ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
თავი მეორე ეკლესიაში ჯიბო, როგორც ყოველთვის, დილაადრიან წამოხტა საწოლიდან. -დღეს შაბათია- გახედა კალენდარს და შხაპის მისაღებად აბაზანაში შევიდა. შაბათი დღე იყო, ეს იმას ნიშნავდა, რომ ბარს თორმეტ საათზე გახსნიდა, მანამდე კი ეკლესიაში ილოცებდა. მოწესრიგებულ-ჩაცმული ჯიბო ნაქირავები სახლიდან გამოვიდა. ნაქირავებ სახლში რატომ ცხოვრობდა? ეგრე უნდოდა… მიუხედავად იმისა, რომ ბარის მფლობელი და ბარმენი გახლდათ და თან ფულიც კარგად შემოსდიოდა, არ აპირებდა საკუთარი სახლის ყიდვას. ნაქირავებ, პატარა, მყუდრო ბინაშიც კარგად გრძნობდა თავს… ხანდახან უჩნდებოდა კერძო სახლის ყიდვის სურვილი, სახლის რომელსაც პატარა ეზო ექნებოდა… მაგრამ მსგავსი სახლის პოვნა ქალაქ ბორში ძალზედ ძნელი იყო. არც ხელ-საქმე ეხერხებოდა. ცოტა გარკვეული რომ ყოფილიყო, თავად წამოიწყებდა შესაფერისი სახლის მშენებლობას… არა, ნაქირავებშიც კარგად ცხოვრობდა. მაგის კაცი კი არ იყო ჯიბო, რომ სახლები ეშენებინა. ნაქირავებში მხოლოდ რამოდენიმე ოთახი ჰქონდა: ფართო მისაღები, რომელშიაც ედგა საწოლი, მაცივარი და გაზქურა- ერთი ოთახი- სამი ოთახის ფუნქციებს ითავსებდა; ეს ერთი, მეორე ოთახში კი- აბაზანა და ტუალეტი იყო მოწყობილი… ჯიბო მარტოხელა კაცი იყო… მაგრამ ნუ ფიქრობთ უაზრობებს: იგი მუდამ აწკრიალებდა თავის ბუნაგს, ვერ იტანდა არეულობას. ,,დალაგებული უნდა მქონდეს სახლი, ვინ იცის, ვინ მომადგეს კარზე მოულოდნელად”- ჯიბოს, როგორც მის თაობასა თუ მისი თაობის წინამორბედებს ,,სტუმრის მოსვლის შიში” ჰქონდა, რომელიც მისთვის მშობლებს ჩაენერგათ… სახლი გინდა აურიე, გინდ ყირაზე დააყენე, მაგრამ თუ სტუმარი მოდის, ეცი და ოფლი ღვარე მის დალაგებაში… ნეტავ, ბოლოს როდის ჰყავდა სტუმარი… ვის რაში სჭირდებოდა მასთან სტუმრობა… და-ძმა არ ჰყავდა, მშობლები დიდი ხნის გარდაცვლილები იყვნენ, ბიძაშვილ-მამიდაშვილები კი დედაქალაქში ცხოვრობდნენ და სულ ფეხებზე ეკიდათ ,,ალკოგოლიკი ჯიბუა”… დიახ, ბევრი მას ლოთად მიიჩნევდა, რადგანაც ბარმენი იყო… არადა უკანასკნელად ორი წლის წინ დაელია… იყვნენ უარესებიც, რომლებსაც ეგონათ, ჯიბოს ბარში სძინავსო. წარმოიდგინეთ, რა სასაცილო იქნებოდა ეს ყოველივე სიმართლე რომ აღმოჩენილიყო: ჯიბო კეტავს ბარის წინა და უკანა კარს, ბარის ტვალეტში შარდავს, თან ზედ მთქნარებას აყოლებს; წვება ერთ-ერთი მრგვალ მაგიდაზე და ზედ მაგიდის ჭრელ გადასაფარებელს იფარებს, თავ ქვეშ კი- ცარიელ შუშის ბოთლებს ილაგებს- საწყალს ბალიშის ფულიც კი არა აქვს… და უშვებს გემრიელ ხვრინვას. მსგავსი რამ არასდროს გაუკეთებია- მაინც, რომ იცოდეთ. ჯიბომ ნაქირავები სახლის კარი, რომელსაც საღამოს თერთმეტამდე ვეღარ ეღირსებოდა გაღება, გასაღებით გადაკეტა. ამის შემდეგ ღრმად ამოისუნთქა და ქუჩა გადაკვეთა, თანაც მონაცრისფრო შარვალზე იტყაპუნებდა თითებს. ბარი მისი სახლის წინ იდგა. ქუჩაზე ერთ მანქანასაც კი არ გაუვლია. ტროტუარზე ასულმა დაინახა როგორ გამოვიდა ბარის კუთხიდან ორი ბიჭი… ორივეს იცნობდა სახეზე, თუმცაღა მხოლოდ ერთის სახელი იცოდა მარტო: იმ ერთს ტატო ერქვა, მაღალი ბიჭი იყო, მეორე კი მასზე უმცროსი და დაბალი… მაგრამ ისე დადიოდა და ისე ჰქონდა თითები შარვლის ჯიბეში ჩაყოფილი, ადვილად ამოიკითხავდით, რომ მაგრად ეჯავრებოდა თავისი ასაკი და უფროსობა სურდა… ძალიან სურდა, გვერდით მდგომის ადგილი დაეკავებინა… ძალიან სურდა, ისიც დაეფასებინათ, სურდა, ყველა გაწოლილიყო მის ფეხ ქვეშ… ჯიბო იცნობდა ასეთ ტიპებს- ხულიგნებს, უსაქმურებს, უფანტაზიოებს, უნიჭოებს, დაბოლილებს, გამომთვრალებს, შარიანებს, მჩაგვრელებს… მისთვის რომ ეკითხათ, როგორი ტიპის ადამიანებს მოაშორებდი საქართველოდანო, დაუფიქრებლად გიპასუხებდათ: აი, ამათ ნაირებსო. თქვენი დედაკი…!”- შეაგინა ბიჭებს გულში. ცოტაც და ისინი შეასკდებოდნენ ერთმანეთს, ამიტომაც ნაბიჯი შეანელა… და რატომ არ შეანელებდნენ ისინი? მოდი და ჰკითხე ამათ, მოდი და უხსენი, რომ ჩვენც ადამიანები ვართ! ჩვენც, თქვე არა ადამიანებო! თქვენც უნდა დათმოთ რაღაცები! ტატო და უმცროსი ბიჭი, რომელსაც თეთრი მაისური ეცვა, ზუსტად ჯიბოს წინ შედგნენ. -სალამი ჯიბოს- მიესალმა ტატო ბარმენს ჩვეულებრივი ხმის ტონით; მაგრამ ბარმენმა იგრძნო, თუ რამხელა დაცინვა გამოსჭვიოდა ამ უბრალო სიტყვიდან. -ზდაროვა- ეგრე მოუხდებათ… ვითომ რა ქნა ახლა? ნუთუ მათსავით დაეცა და რუსული სიტყვა გამოიყენა? რა ზდაროვა? რა, რა… ამათგან აიკვიატა? არ იყო გამორიცხული, ისინი ხომ სულ მის ბარში ეყარნენ… -ზდ!- ჩაიცინა პატარა ბიჭმა და აქლემივით გადმოყარა კიჭები. ,,ზდ?”- ეს რაღა იყო? რაღაც ხუმრობა… დაცინვის მაგვარი… მოიცა, მამის ტოლა კაცი მასხრად აიგდო? ამ, ამ ლაწირაკვა ბავშვმა… თუმცა რა გასაკვირი იყო, ყოველთვის იცოდა, რომ ისინი მასხრად იგდებდნენ, იცოდა, რა ხშირად ხითხითებდნენ მასზე… ,,და ალბათ მაგინებენ კიდევაც, როცა სასმელს ნისიად არ ვაძლევ”- ამის გაფიქრებაზე გულში უეცარი ჩხვლეტა იგრძნო… ,,ზდ?”- თან როგორ გაუცინა… ესე იგი, ახალ ეტაპზე გადასულიყვნენ: ,,გაემასხრე შენზე უფროს ადამიანს და პირში შესცინე, რომ აგრძნობინო, როგორი მდორეა, შენ კი მასზე მაღლა დგახარ”… ,,ზდ!” დაარტყას? გალახოს? ყველაფერი პირში უთხრას, რაც სულში აქვს ჩაგუბებული? მაგრამ ორნი რომ არიან? ,,მაგრამ ბავშვები არიან”… ტატოს ბავშვი უკვე აღარ ეთქმოდა, კარგა დიდი მუტრუკი იყო… თანაც კონიაკას ძმაკაცი, რომელსაც ჯიბოს ბარში სასმელი შემოჰქონდა. დაუშვათ მოერია ორივეს- მერე? ამით რას მიაღწევდა? მათნაირ არსებებს რა გამოლევდა… ყოველ ფეხის ნაბიჯზე ეყარნენ, როგორც შემოდგომაზე- გამხმარი ფოთლები… ,,გამხმარ ფოთლებს უფრო მეტი ჭკუა აქვთ, ვიდრე ამათ გამხმარ ტვინებს”- გაიფიქრა ჯიბომ. ხანდახან ისიც ფიქრობდა, რომ მათაც შეიძლება ჰქონოდათ სინდისის რაღაც ნაწილი, რაღაც ადამიანობის მაგვარი, რომელიც საშვალებას არ მისცემდა მათ, დაუფიქრებლად გადაედგათ ნაბიჯი… ,,თუ ჩემი ძმა ხარ!” რა ნაბიჯი?! რა სინდისი?! ჯიბოსავით რომ ეფიქრათ, ამ დონემდე კი არ მივიდოდნენ. არ ღირდა არანაირი საბუთით მათი გამართლება. ,,ცხოვრებამ მოიტანა”- მით უმეტეს ამითი. ,,ზდ!” ჯიბომ ჩხუბი და დავი-დარაბა გამორიცხა- ამჯერად მოთოკავდა თავს რამენაირად. აი, სხვა დროს კი- აღარ! თუკი რომელიმე მათგანს მარტოკას დაიგულებდა, შეათრევდა სადმე მიყრუებულ, ბნელ ადგილას და ერთს კი არა, ოცსა და ორმოცს კარგად მოსდებდა არაფრის მთქმელ სახეში… სულ ,,ვაი დედა”-ს აძახებინებდა… არა, არა, ისეთ დონემდე მიიყვანდა, რომ ხმის ამოღების თავიც აღარ ექნებოდათ. ჯერ ერთს გაუსწორდებოდა, მერე მეორეს, მესამეს და ასე. ბოლოს კი გამოილეოდნენ მათნაირები და გაიწმინდებოდა ქუჩები ყველანაირი უზნეობისგან… შიშში განაგრძობდნენ ცხოვრებას და გაიგებდნენ, როგორია როცა ვიღაც უმიზეზოდ (გინდ მიზეზიანად) გირტყამს, გიბრაგუნებს, გჩაგრავს… ამ ყოველივეს როდისმე იზამდა, ოღონდ კაცი სჭირდებოდა, რომელიც გვერდში ამოუდგებოდა: კაცი, რომელსაც ძილშიაც არ სძინავს, რადგანაც იცის, რომ მის ქვეყანაში არაფრის მაქნისი არამზადები დააბოტებენ. -დღეს ლუდზე შემოგივლით ბიჭები- აცნობა ტატომ ბარმენს. ,,რაფერ გამიხარდა”- გაიფიქრა ჯიბომ. იგი ცოტათი დამშვიდდა, ბოღმა ჩაუქრა და მიუგო: -კარგი. ტატო არც კი დამშვიდობებია, ისე ჩაიყო ჯიბეში ხელები და შტვენა-შტვენითა და ნელი ნაბიჯით გაუყვა ტროტუარს. უმცროსი, თავ გადაპარსული, თეთრ მაისურიანი ყმაწვილიც მას გაჰყვა, თან ხმამაღლა მიაძახა: -სიგარეტს ხომ მითრევ? უფროსი ძმაკაცისგან პასუხის მაგივრად შტვენა მიიღო. ,,რაო პატარა ბიჭი, გავიზარდეთო? სიგარეტს ვეწევითო? სხვებს ვაგონებთო? რაო, ვითომ კაცები ვართო?”- ჯიბომ თვალი ზიზღით გააყოლა თავ მოტვლეპილ ყმაწვილს. ,,ამათი დედაც!” ჯიბომ გასაღები ამოაძვრინა შარვლის ჯიბიდან. ძალიან იყო ანერვიულებული (ზდ!), თავს დამცირებულად გრძნობდა… პირში შესცინეს, მან კი პასუხიც ვერ გასცა… განერვიანებულს ხელი აუკანკალდა და გასაღები ძირს დაუვარდა. წამსვე ჩაიცუცქა და ოქროსფერ გასაღებს დაავლო ხელი… გაიფიქრა, ვინ იცის, რამდენს დაუფურთხებია ამ ტროტუარზე, ვინ იცის, რამდენ ძაღლს მოუშარდავს ზედ… ვინ მოთვლის, რამდენ ბარიდან გამოსულ კაცს არევია ზედვე გულიო… გასაღები დაიგულა თუ არა, წამოდგომა დააპირა… და სწორედ ამ დროს მარცხენა მხრიდან, სადაც კინო იდგა, ჩუმი, მაგრამ მტკიცე ნაბიჯის ხმა მოესმა. წამოდგა და მარცხნივ გააპარა თვალი. შალვა წიკლაური! მაფიოზი! კიდევ ერთი გაიძვერა კაცი! ჭკვიანი და ფულიანი მასტი! ერთ დროს ზუსტად ისეთი, როგორიც წეღანდელი ბიჭები იყვნენ. ეს იყო კაცი, რომელიც ქალაქის მერიის შემდეგ ყველაზე მეტ დაწესებულებას ფლობდა ბორში; ქალაქის ორივე ბანკი მისი ფულით იყო გამოტენილი და რაღაც წილებიც ჰქონდა მათში- აი, ასეთი ჭორი დადიოდა მასზე ქალაქში. ფული თავზე კი გადასდიოდა, მაგრამ მაინც მოკრძალებულად ეცვა: შავი, ჯინსის შარვალი, გაპრიალებული (ბზინვარე) წვეტიანი ფეხსაცმელი, საიდანაც შავი წინდები მოუჩანდა (,,წინდები ფულით აქვს სავსე”), ზემოთ კი შავი ტყავის ქურთუკი მოეცვა. თვალებზე მზის სათვალი მოერგო… რა მზე, რის მზე, ცაზე ღრუბლების კარნავალი დუღდა. როგორც ყოველთვის, ახლაც ჩხირით იწვალებდა კბილებს, თავისუფალი ხელით კი მოკლე, ჭაღარა თმას ისწორებდა. საკვირველი ერთი ის იყო, რომ დიდძალი ფულისა და კარგი ჭამა-სმის მიუხედავად, ღიპი არ ედო ჩვენს შალიკოს… ,,სულ ფოე-ფოე საჭმელებს ჭამს, ნაკლებს არ კადრულობს”… ,,ისეთ რესტორნებში დადის თურმე, ჩვენ რომ არც დაგვესიზმრება”… ამ კაცსაც გალახავდა ჯიბო, თანაც დიდი სიამოვნებით… მაგრამ ვერა. ისინი ბავშვები მაინც იყვნენ, შალვასთან კი რას გახდებოდა, მასზე მაღალი და დაკუნთული იყო… ,,თანაც მამის ტოლა კაცია”- ამით იკავებდა თავს უეცარი გაცხარებისგან. შალვას რომ მოენდომებინა, ერთი დარტყმით ჩააგდებდა ნოკაუტში. არა, მაინც რა სასაცილო იქნებოდა ფულიანი შალიკო კარატისტის თეთრ უნიფორმაში; შავი ქამრისთვის მებრძოლი, ყველაფერზე