ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქეით გრინი
ჟანრი: პროზა
28 აგვისტო, 2019


გეტა (ნაწილი IV)

სახლს მიუახლოვდა და რკინის დიდი ჭიშკარი შეაღო. ეზოში სტუმრად მისული დისშვილი დაუხვდა.
-ქეთი?-გაკვირვებული სახით შეხედა ახალგაზრდა ქალს.
-ბებიამ მითხრა, რომ ქვახვრელში წამოხვედი და ჩამოგაკითხე.
-რამე მოხდა?
- არაფერი, უბრალოდ შენთან ერთად განმარტოვება და საუბარი მჭირდებოდა. სად იყავი?
-უფლისციხე მოვინახულე.
-გატყობ, აქაურობა განსაკუთრებულად გიყვარს,-ღრმა დარწმუნებით თქვა სტუმარმა.
-სიყვარულის რა მოგახსენო, უბრალოდ ადგილებს, რომლებიც წმინდაა და ღმერთთან გაახლოვებენ, ადამიანები ჭეშმარიტებამდე მიჰყავთ. ხოლო იქ, სადაც ჭეშმარიტებაა, ნებისმიერი საღად მოაზროვნე მისკენ მიისწრაფვის.
ქეთი წუთით ჩაფიქრდა და განაგრძო:
-იცი, ხშირად მეფიქრება, სად და როდის უახლოვდებიან ადამიანები ყველაზე მეტად ღმერთს და ჭეშმარიტებას?
-ყველგან შეიძლება, მიაგნო, მაგრამ პირადად მე, სიმარტოვეში უფრო უკეთესად მესმის ღმერთის ხმა და ჭეშმარიტების არსი.
გეტამ დისშვილის მობილურ ტელეფონს დახედა და შეამჩნია, ხმის ჩამწერი ჰქონდა ჩართული:
-ინტერვიუს იწერ? ადრე ხომ გითხარი, არ მოგცემ უფლებას, ჩემთან საუბარი სადმე გამოაქვეყნო-მეთქი.
-ვიცი და არც ვაპირებ. პროფესიული ჩვევაა. განსაკუთრებულ პატივს გცემ, მომეცი უფლება,  შენი ნააზრევი, ემოციები და გამონათქვამები გარკვეული საკითხების შესახებ ჩემთვის მქონდეს შენახული.
გეტამ შუბლი შეჭმუხნა, ღრმა ფიქრებში გადაეშვა და ცოტა ხნის შემდეგ პასუხი დაუბრუნა:
-ადამიანის ტვინი საოცარი რამ არის. ბევრი რაღაცის დამახსოვრება უწევს და შეუძლია.
-ჰო, მაგრამ რაც არ უნდა ჩაკირული გქონდეს, დრო თავისებურად გადარეცხავს ჩვენს მოგონებებს სხვა მოვლენებით.
-ვერ დაგეთანხმები. სწორედ ეგ მოგონებებია, აწმყოს რომ მიწამლავს.
-არ ვიცი, რა გითხრა. მე წარსულს არასოდეს ვანიჭებ დიდ უპირატესობას. ახლანდელზე ვზრუნავ და ყოველთვის წინ ვიყურები. ხომ გაგიგია , „არა აქვს მნიშვნელობა საიდან მოხვედით, მთავარია საით მიდიხართ“-ო. ეს ელა ფიცჯერალდის სიტყვებია.
-კი გამიგია. არ ვეთანხმები მაგ ელას და იცი რატომ? ზუსტად იმას აქვს მნიშვნელობა, საიდან მოდიხარ, რა სულიერი ღირებულებებით საზრდოობდი, როგორ გარემოში ტრიალებდი და ვისთან ამყარებდი ურთიერთობებს. აი, მე მაგალითად, ძალიან მინდა, წარსულს გავექცე, სრულიად განსხვავებული აწმყო მქონდეს, მაგრამ რაც უფრო მეტად ვიგლიჯავ სხეულში ჩარჩენილ ნარჩენებს, მით უფრო მეტად მახსენებენ თავს, ვინ ვარ.
-და ვინ ხარ შენ?
-მაგას, რომ დავისვენებ, მერე მოგახსენებ,- ყოველგვარი მორიდების გარეშე მიატოვა სტუმარი და დასაძინებლად სახლში შევიდა.
ასეთი უცნაური იყო. მისი საქციელები უკვე აღარავის აკვირვებდნენ და ყველა გაგებით ეკიდებოდა. ორი საათი გაუნძრევლად ეძინა. კარგად შებინდებულიყო, როდესაც თვალების ფშვნეტით გაიღვიძა. აქეთ-იქით მიმოიხედა და ქეთი ვერ დაინახა. ეზოში გასვლა მოისურვა და სწორედ იქ შენიშნა დასარწევ სკამში მჯდომი დისშვილი.
-შენ აქ ხარ? 
-გელოდებოდი,- ადგილი შეიცვალა და დეიდამისს სკამი დაუთმო.
გეტა კომფორტულად ჩაჯდა, სიგარეტს მოუკიდა და საუბრისთვის მოემზადა:
-კი, ბატონო, გისმენ.
-ვინ ხარ შენ? - ამ კითხვაზე გავჩერდით.
-მწერალი, რომელიც მუდმივად თავქუდმოგლეჯილი გაურბის გეტას წარსულს. ზოგჯერ ჰგონია, ისე შორსაა გაჭრილი, ვერავინ დაეწევა, მაგრამ არა, როგორც კი პერსონაჟების ცხოვრებიდან გამოდის, იმ უბედურის ნაშთს ისევ სხეულში გრძნობს, რომელიც უკანასკნელ პულსებს ითვლის და მაინც არ კვდება.
-შენი სიტყვებიდან ჩანს, რომ იტანჯება.
-ცოცხლად იხრწნება. იგი საკუთარი ცხოვრების შედეგს იმკის.
-ნანობს, როგორც იცხოვრა?
-შენ წარმოიდგინე, არა და ზოგჯერ ეს მაშმაგებს.
-ესე იგი, მოსწონს ასეთ დღეში ყოფნა.
-ვეჭვობ, მოსწონდეს, მაგრამ ზუსტად ვიცი, წარსულში რომ დაბრუნდეს, იგივე გადაწყვეტილებებით ივლიდა.
-პრინციპული ადამიანი ყოფილა.
-გეთანხმები.
-ალბათ, საშინელებაა, როცა აცნობიერებ, რომ შენში მომაკვდავი ადამიანი ცხოვრობს.
-მე მწერალი დავბადე ჩემში, რომელსაც გეტასგან სხეულში ურმით შეტანილი ტკივილი მწიკვი დოზით ფურცლებზე გადმოაქვს. ალბათ, ეს ფაქტი მაძლევს ერთგვარ შვებას და სისავსეს. ბედნიერი მწერალი არ არსებობს. ყველა ჩვენთაგანს ტკივილი გვაერთიანებს და სწორედ ეს გრძნობაა, სიტყვების სახით რომ გვალაპარაკებს, გვატირებს, გვაღრიალებს, გვამღერებს, გვაცინებს და ხან გვაცეკვებს კიდეც, მაგრამ ბედნიერი მომენტები და წუთები ნამდვილად არსებობენ. მაგალითად, როდესაც ჩენი შემოქმედებით კმაყოფილი ხალხის გულწრფელ მადლობას ვიღებ. მაშინ, დანაკლისს ვივსებ და ამაში ვპოვებ სრულყოფილებას.
-არის კი სადმე სრულყოფილება და ბედნიერება?
-დიახ. ადამიანები დაუსრულებელ ძიებაში ვართ და დროებით მაინც ვპოულობთ მათ. ისე, ყველაფერი შედარებითია. გააჩნია, ვისთვის რა არის ბედნიერება და სრულყოფილება.
-ადამიანის და სიცოცხლის განმარტება როგორ გესმის?
-ერთი შეხედვით მარტივი, მაგრამ ამავდროულად, რთული კითხვაა. ჩვენ უზარმაზარ სამყაროში გაბნეული მოლეკულები და ატომები ვართ. შეიძლება, კიდევ უფრო პატარა ნაწილაკებიც, რომლებიც მუდმივად ქაოსურ მოძრაობაში ვიმყოფებით და მისწრაფებებისკენ მივიწევთ. ზოგჯერ სწორ სვლებს ვაკეთებთ, ზოგჯერ  შეცდომებს ვუშვებთ და ამისთვის ვისჯებით კიდეც, მაგრამ შეცდომებსაც შეიძლება მოვუძებნოთ უპირატესობები -ისინი რაღაცას გვასწავლიან და გამოცდილებებს გვძენენ. სხვა საქმეა, ვინ როგორ გამოიყენებს ცხოვრებისგან მიღებულ გაკვეთილებს მომავალში. აი, ასე ვმოძრაობთ და ან ვქმნით, ან არ ვქმნით სამყაროსთვის ღირებულს. ყველაფერი მაშინ ხდება ცნობილი, როდესაც სიცოცხლის დაწესებულ ზღვრამდე მივდივართ. სწორედ იმ ხაზთან ჩანს ვინ შემქმნელი, ვინ მისი დამხმარე და ვინ უვარგისი გამოვდივართ.
-ამას სიცოცხლეშივე ვატყობთ ადამიანებს.
-სიკვდილის შემდეგ უფრო უკეთესად ჩანს. ხომ არიან ისეთებიც, რომლებიც უფრო მეტს ყბედობენ, ვიდრე ქმნიან? ჰოდა, როცა მიდიან, სამყარო, რომელიც რკინის პრინციპებით იმართება და ძალიან სამართლიანი და ამავდროულად სასტიკია, ყველაფერს თავის სახელს არქმევს.
-საზოგადოებაში ყველაზე უკარება მწერლის სახელით ხარ ცნობილი. არ მიდიხარ სტუმრად გადაცემებში, არ იძლევი ინტერვიუებს, სამაგიეროდ, ხშირად შეიძლება შენი ნახვა თოჯინების თეატრში. რატომ ვერ ურთიერთობ და მეგობრობ ზრდასრულ ადამიანებთან?
-ზრდასრული ადამიანები ისე არ მაინტერესებს, როგორც ბავშვები. პირველი იმ მიზეზით, რომ პატარებივით ალალები და მართალნი არ არიან, მეორე იმიტომ, რომ ისინი ქვიშით სავსე ხელის გულებიან  პიროვნებებს მაგონებენ, რომლებიც დროთა განმავლობაში იღლებიან, შეკრული მუჭები ნელ-ნელა ეშლებათ, თითებიდან ქვიშის სახით ცხოვრების წლები გადმოედინებათ და სიკვდილს უახლოვდებიან. ზოგჯერ მათ გახევებულ ხის ტოტებსაც ვადარებ, რომლებიც აღარ იხრებიან, უფრო მეტად მყარდებიან, მერე შრებიან, იფუყებიან და ბოლოს იმტვრევიან. ბავშვებს კი ხელის გულებში ყვავილნარით გასაშენებელი ბაღნარი უჭირავთ და ახლად დარგულ მცენარეებს გულის ფანცქალით შესცქერიან, როდის გაიხარებენ. ისინი ახალი ყლორტგამოღებული ხის ტოტებივით არიან, რომლებიც იდრიკებიან, სწავლობენ და უფრო მეტად საინტერესონი არიან, ვიდრე ცხოვრებაგალეული ადამიანები, რომლებიც მალე გაბეზრებენ თავს.
-ასე რატომ ამბობ? ხომ არიან ამოუწურავი და დაუღალავი ადამიანებიც?
-ტყუილია ეგ. ადრე, თუ გვიან ყველა ვიწურებით და უინტერესონი ვხდებით. შეიძლება ვიღაცას თავს ვაჩვენებთ, რომ ისევ შეგვიძლია რაღაც, მაგრამ გადაღლა და გამოფიტვა მაინც გვიწერია ყველას. ეს ბუნების კანონია და წინ ვერ აღვუდგებით.
-რა ასაკში იწრიტება ადამიანი?
-ყველას განსხვავებული ასაკი აქვს. მე ბევრი ახალგაზრდა მოხუციც მინახავს, ისევე როგორც სულით ახალგაზრდა, ასაკით დიდი ადამიანები, ამიტომ ზუსტ პასუხს ვერ გაგცემ.
- ადრე ბავშვებს ასეთი თვალით არ ვუყურებდი, ბევრ რაღაცაზე დამაფიქრე...
-ისინი ძალიან მარტივი და ლამაზი გრძნობებით აღიქვამენ სამყაროს, რაც ზრდასრულ ადამიანთა უმეტესობას სამწუხაროდ არ ძალუძს. ენერგიაც დადებითი მოაქვთ, სიხარულიც გულწრფელი შეუძლიათ და შენც გამსუბუქებენ.
-ამ მოსაზრების გამო ჩამოშორდი მეგობრებს?
-ის მეგობრები შეყვარებულ და სიცოცხლით სავსე გეტა აბალაკს ჰყავდა, მწერალი კი ტკივილისგან იშვა და მისი სული იმდენად გადაღლილია, აღარ აინტერესებს ცბიერი და სათავისო ინტერესებზე მორგებული ხალხი.
-არ მჯერა, რომ ყველა ზრდასრული ადამიანი ერთნაირია.
-მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელნი შეიძლება აღმოჩნდნენ ჩემთვის საინტერესო და მათთვის კი -მე. იმის დრო არ მაქვს, ახალი ურთიერთობები გავაჩაღო და ამდენი უვარგისიდან მათ გამორჩევას მოვყვე, ამას დიდი ნებისყოფაც სჭირდება. ამასობაში, შენც გაბინძურებენ და ცუდი აურით გჭამენ. მირჩევნია, ყველასგან თავი შორს დავიჭირო.
-გულწრფელად ვაღიარებ, არ მეგულება შენს გარდა ადამიანი, ვისთანაც ასეთ თემებზე ვისაუბრებ, ვიკამათებ და ჩემებურ დასკვნებს გავაკეთებ.
-მოდი ხოლმე და ხშირად მეკამათე,- მკრთალად ჩაეცინა გეტას.
ქეთიმ ჩანაწერი შეინახა, ჩანთიდან მანქანის გასაღები ამოიღო და დეიდას მიუბრუნდა:
-კარგი, წავალ, თავს აღარ შეგაწყენ.
-შეგიძლია, დარჩე.
- ხვალ დილით საქმეები მაქვს, ქალაქში უნდა ვიყო.
-როგორც გინდა, არ დაგაძალებ,-მხრები აიჩეჩა და სტუმრის გასაცილებლად წამოდგა.
დისშვილის წასვლის შემდეგ, გეტა დიდხანს იდგა ჭიშკართან დაყუდებული. სიწყნარეში ჭრიჭინების მკვეთრად გავრცელებულმა ხმამ და ალაგ-ალაგ გაელვებულმა ციცინათელებმა მიიპყრეს მისი ყურადღება. მერე თვალი ცისკენ გაექცა და ვარსკვლავებით მოჭედილ ზეცას მიაშტერდა. გრილმა ნიავმა ნაცნობი ხმა სადღაც შორიდან მოიტანა:
-ოდესმე მითქვამს, რომ ჩემი ვარსკვლავი ხარ?
-არა.
-ჰოდა, იცოდე, მასსავით მანათობელი და მოციმციმე ხარ.
-როგორ შეგიძლია, ასეთი იყო?
-როგორი?
-სხვას შენი სახელის გაგონებაზეც კი ძრწოლა იტანდეს და ჩემთან აბსოლუტურად სხვანაირ სახეს აჩენდე.
-შენთან ყოფნა მცვლის და ისეთ თვისებებს აღვიძებს ჩემში, რომლებმაც რამდენიმე წლის წინ მიიძინეს. ისე, ნუ გამაბრაზებ, თორემ არც შენ დაგინდობ,  -უხერხულად ჩაეცინა მამაკაცს.
-რატომ ამირჩიე მაინცდამაინც მე?
-ეგ რომ ვიცოდე... -ხელის თითები ფრთხილად მიუტანა და ნაზად შეეხო თეთრ, ოდნავ ვარდისფრად შეფაკლულ ღაწვებს.
როდესაც მამაკაცმა ტუჩები სახესთან ახლოს მიუტანა, ხელით სუსტად შეაჩერა: -არ გინდა.
-რატომ?
-ქუჩაში ვართ, არ მინდა, ვინმემ დაგვინახოს.
-კარგი, გაიმარჯვე,-გვერდზე გაიწია და შეყვარებულს ხელი წელზე მოჰხვია.
გოგონა შეიშმუშნა, მაგრამ ვეღარაფერი უთხრა.
-მგონი, ჩემს ვარსკვლავს ნაყინით გაგრილება არ აწყენდა, სანაყინეში გეპატიჟები, -იდეა წამოაყენა რომამ.
-რომელში?-თვალები გაუნათდა გეტას.
-კიროვის ქუჩაზე წავიდეთ.
-მხოლოდ შოკოლადის ნაყინი მინდა, სხვას ვერ ვიტან.
-მე კი ვანილის მიყვარს,-გაუცინა და ხელი ჩასჭიდა, რომ ლენინის მოედანზე ასასვლელად გზა გადაეკვეთათ და სანაყინისკენ ასულიყვნენ.

***
მეზობლის ძაღლის ყეფამ ცის კიდეზე ყოფნას მოსწყვიტა და ნაღვლიანი სახით შევიდა სახლში. საყინულიდან ვანილის ნაყინი გამოიღო. ღრმა, პატარა ლამბაქზე რამდენიმე კოვზი დადო და ჩუმად წარმოთქვა:
-მსოფლიოში ყველაზე გემრიელი ნაყინი გყვარებია, ჩემო,-თეთრ ბურთულებს ეულად დაეცათ მსხვილი ცრემლი და ვიდრე გეტა სულს მოითქვამდა და დამშვიდდებოდა, ნელ-ნელა დნებოდნენ და თეთრ სითხეში იფლობოდნენ.
მთელი ღამე აფორიაქებული იყო, ძილი არ ეკარებოდა. დილის პირას ოდნავ დამშვიდდა, მაგრამ აღარც უცდია, რომ საწოლში დარჩენილიყო. წამოდგა და ოთახიდან ოთახში უაზროდ დადიოდა. როცა ფანჯრიდან ყურებაც მოსწყინდა, მაგიდასთან დაჯდა და რამდენიმე მარცვალი მზესუმზირა გაკვნიტა. ისიც მალე მოიბეზრა, შემდეგ ნაწერებს თვალი გადაავლო და შეწყვეტილი ადგილიდან შინაარსის გაგრძელებას შეუდგა:

თავი 6
მეორე კვირა იყო დაწყებული, რაც ანდრო  თეკლას არ ელაპარაკებოდა. ისე ექცეოდა, თითქოს არც ამჩნევდა. გოგონა თავიდან განიცდიდა და ცდილობდა, შემოერიგებინა, მაგრამ ბიძაშვილი ისე ჯიუტობდა, ბოლოს მიხვდა, აზრი არ ჰქონდა და თავი დაანება.
ერთ საღამოს, როდესაც თეკლა მეგობრებისგან სახლში ბრუნდებოდა, ბინის ფანჯრები ჩაბნელებული დახვდა.
-უცნაურია, წესით ანდრო სახლში უნდა იყოს, -გაიკვირვა და სადარბაზოში შესვლისთანავე გასაღებს დაუწყო ძებნა. ვიდრე ყურადღება სხვა რამეზე ჰქონდა გადატანილი,  ორი ახალგაზრდა დაესხა თავს, მძიმე საგანი ჩაარტყეს და მსხვერპლის ჩანთიანად მიიმალნენ. რამდენიმე წუთის განმავლობაში გონდაკარგული და სისხლიანი ეგდო კიბეებზე, შემდეგ მეზობელმა დაინახა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში დარეკა. დაზარალებულს საავადმყოფოში გადაყვანისთანავე ჭრილობა მედიკამენტებით დაუმუშავდა. საბედნიეროდ ღრმა არ ყოფილა და ნაკერების დადებას გადაურჩა, მაგრამ ტვინის მსუბუქი სიმძიმის შერყევა მიიღო და პალატაში დააწვინეს.
ექიმებით, მნახველებით და პაციენტებით სავსე, ხმაურიანი და წამლის სუნით გაჯერებული დერეფანი გაიარა და მითითებულ ოთახში შევიდა. პალატაში სიჩუმე ჩამოწოლილიყო, ავადმყოფი მარტო იმყოფებოდა. მეორე საწოლი ცარიელი იყო. ჩუმად მივიდა, დახედა და თვალი მის შუბლს გაუშტერა. ბინტი შემოეკროთ და დამუშავებული ჭრილობისგან სისხლი ოდნავ გამოჟონილიყო. მისკენ თანაგრძნობით დაიხარა და ტუჩთან აკოცა. ჯერ მთელ ტანში სასიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა, მერე საკუთარმა საქციელმა შეჰზარა, მყისვე თავში წაიშინა ხელი და საწოლს რამდენიმე ნაბიჯით დაშორდა. კარს გახედა, ხომ არავინ მიყურებსო და ვერავინ რომ დაინახა, ცოტა დამშვიდდა.
-თეკლა,-დაბალ ხმაზე მიმართა და როცა დარწმუნდა, ღრმად ეძინა, კიდევ უფრო დაწყნარდა.
სანამ არ გაიღვიძა, პალატაში იჯდა და ელოდებოდა.
-ანდრო? -ძლივს ამოილუღლუღა თეკლამ.
-ჰო, მე ვარ. როგორ ხარ?
-არამიშავს, შენ როგორ ხარ?
-მეც არამიშავს.
-დღეს გაიგე ჩემი აქ ყოფნის შესახებ?
-ჰო, წუხელ არ ვყოფილვარ სახლში, დილით სესილი დეიდა შემხვდა და ყველაფერი მიამბო.
-მობილურიც გამორთული გქონდა, ვერაფრით დაგიკავშირდნენ.
ბიჭმა არაფერი უთხრა, არ სურდა, თეკლასთვის ეთქვა, სად გაატარა ღამე. ამასობაში, სოფლიდან ახლად ჩამოსული, აღელვებული დედა გამოჩნდა, შვილთან მივიდა და მწოლიარეს დიდი განცდებით ჩაეხუტა:
-ასე რომელმა გარეწარმა გაგიმეტა, დედიკო?-გამწარებულმა ამოიღნავლა.
-დაწყნარდი, დედა. კარგად ვიქნები,- დამშვიდება დაუწყო შეუძლოდ მყოფმა.
-ჩემი დედისერთა,- ისევ ჩაეკონა შავებში შემოსილი ქალი თეკლას და დასუსტებული სხეულით მსუბუქად გადაეფარა.
-ლალი ბიცოლა, ექიმმა თქვა, ემოციურად არ გადაღალოთო. არც ბევრი საუბარია მაინცდამაინც მისთვის რეკომენდირებული, დასვენება სჭირდება,- თავზე დაადგა ანდრო.
ქალი წამოდგა და მოქუფრული სახე მიიღო:
-რა დაემართა? როგორ ჩავარდა ამ დღეში?
-სადარბაზოში დაესხნენ თავს.
-ტვინის შერყევა როგორ მიიღო?
-ალბათ დაცემისას, ან მძიმე საგნის თავში ჩარტყმისას.
ტანჯული სახით შეხედა დედამ შვილს, ღრმად ამოიოხრა და ექიმი იკითხა, რომელ ოთახში მივაკითხოო. ანდრომ დერეფანში გაიყვანა, ყველაფერი აუხსნა და უკან შემობრუნდა:
-თეკლა, აღარ შეგაწუხებ. როგორც კი ბიცოლა დაბრუნდება, დაგტოვებ.
გოგონას ხმა არ ამოუღია, ეტყობოდა, რომ საუბრის ძალა აღარ შესწევდა. დაახლოებით ოცი წუთი გასტანა თეკლას ექიმთან დედის ვიზიტმა. ოთახში დაბრუნდა და შვილთან დარჩა. ანდრომ ორივეს მშვიდობიანი ღამე უსურვა და იქაურობას გაეცალა.
გზაში გონებიდან არ გამოსდიოდა უმწეოდ მყოფი ბიძაშვილი. გულს განსაკუთრებული ტკივილით ედებოდა მისი მდგომარეობა. თავს ვერაფერს უხერხებდა და რაც უფრო მეტად ცდილობდა, მასზე ფიქრები შეეწყვიტა, უფრო მეტად ეძალებოდნენ. არ ასვენებდნენ გონებაში ჩაჭედილი თეკლას თვალები, ბაგენი, ღიმილი, ხმა და ყველა მოგონება, რაც მასთან აკავშირებდა.
-ასე არ შეიძლება! ჭკუას მოუხმე, თორემ შენი შეცდომები ბოლოს მოგიღებენ და სადმე გადაგჩეხავენ!-საკუთარ თავს უძახდა ანდრო, მაგრამ ვაი, რომ უკვე ისეთ მახეში გაბმულიყო, საიდანაც ძნელად თუ გამოძვრებოდა.

***
მეორე დღეს, თეკლა ლუკა დვალმა მოინახულა. როდესაც ანდრომ პალატაში შესული ახალგაზრდა მამაკაცი თაიგულით ხელში დაინახა, ეჭვისგან და ბოღმისგან გული ისე გაუსივდა, ცოტაც და დასახრჩობად სწვდებოდა ყელში.
-რა მემართება? რატომ ვერ ვიმეტებ ვერავისთვის? -მორიგი კითხვები აწვალებდნენ და რამდენჯერაც მეტოქის მომღიმარ სახეს დაინახავდა, იმდენჯერ იჭერდა თავს, რომ უპატიებელი საქციელი არ ჩაედინა.
მოულოდნელად, ლუკა ფანჯრისკენ წავიდა და ფარდა-ჟალუზი ასწია, რომ ოთახში დღის სინათლე შესულიყო. ანდრო მაშინვე ხელში სწვდა:
-ასეა საჭირო, ექიმმა თქვა, რომ თვალისმომჭრელი შუქი ავადმყოფამდე არ უნდა აღწევდეს!
-არ ვიცოდი, ბოდიშს ვიხდი,- მორიდებით აღნიშნა და ფარდა-ჟალუზი უწინდელ მდგომარეობაში დააბრუნა. შემდეგ თეკლასკენ წავიდა, ხელის თხელი თითები თავის ხელში მოიქცია და ჩურჩული დაუწყო.
ანდრომ თავი ზედმეტად იგრძნო:
-მე დაგტოვებთ,- მხოლოდ ამის თქმა მოახერხა და გაცეცხლებული შურდულივით გავარდა პალატიდან.
როდესაც ლუკამ თეკლა დაიმარტოხელა, ოთახის კარი მოხურა და თბილი ღიმილით გაუსწორა მზერა:
-ეს ვინ იყო?-ოდნავ გაკვირვებული სახით ჰკითხა შეყვარებულს.
-ჩემი ბიძაშვილია.
-გასაგებია,- სერიოზული სახით, ფიქრებში გადაეშვა ახალგაზრდა, მაგრამ დროულად დაუბრუნდა ვითარებას და თეკლასთან დიალოგი გააგრძელა: -რამე ხომ არ გტკივა?
-უსიამოვნო შეგრძნებები მაწუხებს.
-მაინც როგორი?
-თავის ტკივილთან ერთად, თავბრუ მეხვევა, სუნთქვა მიჭირს, გულის რევის შეგრძნება მაქვს და ყურებში ხმაურს ვგრძნობ.
-ნუ გეშინია, ყველაფერი გაივლის და კარგად გახდები.
-იცი, დღეს რომ დამირეკე და მისაყვედურე, სად ხარო..., -ოდნავ გაეპო ტუჩები და სუსტად ჩაეცინა.
-ამაზე ნუღარ იფიქრებ, მე ხომ არაფერი ვიცოდი, რომ ეს ამბავი შეგემთხვა?
-ჰო, მაგრამ ისეთი სასაცილო იყავი, როცა მეჩხუბებოდი.
-არ მეგონა, თუ ჩემს გაბრაზებაზე ასე იხალისებდი, თორემ კიდევ უფრო გაგიბრაზდებოდი.
-ნუ მაცინებ, თავი მტკივა.
-კარგი, გპირდები, სიტყვას აღარ დავძრავ.
-არა, ილაპარაკე, ოღონდ ნუ მაცინებ, ყველა კუნთი მეჭიმება და საშინლად მტკივა.
-აქედან როდის გწერენ?
-ჯერ არ ვიცი, დამაკვირდებიან და მერე გადაწყვიტავენ. მძიმე ფორმებში არ გაქვსო,- ასე ამბობენ.
