მე, რომ შენი შეყვარებული ვყოფილიყავი, გიტარაზე გიმღერებდი და პიანინოზე დაგიკრადი ადამიანის ცხოვრების მთელ ტკივილსა და ბედნიერებას, მთელ თავისუფლებას და სიყვარულს, მთელ სისასტიკეს და სიმძაფრეს, გაგრძნობინებდი როგორ უყვარს ზეცას გამხმარი ფოთლები, როგორ ელტვიან სოკოები, სპორებით, სივრცეს და რას გრძნობს ბაბუაწვერა როცა უბერავენ, როგორ უყვარს ანტილოპას ლომი, რომელიც მისდევს და რას ხედავენ ყორნები, როცა ბრძოლის ველის ზემოთ მიფრინავენ, გიმღერებდი დედა დათვზე ბელების გაზრდისას რას აკეთებს, და არწივებზე მოგიყვებოდი თუ როგორ იძრობენ კლანჭებს, რომ ახალი ამოუვიდეთ, კალიების ბუნტზე გეტყოდი სანამ ნათესებს შეესევიან, და გველებზე გიმღერებდი ხვეულ რითმებს, ისეთ ჭრელებს და ფერად ფერადებს, როგორებიც მხოლოდ გველები არიან, მე რომ შენი შეყვარებული ვყოფილიყავი ჩემი ფაფარი შენს ხელებში დაესვენებოდა და ჩემი ღრიალი მაღალ ბალახს ძირს დააწვენდა, ტალღებს აამხედრებდა და მთიდან ზვავს ჩამოშლიდა, ზეცას ქუხილს წაართმევდა და ელვას გვირგვინად შეგიმოსავდა, მე რომ შენი შეყვარებული ვყოფილიყავი...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
|
|
|