბუნივით მოეფონა. ნასიამოვნები გამომეტყველებითა და მოზღვავებული სიმხნევით გააგრძელა: – დღეს კი ვაგრძელებთ დიად წესთაადათს, ჩვენი წინაპრების დატოვებულ სიბრძნეს და ვიკრიბებით, რათა ერთობლივი ძალისხმევით, ერთიანი სულისკვეთებით გადავწყვიტოთ ჩვენი საქმეები...
კვლავ გაისმა მქუხარე ტაშისცემა და მხიარული ყიჟინა დარბაზში. ალთიონმა ცოტათი აცალა ხალხს გამოეხატა საკუთარი თვითშეგრძნებები. შემდგომ მარჯვენა ხელი მორიდებით, მაგრამ ამავდროულად მედიდურად წამოწია, რათა იქ მყოფთ საკუთარი გრძნობები დაეცხროთ.
– მე და ჩემი დედოფალი, – ხელი ანასკენ გაიშვირა, – მოგესალმებით და გამოვხატავთ დიდ პატივს თქვენი მობრძანებისთვის, – თავი დაუკრა გრიას, შემდეგ კი ხაფიხმით განაგრძო, – სარაჰის ორმოცდამეცამეტე რელიჶს გახსნილად ვაცხადებ და ვბრძანებ, როგორც სარაჰის მეფეთ-მეფე, მიღებული გადაწყვეტილება აღსრულდეს.
ალთიონი დაჯდა და კაეტს ანიშნა საკუთარი მოვალეობა შეესრულებინა.
შუა ხნის წვეროსანმა კაცმა, რომელსაც თეთრი ფელონი ემოსა, ნაბიჯი წინ წარსდგა და ხმამაღლა წარმოთქვა: – თქვენო უდიდებულესობავ, შემოვიდა სამი განცხადება, გარუთ-ჟაჰის, მიტტაზეჰისა და ურასის ერისთავებისგან და ერთობლივი შემოთავაზება შირტელსეშ-მეტაჰისა და იქრისის ერისთავების და პათომონის მთავრისაგან, – თავი დაუკრა მეფეს. – კეთილი, – მოწონებით თქვა ხელმწიფემ, – ჯერ განცხადებები მოვისმინოთ და შემდეგ შემოთავაზებაც განვიხილოთ, – მბრძანებლური ხმით დაასრულა ალთიონმა.
კაეტმა მჭექარე ხმაჟღერადობით, თითქოს მთელი სახელმწიფეოს ძალაშინი მასში ყოფილიყოს თავმოყრილი, წარმოთქვა: – ვიხმობთ განაცხადის ალაგთან, ააკანთან , გარუთ-ჟაჰის ერისთავს, ფარისტაგ ბეჲაშს.
სამოცი წლის მამაკაცი დარბაზის მარცხენა კიდის კიბიდან გამოვიდა. ტანზე გარუთ-ჟაჰული ტანსაცმელი ეცვა; შინდისფერი ხაფთანი თეთრი მანგით იყო დახრილული. ყელზე ალმასნაკეთი ყელსაბამი ჩამოეკიდა, რომელიც შუქის დაცემისას ჭრტიალებდა. ასაკის მიუხედავად, შავ თმაში ჭაღარა თითქმის არ შეჰპარვოდა. წითელი წაღები საგანგებოდ ჩაეცვა, უნდოდა ყველასთვის მიენიშნებინა, რომ ყველაზე ძლიერი საერისთავოს მმართველი იყო. იგი ააკანზე მედიდური და კვირსა მოძრაობით ავიდა, გადახედა დამსწრეებს და ბოხი ხმით მიმართა: – კომარიჟიჶიგონ რელიჶ ტა სარაჰ! მოგესალმებით, თქვენო უდიდებულესობავ, დაე, ზეჰმა დალოცოს ჩვენი გრია.
შეკრებილებმა კვერი ერთხმად დაუკრეს და დაბალი ხმაჟღერადობით გაიმეორეს სიტყვა „დალოცოს“. დარბაზში ყველა მხრიდან ზეჰისადმი ვედრება მოისმოდა.
ფარისტაგმა შეიცადა, ვიდრე ყველა არ გაისუსებოდა. როცა საკრებულო ოთახის მდუმარებას მხოლოდ ჭერის სარკმლებიდან ზღვის ნაზი ღელვის ხმა აკრთობდა, ერისთავმა კუშტი მზერით განაგრძო: – ხანგრძლივი გზა განვლეთ და დიდძალი დრო დავხარჯეთ, რათა თვით-ამ დღესასწაულს დედაქალაქში ჩამოვსულიყავით, – ერისთავმა ტუჩის კიდეები უკმაყოფილოდ მოკუმა და წარბები წამოსწია, – მაგრამ ზეჰი და მზის ლახვამი კეთილი თვალით გვიყურებს; ამას მოწმობს ის, რომ მიწისძვრამ არც ერთი სული შეიწირა. დიდმა ნათებამ დაიფარა რაჰი. მეც მინდა, ზეჰს ჩემი გულწრფელობით მივაგო პატივი და გაგიმხილოთ ჩემი გულის ტკივილი. ნათქვამია, უთქმელობას ღვთაება არ პატიობს, – თავი ჩაქინდრა, თითქოს დამწუხრდაო, უნდოდა ალალ-მართალი წარმოჩენილიყო, – ვიდრე აქ ჩამოსვლას გადავწყვეტდი, – მრავლისმეტყველად გახედა ალთიონს, – გარუთ-გალაჰში დიდი ბჭობა გავმართეთ – ღირდა კი ჩემი დასწრება?! თუმცა მე მოვედი, ამ წამს ვესწრები ჩვენი მეფის მიერ მოწვეულ გრიას, რათა მოგახსენოთ ჩემი საერისთავოს გასაჭირი, – უკმაყოფილო და გაღიზიანებულმა ჩურჩულმა დარბაზს ნიავივით გადაუქროლა, მაგრამ ფარისტაგს ყურადღება არ მიუქცევია და მედიდურად აგრძელებდა, – დიახ, გასაჭირი, რომელიც მშვიდობიანობამ მოუტანა ჩემს სამფლობელოს...
ააკანის უკნიდან, სადაც მეფე-დედოფალი ისხდა, ერისთავს ქალის წკრიალა და მშვიდმა ხმამ გააწყვეტინა: – ეგ თქვენი სამფლობელო არ არის, თქვენო ბრწყინვალებავ, ეგ სახელმწიფოს საკუთრებაა, – დედოფალმა მამას მრავლისმეტყველი მზერა მიაპყრო, – ერისთავები მამფონთა და სახელმწიფოს მსახურნი არიან.
ფარისტაგს გაღიზიანება სახეზე უმალ დაეტყო, მაგრამ ვითარების გამწვავებას მოერიდა, ამიტომ ქალიშვილს პირჩოთნისეული ღიმილით კვერი დაუკრა: – მართალს ბრძანებს მისი უდიდებულესობა, სახელმწიფოს ერთ-ერთი სამფლობელო გასაჭირშია და ამას დროზე უნდა მივხედოთ, ვიდრე უფრო არ გამწვავებულა მდგომარეობა, თორემ ხალხი ჯანყს მიმართავს. მოვახსენებ სარაჰის დიდ კრებას, ექვსი წელიწადია ჩვენს ჯარს არ უბრძოლია, ალაფის ჯე არ გავმხდარვართ. შიმშილობს, დიახ, ჩვენი ჯარი შიმშილობს და ჩვენს ხალხსაც დაპურება სჭირდება. გარუთ-ჟაჰი ომის საერისთავოა, ეს არის ჩვენი ხელობა. ყველაზე მეტი ჯარისკაცი გვყავს, ვიდრე ნებისმიერ საერისთავოს თუ სამთავროს. ამიტომაც მოგმართავთ, განვაახლოთ ომი ვერიოსთან, დავიპყროთ მიწები და ალაფითა და შინ დიდებით დავბრუნდეთ.
ფარისტაგმა გამოსვლა დაასრულა და უღიმღამო სახით მამფონთა წინაშე თავი მოდრიკა.
– მადლობა, თქვენო ბრწყინვალებავ, – მშვიდად მიმართა ალთიონმა, – კაეტი ჩაიწერს თქვენს წინადადებას და რა ხანს დასრულდება განცხადებებისა და წინადადებების მოსმენა, სარაჰის გრია კენჭს უყრის.
ერისთავი ვიდრე დაჯდებოდა კვლავ ჯერ ალთიონს, შემდეგ ანას დაუკრა თავი, ბოლოს კი გრიის მონაწილეებს. ფარისტაგი კანდრეუ ტამარეასკენ კვირსა მიხრა-მოხვრით, მედიდურად გაემართა და გვერდით მიუჯდა.
კაეტმა მაღალი კვერთხი პირველი განცხადების დასრულებისა და შემდგომის მოსმენისთვის მზადყოფნის ნიშნად იატაკს სამჯერ დაარტყა.
– თქვენო უდიდებულესობავ, განცხადების ალაგს, ააკანთან, ვუხმობ მიტტაზეჰის ერისთავს, მირიამ მიტაზეჰიონს.
შუა ხნის მამაკაცი, მსუბუქი ლაჟვარდისფერი ტანსაცმლით დარბაზის შუა კიბიდან ჩამოვიდა და ამაღლებული ადგილი დაიკავა. ყველას თავმდაბლად მიესალმა. თვითონაც გადაუხადა მადლობა ზეჰს და სიტყვა კეთილი სურვილების თქმით დაიწყო: – ამ წუთებში, ვიდრე ჩვენ განვიხილავთ სარაჰის საჭირბოროტო საქმეებს, ლიბერიონის ზღვის აღმოსავლეთი ნაპირებიდან მიტტაზეჰის მთავარქალაქ ზეჰშეთის მსტოვართა სახლში სახიფათო ცნობები მოდის, – შეძრწუნებული ხმა ჰქონდა, – ჩვენი მილინისელი მეგობრები გვატყობინებენ, ლიბერიონის ზღვათაშუამიწაზე ქარბუქი ტრიალებს. აღმოსავლეთის მიწების სამხრეთ მხარეს, ქალაქ მაგგაში, ვინმე ჰამეშმა, რომელიც საკუთარ თავს ერთადერთი ღმერთის შთამომავალს ეძახის, უდაბნოს ბინადარი უდუმბირვები ახალი რწმენის ქვეშ გააერთიანა. საკუთარ თავს ისინი „მტვრის საძმოს“ ეძახიან.
დარბაზი ცნობისმოყვარეობის შრიალმა მოიცვა. ერთმანეთს გადაუჩურჩულეს. მეორე სართულის აივნიდან მირიამს გაოგნებულ სახეები უცქერდნენ.
– უზარმაზარი ჯარისთვის მოუყრია თავი, – შეშფოთებით ჰყვებოდა ერისთავი, – დაიკავეს მაგგა, თეჰრა, ამანონი, ჯერუშაიმი, პაპილჲონი და მიიწევენ ჩრდილოეთით, ქალაქ მედიტერიონისკენ. მილინისელი სამხედრო სწავლულები მიიჩნევენ, რომ „მტვრის საძმოს“ წადილია „ათასი კუნძულის ქალაქის“ დაპყრობა, მათი ადათ-წესებისა და წესთაადათის შეცვლა და განადგურება, ხოლო მილინისის დაცემის შემთხვევაში ისინი ხელთ იგდებენ უზარმაზარ ნიშუობას და მზერას დასავლეთისკენ მოაპყრობენ.
მირიამმა თხრობა შეწყვიტა. ღრმად ჩაისუნთქა. ღელვა ეტყობოდა – შიგადაშიგ ხმა უთრთოდა, მაგრამ საკუთარი თავი ხელში აჰყავდა და ცდილობდა, თვითგანცდებით გამოწვეული დაბრკოლებები გადაელახა.
– სიფრთხილისკენ მოგიწოდებთ სარაჰელებო, – მოუწოდა დამსწრეებს, – ჩემი წინადადებაა სარაჰის აღმოსავლეთის საზღვრები გავამაგროთ, ავაგოთ სამხედრო გემები და დავიცვათ ჩვენი თითოეული საერისთავო და სამთავრო. დავიცვათ ჩვენი სახელმწიფო! – მეფისკენ შებრუნდა, -მადლობას მოგახსენებთ, თქვენო უდიდებულესობავ, – პირი დამსწრეებისკენ იბრუნა, – დიდი მადლობა.
მირიამს გულისყურით უსმენდნენ. თუმცაღა ერისთავს ისეთი სახეებით შესცქეროდნენ, ეტყობოდათ, მისი ნათქვამი გულთან თითქმის არავინ მიიტანა, მხოლოდ შირტელსეშ-მეტაჰის ერისთავის სახეზე ამოიკითხავდით შიშს. ფარისტაგს ალმაცერა ღიმილი დასთამაშებდა, ილუმელი გამომეტყველებით შეენიღბა საკუთარი გრძნობები, რათა ვერ მიმხვდარიყვნენ, თუ რას ფიქრობდა. ასტერასი ატროს ესაუბრებოდა, ცნობისმოყვარეობის ნაპერწკალი უკრთოდათ, თუმცა დიდი ცქვირინი არ ეტყობოდათ.
იმედგაცრუებულმა მიტტაზეჰელმა მეფე-დედოფალს თავი დაუკრა და საკუთარი ადგილისკენ გაემართა.
კაეტმა კვერთხი იატაკს კვლავ სამჯერ დასცა და ურასის ერისთავს უხმო.
ატროში გრძელი, მაზარამოსხმული ურასული ნაქარგი ჩოხით დარბაზის მარჯვენა მხრიდან გამოვიდა და ააკანთან ასვლამდე მამფონებს მიესალმა. განცხადების ალაგს ავიდა თუ არა, მისალმების ნიშნად, ურასული წესთაადათის თანახმად ხელის მტევნები შეატყუპა, ტუჩებთან მიიტანა, გეგონებოდათ ლოცულობსო, და რიგრიგობით თავი დაუკრა დარბაზის სამივე მხარეს.
– კომარიჟიჶიგონ სარაჰ! – თავმდაბლად დაიწყო, – დიდი პატივისცემით მინდა, მოგმართოთ და გაგიზიაროთ ურასის სამთავროს ძნელი მდგომარეობა და ის საკითხები, რაც აწუხებს სარაჰის ამ ნაწილს. ყველამ ვიცით, რომ ურასელთა რწმენა, სალვატირაჲონ, და წმინდა სიგნისი გვასწავლის, რომ უნდა დავეხმაროთ გაჭირვებულებს, უნდა დავეხმაროთ მათ, ვინც უბედობის ჟამს იმყოფება, – ატროშმა მტკიცე ხმით განაგრძო, თითქოს ვიღაცამ შეულოცა და ძალა შეჰმატაო, – ურასის სამთავრო უგზავნის გარუთ-ჟაჰს, მიტტაზეჰსა და გვირგვინს წელიწადში ოთხმოც ათასწონა ხორბალს, ას ათასწონა სიმინდს და ორმოცდაჩვიდმეტ ათასწონა ურასულ ფოინუჰს. დღეს კი ურასს უჭირს, დიდმა გვალვიანობამ დააშრო მტკნარი წყლები. არ გვაქვს სასმელი, არ გვაქვს საკვები. ამის მიუხედავად, არც ერთი საერისთავო არ უწვდის ურასელ ხალხს დახმარების ხელს. სწორედ ამიტომ ჩემი წინადადებაა, დავაარსოთ სარაჰის სახელმწიფო ქვეხაზინა , რომელიც უბედობის ჟამს დაეხმარება საჭიროებაში მყოფ მხარეს. ქვეხაზინას ყველა ჩვენგანი შეავსებს, სარაჰის თითოეული საერისთავო და სამთავრო წელიწადში ერთხელ მისი მეურნეობის შესაბამისად საკუთარ წილს გაიღებს. ჩვენ გამოვიყენებთ ამ ქვეხაზინას მხოლოდ მაშინ, როცა ეგ აუცილებელი იქნება, ხოლო მისი ზედამხედველობა დაევალება სარაჰის გრიას. მელერე ტეშ რელიჶ ტა სარაჰ!
ატროშ სუმეჰიანმა დაასრულა თუ არა სიტყვა, გარუთ-ჟაჰის ერისთავის გარდა, ყველამ მქუხარე ტაში მოსცხო. ერისთავმა ურასული მისალმების მსგავსად გამოემშვიდობა, ააკანიდან ჩამოვიდა და საკუთარ ადგილს დაუბრუნდა.
კაეტმა სამჯერ დააკაკუნა კვერთხი და ხაფიხმით განაცხადა: – განაცხადის ალაგს ვუხმობ შირტელსეშ-მეტაჰის ერისთავს, მატეშ კართახელს, რომელიც მემკვიდრეობის წესის თაობაზე წარმოადგენს იქრისის, პათომონისა და შირტალსეშ-მეტაჰის ერთობლივ შემოთავაზებას.
მატეში მტკიცე ნაბიჯით გამოვიდა ააკანთან, მიესალმა გრიას და მჭევრმეტყველური ხმაჟღერადობით მიმართა: – როდესაც დარიელთა გასაგისმა სარაჰის სახელმწიფოში ხელმწიფობა დაიწყო, ჩემი საგვარეულო ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც მისი ხელისუფლება აღიარა. როდესაც ხელმწიფე ირაკლი მეორემ, ფარტაძის შვილიშვილმა, თქვენი უდიდებულესობისა, – შეყოვნდა, გაიხედა ალთიონისკენ და თავი მცირედით მდაბლად დაუკრა, შემდეგ შემობრუნდა გრიისკენ და განაგრძო, – და უფლისწულების, ასტერონისა და ტეონის დიდმა წინაპარმა შირტელსეშ-მეტაჰში მოგზაურობისას ჩვენი სამთავროს წესთაადათი, შირრელიჶი იხილა, ტახტზე ასვლის შემდეგ სარაჰის დიდი გრია მოიწვია. დღეს კი მე აქ ვდგავარ, – ერისთავს მჭექარე ხმა ჰქონდა, – ააკანთან, რათა პათომონის, იქრისისა და შირტელსეშ-მეტაჰის სახელით შემოგთავაზოთ საერისთავოთა ტახტზე მემკვიდრეობის წესთაადათის ცვლილება. იცით, რომ ჩვენს გვარს არ ჰყავს ვაჟები, მემკვიდრეებად მხოლოდ ქალები დაგვრჩა, ამიტომ ჩვენ გვსურს, – გააპარა თვალი თანამოაზრეებისკენ, – მემკვიდრედ ქალის გამოცხადება. მატეშის შემოთავაზებით გაოგნებულმა ერისთავებმა, ქურუმებმა და დიდგვაროვნებმა გაოცების ბგერები გამოსცეს. აშრიალდა დარბაზი. სტუმართა აივანი ჩურჩულის ტალღებმა შთანთქეს. მატეშმა შეწყვიტა გამოსვლა. გაჩუმდა. დაელოდა, ვიდრე დაწყნარდებოდა ხალხი.
მეფემ შენიშნა, რომ დარბაზი გაცხარებულ განხილვაში ჩაერთო და მათი გაჩერება ბუნებრივად შეუძლებელი იქნებოდა. ამიტომ ალთიონი ფეხზე წამოდგა და შეკრებილებს ხელით სიჩუმისკენ მოუწოდა.
– მიეცით სიტყვა, – ხაფიხმით წარმოთქვა მან, – ერისთავი საუბრობს! – მატეშს მიუბრუნდა და ვიდრე დაჯდებოდა, მშვიდი ხმით მიმართა, – გთხოვთ, განაგრძოთ! – გმადლობთ, თქვენო უდიდებულესობავ! – თავი დაუკრა და გააგრძელა, – ვიცით, რომ პათომონის სამთავროში, ოდითგანვე ტახტი უფროსს, პირველშობილ შვილს ეკუთვნის, განურჩევლად სქესისა. ჩრდილოეთ სამეფოში კი მხოლოდ დედოფლები მეფობენ და არა მეფენი. დროა, გავაგრძელოთ დარიელთა ადათი – ყოველივე ახალისა და საჭიროს დანერგვისა – და მოგვეცეს უფლება ჩვენი მემკვიდრეები, როდესაც აღესრულება ერისთავთა ამქვეყნიური ცხოვრება, გადაეცეს უფროსს შვილს განურჩევლად სქესისა. ჩვენი შემოთავაზებაა, ეს კანონი დადგინდეს არა ვალდებულებად, არამედ საერისთავოსა თუ სამთავროს შესაძლებლობად. პათომონის სამთავროს ტახტის მემკვიდრე სერენია, იქრისის საერისთავოს ტახტის მემკვიდრე ევრიპა და ჩემი უფროსი ქალიშვილი ადრიანა ბავშვობიდანვე ემზადებიან ამ მძიმე ჯაფის საკუთარ თავზე ასაღებად და გარწმუნებთ, რომ არანაკლებ მედგრად და მხნედ გაართმევენ თავს, ვიდრე მამაკაცნი. ვასრულებ საკუთარ სიტყვას იმის იმედითა და მოლოდინით, რომ სარაჰის დიდი კრება მხარს დაუჭერს სარაჰის კანონთა ცვლილებას და შეცვლის თრაგონთა ჟამს მიღებულ წესთაადათს; უნდა დასრულდეს დრო, როცა ტახტის მემკვიდრედ მხოლოდ გასაგისის მამაკაცნი ცხადდებიან. მელერე ტეშ მეტჶუნ ვეუთ რელიჶ ტა სარაჰ!
ერისთავმა მეფე-დედოფალს თავი დაუკრა, შემობრუნდა და საკუთარი ადგილისკენ გაემართა.
კაეტმა კვერთხი იატაკზე ორჯერ დააკაკუნა. მეფისკენ გაიხედა. ხელმწიფემ ხელის ჰაეროვანი მოძრაობით ანიშნა, რომ შეეჯამებინა კრების შედეგები და საკითხები კენჭისყრაზე დაეყენებინა. მოხუცმა ჩაახველა, ნერწყვი გადაყლაპა, ჩამოთვალა ის საკითხები რაზეც გარუთ-ჟაჰის, მიტტაზეჰის, ურასისა და შირტელსეშ-მეტაჰის ერისთავებმა ისაუბრეს, ხოლო შემდეგ, როგორც ამას კრების წესთაკრებული ითხოვდა, კენჭისყრის წესი გააცნო ყველას:
– მოგახსენებთ, კენჭისყრაზე სათითაოდ დადგება შემდეგი საკითხები: გარუთ-ჟაჰის ერისთავის, ფარისტაგ ბეჲაშის წინადადება ვერიოსთან ომის განახლების თაობაზე; მიტტაზეჰის ერისთავის, მირიამ მიტაზეჰიონის წინადადება სახელმწიფო ნიშუობის მშენებლობის დაწყებისა და აღმოსავლეთის საზღვრების გამაგრების შესახებ; ურასის ერისთავის, ატროშ სუმეჰიანის წინადადება, დაფუძნდეს სარაჰის ქვეხაზინა და იქრისის საერისთავოსა და პათომონის სამთავროს მხარდაჭერით შირტელსეშ-მეტაჰის ერისთავის, მატეშ კართახელის შემოთავაზება, საერისთავო ტახტის მემკვიდრეობის წესის ცვლილების შესახებ. თითოეულ მხარეს, წარმოდგენილს სარაჰის დიდ კრებაზე, აქვს ერთი ხმა, ხოლო ხელმწიფეს – ორი, როგორც ათრას მთავარსა და დარეთის ერისთავს. დედოფალს, ვინაიდან მისი უდიდებულესობაში განსახიერებულია მეუღლის ხელმწიფება და კენჭისყრისას ცვლის მას, აქვს ერთი ხმა. ჯამში არის ცხრა ხმა, საკითხის გასვლისთვის საჭიროა ხუთი ხმა.
დარბაზიდან მოისმა წესთაადათისეული შეძახილი, რომელიც კაეტს ანიშნებდა, რომ ყველასთვის ყველაფერი ნათელი იყო. ძახილს მეფე-დედოფალიც შეუერთდა. ეს იყო დასტური იმისა, რომ პირველი საკითხი კენჭისყრაზე უნდა დამდგარიყო.
– მაშ, კენჭისყრაზე ვაყენებ ურასის შემოთავაზებას შეიქმნას სარაჰის ქვეხაზინა, გთხოვთ, თქვენი გადაწყვეტილება ხელის აღპყრობით ანიშნოთ გრიის ქვეიტაჰს.
ქვეიტაჰმა, რომელიც დარბაზის მარჯვენა მხარეს, ამაღლებულ ადგილას იჯდა, რათა ყველა დაენახა, დათვალა ხმათა რაოდენობა. ჭილზე აღნუსხა შედეგები. ფურცელს კაეტის ბეჭედი დაარტყა, რომელზეც კვერთხი იყო გამოსახული და კრების წინამძღოლს გაუწოდა.
– კენჭისყრის შედეგების მიხედვით, გარუთ-ჟაჰის ერისთავი წინააღმდეგია, ხოლო დანარჩენი მომხრე. საკითხის ემხრობა რვა ხმა და წინადადება გასულია. შესაბამისად, დაევალოს მეფის მდივან-უხუცესებს საქმის მოგვარება ზამთრის დადგომამდე, – განაცხადა კაეტმა.
დარბაზის ორივე სართული მქუხარე ტაშმა შეაზანზარა. მხოლოდ ფარისტაგი იყო გაწბილებული; უკმაყოფილების ნიშნები თანდათან ესახებოდა.
დასისთავმა მეორე საკითხი, მიტტაზეჰის ერისთავის წინადადება დააყენა კენჭისყრაზე. ქვეიტაჰმა ხმები დათვალა და ბეჭდიანი ჭილის ფურცელი კაეტს მიაწოდა. მოხუცმა გადახედა და უკმაყოფილოდ გამოაცხადა: – მამფონნი, ურასი და გარუთ-ჟაჰი წინააღმდეგია, დანარჩენი მომხრე. საკითხს მხარი არ დაუჭირა ხუთმა ხმოსანმა, შესაბამისად, სარაჰის დიდმა კრებამ წინადადება უკუაგდო.
დარბაზში პათომონის, იქრისის, მიტტაზეჰისა და შირტელსეშ-მეტაჰის მომხრეთა უკმაყოფილო ხმები ქვევრში ჩაძახილივით გავრცელდა.
– კენჭისყრაზე დგება გარუთ-ჟაჰის ერისთავის, ფარისტაგ ბეჲაშის წინადადება ვერიოსთან ომის განახლების თაობაზე. ხმის მიეცემა ხელის აღპყრობით, მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა რიგრიგობით, – კაეტმა გვერდით მაგიდაზე მდგარი წყლით სავსე ჭიქა აიღო და ყელი დაისველა. ღრმად ჩაისუნთქა და ომახიანი ხმით განაგრძო, სიამაყის ჟრუანტელმა დაუარა, – მისმა ბრწყინვალებამ შემოგვთავაზა განვაახლოთ ჩრდილოეთის სამეფოსთან ომი. მომხრეებს ვთხოვ ხელები აღაპყროს, – კვერთხი იატაკს ერთხელ დასცა.
ქვეიტაჰმა დათვალა მხარდამჭერთა რაოდენობა და ჭილის ფურცელზე ჩაიწერა. კაეტს თვალ-უყო გაეგრძელებინა ხმის მიცემა. მოხუცებულმა სამდურავიანი მზერითა და უხასიათო ხმით განაცხადა: – გთხოვთ ხელი აღაპყროთ, ვინც არ ემხრობა გარუთ-ჟაჰის ერისთავის წინადადებას, – ისევ დასცა კვერთხი იატაკს.
ქვეიტაჰმა დაითვალა შედეგები, ბეჭედი დაარტყა ჭილადას და კაეტს მიაწოდა. კაეტმა რუდუნებით გამოართვა ფურცელი, უკმაყოფილო მზერით გადაავლო თვალი და გამოაცხადა: – წინააღმდეგია დარეთი და ათრა, დანარჩენი მომხრე. საკითხს მხარი დაუჭირა შვიდმა ხმამ. წინადადება გასულია. დაევალოს მეფის მდივან-უხუცესებს ომისთვის მზადება.
დარბაზის ორივე სართული მჭექარე ტაშისცემამ და სიხარულის ჟრიამულმა მოიცვა. ალთიონი, ასტერასი და მატეში უხასიათო მზერით უხმოდ, მოჩვენებითად უკრავდნენ ტაშს.
კაეტმა, შეკრებილების დასამშვიდებლად, ორჯერ დააკაკუნა კვერთხი, თუმცა დარბაზს ვერ აჩერებდა. დასისთავმა მათი დაშოშმინება ისევ სცადა, მაგრამ უშედეგოდ. მიხვდა, რომ კვერთხის იატაკზე ცემის ხმა ხმაურს ვერ გააჩერებდა. ხმა ჩაიწმინდა და ყველასთვის გასაოცრად მჭექარე ხმით დაიყვირა: – დადუმდით! – მარცხენა ხელი მაღლა აღაპყრო.
გრია გაისუსა, თითქოს ჯადოძალით მონუსხესო. მოულოდნელობის ზეგავლენა იმდენად დიდი იყო, რომ გაოცების გრძნობამ მხიარულებას სძლია და ყველა გაისუსა.
კაეტმა კვერთხი იატაკს ორჯერ დასცა და ჩვეული ხმით განაგრძო: – კენჭი უნდა ვუყაროთ შირტელსეშ-მეტაჰის ერისთავის, მატეშ კართახელის შემოთავაზებას, რომელმაც წარმოადგინა პათომონის სამთავროს მთავრის, ასტერას ვერისისა და იქრისის ერისთავის, ატრო ირისტელის სახელითაც. უნდა გაიმართოს სახელობითი კენჭისყრა; ყველამ ხმამაღლა უნდა განაცხადოთ ემხრობით თუ ეწინააღმდეგებით. თუ იწონებთ თქვით „კი“, თუ უარყოფთ, წარმოთქვით „არა“. გამოვაცხადებ ანბანის მიხედვით საერისთავოებს. მოგიწოდებთ, თქვენი შინაგანი რწმენის შესაბამისად გამოთქვით აზრი, – დაჰკრა კვერთხი იატაკს და სახელობითი კენჭისყრას შეუდგა:
– ათრა! – არა! – გაისმა ალთიონის ხმა. – გარუთ-ჟაჰი! – არა! – ფარისტაგი ფეხზე წამოდგა და უკმაყოფილოდ წარმოთქვა, თითქოს შეურაცხყოფა მიაყენესო. – დარეთი! – არა! – ხმამაღლა წარმოთქვა მეფემ. – იქრისი! – კი, – გაისმა ატროს თვითდაჯერებული ხმა. – მიტტაზეჰი! – კი! – მრავლისმეტყველად გახედა მატეშს, თითქოს მიანიშნა, მისგან დავალებულად უნდა ეგრძნო თავი. – პათომონის სამთავრო! – კი! – ასტერასმა ფეხზე წამოდგომით წარმოთქვა და ფარისტაგს დამცინავი სახით გახედა. – ურასი! – არა! – შირტელსეშ-მეტაჰი! – კი! – ხაფიხმით წარმოთქვა მატეშმა და საკუთარ ქალიშვილს მამობრივი სიყვარულით გახედა ფარისტაგს ეღიმებოდა, რადგან ხმები გაიყო და გადამწყვეტი სიტყვა დედოფალს რჩებოდა. ერისთავი ფიქრობდა, რომ ეს უგუნური და გაუაზრებელი შემოთავაზება არ უნდა გასულიყო. თვლიდა, ქალები მხოლოდ დედობისთვის იყვნენ გაჩენილნი და ზეჰმა მათ ეს მოვალეობა და ბედი არგუნა.
დედოფლის პასუხს ყველა მოუთმენლად ელოდა, მხოლოდ ანას შეეძლო იქრისისა და შირტელსეშ-მეტაჰის მართველი გასაგისის მომავლის გადაწყვეტა, მის ხელთ იყო გასაღები. ისინი თვლიდნენ, რომ შემოთავაზებას ისიც მეუღლის მსგავსად უარყოფდა. სარაჰის დიდი კრების მატიანეში, დაფუძნების დღიდან, მეფის წინააღმდეგ არც ერთი დედოფალი წასულა, მამფონები შემოთავაზებებზე ხმას ყოველთვის შეხმატკბილებულად და ერთარსად აძლევდნენ.
ანას უარყოფით პასუხში დარწმუნებული კაეტი დედოფლისკენ შებრუნდა. ტუჩის კიდეებით გაიღიმა და ჩვეული ხმით წარმოთქვა: – სარაჰი!
ანამ ამაყი გამომეტყველება მიიღო – გაიღიმა, შეკრებილებს თვალი მოავლო. ფეხზე წამოდგა, რამაც ხმოსნები და მოწვეული სტუმრები გააკვირვა; დედოფალი ისევე, როგორც მეფე, ხმის მისაცემად არასდროს წამომდგარან.
– ვიდრე სარაჰის სახელით ხმას მივცემდე, – მორიდებული ხმაჟღერადობით, თუმცა თავდაჯერებული გამომეტყველებით დაიწყო დედოფალმა, – მსურს, სიტყვა ვთხოვო სარაჰის ხელმწიფეს, ჩემს საყვარელ თანამოსაყდრესა და, ასევე გრიის წინამძღოლ უჩა კალატეშს, – კმაყოფილი სახით გახედა კაეტს და დაელოდა მათ, როდის დართავდნენ ნებას, რათა სიტყვით გამოსულიყო.
ალთიონმა დედოფალს გაუღიმა, თანხმობის ნიშნად ხელით სივრცე განკვეთა და დააყოლა: – როგორ შემიძლია უარი ვუთხრა ჩემს ერთადერთ სიყვარულს?! – თქვენო უდიდებულესობავ, თქვენ, რელიჶზე სარაჰის ხელმწიფის მონაცვლეს, გაქვთ უფლება ისაუბროთ ნებართვის გარეშე, ეს თქვენი ბუნებრივი უფლებაა, – უჩას გაეღიმა, ხვდებოდა, დედოფლის ეს ქმედება, მხოლოდ ადათ-წესის გამოძახილი იყო. დამსწრე ხმოსნებს მიუბრუნდა და სარაჰის დიდ კრებას მიმართა, – როგორ შეიძლება სარაჰი დუმდეს სარაჰის კრებაზე?! სიცილის ხმამ გადაურბინა ბარანჭას. დარბაზში მხიარულების ბგერები ისმოდა.
დედოფალი გამხნევდა, ძლიერება იგრძნო და ძალაუფლების გამომხატველი გამომეტყველებით დაიწყო: – დიდია ქალების წილი ჩვენი სახელმწიფოს მშენებლობაში; დიდია ერისთავთა ხვედრი სარაჰის განვითარებაში, – დარბაზიდან მხარდამჭერი შეძახილები მოისმა, – დიახ, მე ამას ვაღიარებ და ეს ასეც არის. თითოეული ერისთავი იმსახურებს მართოს ჩვენი სახელმწიფოს მხარე ისე, როგორც თვითონ სურს, რა თქმა უნდა, სამეფოს ერთიანობის სასარგებლოდ. თითოეული ქალი კი იმსახურებს ერგოს ის, რაც ზეჰისგან აქვს დაწესებული. ჩვენი მთავარქურუმები ქალები არიან, ჩრდილოეთ სამეფოს ქალები მართავენ და მრავალჯერ გაუმარჯვიათ სარაჰელებთან ომში. ამას არ ვამბობ, როგორც საყვედურს, ანდა დასაძრახს, – გახედა მამამისს, – არა, პირიქით, ეს არის დასტური, რომ ქალებსაც შეუძლიათ სახელმწიფოთა და სამეფოთა მართვა. ლიბერიონის ზღვათაშუამიწაზე სახელმწიფო საქმეებში მდედრთა საქმიანობა კარგადაა დაცდილი. ეს უკვე გამოწრთობილი და საუკუნოვანი გამოცდილებაა. დროა, ჩვენს სახელმწიფოში დედოფლებს, კანდრეუებს, ერისთავის ქალიშვილებს და სხვა ქალებს მიეცეს შესაძლებლობა აღზევდნენ ტახტზე და გააგრძელონ საკუთარი გვარის კეთილი საქმეები. ამიტომ სარაჰის პასუხი შემოთავაზებაზე იქნება „კი“!