-ეგ კარგია, ალბათ, რამდენიმე კვირაში გამოგწერენ. სახლშიც უნდა იწვე?
-მაგდენი არ ვიცი. ყველაფერს მეტყვიან.
-ჰო, რა თქმა უნდა.
-მომენატრე,-ამოილუღლუღა ავადმყოფმა და ფერმკრთალი სახე მიაპყრო თავზე მდგომს.
-მეც, პატარავ. ვერ წარმოიდგენ, როგორ განვიცდი უშენობას.
-კარგად რომ გავხდები, დაკარგული დრო ერთიანად ავინაზღაუროთ.
-აუცილებლად.
ოთახში თვალებამღვრეული ანდრო შეიჭრა და ერთმანეთის ტკბობით მომღიმარი წყვილი რომ დაინახა, ლუკას ხმამაღლა შეუბრუნდა:
-პაციენტს დასვენება სჭირდება. მისთვის ბევრი საუბარი და ემოციური გადაღლილობა არ შეიძლება!
ლუკას არაფერი უთქვამს მისთვის, თეკლას გახედა, ხელზე ნაზად აკოცა და დაემშვიდობა:
-ახლა წავალ, მაგრამ მალე დავბრუნდები. აბა, ყოჩაღად იყავი.
-დროებით,-დაემშვიდობა თეკლაც და პალატიდან მიმავალს საწყლად გააყოლა თვალები.
ანდროს თეკლას ქმედება არ გამორჩენია, მიხვდა, რომ გოგონას არ უნდოდა, ლუკა წასულიყო და კიდევ უფრო აენთო, მაგრამ მალევე მოთოკა ნერვები და რამდენიმე წუთში დამშვიდება დაეტყო:
-მეც წავალ, გამოცდისთვის უნდა მოვემზადო,-ეს თქვა და კარებისკენ დაიძრა.
-ანდრო!
თეკლას სიტყვამ კარში შეაჩერა ბიძაშვილი, ოდნავ შეტორტმანდა და უსიტყვოდ გახედა.
-მადლობელი ვარ, რომ მე და დედას გვერდში გვიდგახარ.
არაფერი უთქვამს, თავი დაუკრა და ოთახიდან გავიდა. წასვლის წინ მკურნალ ექიმს მიაკითხა და გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა დაწვრილებით გამოჰკითხა. საშიში და საგანგაშო არაფერია, მდგომარეობა სტაბილურია და თანდათან გაუმჯობესდებაო, -დაამშვიდა. ბიჭს გულზე ლოდივით დაწოლილი სევდა თითქოს მოეხსნა და კმაყოფილმა დატოვა საავადმყოფოს კედლები.



თავი 7
მას შემდეგ, რაც ლუკა ანდროს პირისპირ პალატაში მწოლიარე თეკლასთან შეეჩეხა, იმ დღიდან მასთან აღარ მისულა. თხუთმეტი დღე რომ მიილია, თეკლა საავადმყოფოდან გამოწერეს და სახლში დაუნიშნეს წოლითი რეჟიმი. ლუკა გოგონასთან სახლში მისვლაზეც თავს იკავებდა და მხოლოდ ტელეფონით ეკონტაქტებოდა. როცა თეკლა მომჯობინდა და უნივერსიტეტში სიარული დაიწყო, შეყვარებულთან შეხვედრებიც განაახლა.
ერთ დღეს, მთაწმინდის პარკში სეირნობისგან დაღლილნი ბალახზე ჩამოსხდნენ და მათ წინ მორბენალ პატარებს გაბადრული სახეებით შესცქეროდნენ.
-გეტყობა, შენც ჩემსავით გიყვარს ბავშვები,-აღნიშნა თეკლამ.
-ჰო,-თავი დაუქნია ბიჭმა.
-მინიმუმ სამი შვილის დედა უნდა ვიყო, ერთი და ორი არ მეყოფა,- თამამად განაცხადა.
-ერთს რომ გააჩენ, მერე იგივეს აღარ იტყვი.
-შენ რა იცი, რას ვიტყვი?
-ვიცი.
-საიდან?-გაუჯინიანდა გოგონა.
-ზოგადად ასეა, დაინახავთ ხოლმე, რომ არც ისეთი მარტივია ბავშვის მოვლაზე პასუხისმგებლობის აღება და სასურველი შვილების წინასწარ დადგენილი რაოდენობა მაშინვე დაბლა იწევს.
-თუნდაც ეგ საიდან იცი?
-რა დავაშავე? ჰო, კარგი არაფერი ვიცი.
-მითხარი.
-თეკლა, მომასვენე რა.
-არა, არ გავჩუმდები.
-ჰო, კარგი, ჩემ დასაც ბევრი შვილები უნდოდა, რომ ჰყოლოდა, მაგრამ მხოლოდ ორზე შეჩერდა.
-დაც გყავს?
-ჰო.
-როდის უნდა გამაცნო?
-ჯერ ვერ გეტყვი.
-იცის, შეყვარებული რომ გყავს?
-არა.
-როდის უნდა გააგებინო?
-როცა შესაბამისი დრო მოვა.
-და როდის მოვა ეგ დრო?
ლუკამ უხერხულად დაისვა წვერზე ხელი. თეკლა მიხვდა, რომ ძალიან დააბნია:
-რამე გაწუხებს და არ ამბობ?
-რა უნდა მაწუხებდეს?- სახე შეეცვალა მამაკაცს.
-აბა, რატომ შეცბუნდი?
-ყელი მიშრება, არ გინდა, გამაგრილებელი სასმელი დავლიოთ?
-მინდა, მაგრამ ჯერ კითხვაზე მიპასუხე.
-გეჩვენება, საიდან მოგაქვს ასეთი უცნაური ეჭვები? არ ვიცოდი, თუ ასეთი კირკიტა იყავი.
-ბოდიშს ვიხდი, შეიძლება ზედმეტი მომდის,-თავი იმართლა თეკლამ და ბალახიდან წამოდგომა დააპირა.
-დაგეხმარები,-ხელი მიაშველა ბიჭმა და წამოაყენა.
პატარა კაფისკენ დაიძრნენ. გამაგრილებელ სასმელთან ერთად, ხაჭაპური შეუკვეთეს და საუბარი გააგრძელეს:
-ლუკა, სამ დღეში ჩემი მეგობრის დაბადების დღეა და შენც დაპატიჟებული ხარ.
-მართლა?
-მოხვალ?
-შევეცდები. სად აღნიშნავს?
-მგონი აკვაპარკში, თუ არ გადაიფიქრა.
-აკვაპარკი კარგია. რამდენი იქნებით?
-მე, შენ, იუბილარი, მისი შეყვარებული და კიდევ ორი მეგობარი. აუ, წამოდი რა.
-თუ სამსახურმა ხელი არ შემიშალა, წამოვალ. შენ რატომ აღარ ჩანხარ სუპერმარკეტში?
-მუშაობას თავი დავანებე, ძალიან მძიმე სამსახურია და საუბარი სხვა თემაზე ნუ გადაგაქვს! მოდიხარ, თუ არა?
-დიდი ალბათობით კი.
-ვაშა!- ხმამაღლა შემოსძახა და სიხარულისგან ტაში შემოჰკრა.
-კარგი, სირცხვილია, თავს ნუ მოიჭრი,-თვალები დაუჭყიტა ლუკამ.
-ნუ ხარ კომპლექსიანი.
-მე ვარ კომპლექსიანი?
-ჰო.
-მე ვარ ჰო?
-დიახ, დიახ!
-დარწმუნებული ხარ?
-აბსოლუტურად!
-სერიოზული განაცხადია თქვენი მხრიდან, მის.
-რამდენად სერიოზული?
-ახლავე გაჩვენებ,-ბიჭმა ცარიელ კაფეს თვალი მოავლო და საქმეში გართული მომუშავეების გარდა რომ ვერავინ დაინახა, მის ტუჩებზე საკოცნელად გაიწია.
თეკლა არ შეეწინააღმდეგა, პირიქით, იმდენად მოეწონა, სიამოვნებისგან თვალები დახუჭა და თავადაც აჰყვა.
-ძალიან ტკბილი ხარ,- თეკლას ტუჩებზე ამოიჩურჩულა და კოცნა მალევე შეწყვიტა.
გოგონა ჯერ კიდევ მისი სუნთქვის და კანის სურნელს გრძნობდა, თავბრუ დაეხვა და სხეულში დავლილმა ტალღებმა ისე მოადუნა, ძალა გამოაცალა:
-ლუკა!
-რაო?
-სულ მინდა, რომ ერთად ვიყოთ და ჩემი გერქვას.
ბიჭმა თბილად გაუცინა:
-ძალიან საყვარელი ხარ.
-შენ არ გინდა, რომ სულ შენთან ვიყო?
-მეტყობა რამე, რომ არ მინდა?
გოგონამ უარის ნიშნად თავი გააქნია.
-აბა, რა განერვიულებს?
-არც ვნერვიულობ.
-კიდევ დავრჩეთ, თუ ნელ-ნელა დავიძრათ ქალაქისკენ?
-წავიდეთ, თორემ დედაჩემი ხვალ დილით სოფელში ბრუნდება და უნდა, ცოტა ხანს კიდევ მიყუროს,-ჩაეცინა ჯერ კიდევ გაბრუებულ თეკლას.
-როგორც იტყვი,- დაეთანხმა ლუკა და მანქანის სადგომისკენ აიღო გეზი.
დაახლოებით თერთმეტი საათი იქნებოდა, როდესაც გოგონა სახლში მივიდა. დედამისს ჯერ კიდევ არ ეძინა, მას ელოდებოდა:
-შენ სულ ასე გვიან შემოდიხარ სახლში?
-მხოლოდ მაშინ, როცა სადმე მიწევს წასვლა.
-და არ შეიძლება, რომ დღისით წახვიდე და საღამოს უკვე სახლში იყო?
-თერთმეტი საათი არც ისე გვიანია, რომ ამის გულისთვის კონცერტებს მიმართავდე.
-როგორ მელაპარაკები?
-დედა, გარეთ გვიანობამდე დარჩენით არაფერს ვაშავებ.
-სად ბრძანდებოდი?
-მეგობარს შევხვდი.
-ვინ მეგობარს?
-უნივერსიტეტიდან.
-სახეზე გატყობ, რომ მატყუებ.
-კარგი, კიდევ რომ შევხვდები, სელფს გადავიღებ და გამოგიგზავნი.
-ენა გააჩერე და ნუ მეტლიკინები.
-უფ!..-ნერვიულად ამოისუნთქა, თვალები გადაატრიალა და საუბარი რომ აღარ გაეგრძელებინათ, ოთახში ჩაკეტვით მიეფარა თვალს.

***
მეშვიდე თავზე მუშაობა დაასრულა და კალამი გვერდზე გადადო:
-ცოტაც და ისე აიხლართება ყველაფერი, ძაღლი პატრონს ვერ იცნობს,- ხელები ერთმანეთთან მიიტანა და თითები ნერვიულად აათამაშა.
მერე კმაყოფილმა ერთხელ კიდევ გადახედა ნამუშევარს, რამდენიმე ადგილას ტავტოლოგიები ჩაასწორა და სიგარეტის ღერს მოუკიდა. ვიდრე ნიკოტინით თავს იბრუებდა, ისევ მოასკდა მის გონებას წარსულის ფრაგმენტი:
-გეტა, არ ფიქრობ, რომ უკვე დროა, მარტოობას წერტილი დავუსვათ?
-სანამ პირველ კურსს არ დავამთავრებ, ეგ საკითხი მანამდე არ განიხილება.
