ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დებორა
ჟანრი: პოეზია
10 თებერვალი, 2009


გურამ რჩეულიშვილის ეროტიკული პოეზიიდან

გურამ რჩეულიშვილის მრავალფეროვან ლიტერატურულ მემკვიდრეობაში პოეზიასაც უჭირავს თავისი ადგილი. მისი მცირერიცხოვანი ლექსები ,რომელიც შორს იყო მაშინდელი იდეოლოგიის მიერ სანქცირებული თემატიკისაგან ,მის სიცოცხლეშივე ვერ გამოქვეყნდებოდა,შემდგომაც , მწერლის პირად არქივში მთვლემარე, წლობით, ათწლეულობით ელოდა დღის სინათლეს.

მეჩვენება,რომ ამ ლექსის დასაწყისი ეხმიანება ფსიქოანალიზის ცნობილ თეორიას ბავშვის ადრეული სექსუალობის განვითარების შესახებ.ეს მაფიქრებინებს,რომ ან გურამი იცნობდა ფროიდის შრომებს,მიძღვნილს ამ პრობლემისადმი,რაც სავსებით შესაძლებელია, თუნდაც იმიტომ , რომ ფროიდის შრომები თითქმის შექმნისთანავე ითარგმნებოდა რუსულად და მეტნაკლებად ხელმისაწვდომი იყო მაშინდელი დაინტერესებული მკითხველისათვის, ან შემოქმედებითი ინტუიციის წყალობით ჩასწვდა იმავე სფეროს .




გურამ რჩეულიშვილი

..ცოდვისთვის შობილს


იმ მიუწვდომელ მშვენიერებას
ბავშვი რომ ხედავს
ქალის სხეულში,
თავის პატარა გაურყვნელი წმინდა ხელებით
როცა დაბერილ თეთრ ძუძუებს
ვნებით უჭყლიტავს,
ვცდილობ მივაგნო,
როგორც ერთი წლის დაბადებიდან
მოურიდებლად თავის დედას გაუხსნის საკინძს
ვარდისფერი ძუძუსთავების დასაწაფებლად.
ისევე წმინდა,
ისევე დიდი,
არის სურვილი ჩემი.
მხოლოდ მორალი დაწესებული გარეშემო
მე შეურაცხმყოფს,
ტყუილ ბრალსა მდებს
და მეც ბრალდებულს
ცოდვისთვის შობილს,
გულის სიღრმეში
მიხარია ეს განაჩენი.
და სხვებთან ერთად
ნეტარ წამებს
შევურაცხყოფ
ენის გაკილვით,
ან იმ ბიბლიურ დაბალი
კაცის მიერ მოგონილ
მაღალ სიტყვებით:
`მე დავამდაბლე აი, ეს დიაცი
და ამ დიაცს დღეის შემდეგ
უწოდეთ ბოზი.
მე აქ ვმაღლდები პირუტყვული
უკუპროპორციით
და თავს ტაშს ვუკრავ,
რადგან არ ვგავარ ვნებააშლილ
ქალთაგან ნაცემ
იმ უძლურ სხეულს,
ვინც იცემა კაფეში ბოზთაგან,
რომ ნამთვრალევმა,
ღამენატეხმა,
დამდაბლება მათი ვერ შეძლო
და საოცარი ყველაფრის მხეთქი
ხმა ამომძახის გეენის ცეცხლივით:
შენ კაცი ხარ, დიდი კაცი, სანამ გიდგება,
და ნახევარი ადამიანი.


სიგიჟე


ჟანგი, ჯანღი
ღამე ბნელი
დიდთვალება ტყეში მგელი.

ერთხელ ღამე, ერთხელ ღამე,
კოცნა ყოველ ღამე,
ცხელი ბარძაყები,
ხელი ბარძაყებში,
კოცნა ბარძაყებში
და
მართლა ღამე, მართლა ღამე,
ცივი ბარძაყები,
ხელი ბარძაყებში
ძილი უგრძნობელი.

და ჩემში გაჩნდა ორივე ერთად:
ეჭვი და სიყვარული.