გაკვირვების ჩურჩულმა ნეკრტენივით გადაუფრინა შეკრებილებს. კაეტმა უწესრიგობის თავიდან ასაცილებლად იატაკს კვერთხი ორჯერ დაარტყა.
დარბაზი დადუმდა.
ქვეიტაჰმა მიაწოდა შედეგების ფურცელი და დასისთავმა ხმამაღლა გამოაცხადა: – ოთხი ხმოსანი წინააღმდეგი, ხუთი ხმა მომხრე. საკითხი გასულია და ამოქმედდა მიღებისთანავე.
მომხრეებმა გამარჯვების ყიჟინა დასცეს. ზოგი მაგიდას გაშლილ ხელს ურტყამდა, ზოგი მქუხარე ტაშისცემას მოჰყვა. ლიკენიას, ევრიპასა და ადრიანას სიხარულის ღიმილი გამოსახოდათ და თავმდაბლად, ერისთავისთვის დამახასიათებელი თავშეკავებით უკრავდნენ ტაშს.
დასისთავმა საბუთებს თავი მოუკრა. წითელ ყუთში მოათავსა და რელიჶის ბეჭდით დალუქა.
ხელმწიფემ კაეტს ანიშნა, რომ სხდომა დაეხურა. უჩამ იატაკს კვერთხი ერთხელ დაჰკრა და ხმამაღლა წარმოთქვა: – სარაჰის ორმოცდამეცამეტე გრია დახურულია!
კვერთხი მეფეთა ტახტრევანს მიაყუდა. ვიდრე ყველა გასასვლელისკენ მიემართებოდა, მოხუცმა წითელი ყუთი აიღო და დარბაზის საიდუმლო გასასვლელით, რომელიც მიწისქვეშა გვირაბებს უერთდება, სამეფო სასახლისკენ გაემართა.
*** – მამაშენმა ისევ გაიტანა თავისი, – უკმაყოფილო ხმით უთხრა ალთიონმა ანას, როდესაც სამეფო სასახლის მოსასვენებელში შევიდნენ.
სეფექალებსა და მსახურებს მამფონთათვის საძინებლის სამზადისი დაესრულებინათ. ღია დარაბებიდან გრილი ნიავი იპარებოდა. აივანთან „წითელი კოცნა“ დაენთოთ, რათა კოღოები, ბუზები, კრაზანები, პეპლები და ბუზანკალები დაეფრთხოთ. მკრთალი შუქი ოთახის კუთხეებში ლივლივებდა და კედლებზე აჩრდილები ცეკვავდნენ.
ანა ლერექუდეში შევიდა. ქამარი შეიხსნა, ტანსაცმელი გაიხადა, ლატანზე დაკიდებული საღამოს ხალათი გადმოიღო, შიშველ სხეულზე მოიხურა და ქამარ-ყაწიმით შეიკრა. ალთიონსაც მოეხურა საღამოს სამოსი და დედოფალს აივანზე ელოდებოდა.
აივანი ზღვას გადაჰყურებდა. ღრუბლებით დახრილული ცა წყალზე უხალისოდ ირეკლებოდა. მთვარე ხან პირბადეს შეიფერებდა, ხანაც ჩადრისაგან თავისუფლდებოდა. ხელმწიფე ტახტზე იჯდა. ისვენებდა, თვალები მიენაბა და სიმშვიდის სმენით ტკბებოდა.
ალთიონს უკნიდან დედოფლის რბილი და კრიალა ხმა მოესმა, თუმცა არ გაუხედავს, ჩაფიქრებული თითქოს რაღაცას საყვედურობდა. სახე ცაკაბადონისკენ მიექცია და ღელვა ეტყობოდა.
– მამაჩემს ჰყავს ძლიერი ჯარი, საუკეთესო სარაჰში, ამიტომ ყოველთვის გაიტანს საკუთარს, – ანა მეუღლეს მიუახლოვდა, ხელები ყელზე შემოჰხვია და დაბალი ხმით განაგრძო, – თუ ტკბილი სიტყვით ვერ გაიტანს, ძალა მის ხელშია, შეუძლია სახელმწიფოს ნებისმიერი მხარე დაიპყროს. – ვიცი, გარუთ-ჟაჰი ყოველთვის საჩოთირო საერისთავოა, თრაგონებსაც კი უჭირდათ მათი დამორჩილება, – სინანულით უპასუხა ალთიონმა. – ბეჲაშები წარჩინებულთა უძველესი გვარია, ოდითგანვე მართავდნენ „ხრიოკ მიწებს“, – დედოფალს ისეთი ხმა ჰქონდა, გეგონებოდა რჩევას აძლევსო. – ჰმ, საკუთარ გვარზე ისე საუბრობ, თითქოს სხვები იყვნენ, – გაიკვირვა მეფემ. – არ ვგრძნობ თავს მამაჩემის შვილად, – ანას გაეღიმა, თუმცა თვალები მწუხარებას ირეკლავდა, – მამაჩემი რომ არ იყოს, მოვკლავდი.
ალთიონი ფარისტაგის მიმართ ანასა არაკეთილგანწყობილ დამოკიდებულებას გრძნობდა და ხვდებოდა, მაგრამ არ ეგონა, თუ მამა ასე სძულდა. ეს მისთვის მოულოდნელი აღმოჩენა იყო.
ალთიონი ცოლის ყელზე შემოხვეულ ხელს მოეფერა, გააშლევინა – ანას მდუმარედ მიანიშნა, რომ მასთან მისულიყო. ქალიც დაჰყვა ქმრის ნებას, ტახტს შემოუარა და მეუღლეს კალთაში ჩაუჯდა.
– კარგად იცი, – ნაზი ხმით დაიწყო ანამ, – შენ ხარ ჩემი სიცოცხლე, ჩემი მზე და მთვარე, ჩემი ივარის ნექტარი და ფეტიჶშურის ძალაშინი, – დედოფლის ხმაში სიყვარულით აღსავსე ბგერები ჟღერდა, – შენს გარეშე არც სარაჰი მინდა და არც ვერიჰიონი.
ალთიონმა ანას ღაწვებზე ხელი სათუთად შეახო, მოეფერა და დედოფლის თავი მისკენ მიიზიდა. კაცის თვალებში სიყვარულის ცეცხლი გიზგიზებდა, რომლის ალისფერ ნათებას ლიბერიონის ზღვათაშუამიწაზეც დაინახავდნენ.
ანამ ასტერონის მუქ შინდისფერ ტუჩებს საკუთარი შეახო და ჰაეროვნად, ჩურჩულით უთხრა: – შენი სამშვინველი ჩემია და ჩემი შურ-ქვინი შენი! დედოფალმა მეფეს თმაში ხელი შეუცურა და თავი მისკენ მიიზიდა. ტუჩებში მძლავრად აკოცა. ალთიონმა წელზე შემოჰხვია ხელი და ქალის სხეული მჭიდროდ მიიკრა. ანამ ქმარს ღამის ლერექუ შეუხსნა და მკერდი მოუშიშვლა. მოსწყდა მის ტუჩებს და ყელი დაუკოცნა, თან შიშველ სხეულს ეფერებოდა. მეფემ ხალათში შეუცურა ხელი, ძუძუ დაუზილა. დედოფალმა ტკივილი იგრძნო და უხერხულად შეიშმუშნა. მამფონი გაჩერდა, სიფრთხილითა და შიშით მიაჩერდა ცოლს. ქალმა გაუღიმა და ანიშნა, გააგრძელეო. ხელმწიფემ მეუღლეს ქამარ-ყაწიმი გაუხსნა. ტიტველ კენარ სხეულს მსუბუქმა ნიავმა დაუქროლა – ტინარშუჰული ეთეროვანი ნელსაცხებლით გაჟღენთილ კანს ვარდის სურნელი ასდიოდა.
ალთიონმა ძლიერი ხელები წელსა და ფეხებზე შემოჰხვია. ტახტიდან წამოდგა და მუხლებზე მოკალათებული ქალი ხელში აიტაცა. ოთახში შეიყვანა. ფარდაგებიან საწოლზე ნაზად, ნეკრტენივით დააწვინა. სამოსი ბოლომდე გაიხადა და თვითონ ზემოდან მოექცა.
ანას სიამოვნების კვნესა აღმოხდა. მემასხაპალს ხელები დუნდულებზე მჭიდროდ მოჰკიდა, თავისკენ უხეშად და მძლავრად მიიზიდა. ხელები ზურგზე ნაზად ააცურა, მოეფერა. შემდეგ ფრჩხილები უხეშად ჩამოუსვა. ტკივილისგან ალთიონს ბოხი ხმა აღმოხდა. დედოფალმა ფეხები ზურგზე შემოაჭდო, თითქოს მახეში მოიქციაო. კაციც მოემზადა, ცოლს მიეკრა, ხელი წელზე მოჰხვია. ანამ კაცი ძლიერი მოძრაობით გადმოატრიალა და ზემოდან მოექცა. ალთიონმა ხელები თეძოებზე ნაზად მოჰკიდა.
ქალმა ხალათი შემოიძარცვა და ქმარს ყელში სწვდა. ნელ ლილატუნალს თანდათან მოუხშირა და ფრჩხილებით ალთიონს მკერდი დაუფხაჭნა. კაცს ისევ აღმოხდა ტკივილის მანიშნებელი ხმები. ანა სწრაფად მოძრაობდა და სიამოვნებისგან კვნესოდა. ვნებისგან გაბრუებული ალთიონი კი ღრმად სუნთქავდა. მგზნებარებით დაუოკებელ ბგერებს მეფე-დედოფალი ხშირ-ხშირად გამოსცემდნენ, ვიდრე გურარდუმ ორივეს ჟრუანტელივით არ დაუარა.
გაჩერდნენ.
ანამ ზეწარი მოიხურა, რათა სხეული ზღვიდან მონაბერი ნიავქარისგან დაეფარა და ალთიონის გვერდით გაგორდა. სწრაფად სუნთქავდა. მეუღლეს სიყვარულით აღსავსე თვალებით უმზერდა.
– კიდევ ერთი შვილი მინდა, – ისეთი ხმით უთხრა ანამ, თითქოს გამბედაობა ახლახან მოიკრიბაო. – მეც, – გამოუტყდა ალთიონი, – პატარა გოგო. ყოველთვის მინდოდა. – მე მეგონა, კიდევ ერთი ქალიშვილის ყოლა არ გსურდა, – სასიამოვნოდ გაკვირვებული ქალი კმაყოფილი ხმით გამოუტყდა. – მე კი მეგონა, რომ შენ არ გსურდა მეტი შვილის ყოლა, – გაუღიმა კაცმა. – ორივე ვცდებოდით.
ალთიონმა ცოლს გახედა და უსიტყვოდ დაეთანხმა. ტუჩის კიდეები ღიმის ნიშნად მცირედით შეირხა. ცოლისკენ გადაიწია და ტუჩებში აკოცა.
– ბავშვი გაამხიარულებს სამეფო სახლის მდუმარე კედლებს. ჩვენი შვილები უკვე დიდები არიან. ტეონი კი მალე ჩრდილოეთში წავა საომრად... ანას სახე მოეღუშა. მისი მზერა შიშმა მოიცვა. ცივმა ჟრუანტელმა დაუარა.