-ისევ ეს დედააფეთქებული თეატრალური ინსტიტუტი. ჩემი თავი საერთოდ არ გადარდებს?
-როგორ არა.
- საიდან გავიგო? საპირისპიროს რომ მიმტკიცებ, იქიდან?
-ჩხუბს იწყებ?
-გეკითხები და მიპასუხე.
-არ მინდა, ვიკამათოთ.
-სხვათაშორის, არც მე.
-იცი, რა მაინტერესებს?
-გისმენ,-ცივად შეხედა გოგონას.
-სხვადასხვა რელიგია რომ გვაქვს, ჩვენი ოჯახები და ხალხი როგორ მიიღებს?
-ხალხის დედაც მო***ან! სულ ერთ ადგილზე მკიდია სხვები რას იფიქრებენ. რა უფრო გადარდებს, ჩემი რელიგია, შენი კარიერა, თუ სიყვარული?
-მე...  -გაბრაზებული მეწყვილის დანახვაზე აღელდა და აღარ იცოდა, სათქმელისთვის თავი როგორ მოება.
-ჩემ ოჯახთან მე მოვაგვარებ ყველაფერს და კრინტს ვერავინ დაძრავს. შენ ხარ მზად, რომ თუ შენი ოჯახისთვის მიუღებელი აღმოვჩნდები, ჩვენი სიყვარულისთვის იბრძოლო?
-მე... მე...-კეფაზე მოიკიდა ხელი და ბრინჯივით დაბნეული სათანადო სიტყვების ძიებაში იყო, რომ შეყვარებულისთვის პასუხი გაეცა.
-მე, მე, მე... რა შენ? გამაგებინე, ხარ თუ არა მზად, ჩემი და შენი გულისთვის იბრძოლო?
-ალბათ, კი.
-სიტყვა „ალბათ“ -ს არ მივიღებ! ან კი მითხარი, ან- არა!
-არ ვიცი წინ რა წინააღმდეგობები დაგვიდგება. მეყოფა ძალა, რომ შენი რელიგია, კრიმინალური ცხოვრება და ჩვენი წრე დავივიწყო, ყველაფერს გადავაბიჯო და შენ გამოგყვე?
-ამას მე მეკითხები? -შუბლი შეკრა და ცივად შეხედა რომამ.
ყოველთვის, როდესაც ასეთი უგულო და ყინულივით ცივი მზერა ჰქონდა, ყველაზე მეტად მაშინ ხელდებოდა და ფარული სიმშვიდის მიღმა შინაგანად იკრებდა ძალებს, რომ სისასტიკე ჩაედინა. ამჯერადაც ფეთქდებოდა, მაგრამ თავს იკავებდა, რომ საყვარელი ადამიანისთვის არ ეწყენინებინა.
-მართლა არაფერი ვიცი.
-აბა, რომის პაპმა იცის?
-დრო მომეცი, გპირდები, ყველაფერს ავწონ-დავწონი და ზუსტ პასუხს გეტყვი.
აქ უკვე მოთმინების ფიალა აევსო მამაკაცს, ხელები მხრებში ჩაავლო და ხმას აუწია:
-შენი სათამაშო ხომ არ გგონივარ? რას მაპამპულავებ?!
გოგონა კანკალმა აიტანა და სუსტად აწია ხელის მტევნები:
-კარგი, ოღონდ შემეშვი, ასე ნუ მელაპარაკები და გპირდები, რომ ჩვენი სიყვარულისთვის ვიბრძოლებ.
-მომისმინე და კარგად დაიმახსოვრე! ის, რომ გიყვარვარ, „პაზორი“ არ არის და ვისაც მე არ ვენდომები და არ მიმიღებს, იმის დედა მო***ან! გაიგე?
-ვის აგინებ?
-ვისაც ეკუთვნის.
-არ არის საჭირო ამდენი ბილწსიტყვაობა.
-ნუ მაიძულებ და აღარ გაიგონებ.
-უკვე დროა, წავიდე, ცეკვაზე მაგვიანდება.
-ცეკვის დედაც!... ახლა არ გამაფსიხო. მე რას გეუბნები და შენ რას ჩივი.
-მშობლებმა რომ გაიგონ, გავაცდინე, მომკლავენ.
-არავინ არ მოგკლავს.
-გამიშვი, რა.
-ასე ძალიან გინდა წასვლა?
-ჰო, გასტროლებისთვის ვემზადებით და არ მინდა, ხელმძღვანელს იმედები გავუცრუო.
-იცი რას გატყობ? ყველაფერს ჩემზე წინ აყენებ, -ცეკვასაც, ხალხის აზრსაც და ხვალ ზეგ ალბათ „დვარნიაშკა“ ძაღლსაც მამჯობინებ.
-ასე არ არის.
-აბა, როგორ არის?
-მე...  -ისევ დაიბნა გოგონა.
-რას ჩაგიხვევია ეს „მე“? მე რა თხა ხარ? გამეცი წესიერი პასუხი.
-ნუღარ მაწვალებ, გამიშვი, გთხოვ.
-ჯანდაბა! ამის დედაც!.. თუ ფიქრობ, რომ გაწვალებ და ასე ძალიან გინდა ჩემგან წასვლა, წადი!
გეტამ ნერვიულობისგან გამშრალი პირი წყლის დასალევ შადრევანთან  გაისველა, ტუჩები ცხვირსახოცით შეიმშრალა და შეყვარებულს დამშვიდობების წინ ლოყაზე აკოცა. მამაკაცი უგრძნობივით იდგა, არანაირი საპასუხო რეაქცია არ ჰქონია. გოგონას უკან აღარ მოუხედავს, ჩქარი ნაბიჯებით ტროლეიბუსის გაჩერებისკენ წავიდა და სასურველ ნომერს დაუწყო ლოდინი.


გაგრძელება იქნება

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები