ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დებორა
ჟანრი: პოეზია
23 თებერვალი, 2009


ესმა ონიანის ეროტიკული პოეზია

ესმა ონიანი - მხატვარი და პოეტი,გურამ რჩეულიშვილის უახლოესი მეგობარი,ათი წლის წინ გარდაიცვალა.
მისი კრებული,რომელიც გარდაცვალებიდან სულ ცოტა ხანში გამოიცა,ეროტიკული პოეზიის არაერთ ნიმუშს შეიცავს.
ეროტიკული თემა ძირითადად მითოსური და ფოლკლორული სადენებით შემოდის მის პოეზიაში და უჩვეულოდ მხურვალე გრძნობად-ფერადოვან სახეებად ცოცხლდება.აი მხოლოდ მცირე ნაწილი ამ ლექსებისა:

ესმა ონიანი

ტყვე

ჩემი ფიქრების მარწუხებში მყავხარ მომწყვდეული -
თავის მოდრეკას არ გაცლი.
ბორგავ და ცდილობ, გაურკვევლისგან განთავისუფლდე,
იგი ტკბილი დაბეგვით გიბრუებს სხეულს,
მოგეცვარა კისერი,
თვალები ერთმანეთისკენ მიგორავს ვნებით შეძრული,
შენ წინაშე ვარ მწარე სიცხადით,
სხეულთა შეტკბობის უიმედო სიშორით.
გინდა გასხლტე უნამდვილო სინამდვილისგან,
მაგრამ არ გიშვებ,
ჩემი ფიქრებით შორიდანვე გიმწყვდევ
მწარედ ტკბილი მარწუხებით.
თვით აშვების წუთებშიც,
როცა ფიქრით არ გიბორკავ ყოფას,
ჩემმიერობა ყვითელ ჩალმასავით გეხვევა თავზე.



შუმერთა ლოცვა აბზუსადმი

აბზუ,ნუ მოხვალ! ფისისფერი თვალი გვაშორე!
სადაც ხარ,იყავი!
ბებერ მეფესავით ბარდებში იბოდიალე
გასიპულ ფლასტებით.
ფშუტეთვალებიან კვერთხ-გვირგვინს ჩამქრალ ოქროსას ატარებ.
აბზუ,შენთან წამოსულნი დაითვალე
ნელ-ნელა,არ იჩქარო;
მზერა მოანაცვლე,
სუყველა გაიხსენე სათითაოდ:
მოხუცების თეთრი ხუხულები,
წვერებით, წაქისფერებით,
აბზუ,კაცები,შეწყვეტილნი ,ძალადაულევი,
ბებერი ქალები ფქვილიან თვალებით,
აბზუ,ბავშვები მობარბაცე,
აბზუ,რძესავსე დედები,
ძუძუ სამუდამო შედედებით,
აბზუ, თოთო-ფრცქვნილი ქალწულები
სარეცელს მიჯაჭვიან ეკლიანს,
აბზუ,ჭაბუკები თმების მზიანი ხვრელებით,
ვნებადაუმცხრალი გახელებით,
ყველას შეხედე -
კაჟისფერ მზეში კრიჭა შეკვრიათ!
აბზუ,ნუ მოხვალ,
ჯერ შენთან წამოსულნი დაითვალე სათითაოდ,
ნელა დაითვალე,
არ იჩქარო!

- - - - - - - - - - - --
აბზუ - სიკვდილის ღმერთი შუმერულ მითოლოგიაში



მოქანდაკის ლექსი ნეფერტიტისადმი მზის ამოსვლისას


ნეფერტიტი ნიშნავს - ''მშვენიერი მოვიდა''
ნეფერტიტი შემდგომ გახდა - ნეფერნეფრუატონ,
რაც ნიშნავს:''მშვენიერია მშვენიერებით ატონისა''.

მშვენიერო,მოსულხარ!
ქვიშის ცეცხლი ყვითლად შრიალებს;
მუხლჩაკეცილს მომნუსხავ,
შემოდგები მეფურ იერით.

რძისფერ სამოსით,
თვალში თრობით გადაღმიერით -
მზისთვის ნაზოგ გაუპობ კოცნით
მოსულხარ,მშვენიერო!

ფშატისფერი ძუძუს ნაყოფი
სურნელითა და ალმურით -
გდია ქვიშაში მომცრო ნაპობით
სანელსაცხებლე ქვა-ქაშანურის.

მშვენიერო ,მოსულხარ,
თვალდაუღწევ ბურანით შემმოსავი;
ზეთით ნაზელ მუცელზე
ჭიპი გიბზინავს ხბოს ნესტოსავით.

მომლოდინე,
ჩურჩულით ტკბილად ხმიერით,
სელისფერ ტერფებით,
მოსულხარ,მშვენიერი
შეჭდობის დროა - აჰა,ამოდის!
მძიმედ ჩახურდა ჯიღა,ცად მგორავი ცხელი ატონით,
ქუთუთოს მიღმა
თვალმა იკლო ვნებით დამდნობით;
ნილოსი სულ ავსილა,ლერწმებს ხრავენ ოქროს ხრტილები,
ცხობას იწყებს ქვიშა და სილა,
ატეხვით ხტიან შავი მოზვრები,რქებწაკვნეტილები;
შროშანა შრება,ნიჩბების ტევრში - ჩრდილ -ზოლა წყალი,
ხურმების ცვენა ფიცრებს აჩნია ნაზელად მტკბარი.
აგდებს ნუშის მსგავს ენას - ნაყოფი გასკდა კურკიანად,
წებო-წითელი დენა,
ხე სიმძიმით დაკუზიანდა;
გახშირდა ვნებით ოხვრა,
ცად მგორავი ცხელი ატონით,
ბატონ-უფლის დამყოლი მოხვალ
ლოცვა-მადლობით.
მშვენიერო,მოსულხარ
აღერილი ყელის მშვენებით -
მზის ალერსით მოგლუვდა,
შემომსხდარი ოქროს ენებით.
მშვენიერო,მოსულხარ,
გაგვაოგნე შენი მშვენებით!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები