ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გილო
ჟანრი: პოეზია
5 ივლისი, 2020


შიშო



რამ ამოგაგორა
ჩემი კისრის მოდამოებთან.
ვინ მოგაწება სიფხიზლის სახელი,
ან რომელმა ჩემმა გადაფურცლულმა
წიგნმა გაგიმხილა გამორჩეული აბზაცით
სითამამის საიდუმლო.
საიდან ამოყირავდი.
სად გაგივარდა ასე სახელი.
ვერ ხედავ როგორ მეგრიხება ძვლამდე სხეული?
არ იმჩნევ როგორ მებღაუჭება ქუთუთოებზე ყველა ამბავი,
თავის მობმას რომ ვერ ვუმორჩილებ.
ან როგორ ჩუმად ვიკვნეტ ნუნებში ჩატკეპნილ მკვდარ ქსოვილს,
ბავშვობიდან შემორჩენილ მავნე ჩვევას
ასე ვივარჯიშებ. რაღაც ხომ უნდა მაკავშირებდეს
ფარული ქცევით სირცხვილის ძაფთან.
მერე ყველაფერს ამით აკერებს ადამიანი,
სიცოცხლის ყველა გარღვეულ ადგილს,
უხერხულობის თვალწასულ ნაპრალს.
ასე როგორ მოღონიერდი,
თავი ასე როგორ იჩინე,
ბებოს ნასწავლმა შელოცვამაც
რომ ვერ დაგაუძლურა.
გამომიჭირე.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები