ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რ____ო____ი
ჟანრი: პოეზია
10 თებერვალი, 2009


თებერვალი

ოთახი, კედელი, ფარდები, საწოლი,
წესრიგი ნაკლები, სინესტე_გვირისტი,
წიგნებზე უმეტეს აბები საძილე
და ასე უშენო დღეების პირისპირ.

ფიქრები მაჯებით, კარნახი მაჯებთა,
შეგრძნება შიმშილის, ჩვეული სიცივე,
ერთი და იმავეს ვიძახი ასჯერ და
მტკივდება სახსრები, შედეგი - იწვიმებს.

და ვითვლი ასამდე ძილისწინ როდესაც
არ მინდა მიყვარდე, არ მინდა გიცქირო -
ვიძინებ გახელილ თვალების პროტესტით,
გამომდის ნაკლებად და უფრო იცი რა?

ვენებში მაწვება სისხლი და სიშორე,
ოთახებს სიძველედ ობობა აუსხამთ,
ვითვლი და ვრწმუნდები
რიცხვსა და რიცხვს შორის,
შენზე ფიქრს ეთმობა ყოველი პაუზა -

მახსოვხარ იმდენად და მტკივა საწოლი
და მტკივა წვიმები, წესრიგი ძილისწინ,
დაგარქვი წარსული დღეების საცოლე
და ვდგავარ უშენო დღეების პირისპირ.



წვრილმანები ბავშვობიდან

დღეა ცისფერი და
ცაა ცინიკოსი,
გატყდა ოცდაორი
მარტის გამთენია,
სხივი ნაწნავივით წვება
ალიონზე,
ღრუბლის ფთილები კი
თითქოს ბაფთებია.

ბაბას ნალიაში შეაქვს
მტრედისფერი,
ძმები საბალახოდ ლურჯას
მიდენიან,
მიკვირს სიცილამდე, ზოგჯერ
მეტისმეტიც,
ლურჯა რატომ ჰქვია თუკი
წითელია.

ბავშვურ შეკითხვების პასუხს
ველოდები,
ფეთქავს გაზაფხულის თოთო
მისტერია,
ჩემი სურვილი და გოგო
მეზობელის,
ვხვდები ამ ბოლო დროს ერთად
იზრდებიან.

სიცხეც ბეჭით დამაქვს, როგორც
განაჩენი,
ნენე დაწრიალებს დოქით
ოწინართან,
რაღა საჯანდაბედ წერა
ავიჩემე,
წლები გამირბიან ახლა
ოცის ვარ და

უნდა დამიჯერო,
ცაა ცინიკოსი,
გატყდა გამთენია,
მარტის ოცდაორი,
წვიმის ბრავისიმო კვდება
ალიონზე,
ჰოდა დავწერე და...
ანუ მომაგონდი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები