ნაწარმოებები


კონკურს ლილე2026 -ზე მოთხრობების მიღება დამთავრებულია და მოთხრობები გადაეცა ჟიურის შეფასებისთვის. იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გ.დ.
ჟანრი: პროზა
16 ოქტომბერი, 2019


პლანეტა RED 6 (წითელი პლანეტა 6)

პროლოგი

თუ თქვენ ერთი დღე მაინც გაქვთ გატარებული „წითელ პლანეტა 6-ზე“, მაშინ მე გეუბნებით, რომ თქვენ ხართ ყველაზე იღბლიანი ადამიანი. ყველას არ აქვს იმის ფუფუნება რომ ამ პლანეტის სილამაზით დატკბეს. არათუ ყველას, არამედ თითო ოროლა ადამიანს თუ გაუამართლა, ექვსი მილიარდი ადამიანიდან, მოხვედრილიყო ამ პლანეტაზე და მთელი არსებით შეეგრძნო მისი სიდიადე.
ერთ-ერთი მათგანი მე გახლდით...
ვრცელი წინასიტყვაობით თავს არ შეგაწყენთ. ვეცდები ნაკლებად მოგახვიოთ თავს ჩემი ემოციები. თუმცა არ ვარ დარწმუნებული რომ ეს ყველაფერი გამომივა. მოიმარაგეთ სასმელი, საჭმელი და მოემზადეთ თავგადასავლისათვის. თავგადასავლისათვის, რომელიც მე გადამხდა თავს და ძალ-ღონეს არ დავიშურებ რომ ამ უკანასკნელში თქვენც კომფორტულად იგრძნოთ თავი.

თავი I
გამოღვიძება

შაბათი დღე გათენდა. მიუხედავად იმისა, რომ უქმე დღე იყო მაღვიძარამ ტრადიციულად დილის შვიდ საათზე დარეკა. არ დამზარებია ლოგინიდან ადგომა. მოვწესრიგდი, ყავა მოვიმზადე (ოთხი კოვზი შაქრით), ფანჯარასთან მივედი, ღრმად ამოვისუნთქე, პირველი ყლუპი მოვსვი და სივრცეს გავხედე. წვიმდა. წვიმის წვეთები ფანჯრის მინას ვერტიკალურად, ზემოდან ქვემოთ მიუყვებოდა. ხუთ ხაზიან სანოტო სისტემას ქმნიდა. ქარის ზუზუნი და წვიმის წვეთების ხმა მუსიკალურ მელოდიად გარდაიქმნებოდა. გაშეშებული ვიდექი, აზრებს თავს ვერ ვუყრიდი. გონება ქაოსს მოეცვა. ყავის ფინჯანი ფსკერამდე დავიყვანე...
საწვიმარი მოვიცვი. კარის ზღურბლს გადავაბიჯე თუ არა უცნაური შეგრძნება დამეუფლა. ვგრძნობდი რომ საკუთარ თავს არ ვეკუთვნოდი. არ ვიყავი ის ვინადაც თავი მიმაჩნდა. გადაუღებლად წვიმდა. ქვაფენილს მივუყვებოდი. ვცდილობდი ყველანაირი ფიქრი ამომეგდო თავიდან. ვცდილობდი არაფერზე მეფიქრა. წვიმამ იმატა. ფეხის ნაბიჯსაც ავუჩქარე. არსად მეჩქარებოდა, არც წვიმისგან დასველებას გავურბოდი. მინდოდა ჩემი ნაბიჯების სიჩქარე წვიმის ვარდნის სიჩქარესთან იდეალურ თანხვედრაში მოსულიყო. მინდოდა წვიმად გადავქცეულიყავი. ვიცოდი რომ სისულელე იყო. ვერასდროს მოვახერხებდი წვიმად გადაქცევას. იმედგაცრუებულმა საწვიმრის მარცხენა ჯიბიდან წითელი მალბორო, ხოლო მარჯვენა ჯიბიდან სანთებელა ამოვიღე. ერთ ღერს გავუკიდე. მსუბუქი, თუმცა ამვადროულად მომაკვდინებელი ნაფაზი ამოვარტყი და ის ის იყო გზა უნდა გამეგრძელებინა რომ ჩავიკეცე. მუხლებით სველ ქვეფენილს დავენარცხე. გაბრუებული, თუმცა მეტწილად საღ აზრზე მყოფი ვგრძნობდი რომ ჩემი სხეული ნელ-ნელა ძირს ეცემოდა. დაცემა არ იყო მტკივნეული. ზურგზე ვიწექი, თვალები ღრუბლებისკენ ამეპყრო. თითებს შორის ნახევრად ჩამწვარი სიგარეტის „ბიჩოკი“ მეჭირა. რაც უფრო მეტად იწვოდა, მით უფრო მეტად მხიბლავდა. ამ უკანასკნელიდან წამოსული კვამლი, თითების გავლით ზემოთ მიიწევდა. უკანასკნელი ძალა მოვიკრიფე, სიგარეტი ტუჩებს შორის მოვაქციე, უკანასკნელად ამოვუშვი კვამლი ფილტვებიდან და გავითიშე.
გამოღვიძებისას არის ერთი, მცირედი მომენტი, როდესაც შენი გონება ორ სამყაროს შორის არის გაჭედილი. გიჭირს რეალობის აღქმა. ვერ ხვდები რომელია რეალობა და რომელი ილუზია. ცხადსა და სიზმრის სამყაროს შორის გიჭირს არჩევანის გაკეთება. გირჩევნია გონზე მოხვიდე და გააგრძელო რუტინული ცხოვრება თუ დარჩე სიზმრის მიღმა სამყაროში და იყო საკუთარი თავის ბატონ-პატრონი. მოკვდე მილიონჯერ და გაცოცხლდე მილიონჯერ. იგრძნო ტკივილი, რომელიც შინაგანად გწვავს თუ გტკიოდეს შენი ფიზიკური სხეულის ყოველი ნაგლეჯი.
გამომეღვიძა. ჩემი სხეული ხრიოკ მიწაზე იდო. ცაზე ორი მზე ანათებდა...

თავი II
წითელი პლანეტა

წითელი პლანეტის გაგონებისას ყველას ერთი და იგივე სახელი ამოგიტივტივდებათ თავში: „მარსი“. ცდებით ბატონებო, მწარედ ცდებით. ალბათ იფიქრებთ რომ გავგიჟდი. თქვენს ადგილას მეც ანალოგიური შთაბეჭდილება დამრჩებოდა. თუმცა თქვნ ჩემს ადგილას არ ხართ, ისევე როგორც მე თქვენს ადგილას. თითოეული ჩვენგანის გონება უსასრულოა. გონებას შეუძლია ჩვენი გაცურება. თვალი ერთს ხედავს, გონება მეორეს.
არ ვიცი რამდენ ხანს ვიყავი უგონოდ. გონზე მოსვლისას მივხვდი რომ ჩემმა სხეულმა ადგილი შეიცვალა. ცაზე ორი მზის დანახვამ შიში მომგვარა. შიში ყოველი ჩვენგანის განუყოფელი ნაწილია, ჩვენი თანამგზავრია, ჩვენი მეგობარია. შიში ხელებს შორის მომექცია და დავყურებდი. შიშს ფიზიკური ფორმა მიეღო და მეტად საზარელი სანახავი იყო. ეს იყო შავი ბლანტი მასა. ხელებიდან ჟონავდა. ვეცადე მომეშორებინა. რამდენიმეხნიანი წვალების შემდეგ გამომივიდა კიდეც.
საკუთარ თავს კითხვებს ვუსვამდი. თავიდანვე ვიცოდი რომ ეს იყო უპასუხო კითხვები. პასუხების ძიება წყლის ნაყვას გავდა. წამოვდექი. მტვერი ჩამოვიბერტყე და გზა განვაგრძე. მივყვებოდი გზას, რომელსაც არსად მივყავდი. წინ გადადგმული ყოველი ერთი ნაბიჯი ორჯერ უკან მხევდა.
ერთადერთი დადებითი ამ ყველაფერში იყო ის, რომ სრულიად უცნობ და საინტერესო ადგილას აღმოვჩნდი. თითქოს ახალი გამოწვევები მელოდა. თავს ვიმშვიდებდი. რამდენიმე საათიანი ხეტიალის შემდეგ წითელი აგურებისგან აგებულ პირამიდას წავაწყდი. სიგრძეში 25 მეტრის ხოლო სიგანეში 30 მეტრის იქნებოდა. სიმაღლე 50 მეტს აღემატებოდა. პირამიდის წვერზე ზურმუხტისფერი ძვირფასი ქვა იყო მოთავსებული. ეს უკანასკნელი ორივე მზიდან სიმეტრიულად იყო დაშორებული. წარმოსახვითი ხაზები რომ გაგევლო ძვირფას ქვასა და ორ მზეს შორის ამობრუნებული პირამიდის ფორმას მიიღებდით. შიში წამიერად გაქრა. პირამიდის სილამაზით მოხიბლულს სიმშვიდის გრძნობა დამეუფლა. ხელებზე დავიხედე. შავი ბლანტი მასის ნაცვლად ამჯერად გამჭრივალე, სფეროს ფორმის ობიექტი მოძრაობდა. მივხვდი რომ ამ პლანეტაზე ემოციებს და გრძნობებს ფიზიკური ფორმების მიღება შეეძლო.
რამდენიმე წუთის განმავლობაში პირამიდას წრეს ვურტყამდი. როგორც იქნა შესასვლელიც გამოჩნდა. ღმერთისგან მიტოვებულ, დროსა და სივრცეში დაკარგულ პლანეტაზე მარტო ვიყავი. დასაკარგი არაფერი მქონდა. თამამად გადავდგი ნაბიჯი შესასვლელისკენ. პირამიდის შესასვლელის თაღს გავცდი თუ არადა კარი დაიკეტა. წამის მეასედებში პირამიდის შიგნითა ტერიტორია განათდა. კედლებზე განლაგებული ჩირაღდნები ერთი მეორეს მიყოლებით ინთებოდნენ. კედლებზე უცნაური გრაფიტები იყო გამოსახული, რომელთა გარჩევა და მითუმეტეს გაშიფვრაც კი არ შემეძლო.
თავი III
გარდაქმნა

უცნობი ხმა პირამიდის სიღრმიდან მიხმობდა. ქალის ხმა იყო. ხმას მივყევი. პირამიდის ყველაზე დიდ და ყველაზე განათებულ ფლიგელში აღმოვჩნდი. ფლიგელის ცენტრში 30 სანტიმეტრის დიამეტრის, შავი ფერის საცეცხლური იდო. საცეცხლურის წინ წითელ მოსასხამიანი ქალი იჯდა, რომელსაც სახე ნიღბით ქონდა დაფარული. თავისკენ მიმიხმო და მთხოვა მის წინ დავმჯდარიყავი. ერთხანს ხმის ამოუღებლად ვუყურებდი. საცეცხლურზე ფისის მსგავსი ნივთიერება დადო, კვესი ტალზე ჩამოკრა. ფლიგელი საოცარმა სურნელმა მოიცვა. სახიდან ნიღაბი მოიხსნა. ცეცხლისფერი თმები მხრებზე დაეყარა. თმები მის მოშიშვლებულ მკერდს ფარავდა. საუბრის წამოწყება ვცადე თუმცა ხმას არ იღებდა. თვალებში მიყურებდა. იფიქრებდი აზრების წაკითხვას ცდილობსო. დროდადრო საცეცხლურს გახედავდა.
მცირე ხნიანი დუმილის შემდეგ ჩემთვის უცხო ენაზე გაუგებარი ლოცვის წარმოთქმა დაიწყო. შიშმა ამიტანა. ინსტიქტურად ხელებზე დავიხედე. ორივე მათგანი შავი, ბლანტი სითხით დაფარულიყო. ის კი ჯიუტად აგრძელებდა ლოცვას. თითქოს არც იმჩნევდა ჩემს იქ ყოფნას. დამწვარი ფისის სურნელი უფრო და უფრო მძაფრად იგრძნობოდა. ვგრძნობდი რომ ვბრუვდებოდი. ქალი თითქოს ჩემს შეცვლას ცდილობდა. არ ვიცი, ფიზიკური თუ სულიერი ცვლილება იქნებოდა, თუმცა ვიცოდი რომ, ლოცვის დასრულების შემდეგ მე შევიცვლებოდი. ის არ ვიქნებოდი ვინც აქამდე ვიყავი და ვინადაც თავი მიმაჩნდა.
ფლიგელი საკმევლის კვამლმა დაფარა. მის სახეს ვეღარ ვხედავდი. თუმცა მის იქ ყოფნას მაინც ვგრძნობდი. თითქოს მასთან ზებუნებრივი კავშირი მქონდა დამყარებული. თვალებზე რული მომაწვა. საკმევლის სურნელმა იმატა. ჩემს სრულ გათიშვამდე წამებიღა იყო დარჩენილი.
გონს რომ მოვედი ფლიგელში აღარ ვიყავი. სახეზე წვიმის წვეთები ვიგრძენი. თავი გადავატრიალე. თითებს შორის მოქცეული სიგარეტი თითქმის ბოლომდე ჩამწვარიყო. წამოვდექი. შინაგანი სიცარიელე ვიგრძენი და ამასთანავე საოცარი სიმშვიდე დამეუფლა. მივხვდი რომ რაღაცა შეიცვალა ჩემში. სიგარეტის მორიგ ღერს გავუკიდე და ქვაფენილს გავუყევი სახლისკენ.
სახლში შესვლისას პირველი რაც გავაკეთე იყო ის რომ აბაზანა ცხელი წყლით ავავსე. ჩავწექი. მაცივრიდან ახლად გამოღებული ლუდის ბოთლი დავიდგი გვერდით. ვგრძნობდი რომ კვლავ გონებას ვკარგავდი. ძალა წამერთვა. ფიქრებში გადავეშვი. ცეცხლისფერთმიანი ქალის სახე მედგა თვალწინ. ჭორფლებით ყავისფერი თვალებით.
წითელი თმით, რომელიც მკერდს უფარავდა...

ეპილოგი

ქუჩაში აკიდებიხართ ვინმეს? თქვენთვის სრულიად უცნობ ადამიანს. თუკი გკითხავთ ამის მიზეზს, მენდეთ პასუხს ვერასდროს მივიღებ. მეც მზად ვიყავი მას გავკიდებოდი. გავყოლოდი დროისა და სივრცის ბოლო წერტილამდე. გავყოლოდი იქ სადაც მზე არ ანათებს, იქ სადაც სიცივეა. იქ სადაც დრო გაყინულია...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ლურსმანი ვულოცავთ დაბადების დღეს