 | ავტორი: სოფო88 ჟანრი: პოეზია 13 სექტემბერი, 2020 |
გათენდა..."მეტიჩარა" სხივების ცელქმა ალერსმა მახარა ცისკარი... ღრმა ძილს ძალდატანებით თავდაღწეული ბავშვური სინაზით ვიფშვნეტ თვალებს, სარკეში საკუთარ ანარეკლს ვხედავ და ვაცნობიერებ...დრო ჯიბრში მიდგას!.. დღეს კიდევ ერთი წელი მაჩუქა ბუნებამ სილაღის მითვისების ხარჯზე. გამქრალა ბავშვობა...გულუბრყვილო სიანცის ნაცვლად "ზრდასრულ" მოვალეობებს დაუსადგურებიათ თვალებში. ბანტიანი ნაწნავი თავისით დაშლილა და ახლა თმიდან ცხოვრებისეული რეალობით დაღლილი მზერა გამოპარულა... ასე არასდროს დამნანებია გაზრდა! ასე არასდროს ჩავბღავუჭებივარ კუდრაჭა წარსულს! მახსოვს, პატარაობისას უფროსები მეუბნებოდნენ, თუ ნატვრის ხეს ფერად ძაფს შეაბამ სურვილები აგიხდებაო და მეც ოცნებების ნუსხით შეიარაღებული დიდხანს ვეჩურჩულებოდი მას...ახლაც მინდა მჯეროდეს ჟლჭრელაჭრულა "დედოფლის", ახლაც მინდა გავანდო ერთადერთი სურვილი: - ბავშვობა დამიბრუნოს, ასკინკილათი მსოფლიოს შემომრბენი ბავშვობა!.. მაგრამ... უმადურები ვართ ადამიანები, არ ვუფრთხილდებით არსებულს, მერე კი მივსტირით მას...თუმცა დროსთან რას გააწყობს "დროებითობა?!" გუშინ სათამაშოების მაღაზიასთან კულულებიან ფერიას მოვკარი თვალი, თითქმის თავისივე ზომის საპატარძლო თოჯინა ჩაეხუტებინა და ფრთებგამოსხმული სიმსუბუქით ეტიტინებიდა დედას... გავბედნიერდი, მეც მასავით ამიციმციმდა წამწამებზე წლების მიღმა მიმალული უდარდელობა. მერე კი ჩავფიქრდი...ჩავფიქრდი და არარეალობაში გადავეშვი, მაღაზიის მეპატრონეს ფერად დედოფალებთან ერთად ვიტრინაში ბავშვობაც გამოვადებინე გასაყიდად. ძვირი ღირდა, ძალიან ძვირი...მაინც ვიყიდე...გამოვფხიზლდი...მართლაც და რა მშვენიერი იქნებოდა მსგავსი რეალობა...მთელი ცხოვრება ვიმუშავებდი, რომ მერე ნაოჭებდანამული ღიმილით მზერააკიაფებულს ამაყად შემესყიდა ბავშვობის სუნთქვა! კარგია ოცნება, ძალიან კარგი. საუკეთესო კი ის ოცნებაა, რომელიც ხდება!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|