გულგადაღეღილი
ქალები, კაცები;
საუბარი ციკლონზე,
სიმღერა ჯაზების.
ქალები, კაცები,
ღია მანქანები,
კისრამდე შეკრული
მილიციელები.
შუა დღის მოდუნება
სიცხეზე.
კისკისი საღამოს
ბაღებში
და პოდიეზდები
ღია ბარდაგები,
ხოში და ხურუში
გადახლართულები.

ჩემს გოგოს მაღალი წელი,
ლამაზი ტუჩები, სავსე მკერდი
აქვს,
აქვს სილამაზე და ის ჩემია,
აქვს სიყვარული და ის ჩემია,
აქვს ერთგულება და ის ჩემია,
ვარ კმაყოფილი, ვარ უდარდელი.
აქვს ყველაფერი და ის ჩემია.
და არ ვიცოდი მე _ სიყვარული.

და ერთხელ ვნახე ის სხვასთან ერთად,
საუბრობდნენ,
ბევრჯერ მინახავს ის სხვასთან ერთად
მოსაუბრე
და მაშინ ვნახე, არ ვიცი რატო,
და მაშინ ვნახე მე სიყვარული
და ჩემში გაჩნდა ორივე ერთად:
ეჭვი და სიყვარული.




წერილი ჩემს მეგობრებს ანუ ერან!

იცით, რას ამბობს ერანა!
_ მე შენი მეგობრები რად მინდა
ან იმათი პატივისცემა,
მე შენ მინდიხარ,
მე ბიჭი მარტო ღამე მინდა
და ისინი, თუ ღამე იქნებიან
ჩემთან,
მაშინ შენი მეგობრები ხომ
აღარ იქნებიან?!
_ გიჟია! _ მეუბნება.
`გიჟი ვარ, მართლა~ ვფიქრობ მეც.
იცით, ვინ არის ეს?!
ეს ირენ კი არ არის,
ბერძენთა ქალღმერთი,
არამედ ერან,
აღმოსავლელი წარმოშობით,
უფრო მეტიც,
სპარსელი იეზიდი
თბილისში გაზრდილი.
დედა ატლასი,
მამა არყუთა,
ძმა თემურა.
დროისა და
ცივილიზაციის შეგრძნების გარეშე.
ერან პატიოსანი არ არის
და არც ბოზია,
არც გამოცანა,
იმისი ახსნა არ შეიძლება.
იმასთან მარტო უნდა იცხოვრო,
რადგან მხოლოდ ამ დროს მიხვდები
მის სიყვარულს.
ის ღამეა დაბადებული
სიბნელის სამეფოში
და ღამე ბატონობს,
ღამე ტირის,
ღამე მღერის,
ღამე წევს უხმოდ,
ღამე წივის,
ღამე არ იძინებს
და გაუთავებლივ შეუძლია ალერსი.
თუ ჩაგეძინა,
გაიქცევა და აღარ მოვა აღარასოდეს
შენთან,
ის დღის სინათლეს ვერ უძლებს,
მხოლოდ ღამე ბრწყინავენ მისი თვალები.
დღისით ის ქრება,
დღისით იმალება,
დღის ეშინია
და თუ ნახე, მზის სხივები როცა ანათებენ,
არ დაიჯერებ, რომ ღამის ღმერთი
მხოლოდ მონას ჰგავს
დღის სინათლეზე.
ერანა მღერის _
ღამის ღმერთი _
ვნებით გავსების და დაცლის
უთვალავ საფეხურებს შუა:
ო, შავო ღამევ,
რატომ ხარ ჩემთვის ასეთი ნათელი
და რატომ ვერ გხედავენ შენ სხვები!
ო, ყარაგიოზ,
ო, შავთვალება ღამე,
მე ყველაფერი მიყვარს შენი,
შენ ჩემი მონა ხარ.
_ მე ვარ ქალბატონი,
მე ვარ ღამის ღმერთი.

ო, ყარაგიოზ, ო, შავთვალებავ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები