 | ავტორი: ბალახა ჟანრი: პროზა 27 მაისი, 2020 |
მელანოMANia „სიყვარული ნუგეში არაა. ის უბრალოდ სინათლეა“ ფრიდრიხ ნიცშე თავი ოცდამეჩვიდმეტე მეორე დილით ჩვეულებისამებრ მოვიკითხეთ ერთმანეთი მელანომ და მე. სამსახურში წასვლამდე, ფოსტაში შევიარე და წერილი გავუგზავნე მას. ოპერატორ გოგონას ვთხოვე, რომ კურიერს გზავნილი დღის მეორე ნახევარში მიეტანა და მხოლოდ ადრესატისთვის გადაეცა. კონვერტზე, მისამართთან ერთად ადრესატის საკონტაქტო ტელეფონიც მივაწერე, რათა ფოსტის წარმომადგენელი ადგილზე მისვლამდე დაკავშირებოდა მას. ასეთ დროს ნაკლებია ალბათობა იმისა, რომ კურიერმა უყურადღებოდ დატოვოს წერილი და მეტი პასუხისმგებლობით ეკიდება საქმეს. სამსახურშიც კმაყოფილი წამოვედი, რადგან ვიცოდი, რომ მელანოს ძალიან გაახარებდა მოულოდნელი გზავნილი. თუმცა ეს პერიოდი ყველაზე მტკივნეული და რთულად გადასატანი აღმოჩნდა ჩვენ ცხოვრებაში. შეგრძნება იმისა, რომ შენთვის ძვირფასი და საყვარელი ადამიანი აქვეა, ძალიან ახლოს, მას შენი მხარდაჭერა ჭირდება და ერთადერთი რაც შეგიძლია მისცე, მხოლოდ სიტყვიერი ნუგეშია მის მიმართ-ყველაზე რთულად გასათავისებელია. ის დღეები ერთმანეთთან მუდმივი მიმოწერით უნდა გადაგვეგორებინა. ასეც ვიქცეოდით. მელანოს ყოველი ნაბიჯის შესახებ ვიცოდი. ვიცოდი, როდის შედიოდა ან გამოდიოდა პროცედურიდან, რას ეუბნებოდნენ ექიმები, რა სახის ცვლილებებს ელოდა, როდესაც ყველაფერი ჩაივლიდა. ერთმანეთის გარეშე ერთმანეთის ცხოვრებით ვცხოვრობდით და განვიცდიდით ყოველ წუთს, ყოველ ამოსუნთქვას, ყოველ გათენებას და დაღამებას. შუადღე გადასული იყო, როცა მელანოსგან შეტყობინება მივიღე. -ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი, თუ რაიმე გამიხარდებოდა ამ დღეებში და შენ ეს მოახერხე. სიტყვები არ მყოფნის, რომ გადმოგცე ჩემი აღტაცება. ჩემთვის ლექსი არავის მოუძღვნია აქამდე. მადლობა, ბართლომე. -მოგეწონა, მელანო? -კიი, ძალიან, ძალიან. თავიდან დავიბენი. საუკუნეა წერილი არ მიმიღია. აღარც კი მეგონა თუ აგზავნიდნენ წერილებს კიდევ. სულ გადამავიწყდა დაღლილობა და თავი ნამდვილ მუზად ვიგრძენი. აი ისეთად, პოეტები რომ შორიდან ეტრფიან და ლექსებს უწერენ ხოლმე. მაბედნიერებ, ბართლომე. შენ ჩემი სინათლე ხარ! -შენ კი ჩემი სიყვარული ხარ, მელანო! მიმოწერის დასასრულს მელანოს ერთ უხერხულ თემაზე დავუწყე გამოკითხვა. ამ საკითხზე საუბარს სულ ვერიდებოდი, მაგრამ მინდოდა მეკითხა მელანოსთვის, როგორ იხდიდა მკურნალობასთან დაკავშირებულ ხარჯებს. ის ხომ უბრალოდ სკოლის მანდატური იყო. რთული გამოსაცნობი არ იყო, რომ მანდატურის ხელფასით ამ ყველაფერს მარტო ვერ გაწვდებოდა. მამაკაცის გარეშე დარჩენილი ოჯახიც მის კისერზე იყო. მელანო გამომიტყდა, რომ მკურნალობისთვის აუცილებელი ხარჯები მეგობარმა