ალთიონმა დედოფლის გუნების ცვლილება შენიშნა და მეუღლის დამშვიდება სცადა: – ნუ გეშინია, ძლიერი მთავარსარდლები გაჰყვებიან თან. მთელი სარაჰის ჯარი დაიცავს. მსტოვრებსაც გავაყოლებ. ხელმწიფე ცდილობდა მშვიდი ხმით ესაუბრა, მაგრამ ანა ალთიონის ხმაში ღელვას გრძნობდა. – გული ცუდს მეუბნება, ჩემო მთვარემ, – აღელვებული ხმით დაიწყო დედოფალმა, – არ გააგზავნო. მეფე ხარ, შეგიძლია. – არ შემიძლია, წესთაადათი ასე გვკარნახობს, ჩემო მზეო, – ნაღვლიანი მზერით გახედა ცოლს, – ამიტომაც არ მინდოდა ჩრდილოეთის სამეფოსთან ომის დაწყება, მამფონებს ბევრი მსხვერპლის გაღება გვიწევს. ომს სახელმწიფოსთვის გაცილებით დიდი ზარალი მოაქვს. მალე მთელი სამეფო საომარ სამზადისს შეუდგება. ყველაფერი გაძვირდება, გადასახადები მოიმატებს, რათა სამხედრო მშენებლობას მოხმარდეს. არა და, ეჰ, – ამოიხვნეშა მეფემ, – ეს ყველაფერი უკეთესი საქმისთვის შეიძლება გამოგვეყენებინა. – მართალი ხარ, ჩემო სიყვარულო, მაგრამ ომი ერთადერთია, რაც აერთიანებს ამ ჭრელ სახელმწიფოს, – ალთიონს შიშველ მკერდზე მოეფერა, – სხვა შემთხვევაში, კარგა ხნის დაშლილი იქნებოდა, გარუთ-ჟაჰი კი პირველი გაიქცეოდა, – მკერდიდან თმა მოჰგლიჯა.
ალთიონმა იყვირა, შებრუნდა მეუღლისკენ და გაუღუტუნა. ქალს კისკისი აუტყდა და ფეხები აათამაშა. შეეცადა მეფის ხელი მისი სხეულისგან მოეშორებინა. მცირე შეხებაც კი აღიზიანებდა. კაცმა შეწყვიტა ცუღლუტობა, გვერდზე დაწვა და ცოლს ხელი წელზე გადადო.
რამდენიმე წუთი ერთმანეთს მდუმარედ, სიყვარულის ალით მოცული მზერით უცქერდნენ, ვიდრე სიჩუმე ალთიონმა არ დაარღვია: – მომშივდა, – ჩურჩულით თქვა.
წამოდგა მეფე, კედელთან მივიდა და სამი თოკიდან ერთი-ერთს ჩამოჰქაჩა.
– შუა ღამეა, ჩემო მთვარევ, იქნებ დავასვენოთ მზარეულები? – მზრუნველი ხმით ჰკითხა ანამ, – დღეს დიდი დღესასწაული იყო და დაღლილები იქნებიან. – ვიცი, ძვირფასო, ვიცი! ამიტომ მსახურს ვუხმე, ხილს და ღვინოს მოვატანინებ, – ალთიონმა იატაკიდან ღამის ხალათი აიღო და მოიხურა.
რამდენიმე წუთში მსახურიც შემოვიდა. მეფესს თავი დაუკრა. ალთიონმა ლმობიერი ხმით სთხოვა ხილი მოეტანა. ახალგაზრდა გოგონამ, რომელსაც მსუბუქი ტანსაცმელი ეცვა, იმის ნიშნად, რომ ბრძანება გაითავისა კვლავ დაუკრა თავი და სეფე-ოთახიდან მსთუადად გავიდა.
დედოფალმა მეუღლე კმაყოფილების ღიმით დააჯილდოვა. საჩვენებელი თითით ვნებიანად მიანიშნა, რომ მასთან მისულიყო. მეფეც, ცოლის მდუმარე შექებით ნასიამოვნები, ტანსაცმლიანად ჩახტა საწოლში.
– ეს ერთ-ერთი შენი თვისებაა, რატომაც შემიყვარდი! – გამოუტყდა ანა. – რა თვისება? – მოჩვენებით გაიკვირვა ალთიონმა.
სინამდვილეში იცოდა, ანა რასაც გულისხმობდა; უნდოდა, ეს მისგან მოესმინა.
– სიქველე, უბრალოება და უბრალო ხალხის სიყვარული, ეს ადამიანობის ნიშანი მაშინ აღმოვაჩინე შენში, როდესაც ჩემი ხელის სათხოვნელად გარუთ-ჟაჰში ჩამოხვედი. ნებისმიერი თანრიგობის ხალხის მიმართ, ყოველთვის თბილი გრძნობებით იყავი აღვსილი. შენთვის ყველა ერთი იყო. მახსოვს, როგორ დაიცავი მამაჩემის მსახური გოგონა და დედაქალაქში წამოიყვანე... – სიმართლე ითქვას, – გაეცინა ალთიონს, – გამოვისყიდე. იმ გოგონაში ფარისტაგს ბევრი სარაჰიტი მივეცი. – ვიცი, – თავი დაუქნია დედოფალმა, – მერე მამაჩემი ამ გარიგების გამო დიდხანს იცინოდა – ყოველთვის ამბობდა, რომ სარაჰის ტახტის მემკვიდრეს ბებერი ცხენი ახლის ფასად შევასაღეო. – ხო, – დაიჭმუხნა მეფე, – ჩემთვისაც უთქვამს, თანაც რამდენჯერმე... – მჯერა, – გაბრაზებით თქვა ანამ, – უყვარს თავის გამოჩენა და ტრაბახი, თან მოურიდებელია. სარაჰის დიდ კრებაზე ამიტომაც შევაწყვეტინე სიტყვა. – მართალი გითხრა, მეგონა, მთელ რისხვას შენზე გადმოანთხევდა. გამიკვირდა...
შუა საუბრისას მსახური შემოვიდა, ლანგრით ღვინო და ხილი შემოიტანა. საწოლთან მდგომ მაგიდაზე დაალაგა და უსიტყვოდ გავიდა. მეფემ გოგონას თვალი გაყოლა და განაგრძო: – როგორ შეიკავა თავი?! – მე კი გამიკვირდა, შენ ხმა რატომ არ მიეცი მემკვიდრეობის წესის შეცვლას. – ო, – ჩაფიქრდა მეფე, – ვთვლი, ეს გადაწყვეტილება იმდენადვეა სახიფათო სახელმწიფოსთვის, როგორც ვერიოსელებთან ომის განახლება, – ჭიქით ღვინო მიაწოდა ანას. – რატომ? – გულწრფელად გაუკვირდა დედოფალს. ღვინო გამოართვა. – ეს შექმნის მაგალითს, – ჭიქა პირთან მიიყუდა და ერთი ყლუპი მოსვა, – და მეფის ყველა მემკვიდრეს შორის სარაჰის ტახტისთვის გაიმართება ბრძოლა. ჩვენ გვყოლია დედოფლები, მაგრამ ისინი ერთადერთი მემკვიდრეები იყვნენ.
ანამ თავი გააქნია, მიანიშნა მეუღლეს, რომ არ ეთანხმებოდა.
– მომეცი ხილი, – სთხოვა და ყურძენზე მიუთითა.
ალთიონმა აიღო ურასული ყურძენი და მიაწოდა.
დედოფალმა რამდენიმე მარცვალი პირში ჩაიგდო, სიამოვნების გამომხატველი ბგერები გამოსცა, გადაყლაპა და საუბარი განაგრძო: – თუმცა უნდა აღვნიშნო – ო, რა გემრიელია, – ვერ დამალა სიამოვნება ანამ, – ქალებიც იმსახურებენ თანასწორ მოპყრობას. – გეთანხმები, ჩემო მზეო, მაგრამ, – დაეჭვებით გახედა, – ჩვენი სამეფო არ არის მზად თანასწორობისთვის. პირველ რიგში მამაშენი. – მამაჩემი, – ზიზღი აღებეჭდა ანას, – ო, ეს ადამიანისსახიანი ჟალიის ტბის ურჩხული..., – სიტყვა არ დაუსრულებია, ღვინო ნახევრად გამოსცალა. – მსტოვრებმა მითხრეს, შირტელსეშ-მეტაჰის ერისთავთან ხმების გაცვლაზე შეთანხმებულა. დაყაბულდა, რომ თუ მატეში ვერიოსთან ომის განახლებას დაუჭერდა მხარს, თვითონ არ შეეწინააღმდეგებოდა მემკვიდრეობის წესის შეცვლის შემოთავაზებას. მაგრამ, როგორც მოხდა, კარგად ვიცით, – ლივზინეურად გაიღიმა მეფემ. – რას იზამ, ასეთია მამაჩემი... – მოკლედ უპასუხა ანამ, ჭიქა გაიშვირა სასმისის შესავსებად და მეუღლეს თვალით ანიშნა, რომ ღვინო დაესხა. ალთიონმა ჭიქა შეუვსო.
ანამ მოსვა. ცოტა გაბრუებული იყო, მაგრამ საღად აზროვნების უნარი არ დაუკარგავს.
გრილმა ნიავმა ააფრიალა საწოლის ჰაეროვანი ფარდაგები. სიოს თან შემოჰყვა წვიმისპირულის სურნელი.
– იწვიმებს, – შენიშნა დედოფალმა და აივნისკენ გაიხედა.
ხელმწიფემ თანხმობის ნიშნად თავი დაუკრა. სახეზე მოეფერა და ნაზად გაუღიმა.
ქალმა საპასუხოდ სიყვარულით აღსავსე ღიმი უბოძა და სასხვათაშორისოდ იკითხა: – მიტტაზეჰის ერისთავს თუ მოუსმინე? – თითქოს უეცრად გაახსენდაო. – კი მოვისმინე და ვფიქრობ, ფუჭი განგაშია. – რატომ? – რატომ?! – ლივზინეურად გაიმეორა მეფემ, – ხომ იცი, ვერიჰიონის ოკეანე ჯერ არავის გადმოუცურავს! – ქსაკოებმა გადმოცურეს, ექვსასი წლის წინ, – ნიშნისმოგების ხმაჟღერადობით შეუსწორა ანამ, – შირტელსეშ-მეტაჰი აიღეს და მისაჰალეი მთაში გახიზნეს. დღეს სიმშვიდეა, მაგრამ ზღვის ხალხსა და მთის ხალხს შორის ომი საუკუნეების განმავლობაში გრძელდებოდა. იქნებ ჯობდეს, – ხმაში სიფრთხილე იგრძნობოდა, – ავაშენოთ ნიშუობა, ვინ იცის, მილინისელები არ მოგვატყუებდნენ, თუ მართლა გადმოლახა იმ ახალმა წინასწარმეტყველმა ზღვა, შავი დღეები დაუდგება სარაჰს. – ნუ ღელავ, ჩემო მზეო, – თავისუფალი ხელით თმაზე მოეფერა, – „მტვრის საძმო“ ჩვენი სამეფოსთვის ამ წუთას საფრთხე არ არის, დღეს ჩვენი საზრუნავი შიდა მტრებია. იმათ უნდა მოვუაროთ. – მართალი ხარ, – დაეთანხმა ანა, – მაგრამ გამალებული ომები ჩრდილოეთ სამეფოსთან და ვაჭრობა მხოლოდ ტინარშუჰთან არ უშველის მტრების ამოძირკვას. საჭიროა მკაცრი და უკიდურესი ზომების მიღება.
დედოფალმა ყურძნის მტევანი აიღო და მაღლა დაიჭირა. თავი გადასწია, ჭერს მიაშტერდა, აკიდო ახლოს ტუჩებთან მიიტანა, ყურძნის მარცვალი კბილებში მოიმწყვდია და შეჭამა. შემდეგ რამდენიმე მარცვალი ხელით მოაწყვიტა, მეფეს მკერდზე დაულაგა და მაცდუნებელი მზერით მიაჩერდა: – იქნებ, ყველას თავები დავაყრევინოთ! – მაცდურად უღიმოდა. – მამაშენს თავს ვერ მოვკვეთ, ღმერთები გამიჯავრდებიან, – გულიანად გადაიხარხარა მეფემ, მკლავებში მოიმწყვდია მეუღლე და ნეტარებას მიეცნენ.
*** მცხუნვარე მზემ არ დაიშურა დღისით დედაქალაქისთვის საკუთარი სხივები ებოძებინა. რაჰის ამინდს როგორც ჩვევია ხოლმე, ღამით წვიმდა, თუმცა გამთენიისას იაგუნდისფერი საბურველი ღრუბლების მანდილმა ჩაანაცვლა. დღე გრილი იყო, მაგრამ ნელ-ნელა თეთრ ფერს ლაჟვარდისფერი ანაცვლებდა და მზეც ცდილობდა, ღრუბელთა სატუსაღოსგან თავი დაეღწია. სველი მიწა კი მზის სხივებით თბებოდა და თანდათან შრებოდა.
ალთიონმა ნაადრევად გაიღვიძა. ანას ჯერ კიდევ ეძინა. მშვიდად გადმოდგა ნაბიჯი იატაკზე, ხალათი მოისხა და აივანზე გავიდა. ჰაერში წვიმისშემდგომი სურნელი ტრიალებდა. არემარე ვერცხლისფრად შეფერილიყო. მზე ღრუბლებს ერკინებოდა. ალთიონს ცოტათი შესცივდა, ამიტომ ოთახში გაბრუნდა.
დედოფალს გაჰღვიძებოდა.
– დავუძახოთ სეფე ქალებს? – შესთავაზა მეფემ. – არა, ჯერ არ მინდა ადგომა, – იუარა ანამ. – კეთილი, – გაუღიმა ალთიონმა და ლერექუდეში გავიდა. იქ მსახურები ელოდებოდნენ.
თხილისფერი, ოქრომკედით დაქარგული ჩოხა, წითელი წაღები, სახელმწიფეო გვირგვინი და ვერცხლის ლალებით გაწყობილი ქამარი – სეფემსახურთ მდივან-უხუცესთა საბჭოსთვის განკუთვნილი სამოსი გაემზადებინათ.
მსახურებმა მეფე შემოსეს. მოსასვენებლიდან გასვლამდე ალთიონი ანას გამოემშვიდობა და მწიგნობარ-უხუცესის ოთახისკენ გაემართა. არავინ დახვდა. ერთ-ერთ მსახურს, რომლებიც თან მიჰყვებოდნენ, დაავალა, უფლისწულები ეხმო. მსახურმა თავი დაუკრა და სასახლის აღმოსავლეთი ნაწილისკენ ბურინით გაემართა.
– საბჭოსთვის ყველაფერი მზადაა? – ჰკითხა მდივანს. – დიახ, თქვენო უდიდებულესობავ, – მდაბლად დაუდასტურა ახალგაზრდა კაცმა, – მწიგნობარიც თქვენ გელოდებათ, ,,დიდ დარბაზშია“. – ზურა იქ არის? – გაიკვირვა მეფემ, – საკვირველია, ჩემზე ადრე გაუღვიძია. – უფლისწულმა ასტერონმა იხმო... – უფლისწულიც „დიდ დარბაზშია“, – თინჩი სახით მრავლისმეტყველად ჩაილაპარაკა.
ალთიონმა სასახლის დასავლეთი მხარე სწრაფად გაიარა და მაღალი კოშკისკენ გაემართა. კიბე მსთუადად აირბინა. „დიდი დარბაზისკენ“ დიდი ნათელი დერეფანი მიუძღოდა, რომელიც ცალი მხრიდან ღია იყო, თაღოვანი სვეტები კი აივანსა და ტალანს ერთმანეთისგან აცალკევებდა. შესასვლელ კართან მამას ასტერონი ელოდებოდა.
– ტეონი მოვიდა? – მამობრივი სიყვარულით ჰკითხა მეფემ. – ჯერ არ, მაგრამ მოვა. – ნაკლებად ვარ დარწმუნებული, – გაუღიმა, – წამომყევი, ჯერ ადრეა.
ასტერონი გაჰყვა მეფეს, რომელიც აივნისკენ მიდიოდა.
– ყველა შეკრებილია, მამა, – შეახსენა უფლისწულმა. – ყველა მე მელოდება, ეგ მეფის საბჭოა, – განუმარტა ალთიონმა.
უფლისწულს გაეღიმა. მამა-შვილი აივანზე გავიდა. მზე ღრუბლის ტყვეობისგან უკვე გათავისუფლებულიყო და დედამიწას საკუთარ თბილ საბანს გულუხვად აფენდა.
ასტერონი ალთიონს გაკვირვებული სახით შესცქეროდა, ვერ მიმხვდარიყო, მეფემ სასაუბროდ თუ რატომ გაიწვია. საუბრის დაწყებას არც ხელმწიფეც ჩქარობდა, აივნიდან გადაჰყურებდა ქალაქს და უცნაური ღიმილი დასთამაშებდა.
– იცი, შენს ასაკში მე უკვე მეფე ვიყავი, ხელმწიფე ამ დიადი სამფლობელოსი, – ხელი გაიშვირა ქალაქისკენ და მოატარა, თითქოს ეფერებაო, – ცხრამეტი წლის ავედი ტახტზე. მამაჩემი სახელმწიფო საქმეებს ჩამოაშორეს, მე კი თითქმის მოუმზადებელი, მთავარქურუმმა ესმამ მეფედ მაკურთხა...
უფლისწულს მამის საუბრისგან გამოწვეული გაურკვევლობა სახეზე აღბეჭდვოდა, მაგრამ კითხვის დასმას არ ჩქარობდა. სიმშვიდითა და მოთმინებით ელოდებოდა მამა როდის დაასრულებდა სათქმელს.
– იცი, ვინ დამეხმარა, რათა გამეწია ესოდენ დიდი ჯაფა და სახელმწიფეოს გავძღოლოდი? – უარყოფის ნიშნად ასტერონმა თავი გაუქნია, – დედაშენი, ანა. დედოფალი რომ არ მყოლოდა, ალბათ, ვერ გავართმევდი თავს, ვერ შევძლებდი ამეღო საკუთარ თავზე ესოდენ დიდი პასუხისმგებლობა... – გასაგებია ეს ყველაფერი, მამა, მაგრამ ამ ამბავს მე რატომ მიყვები? – ასტერონმა ვეღარ მოითმინა და ჰკითხა. – შენ ჩემი მემკვიდრე ხარ, სარაჰის ტახტზე, ჩემი სიკვდილის შემდეგ, შენ აღზევდები. ახლა ომი იწყება ვერიოსთან, არავინ უწყის რა მოხდება. შეიძლება, დღეს არა და ხვალ, მოგიხდეს აიღო პასუხისმგებლობა, ამ ქვეყნის გაძღოლის ტვირთი ზიდო, – მიუახლოვდა შვილს, მკლავებში ჩასჭიდა ხელები, მტკიცე მზერით უცქერდა, – შვილო, დროა იქორწინო... – რა? – შეიცხადა უფლისწულმა, – რას ნიშნავს ვიქორწინო? – დიახ, სახელმწიფოს სიძლიერის შესანარჩუნებლად, მისი სიმტკიცისა და ერთიანობისთვის უნდა იქორწინო. აქ იმიტომ გიხმე, რომ საბჭოზე გააქვს ზურას ეგ საკითხი. მაგრამ ვიდრე გაიტანდეს, მინდოდა, ჩემგან გაგეგო და არ ყოფილიყო შენთვის ეს ამბავი მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნასავით. – მამა, მე ამისთვის მზად არ ვარ! – გაითავისუფლა თავი მეფის მკლავებისგან. – ო, ასტერონ, ამისთვის არავინაა მზად. არც მე ვიყავი მზად, როდესაც ბაბუაშენმა გამგზავნა გარუთ-ჟაჰში საცოლის გასაცნობად, არც ბაბუაშენი იყო მზად, როდესაც მშობლებმა ურასის ერისთავის ასული, ბებიაშენი ლეჲა, შერთეს. – კი მაგრამ, მამა...
ალთიონმა თინჩი ხმით შეაწყვეტინა: – არავითარი მაგრამ, ახლა გელაპარაკები არა როგორც მამა, არამედ როგორც სარაჰის ხელმწიფე, სახელმწიფოს მართველი და მისი ერთიანობის მცველი. ეგ შენი ვალია, შეირთო ცოლად ის, ვინც უკეთ გამოადგება ქვეყანას. ვინ იცის, ეგება ჩემსავით გაგიმართლოს და შეგიყვარდეს კიდეც. – მე უკვე მიყვარს სხვა, – ასტერონი მეფეს შიშნარევი თვალებით მიაჩერდა, – მე ის მინდა დედოფლად, მეგზურად, არ მინდა ვინმე დიდთავადისა თუ ერისთავის გოგო, რომელიც მხოლოდ სახელმწიფოებრიობის ლიშანი იქნება და სხვა არაფერი. მე მხოლოდ სიყვარულით მოვიყვან ცოლს. – გიყვარს? – ალთიონმა ორი ნაბიჯი უკან გადადგა, – ვინ არის, როდის გაიცანი? – გაოცებული გამომეტყველება ჰქონდა. – კი, მიყვარს, – თავი დაუქნია, ასტერონი შეეცადა დამაჯერებლად ესაუბრა, – ის ერთადერთია, ის განსხვავებულია: გულწრფელი, თბილი, ლამაზი. მას არ აწუხებს დიდებისკენ ბოროტი სწრაფვა. ის სიკეთეა, ზეჰის განსხეულება, – საუბრისას უფლისწულს სახე უნათდებოდა, თვალებს სიყვარულის ელფერი ეკვროდა. – კეთილი, – გაუღიმა მეფემ, – სიყვარული მნათობთა უდიდესი საჩუქარია. მისი უარყოფა გაუგონარი მკრეხელობაა. თუმცაღა, ასევე გაუგონარი ცოდვაა საკუთარი მოვალეობის უგულებელყოფა, იმაზე უარის თქმა, რაც შენ გევალება. შენი მოვალეობა კი ამ ქვეყნის მართვაა. ყველაფერი უნდა იღონო, რათა შევინარჩუნოთ სიმშვიდე. შენ მეფისწული ხარ, ბატონიშვილი, შენს ძარღვებში დარიელთა სისხლი ჩქეფს და ეს გავალდებულებს მოიქცე ისე, როგორც ამას შენგან ელიან. არ მოგცემ უფლებას ქვეყნის დიდება და სიმტკიცე გრძნობებს გადააყოლო, მეფე იქნები და მოიქეცი მეფის დარად. – მე მოვიქცევი სინდისის კარნახის თანახმად, თქვენო უდიდებულესობავ. ის ერთადერთი გზამკვლევია, რომელსაც მივდევ, სხვა ყველაფერი მხოლოდ აჩრდილია ჭეშმარიტებისა. მოვალეობა, სისხლი, მეფეც კი, – შეშინებული მზერით განაგრძო, – ყველა და ყველაფერი საბოლოოდ ქედს იხრის სინდისი ძალაშინის, გნასის და ნათების წინაშე. მეფე შეყოვნდა. ჩაფიქრებული გამომეტყველება მიიღო, შემდეგ მშვიდი ხმითა და გაკვირვებული სახით ჰკითხა: – სად ისწავლე ფილაფოზთა ნარკვევები? – მე, ამ ხნის განმავლობაში, მხოლოდ სამხედრო საქმეს არ ვეუფლებოდი, თქვენო უდიდებულესობავ! მე წიგნთსაცავშიც დავდიოდი და ცქვირინისეულ გრაგნილებსაც ვეცნობოდი.
მეფე გაოცებული შესცქეროდა შვილს. ყოველთვის იცოდა, რომ ასტერონი ტეონისაგან განსხვავებით უფრო გონიერი და დინჯი იყო, მაგრამ არასდროს დაეჭვებულა, რომ ტახტის მემკვიდრე ძველი დროის სწავლულ ბრძენკაცთა აზრებით იქნებოდა გატაცებული.
– ერთს გთხოვ, შვილო, – ალთიონი მიხვდა, რომ ახლა საუბრის გაგრძელებას არ ჰქონდა აზრი, – იფიქრე ამ წინადადებაზე, ყველაფერს ხაზს ერთი ხელის მოსმით ნუ გადაუსვამ.
ასტერონი მამის მშვიდმა ხმამ და მუდარისეულმა ხმაჟღერადობამ დააშოშმინა.
– პირობას გაძლევ, ვიფიქრებ, – უფლისწულმა მეფეს ფრთხილი მზერით გახედა, – მაგრამ ვერ შეგპირდები, მივიდე იმ დასკვნამდე, რომელიც შენთვის სასურველი და ჩემთვის უსურველი იქნება, – კვლავ ფილოფოზთა ენით უპასუხა. – კეთილი, – მამობრივი სიყვარული გაუღიმა მეფემ, – ამაზე მეტის იმედი არც მქონია, – ხელი დარბაზისკენ გაიშვირა, – წავიდეთ, ნუ ვალოდინებთ ქვეშევრდომებს.
დარბაზისკენ გაემართნენ.
მართკუთხა მაგიდასთან მსხდომი რვა მდივან-უხუცესი მეფეს ელოდებოდა. ალთიონის შესვლისთანავე ფეხზე წამოდგნენ. მწიგნობარ-უხუცესი ზურა მეფის ტახტრევნის მარჯვნივ მოკალათებულიყო. მისი ლასგურა დანარჩენი მდივან-უხუცესთა სკამთაგან გამოირჩეოდა.
მამფონმა ხელქვეითებს უფლისწულთან ერთად მედიდურად ჩაუარა და მაგიდის თავში დაჯდა. ასტერონი მამას გვერდით მიუჯდა. ხელმწიფემ ხელით ანიშნა მათ, დამსხდარიყვნენ.
დაჯდომისთანავე მეფემ მსახური თითით იხმო. ბიჭი მასთან მიიჭრა და თავი დაუკრა.
– გისმენთ, თქვენო უდიდებულესობავ! – სად არის ტეონი? – მკაცრი გამომეტყველებით მიმართა. – სძინავს, თქვენო უდიდებულესობავ! – ბიჭმა მორიდებითა და ხმის თრთოლვით უპასუხა. – რას ნიშნავს ეს, როგორ თუ სძინავს, – გაჯავრებული ხმით შეჰყვირა მსახურს, მაგრამ მიხვდა, რომ მის ქვეშევრდომს შვილის უპასუხისმგებლობაში ბრალი არ მიუძღოდა და ლმობიერი ხმაჟღერადობით განაგრძო, – სადაც არ უნდა იყოს, მოიყვანეთ საბჭოს სხდომაზე, თუ საჭირო გახდება, საწოლიანად მოიტანეთ აქ! – მსახურს ხელით ანიშნა, რომ წასულიყო. – ახლავე, თქვენო უდიდებულესობავ, – შავებში ჩაცმულმა ყმაწვილმა თავი დაუკრა და მთავარი ოთახიდან ელვის სისწრაფით გავიდა. – მწიგნობარ-უხუცესო, – გაიხედა მარჯვნივ, – რას განიხილავს ხელმწიფის საბჭო დღეს? – თქვენო უდიდებულესობავ, პირველ რიგში სარაჰის დიდი კრების მიერ დავალებული საქმეებია განსახილველი, ხოლო შემდგომ წვრილმანი საკითხები. – სარაჰის დიდი კრება, – ჩაეღიმა მეფეს, – როგორც მახსოვს, სამი საკითხი – ჩრდილოეთში ომის დაწყება, ქვეხაზინის დაწესება და მემკვიდრეობის წესის ცვლილება – იყო. პირველისა და მეორის გაუქმება შესაძლებელია, ხოლო მესამის – შეუძლებელი. შეთავაზება მიღებულია და არვის ძალუძს მისი უკუგდება, თვით ხელმწიფესაც კი. მეტიც, დედოფალმა თანხმობა თქვა და ჩემს საყვარელ მეუღლეს ვერ გადავიმტერებ, – გაეცინა. მეფის სიტყვებზე მდივან-უხუცესებმაც გაიცინეს. ასტერონს გაეღიმა და მამას მოსიყვარულე მზერით გადახედა. – მაშ ასე, – მეფემ დინჯი სახით მიმართა საბჭოს, – მოვამზადოთ შეთავაზების ოქმი ხელმოსაწერად და გადავწყვიტოთ დავიწყოთ თუ არა ომი ვერიოსთან. – მწიგნობარ-უხუცეს მიუბრუნდა და სასხვათაშორისოდ მიმართა, – ზურა, რამეს ხომ არ დაამატებდი, გავიგე, დილით გიბაასია უფლისწულთან, ეგებ რაიმე ახალი აზრი გაგიჩნდა?! – არა, თქვენო უდიდებულესობავ, არაფრის დამატება მსურს, – უხერხულად გაიღიმა და უფლისწულს მრავლისმეტყველად გახედა, – მეფისწულთან სავარაუდო ომის საკითხები განვიხილეთ.
ალთიონმა მრავლისმეტყველი გამოხედვით დაუქნია თავი. შემდეგ მარცხენა მხარეს, უფლისწულთან ახლოს მჯდომ ორმოცდაათ წელს გადაცილებულ კაცს მიმართა:
– კიმილიათუხუცესო , რას იტყვი, აქვს სარაჰს შესაძლებლობა ჩრდილოელებთან მორიგი ომი გამართოს? – თქვენო უდიდებულესობავ, სარაჰს მართებს ორი ათასვითოში სარაჰიტის ვალი ტინარშუჰის საქალაქო სავახშოს მიმართ და ოთხმოცი ათასვითოში ფლივი პათომონისა. სამეფო ხაზინაში დარჩენილია ორასი ათასვითოში სარაჰიტი. საკმარისია ომის საწარმოებლად, თუმცა მოგვიწევს ხარჯების შემცირება, რათა ომის შემდგომ სიდუხჭირეს გავუმკლავდეთ, იმ შემთხვევაში, თუ ვერ მოვიალაფებთ. მეტიც, ტინარშუჰის სავახშო არ პატიობს ღალატს და არც პათომონის მთავარი აპატიებს გვირგვინს. – გასაგებია. მაშ, თუ ჩვენი მეურნეობა გვაძლევს საშუალებას ომი დავიწყოთ, მაშინ ჩემს სიმამრს ნუ ვაწყენინებთ და შევებრძოლოთ ჩრდილოეთს, ისევ. – ბოლო სიტყვა უსიამოვნოდ წარმოთქვა. შემდეგ მაგიდის მეორე ბოლოში მჯდომ ახალგაზრდა, ოცდაჩვიდმეტი წლის შავწვეროსან მამაკაცს მიმართა, – სარაჰის ჟანუბასსეთო, დღესვე მოამზადე მემკვიდრეობის წესის ცვლილებათა ოქმი და მომიტანეთ ხელმოსაწერად...
მეფეს უნდოდა გაეგრძელებინა საბჭოს შეკრება, როდესაც დარბაზის კარი გაიღო და ტეონი შემოვიდა. ალთიონმა უფლისწულს ხმამაღლა უთხრა, მასთან მისულიყო. ყმაწვილი მამასთან მორიდებით მივიდა – ტეონის თვალებში სირცხვილის გრძნობა ირეკლებოდა.
– გისმენთ, თქვენო უდიდებულესობავ! – ჩურჩულით უთხრა ტეონმა. – იდექი, – გულგრილად და მკაცრად უპასუხა, – ზუსტად ახლა ვაპირებდით ვერიოსთან ომის განხილვას...
ალთიონი საბჭოს მიუბრუნდა და ნაღვლიანი სახით, უხალისო ხმით განაგრძო: – სარაჰის დიდიმა კრებამ დაადგინა, რომ ომი უნდა განახლდეს ვერიოსთან. ჩვენ, ხელმწიფის საბჭოს, გვაქვს უფლება უარი ვთქვათ ამ გადაწყვეტილებაზე. ამიტომ გთავაზობთ კენჭი ვუყაროთ, ემხრობით თუ არა ომის განახლებას, – მეფემ მწიგნობარ-უხუცესს ანიშნა დაეწყო საჭირო წესების აღსრულება კენჭისყრისთვის.
ზურა ფეხზე წამოდგა და მჭექარე ხმით დაიძახა: – ვერიოსთან ომის დაწყებას ვინც ემხრობით, გთხოვთ აწიოთ ხელი.
საბჭოს წევრთაგან ხუთმა მხარი დაუჭირა შემოთავაზებას, მხოლოდ ჟანუბასსეთმა და კიმილიათუხუცესმა შეიკავეს თავი.
– კენჭისყრის მიხედვით, სახელმწიფო საბჭო მხარს უჭერს ომის დაწყებას. ჟანუბასსეთს ვთხოვთ მოამზადოს გადაწყვეტილების ოქმი.
ჟანუბასსეთმა, თანხმობის ნიშნად, უხალისოდ დაუკრა თავი.
ზურამ ჩვეული ხმით განაგრძო, მიმართა საბჭოს წინადადების დასადასტურებლად: – ქვეხაზინის დაწესება გახლავთ საკითხი, რომელიც სახელმწიფო საბჭოს თანხმობას მოითხოვს. გთხოვთ ხელის აღმართვით დაადასტუროთ თანხმობა, – მწიგნობარმა დაითვალა ხმათა რაოდენობა, – შვიდი ხმით წინადადება დადასტურებულია და ჟანუბასსეთს დაევალოს ოქმის შედგენა, – მწიგნობარ-უხუცესი დაჯდა. – მელერე ზურაჰ, – მშვიდად მიმართა მეფემ, – გეტყვით, რომ ომის სამზადისს კიმილიათუხუცესი და ჩემ მიერ საგანგებოდ დანიშნული სპასპეტი გაუძღვებიან. მანამდე კი უფლისწული ტეონი საომრად უნდა მოვამზადოთ; წესთაადათი ასე მოითხოვს, უმრწესი უნდა გაჰყვეს ჯარს. – თქვენო უდიდებულესობავ, – მარჯვენა მხარეს მჯდარმა მოხუცებულმა საბჭოს წევრმა დაიწყო, რომელსაც თოვლივით თეთრი თმა მოკლედ შეეკრიჭა, სახე კი გაპარსული ჰქონდა, – მოგეხსენებათ, უკვე მეფის ორ თაობას არ წარუგზავნია უმცროსი მეფისწული ვერიოსელებთან საომრად, ამიტომ სჯობს, არც ჩვენ წარვაგზავნოთ. – მსტოვართუხუცესო, მადლობას მოგახსენებ მატეანეში გარკვევისთვის, მაგრამ არ ვაპირებ ჩვენს ადათებს ვუღალატო. ჩემი უფროსი ძმა ნაადრევად დაიღუპა, როგორც მამაჩემისა და ბაბუაჩემის ძმები, სწორედ ეს იყო მიზეზი, თუ რატომ არ წარუგზავნიათ უმრწესნი საომრად. – მეფეს მტკიცე ხმა ჰქონდა, – თუმცა მე ჩემი ნებით წავედი ომში, როდესაც ამის დრო მოვიდა. ტეონიც წავა, რადგან ეს მისი მოვალეობაა, – ალთიონმა შვილს გადახედა, რომელიც გაფითრებულიყო, – ეს არის ჩემი საბოლოო გადაწყვეტილება.
ხელმწიფე ფეხზე წამოდგა. უხუცესნიც წამოიმართნენ – მაზარები, მოსასხამები და მძიმე ქსოვილისგან შეკერილი ტანსაცმელი აშრიალდა. ალთიონმა ზურას მიმართა: – საბჭოს სხდომა შენ განაგრძე, მოიქეცი ისე, როგორც მეფისნაცვალი. დაიწყეთ მზადება ომისთვის. ოქმები ხელმოსაწერად საღამოს შემომიტანეთ! – შემდეგ ტეონისკენ მიტრიალდა, – დარჩი, ეს საკითხი შენც გეხება! – ასტერონს მიუბრუნდა, ხელით ანიშნა წაჰყოლოდა, თან ღიმილიანი სახით უთხრა გამომყევიო.
ხელმწიფე მედიდურად და დამშვიდებული ფიქრებით, რომ სახელმწიფო საქმეები სანდო ადამიანს დააკისრა, მთავარი ოთახიდან გამოვიდა. უკან ასტერონი მოჰყვებოდა. ვიდრე ბარანჭის კარის ზღურბლს გასცდებოდა, ალთიონი საბჭოს შემოუბრუნდა, ისეთი სახე ჰქონდა, თითქოს გზაში გაახსენდა რის თქმასაც აპირებდა, და დაბალი ხმით მდივან-უხუცესებს ბოლო დავალება მისცა: – მერცხლებს აცნობეთ, გადაწყვეტილებები ქალაქსა და სახელმწიფოში გაავრცელონ.
მამა-შვილი ტალანში გავიდა. ჩაიარეს კიბე, გასცდნენ ხარისხუდეს და ბაღში გავიდნენ. იქ შემოდგომის ყვავილები ხარობდნენ. მრავალნაირი სურნელება ერთმანეთში ირეოდა. სასიამოვნო შეგრძნებებს ტოვებდა და ადამიანს როგორც გარემო, ასევე შეგრძნებები სიმშვიდის გრძნობას უნერგავდა.
– აბა, რას მეტყვი, ვერიოსელებთან ომის თაობაზე რას ფიქრობ? – მეფე ბანდარზე ჩამოჯდა და ასტერონს მიუთითა, მის გვერდით დამჯდარიყო. – რისთვის გაინტერესებთ ჩემი აზრი?– გაუკვირდა უფლისწულს. – შენს ასაკში, ბაბუაშენი უფლებას მაძლევდა გავძღოლოდი სახელმწიფო საბჭოს, ვიდრე თვითონ ნადირობდა, – გაეღიმა მეფეს. – გასაგებია, – თასბოშმა თვალი მოარიდა მამას და ბაღის სიღრმეში გაიხედა. – მაშ, რას ფიქრობ? – ჩემი ფიქრები არ მოგეწონებათ. – შენ სცადე, გამიმხილე და მე გადავწყვეტ, – შეაგულიანა მეფემ. – ვფიქრობ, ომი უდიდესი ბოროტებაა, არაფრის მომცემი – უფრო მეტს ვკარგავთ, ვიდრე ვიძენთ... – მაგრამ, – გააწყვეტინა ალთიონმა, – ნაალაფარი, ოქრო-ვერცხლი, სიმდიდრე, საომარი საშუალებანი – ყველაფერი რაც კი რჩება ომის შემდგომ, არაფერია? – რა არის ეს ყველაფერი ადამიანის სიცოცხლის სანაცვლოდ?! – ასტერონმა თითქოს ჰკითხა, სინამდვილეში კი პასუხს არ ელოდა, რადგან მტკიცედ სჯეროდა საკუთარი აზრების. – ადამიანები? – ალთიონმა გაკვირვება მთელი სხეულით გამოხატა. – დიახ, ზეჰმა ადამიანს საკუთარი სულის ნაწილი უბოძა. ის ყველაზე დიდი საგანძურია, რაც სახელმწიფეოს, სამეფოს, საერისთავოს, სამთავროსა თუ ქალაქს აქვს. ადამიანი და მხოლოდ ადამიანია ერთადერთი კიმილია.
ალთიონს გაეცინა, ლივზინეური გამომეტყველებით ხელი მხარზე დაადო, რამდენჯერმე დაარტყა და თან უთხრა: – ჯერ ახალგაზრდა ხარ და თავი უნაკლოებით გაქვს გაჯერებული. მხოლოდ ეს არ არის ცხოვრება – მისდიო ფილაფოზთა შეგონებებს. მოვა დრო და მიხვდები, რომ ადამიანი არის ნაწილაკი იმისა, რაც ხდება და მოხდება, – ღიმილით დაასრულა მეფემ. – მართალია, ჯერ ახალგაზრდა ვარ, მაგრამ თავისუფლება და ადამიანურობა ერთადერთია რისიც მჯერა და ამის ერთგული სიცოცხლის ბოლომდე ვიქნები, სხვა ყველაფერი წარმავალია. – მემკვიდრეობა უკვდავია, შვილო, – თვალებში ჩახედა მეფემ, – რაც ჩვენს შემდეგ რჩება ის სამუდამოა, წარუვალი. – მართალს ბრძანებთ. ამიტომაც წინასწარ უნდა დავისახოთ გზა, რომელიც მემკვიდრეობად კარგ სახელს დაგვიტოვებს. – არა შვილო, კარგი სახელი კარგია, მაგრამ ჩვენს შემდეგ ძლიერი გასაგისი და ერთიანობა უნდა დავტოვოთ. – ჩვენი გვარეულობის გასაძლიერებლად კი ჩრდილოეთ სამეფოსთან ომი უნდა დავიწყოთ? – გაკვირვებით ჰკითხა უფლისწულმა. – ომს იმიტომ ვიწყებთ, რომ ეგ ჯერ სარაჰის დიდმა კრებამ, ხოლო შემდგომ სახელმწიფო საბჭომ დაადგინა. მეტიც, გარუთ-ჟაჰის სამთავროს სჭირდება ეს, – ისე ეუბნებოდა, მიანიშნებდა, რომ მეფე ჩიხში იყო მომწყვდეული. – მაგრამ მამა, თქვენ მეფე ბრძანდებით, ხელმწიფე ამ უზარმაზარი სახელმწიფეოსი, გარუთ-ჟაჰი კი ერთ-ერთი საერისთავოა, – გულწრფელი გაოცებით თქვა ასტერონმა. – ბაბუაშენი არ არის ის ერისთავი, რომლის სიტყვას ყურს არ უგდებენ. მას ყველა სამთავროზე მეტი ჯარისკაცი ჰყავს. – მაგრამ სანოვაგე არა აქვს. აგრძნობინე, რა რთულია დანარჩენი სამთავროს გარეშე ცხოვრება და მიხვდება, რომ მხოლოდ ჯარი არ არის ძალაუფლება.
მეფემ მოწონების ნიშნად თავი დააქნია და ტუჩის კიდეები მოკუმა – ჩაფიქრდა, უფლისწულისგან ამდაგვარ პასუხს არ მოელოდა.
– შენსავით ფიქრობდა ჩვენი წინაპრებიც, თრაგონი მეფეებიც და მათი წინაპრებიც, მაგრამ გარუთ-ჟაჰელები ერთ მუშტად შეკრული ხალხია; რა გინდ არ უყვარდეთ საკუთარი ერისთავი, თუ გრძნობენ საფრთხეს, ერთად დგებიან და მტერს იგერიებენ, ხოლო მოგერიების შემდეგ, უტევენ და ამარცხებენ მომხვდურთ, – მამა შვილს არიგებდა, უნდოდა გაეთვალისწინებინა ყველა საფრთხე, როდესაც ასტერონი მეფე გახდებოდა, – შენ ხელმწიფე გახდები და უნდა იცოდე, რომ გარუთ-ჟაჰთან მორიგება ჯობია, ვიდრე ომი. – ომი ყოველთვის ბოროტებაა, – მტკიცედ თქვა უფლისწულმა. – თუმცა ზოგჯერ აუცილებელიც! თანაც როდესაც მეფე დამოკიდებულია საკუთარი სამთავროების ლერთქემზე . ასტერონი ჩაფიქრდა; იცოდა, რომ სამეფო ლაშქარი საერისთავოს ჯარისგან შედგებოდა, მაგრამ არ ეგონა, რომ ეს მამფონს ერისთავებსა და მთავრებზე დამოკიდებულს ხდიდა. – ადამიანი, რომელიც ვერ ხედავს ძალადობის გარდა სხვა გამოსავალს, ყოველთვის მიმართავს მას. ასე არაა?! – ისე უთხრა თითქოს წინასწარ იცოდა პასუხი. – მაგრამ სინამდვილეში, ყოველთვის არსებობს სხვა გზა, – მრავლისმეტყველად გადახედა მამას. – ჩვენი წინაპრები არ იშურებდნენ ძალას ეპოვათ სხვა გამოსავალი, ამისთვის დააარსეს სარაჰის დიდი კრება, ამისთვის დათმეს ბევრი რამ, მაგრამ ვიდრე სხვა გამოსავალს იპოვიდნენ, მანამდე თვითმპყრობი თრაგონი მეფის დამარცხება მოუხდათ, – თავი იმართლა ალთიონმა. – დამარცხება?! – ჩაეცინა უფლისწულს, – ჩვენმა წინაპარმა ხელმწიფე, მისი და, დისწულნი და უფლისწული სიცოცხლეს გამოასალმეს. სახელმწიფო გადატრიალება მოხდა ისე, რომ მეფეს ვერც კი წარმოედგინა ეგ. საწყალ ატრაქსეს, – სინანულით წარმოთქვა ხელმწიფის სახელი და ლივზინეური ხმაჟღერადობა გაურია, – არ ეგონა ერთგული დარიელები თუ უღალატებდნენ, ამიტომ, თქვენო უდიდებულესობავ, ჩვენი წინაპრები არც ისე უცოდველნი იყვნენ, როგორც ამას ხალხს ეუბნებიან, მეტიც ატრაქსეს მემკვიდრე არ მომკვდარა, ხელმწიფისასული და დედოფალი მიიმალნენ. ჩვენი ახალი კანონით კი ქალს ტახტზე თითქმის იმდენივე უფლება აქვს, რამდენიც კაცს.
მეფემ შვილს გაკვირვებული მზერა მიაპყრო. უნდოდა, ეკითხა თუ საიდან იცოდა თრაგონთა გასაგისის გადარჩენილი წევრების შესახებ, მაგრამ მერე გაახსენდა, რომ ასტერონი წიგნთსაცავში უფრო მეტ დროს ატარებდა, ვიდრე მზეზე.
– ეს ერთ-ერთი მიზეზი იყო, რატომაც ვეწინააღმდეგებოდი ამ გადაწყვეტილებას, – გამოუტყდა მეფე. – დედოფალმა ეგ არ იცის? – გაიკვირვა უფლისწულმა. – არა, – მოკლედ და გულგრილი გამომეტყველებით უპასუხა ალთიონმა.
ასტერონს არაფერი უთქვამს, ცას ახედა. ღრუბლები რაჰისკენ თეთრი რაშივით მოჰქროდნენ. გაწვიმებას აპირებდა.
– მართლაც, – ცას მიჩერებული უფლისწული შეყოვნდა, – რაჰში ან წვიმს ან ნაწვიმარია. ცქვირინისეულია, ხალხურ სიტყვა-თქმაში ყოველთვის დიდი სიბრძნე დევს, – მამას გაუღიმა. – კი ნამდვილად წვიმას აპირებს. – ალთიონმაც ახედა ზეცას, – წამო, შევიდეთ!
უფლისწულმა მამას ლივზინეურად გახედა – იმან პირდაპირ გაიგო შვილის ნათქვამი. თასბოშს არაფერი უთქვამს, არ უნდოდა, მშობელს გული დასწყვეტოდა. პირიქით, ასტერონმა ალთიონს თავი დაუქნია, დაჰყვა მის ნებას და ორივენი სვეტებს მიღმა გაუჩინარდნენ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. არ მინდა, მოკლე თავი დავდო. ცოტა დამრჩა, დავარედაქტირებ და მალე ავტვირთავ. არ მინდა, მოკლე თავი დავდო. ცოტა დამრჩა, დავარედაქტირებ და მალე ავტვირთავ.
5. სანდროვ, სადაა შემდეგი თავი? სანდროვ, სადაა შემდეგი თავი?
4. აუ, ეგ სულ გამომრჩა წითელი ხელის ამბავი, მადლობა რომ მითხარით. გოგოები მალე გამოჩნდებიან. ამ თავის უმეტესობა დედაქალაქს ეთმობა. აუ, ეგ სულ გამომრჩა წითელი ხელის ამბავი, მადლობა რომ მითხარით. გოგოები მალე გამოჩნდებიან. ამ თავის უმეტესობა დედაქალაქს ეთმობა.
3. და წითელი ხელი, კიარა ორი წითელი ხელი ააფარე :დ და წითელი ხელი, კიარა ორი წითელი ხელი ააფარე :დ
2. ამ ნაწილში ძალიან ბევრი ახალი სახე შემოგიმატებიათ. გოგოები სად არიან? დიდი ცქვირინით ვკითხულობ :))) ამ ნაწილში ძალიან ბევრი ახალი სახე შემოგიმატებიათ. გოგოები სად არიან? დიდი ცქვირინით ვკითხულობ :)))
1. ამ ნაწილში ძალიან ბევრი ახალი სახე შემოგიმატებიათ. გოგოები სად არიან? დიდი ცქვირინით ვკითხულობ :))) ამ ნაწილში ძალიან ბევრი ახალი სახე შემოგიმატებიათ. გოგოები სად არიან? დიდი ცქვირინით ვკითხულობ :)))
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|