ასესხა, რადგან თითოეული პროცედურა საკმაოდ დიდ თანხასთან იყო დაკავშირებული და რომ არა მეგობრის თანადგომა, ის მკურნალობაზე არც კი იფიქრებდა. მელანომ საუბარში ისიც აღნიშნა, რომ ნაკლებ სავარაუდო იყო მისი სკოლაში გაჩერება, მკურნალობის პროცედურის დასრულების შემდეგ, რადგან მას მოსვენება და მშვიდ გარემოში ყოფნა ესაჭიროებოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა ძალისხმევა წყალში ჩაიყრებოდა და არანაირ შედეგს არ მოიტანდა მკურნალობის ეს დამღლელი პროცესი. ბუნებრივია, რომ სკოლაში ეს ყველაფერი წარმოუდგენელი იყო. საჯარო დაწესებულებებიდან ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი ადგილი სწორედაც რომ სკოლა იყო. ეს კიდევ ერთი თავსატეხი და საფიქრალი იყო მისთვის, თუმცა იმ ეტაპისთვის მეორეხარისხოვანი, რადგან წინა პლანზე, უკეთ რომ ითქვას, მთავარ ადგილას, მისი სიცოცხლე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკეთება და დასტაბილურება იდგა. კიდევ ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდა მკურნალობის პროცესი. საბოლოოდ, ექიმებმა რეზიუმეს სახით ჩაწერეს „ავადმყოფობის ისტორიაში“, რომ მომდევნო ექვსი თვის მანძილზე მელანოს წამლები აღარ უნდა მიეღო, რათა ენახათ, რამდენად სწორად წარიმართა მკურნალობის პროცესი და რა შედეგი გამოიღო მან. აუცილებელ პირობას წარმოადგენდა ისიც, რომ მელანო იქნებოდა სრულ სიმშვიდეში და მაქსიმალურად შორს ისეთი ადგილებისგან, რომელიც ხალხმრავალი და ხმაურიანი იყო. მელანო უფრო მეტად იმაზე დარდობდა უკვე, რომ სკოლიდან წამოსვლა მოუწევდა და უსამსახუროდ დარჩენილს ძალიან გაუჭირდებოდა ოჯახის რჩენა. ასეთი დილემის წინაშე აღმოჩენა ნებისმიერი ადამიანისთვის ძალიან რთული და ძნელად გადასალახია, როდესაც არჩევანის წინაშე დგები, სასწორის სხვადასხვა მხარეს კი შენი ჯანმრთელობა და ოჯახის კეთილდღეობა დევს. თითქმის დარწმუნებული ვიყავი იმაში, რომ მელანო საკუთარ ჯანმრთელობაზე წინ შვილებს დააყენებდა. სკოლიდან წამოსვლაზე არც იფიქრებდა, თუ უკიდურესად არ გადაიღლებოდა იქ ყოფნით და აუტანელი ხმაურით. მზად ვიყავი ყველაფერში გვერდით დავდგომოდი მელანოს. თუნდაც ახალი სამსახურის მოძებნაში. სანაცნობო წრე საკმაოდ გამეზარდა სადაზღვევო კომპანიაში საქმიანობისას. სხვადასხვა სფეროს და საქმიანობის ადამიანებთან მიწევდა ყოველდღიური კონტაქტი. ზოგთან ძალიან თბილი და მეგობრული ურთიერთობაც კი ჩამომიყალიბდა. არაერთხელ წარმომიდგენია თავი მის ადგილას და ვაცნობიერებდი, რომ ასეთ დროს გვერდში მდგომი ადამიანი იმდენად დიდი ძალა იყო, რომ არაფრის არ შეგეშინდებოდა მასთან ერთად. ასე დასრულდა კიდევ ერთი მონაკვეთი ჩვენი ურთიერთობისა და დაიწყო სხვა ეტაპი, ახალი შემართებით, უკეთესის მოლოდინით და იმედით აღსავსე.
მელანოMANia „ვისაც შეყვარებული ქალი არ უნახავს, ის ვერ იტყვის, რა არის ქალი“ თეოფილ გოტიე თავი ოცდამეთვრამეტე თითქმის ორი კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც ერთმანეთი ვნახეთ მელანომ და მე. ჭირვეული მოზარდივით წუთებს ვითვლიდი მასთან შეხვედრამდე. ისე დაემთხვა, რომ ათ ოქტომბერს ჩემი მეგობრების პოეზიის საღამო იყო და ვიფიქრე, რომ მელანოს გაუხარდებოდა თუ ერთად მივიდოდით მათ მოსასმენდათ. რამდენჯერმე დავპირდი, რომ საღამოზე დავპატიჟებდი და მელანოც სიამოვნებით დამთანხმდა წამოსვლაზე. ასე შედგა ჩვენი პირველი პაემანი საჯაროდ და გაცხადებულად. შეიძლება ითქვას, რომ საღამოს წყვილის სტატუსით დავესწარით. ძალიან მყუდრო და მშვიდი ადგილი შეარჩიეს პოეტებმა. პატარა კაფე იყო ახვლედიანის ქუჩაზე, მაგრამ ნომერი არ მახსოვს. საღამოს საკმაოდ მარტივი, მაგრამ ორიგინალური სახელი შეურჩიეს-„სტროფტომბერი ანუ 10/10“ მუსიკალურადაც კარგად იყო გაფორმებული და ისე შეხმატკბილებულად მოქმედებდნენ პოეტები და მუსიკოსი, რომ ორმა საათმა შეუმჩნევლად გაირა მათი მოსმენისას. სულ ხუთი თუ ექვსი მაგიდა იდგა კაფეში და გარშემო ვისხედით ყველანი. ისე გულდასმით ვუსმენდი ბიჭების ლექსებს, თითქოს პირველად ვიყავი მათ საღამოზე. ოვალური ფორმის ტყავის სავარძელში ვისხედით. მელანო ჩემ წინ იჯდა და რამდენჯერმე ვუჩურჩულე ყურში, რომ მინდოდა კისერში მეკოცნა მისთვის. ერთი დიალოგი დამამახსოვრდა განსაკუთრებით: -მიყვარხარ, მელანო! მიხარია, რომ ერთად ვართ! შემიძლია ავდგე და მიკროფონიდან ხმამაღლა გითხრა ეს ყველაფერი! -გიჟი ხარ, ბართლომე! მე ის უფრო მსიამოვნებს, რომ ჩემ ყურს უკან სუნთქავ და ჩურჩულებ. -მე კი მინდა, რომ ყველამ იცოდეს, როგორ მიყვარხარ. არავისთან არაფერი მაქვს დასამალი, მელანო! -ნუ სულელობ, ბართლომე! მოვუსმინოთ ბიჭებს, სირცხვილია. მგონი, ყველა ჩვენ გვიცქერს. -კარგი, მელანო. ცოტასაც მოვითმენ და ქუჩაში რომ გავალთ, იქ ვიყვირებ ხმამაღლა, რომ მიყვარხარ! მელანო შემომიტრიალდა და ჩამეხუტა. პატარა ბავშვივით კრთოდა და უხაროდა, რადგან მზად ვიყავი საჯაროდ, საქვეყნოდ მეთქვა ან თუნდაც მეყვირა, როგორ მიყვარდა ის. ბუნებრივია, ცოტას მორცხვობდა, რადგან აქამდე ერთად არსად ვყოფილვართ მსგავსი სახის ღონისძიებაზე თუ არ ჩავთვლით სპექტაკლს, მაგრამ ეს სულ სხვა ადგილი და გარემოება იყო. გადავწყვიტე, რომ ყოველი წუთი და წამი ჩვენი ურთერთობისა ყოფილიყო ბედნიერების მომტანი ორივესთვის და ერთმანეთი დაუფარავად, მოურიდებლად გვყვარებოდა ყველას წინაშე. ვიცოდი, რომ ეს სრული სიგიჟე იყო, მაგრამ მსიამოვნებდა, როცა მელანოს აციმციმებულ თვალებს ვუცქერდი, თან ასე ურცხვად, ხალხის წინაშე. ისიც გულგრილად არ ტოვებდა ჩემ განზრახვას და მხარს მიბამდა ყველაფერში. თუმცა მაინც ფრთხილად და წინდახედულად მოქმედებდა ჩემგან განსხვავებით. მას სხვა პასუხსისმგებლობა გააჩნდა. შვილები, მათი მეგობრები, ქმრის ნათესავები, ნაცნობები და ასე შემდეგ. მე კი სრულიად თავისუფლად და შეუზღუდავად შემეძლო წარმემართა ყველაფერი. საღამოს მსვლელობისას წითელ ღვინოს ვწრუპავდით, რაც კიდევ უფრო მეტ გამბედაობას მმატებდა. დასასრულისკენ ბიჭებმა დარბაზში მსხდომ ადამიანებს მიმართეს, რათა მათაც ეთქვათ რამდენიმე სიტყვა საღამოსთან დაკავშირებით ან თუნდაც თავად წაეკითხათ რამე. მელანოსთვის მოულოდნელად პიჯაკის გულის ჯიბიდან მასზე დაწერილი ლექსი ამოვიღე და მიკროფონისკენ გავეშურე. ცოტათი გაწითლდა, ალბათ შერცხვა, მაგრამ რას გააწყობდა, ხომ არ დამიჭერდა? აქამდე არასდროს გამოვსულვარ საჯაროდ და ზომაზე მეტს ვნერვიულობდი. არც ჩემი ვინაობა გავამხილე და არც ლექსის ადრესატის. უბრალოდ მივესალმე აუდიტორიას და აკანკალებული ხმით დავიწყე ლექსის წაკითხვა. თავი დავხარე და მელანოსთვის არც კი შემიხედავს. ბოლოს, როგორც იქნა თავი მაღლა ავწიე და მელანოს ცრემლიანი თვალები დავინახე. ეს ბედნიერების, აღელვების და რა თქმა უნდა, სიყვარულის ცრემლები იყო პირველ რიგში. უკანასკნელი სიტყვები თითქმის გადამეყლაპა ნერვიულობისგან, მაგრამ რამდენიმე წამში ისეთი ოვაციები და აღტაცება დაიმსახურა ჩემმა ლექსმა, რომ იმ წუთას თავი პოეტად ვიგრძენი მეც. იმ საღამოზე პირველად ავუხსენი სიყვარული მელანოს საჯაროდ ჩემი ლექსით და ძალიან ვინანებდი, ასე რომ არ მოვქცეულიყავი. ნამდვილად ღირდა მისი ბედნიერი სახის ცქერა ჩემ გაკადნიერებად და გამოსვლად, აუდიტორიის წინაშე. მთელი გზა ხელებს ვუკოცნიდი მას და მინდოდა მანძილი სახლამდე უსასრულოდ გაწელილიყო, რათა ერთად გვესეირნა გათენებამდე. გზაში თითქმის არ გვისაუბრია, მაგრამ დამშვიდობებისას მელანომ მითხრა, რომ ეს ყველაზე ბედნიერი დღე იყო მის ცხოვრებაში და არასოდეს დაივიწყებდა ამ წუთებს. მე კი პირობა მივეცი მას, რომ ასეთი დღეები კიდევ არაერთხელ იქნებოდა ჩვენ ურთიერთობაში. დღეები, რომლებიც წლების შემდეგ ლამაზ მოგონებებად გადაიქცეოდნენ და ერთად გავიხსენებდით მათ. ოქტომბრის თვეში კიდევ რამდენიმე საღამოზე ვიყავით მელანო და მე. ბოლოს რამდენიმე ლექსიც კი დაგვამახსოვრდა და ერთმანეთს ვუყვებოდით ხოლმე სეირნობისას.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. არ დაგვღუპო მე, მელანო და გერტრუდა, არა თქო არსადა :) არ დაგვღუპო მე, მელანო და გერტრუდა, არა თქო არსადა :)
1. როგორი ნამდვილი გრძნობებია, გადაუპრანჭავი...
ოთხივესთან პირნათელი ვარ დღეს :)
როგორი ნამდვილი გრძნობებია, გადაუპრანჭავი...
ოთხივესთან პირნათელი ვარ დღეს :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|