წამსვლელი. -გამარჯობა- სალამი გამოიმეტა ბარმენისთვის. ბოლო ორი ასო ,,ბა” ძალზედ გაწელა. -გამარჯობა- ჩვეულებრივი ტონით მიუგო ჯიბომ, ყველანაირი აღფრთოვანებისა და ზიზღის გარეშე. ბორი პატარა ქალაქი იყო (ვთქვი და კიდევ შეგახსენეთ), ამიტომაც იცნობდი, არ იცნობდა, სალამი არ უნდა დაგნანებოდა ადამიანისთვის… მხოლოდ და მხოლოდ ერთი ქალაქის მკვიდრნი იყვნენ, მეტი არაფერი… აბა, სხვა რა საერთო უნდა ჰქონოდათ ბარმენსა და მაფიოზს? ასე დასრულდა მათი შეხვედრა, რომელიც ჯიბოს საუკუნედ ეჩვენა. მან გასაღები საჭირო ადგილს მოარგო, გადაატრიალა და კარი შეაღო. ეგაა, ბარი ღიაა! მაგრამ მხოლოდ ჯიბოსთვის. შაბათ დღეს მუდამ თორმეტ საათზე ხსნიდა ბარს, რადგანაც დილაობით ადგილობრივ ეკლესიაში, წირვაზე დადიოდა (ბორს თავისი წესები აქვს- იქ წირვა ყოველ შაბათ დღეს იმართება), სადაც სანთელს ანთებდა, მამა ვახტანგს ესაუბრებოდა და ლოცულობდა. შიგნით შესულმა ბარის კარი გადაკეტა. ერთი-ორგან ფარდა გადასწია, ცოტა სინათლე რომ შესულიყო. მაშ ასე! გუშინდელი ნაგავი ჰქონდა გადასაყრელი- ერთჯერადი ჭიქები, თეფშები და კარდონები. კარდონები ვიღაცას თუ ვიღაცებს მიჰქონდათ, ალბათ ისეთ ხალხს, ვისაც ჯერ კიდევ ღუმელი ედგა სახლში, ანდაც კარგ მწვადს წვავდა მაყალზე. სანამ ნაგავს გადაყრიდა, კიდევ ერთხელ მოათვალიერა ბარი. ჰოო. მაგიდაზე სუფრები ჰქონდა გადასაფარებელი, ტვალეტში კი- წყალი ჩასარეცხი… აი, ამ ყოველივეს შემდეგ კი მშვიდად წავიდოდა ეკლესიაში. ჯიბო მუდამ ამაყობდა იმით, რომ ერთგული კლიენტი ჰყავდა. ალბათ ეს მისი ყბედობის დამსახურება იყო- მას ხომ ყველა მათგანთან შეეძლო საერთო ენის გამონახვა (,,იმ ბიჭებთან რატომ ვერ გამონახე საერთო ენა? რატომ აიჭერი და დაიბენი ფეტვის მარცვალივით”)… თუმცაღა ერთი-ორს მკაცრად უთხოვია მისთვის პირის მოკუმვა… არა, რა, იცოდა კლიენტის ენა; ეგ კი არა და, სკოლის მასწავლებელიც კი ,,გადმოიბირა”. რა ერქვა? ვაკო? ვალერა? ჰო, ვალერა… ოღონდ ,,ა” კი არა, ,,ი”- ვალერი. კარგი კაცი. დიდი ალბათობით ამ საღამოსაც იხილავდა დახლთან მჯდომს… იხილავდა ნეტავ?.. ნაგავი მოაქუჩა და უკანა კარისკენ დაიძრა, გამოაღო და ერთ ადგილზე მიყარა; ოცი წუთის შემდეგ ერთი ნამცეციც კი აღარ დაუხვდებოდა. ეჰ, რა იცოდა ჩვენმა ჯიბომ, თუ რა მომხდარიყო წინა საღამოს ამ ადგილას; ნეტავ გუშინაც გადაეყარა ნაგავი და ეშველა საწყალი ვალერისთვის… იქნება და ყველაფერი სულ სხვანაირად დატრიალებულიყო… მაგრამ რა იცოდა? არაფერი. შიგნით მობრუნებულმა ტვალეტში წყალი ჩარეცხა… ვიღაცას კარგად ემუშავა და სამჯერ მოუწია ჩასარეცხი ღილაკისთვის (თუ რაც იყო) თითის დაჭერა. ამის შემდეგ მობილური ამოიღო და საათს დახედა: 10:19 იყო. ესეც ასე, მორჩა საქმეს. ხელები გადაიბანა, სახეზეც შეისხა წყალი და ბარიდან გამოვიდა. კარი ისე გადაკეტა, ერთხელაც არ აჰკანკალებია ხელი. ესმოდა… აქედანაც კი ესმოდა, თუ როგორ რეკლა ეკლესიის ზარი. ზარი მას თავისკენ უხმობდა. უნდა ელოცა! ვალერი აქეთ-იქით აცეცებდა თვალებს. ყველგან საფრთხე ელანდებოდა, ამ საფრთხეს პოლიციის უნიფორმაში გამოწყობილი კაცის სახე ჰქონდა. ხან მანქანებს ეფარებოდა, ხანაც ხეებს. სკოლასთან ჩავლისას (მხოლოდ შენობის ზურგს ხედავდა) ყველაზე მეტად აუფანცქალდა გული… იქ ალბათ ვეღარასდროს შევიდოდა… არა, აღარ შეეძლო მეტი, თვალი აარიდა საყვარელ სკოლას. ნელ-ნელა მიიწევდა წინ და თან გამოთვლებს ატარებდა: მისი აზრით პოლიცია უკვე სკოლაში იქნებოდა… ანდაც რატომ? არ იქნებოდა- წესით. მესამე გაკვეთილი ჯერ არ იყო გამოსული, შესაბამისად, არც არავინ შევიდოდა მის კლასში… მაგრამ დარაჯი… გინდ არავინ შესულიყო მის კლასში მთელი დღის განმავლობაში, დარაჯი მაინც ჩაუკაკლავდა ვალერის სახლში წასვლის შესახებ დირექტორს… ,,რას გამოვიპარე- ფიქრობდა კაცი- დავრჩენილიყავი მაინც. რამეს მოვიფიქრებდი… შეიძლება არც არავის დავეჭირე და უბედური შემთხვევისთვის მიეწერათ ზურას სიკვდილი…” მაგრამ უკვე გვიანი იყო. შიგნით ვეღარ შევიდოდა. ვერ გარისკავდა. მაინც როგორ გაუმართლა, ქუჩები ცარიელი იყო, არავინ არ შეხვედრია… ცოტაც და მიაღწევდა დანიშნულების ადგილს, მერე კი ეკლესიაში ილოცებდა და ქალაქსაც დატოვებდა… ,,ძალიან ხომ არ ვწელავ დროს?- გაიფიქრა მან- ციხეში თუ აღმოვჩნდი ჩემი ბრალი იქნება… ლოცვა იქ აღარ მიშველის”. ქალაქიდან გაქცევა… ვაი და პოლიციამ საზღვრები გადაკეტოს? არა, არა, მსგავსი არაფერი მოხდება. უნდა იჩქაროს… და თუ მაინც გადაკეტავენ გზას, მინდვრით, მაღალ ბალახში წოწიალით გავა სამშვიდობოს… და მთებში გაიხიზნება… ამის შემდეგ კვლავ ყრმობის მოგონება ამოუტივტივდა ცხვირ წინ: ხშირად დაუტუქსავს დედიკოს პატარა ვალერი და ბავშვს ხშირად ჰგონებია, დედაჩემი სულ მთლად შეიცვალაო. ფიქრობდა, ეს არ არის ჩემი ნამდვილი დედა, რადგანც დედა არასდროს არ გამიჯავრდებოდაო… ნამდვილი დედა კი სადღაც სიბნელეში, გაკოჭილი იჯდა და ნაჭერ ჩაჩრილი პირიდან ცდილობდა მშველელისთვის დაძახებას… რა სისულელებზე ფიქრობდა. არანაირი მეორე დედა არ არსებობდა; დედა იყო მხოლოდ ერთი, ერთადერთი… მაინც რა საშინელი სიტყვაა: ,,იყო”. იყო… ჰოპლა! და აღარაა დედა! საყვარელო დედა! არა, რა, აღარ შეეძლო… გული ცუდად ჰქონდა, ყელშიც სიმძიმეს გრძნობდა, უნდა გაჩერებულიყო და დალოდებოდა კანონის დამცველებს… და ციხე?! ციხეში გინდა, ჩემო ვალერი?! არ უნდოდა… აუფ! ცოტა ხანში ალბათ მთელი საქართველო მის მიერ ჩადენილი საზარელი მკვლელობის შესახებს ილაპარაკებდა, საინფორმაციოები და ჟურნალები მეცხრე კლასელი ზურაბის ფოტოებით იქნებოდა აჭრელებული… ,,და ჩემს ფოტოებსაც დაბეჭდავენ”- მეტი რაღა უნდოდა, საქვეყნოდ გახდებოდა ცნობილი… დედა! და ზურა? მუცელი აუჭყრიალდა- არა შიმშილისგან, არამედ ნერვიულობისგან. ფეხებშიც იგრძნო უეცარი სისუსტე, მაგრამ ვაჟკაცურად გაუძლო ამ შემოტევას და ძირს არ გაადინა ზღართანი. ამ დროს მეორე საზარელი აზრი მოუვიდა ბებერ თავში, კანონის დამცველებზე უარესი: ზურას ხომ მთელი ბანდა ჰყავდა, მთელი საძმო… ვინ მოთვლის, რამდენი… სკოლიდან გაყრილი ბიჭების საზოგადოება… თუ ისინი გაიგებდნენ ზურას სიკვდილს და იმასაც, თუ ვინ მოკლა იგი- ერთმა ღლაპმა, სათვალიანმა, თმა შეთხელებულმა, დაბალ ხელფასიანმა კაცმა… აი, მერე კი მართლა მოუწევდა სირბილი და გაქცევა… რაის ციხე, რაის პოლიცია… არა, დროზე უნდა მოუსვას აქედან… რა ლოცვა, რის ლოცვა… აი… აი… გამოჩნდა ნაცნობი სახლი, ნაცნობი ფანჯრები… მივა და იქ ჩააბარებს აღსარებას… კარზე დიდხანს აკაკუნა, მაგრამ არავინ გაუღო. ,,სამსახურში იქნება”- გაიფიქრა ვალერიმ და ჯიბიდან საფულე ამოიღო, იქიდან კი ხუთ ლარიანი. პიჯაკის შიდა ჯიბეში მუდამ ედო კალამი. მოხსნა კალამს თავი და ხუთ ლარიანს უკანა მხარეს წააწერა: ,,დედაჩემს მიხედე, ნატა. სხვას არაფერს არ გთხოვ. მიმიხედე მხოლოდ”. კუპიურა აივანზე, ყვავილის ქოთნის ქვეშ ისე შეაცურა, რომ ადვილად შეეჩნია შინ მოსულ ნატას… იმედს იტოვებდა, რომ ვინმე სხვა, ვინმე ცნობისმოყვარე არ გაიტაცებდა მის მოსვლამდე ფულს… ,,აუ, რომ დამჭირდეს ეგ ხუთ ლარიანი სხვა დროს?- გაიფიქრა მან- თან შეიძლება ჩემზე არც იეჭვონ და ამით აღიარება დავტოვო… არ მინდა შარი”. ვერ გადაეწყვიტა რა ექნა. -ფფფ!- ფული ქოთნის ქვემოდან გამოაცურა და ისევ საფულეში ჩაიბრუნა. ,,ნატა დედაჩემის დაკრძალვის საქმეს ვერ მოაგვარებს.” დატოვა ვალერიმ დეიდაშვილის ეზო. ,,ეკლესიისაკენ!” ჩაუარა საშაურმეს (რომელსაც ქალაქის სახელი- ,,ბორი” ერქვა), ჩაუარა სახანძროს (შენობის წინ ადამიანის ჭაჭანება არ იყო), ჩაუარა დამკრძალავ ბიუროს (ნეტავ რა შემოსავალი ჰქონდა ამ დაწესებულებას- ქალაქში სულ რაღაც 3000 კაცი ცხოვრობდა… და მაინც რამდენი კაცი იღუპება წელიწადში?), გაიარა ხიდის ქვეშ და მიადგა დანიშნულების ადგილს- ეკლესიას. ირგვლივ კაციშვილის ჭაჭანება არ იყო… ქალაქი სასაფლაოს დამსგავსებოდა… ბუზის ბზულიც არ ისმოდა… სამაგიეროდ მოესმა სხვა, უფრო საზარელი ხმა (თუ გინდ ბზუილი დაგვერქვა)- პოლიციის მანქანის სირენის ხმა… სადღაც უკნიდან, სკოლის მხრიდან… ,,მეძებენ უკვე… ესე იგი, იპოვეს ზურაბის გვამი”- გაიფიქრა და ღრმად დაიწყო სუნთქვა. ამას მოჰყვა სათვალისა და სინათლის დაბნელება… ცოტაც, და მის სახლს გაჩხრეკდნენ, მერე საზღვრებსაც გადაკეტავდნენ… სახლში გარდაცვლილ დედას იპოვიდნენ… და ვალერის დააბრალებდნენ მის სიკვდილსაც… ,,არა, ექსპერტიზაა თუ რაცაა, მაგას არ დაუშვებს… ტყუილად ხომ არ დამიჭერენ, დედას რატომ მოვკლავდი… არ მომიკლავს და”… სირენის ხმა ახლოვდებოდა- უკვე ეძებდნენ! ნათლად დაინახა, როგორ მიადგა პოლიციის მანქანა უკნიდან: საჭეს ოფიცერი უზის, მის გვერდით კი ზურას ერთ-ერთი ძმაბიჭი და თითს პედაგოგისკენ იშვერს: ,,აი, ამან მოკლა ჩემი ძმა და მეგობარი, აი ესაა”… პოლიცია და ძველი ბიჭი დაძმობილდნენ- ჭირი იქა, ლხინი აქა… რა ქვეყანაში ვცხოვრობთ! ვალერიმ ნაბიჯს აუჩქარა, ქუჩა გადაკვეთა და დაინახა ეკლესიის გამოღებული კარი… სირენის ხმა… ცოტაც და დაეწეოდნენ… ღრმად ჩაისუნთქა და ერთი ნახტომით შეხტა ეკლესიაში… სირენის ხმა შეწყდა- გამოდიოდა, რომ ჩაიარეს… მაგრამ ეს არ ნიშნავდა ნადირობის დასასრულს… პოლიცია წავიდა, ვალერი კი დარჩა წმინდა სალოცავს შეხიზნული. ცოტა უკან გადავინაცვლოთ: ჯიბო ეკლესიაში თერთმეტს რომ ოცი აკლდა მაშინ შევიდა. იქ მხოლოდ მამა ვახტანგი დაუხვდა, რომელიც წმინდა წერილს- ბიბლიას- ფეხზე მდგომი კითხულობდა. ბარმენს არ სურდა მისთვის წმინდა საქმე გაეწყვეტინებინა, რაც თავად მამაომ გააკეთა. მან წიგნიდან თვალები აიღო და სანიშნე იმ გვერდზე ჩადო, რომელზედაც კითხვა გაეწყვიტა. -უფალმა დაგლოცოს, შვილო ჩემო- პირჯვარი გადასახა ბარმენს და გულითადი ღიმილი მიუძღვნა. არც ერთმა ბორელმა არ იცოდა მამა ვახტანგის ასაკი- ასე, ორმოციდან ორმოცდათხუთმეტ წლამდე მერყეობდნენ (ბავშვები კი ოთხმოც წელზე ნაკლებს არ აძლევდნენ, რადგანაც ხშირი ჭაღარა წვერი ედო სახეზე, თუმცაღა მოკლე). მამა ვახტანგს ახალგაზრდული და ცოცხალი ხმა ჰქონდა. მის ცისფერ თვალებში სათნოება და უფლის სიყვარული იკითხებოდა. ერთი სიტყვით, კარგი და დიდებული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა (იყო კიდევაც)-როგორც მორწმუნეზე, ისე- ურწმუნოზე. პატარა ქალაქი და ლეგენდის მაგვარი ჭორები- ეს ორი რამ ერთმანეთის გარეშე არ არსებობს და მამა ვახტანგზედაც დადიოდა ასეთი მითი: თითქოს, ქელეხიდან მორჩენილი საჭმელი- ხაჭაპური, ლობიო, ხაშლამა, მწვანილი- მასთან მიდიოდა. -გმადლობთ, მამაო- თავი დახარა ჯიბომ- არ ჩანს ხალხი საერთოდ. -იყვნენ და წავიდნენ, მოვლენ და კვლავაც წავლენ- დააიმედა მამაომ. ჯიბოს მსგავს სიტყვებზე მუდამ ბურძგლავდა. ახლაც აეყარა ხელებსა და ზურგზე ბეწვები, თითქოს მამაოს რაიმე სიბრძნე ეთქვას. -დღეს მე მიწევს… დღეს ჩემი ჯერია ბიბლიის წაკითხვის. -ხოდა უნდა გავიღიმოთ, შვილო ჩემო- მამაომ ხელები მაღლა აღაპყრო (ერთ-ერთში ბიბლია ეჭირა)- წმინდა წიგნის ყოველდღიური კითხვა უფალს უფრო და უფრო გვაახლოებს, ეს იცოდე კარგად. მისით უფრო ღრმად ვეფლობით და უკეთ ვგებულობთ იმ საიდუმლოებებს, რაც მასში დაფარულია. -ამინ! მამა ვახტანგს ეკლესიაში ერთი ასეთი წმინდა წესი ჰქონდა შემოღებული: გრძელ ფურცელზე ჩამოწერილი ჰქონდა სია, იმ სიაში შეტანილი იყო იმ ადამიანთა სახელ-გვარები, რომლებიც სისტემატიურად სტუმრობდნენ სალოცავს. ისინი ყოველ შაბათს იკრიბებოდნენ და სიის მიხედვით კითხულობდნენ ბიბლიას… ეს სია იყო მბრუნავი… დღეს კი ჯიბოს უწევდა წმინდა წერილის წაკითხვა- ეს ყოველივე მას უკვე შვიდჯერ (ზუსტად ახსოვდა ეს ციფრი) ჰქონდა გაკეთებული. პირველ ჯერზე, როდესაც შემაღლებულ ადგილზე ავიდა, ცოტათი დაირცხვინა (არადა, უცხოთა თვალს ბარში შესჩვეოდა- მაგრამ მთვრალი კაცის მზერა რა მოსარიდებელია), ლაპარაკშიც აიბნა, მაგრამ მალევე შეჰყვა კითხვას და სულ დაავიწყდა ის ფაქტი, რომ ორმოცი გასუსული კაცი შეჰყურებდა ზედ. -ამინ!- შესძახა მამაომაც. ჯიბომ სანთელი აანთო თუ არა, გაიღო ეკლესიის კარი და ხალხმა იწყო დენა. ბარმენს სურდა მამაოსთან ეკლესიის რეაბილიტაციაზე ესაუბრა, თუ საჭირო გახდებოდა, ისიც გაიღებდა შემოწირულობას… მაგრამ არ დასცალდა… სხვა ქართულ ქალაქში ალბათ ადამიანთა უმეტესობა დილის თერთმეტ საათზე სამსახურში იქნებოდა (იჯდებოდა-იდგებოდა)… მაგრამ ეს ბორი იყო. პატარა ქალაქი, სულ სხვა წესებით. აქ დრო სულ სხვანაირად მიედინებოდა. მამა ვახტანგიმ ჯიბოს ბიბლია გაუწოდა, ეს უკანასკნელი კი შემაღლებულ ადგილზე ავიდა. წიგნი საკურთხევლის მსგავს, შემაღლებულ მაგიდაზე დადო და საჭირო გვერდზე გადაშალა. -მამაო- მიმართა ბერს- მეოთხე თავზე გავჩერდით ჰომ წინა კვირას? -ხალხნო, უპასუხეთ, მეოთხე თავზე გავჩერდით წინა კვირას თუ არა?- მამაომ ბარმენის კითხვა გაუმეორა შეკრებილ საზოგადოებას. ზოგმა მეოთხეზეო, ზოგმა- არა, რა მეოთხეზეო… ერთი-ორმა ფანტასტიკური რიცხვიც კი დაასახელა. საბოლოოდ შეთანმხდნენ, რომ მეოთხე თავზე გაჩერდნენ და სწორედ მანდედან ჯობდა კითხვის გაგრძელება. ,,წინაზე სამი თავი წაიკითხეს, ანუ მეც სამი თავის წაკითხვა მომიწევს- გაიფიქრა ჯიბომ. მას აღარ ახსოვდა იმ ადამიანის სახელი, რომელსაც წინა შაბათს ბიბლია წაეკითხა. -ვიწყებ- თქვა მან- თავი მეოთხე:
,,შეიცნო ადამმა ევა, თავისი დედაკაცი. დაორსულდა ევა და შვა კაენი და თქვა: კაცი შემეძინა უფლისგან. მერე შვა მისი ძმა აბელი. მეცხვარე იყო კაენი- მიწის მუშაკი. გამოხდა ხანი და მიართვა კაენმა უფალს ძღვენი, მიწის ნაყოფი. აბელმაც მიართვა თავისი ფარის წათავარი და რჩეული პირუტყვი. მოჰხედა უფალმა აბელს და მის ძღვენს. ხოლო კაენსა და მის ძღვენს არ მოჰხედა. ძალზე გამწარდა კაენი და თავი ჩაღუნა. უთხრა უფალმა კაენს: რად გამწარდი, რად ჩაღუნე თავი? თუ სიკეთის მქნელი ხარ, განა თავაწეული არ უნდა იყო? თუ სიკეთის მქნელი არა ხარ, ცოდვა ჩასაფრებულია კართან, შენსკენ აქვს მას ლტოლვა, შენ კი ბატონო მასზე. უთხრა კაენმა თავის ძმას, აბელს: გავიდეთ ველად. და როცა ველად იყვნენ, და ეცა კაენი აბელს და მოკლა. უთხრა უფალმა კაენს: სად არის შენი ძმა აბელი? მიუგო: არ ვიცი. ჩემი ძმის დარაჯი ხომ არა ვარ. უთხრა ღმერთმა: ეს რა ჩაიდინე? შენი ძმის სისხლი მიწიდან შემომღაღადებს. ამიერიდან დაწყევლილიხარ მიწისაგან, რომელმაც გახსნა პირი, რათა მიეღო შენი ძმის სისხლი შენი ხელიდან. დაამუშავებ მიწას, მაგრამ აღარ მოგცემს იგი თავის ძალას; დევნილი და მიუსაფარი შეიქნები ამ ქვეყანაზე. უთხრა კაენმა უფალს: მძიმე ასატანია ჩემი სასჯელი: აჰა, მაგდებ დღეს მიწის პირისაგან და უნდა მივეფარო შენს სახეს; დევნილი და მიუსაფარი ვიქნები ამ ქვეყნადდა ყოველ შემხვედრს შეეძლება ჩემი მოკვლა. უთხრა უფალმა: ამიტომაც შვიდ წილად მიეზღვება კაენის მკვლელს. დაადო უფალმა ნიშანი კაენს, რომ ვერ მოეკლა იგი ყოველ შემხვდურს. გადაიხვეწა კაენი უფლის პირისაგან და ეს ახლა ნოდის ქვეყანაში, ედემის აღმოსავლეთით"…
ეს ისტორია ძალიან მაგონებს საწყალი ვალერის ამბავს. ის მუდამ მიილტვოდა ღმერთკაცობისაკენ, სიკეთის თესვა იყო მისი გზამკვლელი… მაგრამ სამწუხაროდ კაენის გზას დაადგა… თუმცაღა ფაქტი ფაქტია- არ სურდა ბიჭის მოკვლა… ბიჭის, რომელიც მომავალში შეიძლებოდა კაენის მიერ გაკვალულ ბილიკს გაჰყოლოდა. გარბის ჩვენი ვალერიც კაენისავით, ოღონდ მასში სიკეთე და უფალი უფრო მეტია, ვიდრე ბოროტი. ჯიბომ მეხუთე თავის კითხვაც დაასრულა, რის შემდეგაც ეკლესიაში შეყრილმა ბრბომ პირჯვარი გარდაისახა. -მეექვსე თავი- წარმოთქვა ჯიბომ და პატარა პაუზა გააკეთა, რათა ნერწყვი გადაეყლაპა და პირიდან ხრინწიანი ხმა არ ამოსვლოდა…და სწორედ ამ დროს დაინახა, როგორ შემოვარდა ეკლესიაში ვიღაც მაღალი, სათვალიანი კაცი, რომელშიც სკოლის პედაგოგი- ვალერი შეიცნო. ნეტავ რამ აიძულა ამ გაწონასწორებულ კაცს წმინდა სალოცავში ასე ნადირივით შემოვარდნა? არ იცოდა ჯიბომ. პედაგოგს მხოლოდ წამიერად მიაშტერა თვალი, შემდეგ კი თავი წმინდა წიგნში ჩარგო და მეექვსე თავის კითხვას შეუდგა. ვალერი ეკლესიაში შეხტა… თუმცაღა შეძლო სხეულის შეკავება და დამხტარ ადგილზედ უმალ შეჩერდა. ამის შემდეგ სირენის ხმაც მიწყდა. უეცარ ხმაურზე მხოლოდ რამოდენიმე კაცმა გამოიხედა უკან და ვალერის ზიზღით ახედ-ჩახედა- დიახ, ესენი იყვნენ ,,მორწმუნეები”. ვალერიმ სახეზე მშვიდი გრიმი მოირგო. პიჯაკი შეისწორა… და მოესმა ბატისებრი ხმა… ეცნო ეს ხმა. მიუხედავად იმისა, რომ უკანა რიგში (რიგი ვუწოდოთ) იდგა, მაღალი ტანის წყალობით ადვილად შეძლო, დაენახა მაღალ ადგილზე მდგომი კაცი, რომელიც ბიბლიას კითხულობდა. ეს კაცი იყო ჯიბო. იცნო ბარმენი ჯიბო… თუმცაღა მისი აქ ხილვა ძალიან გაუკვირდა: მისი აზრით, ბარმენობა და ეკლესიაში სიარული ერთმანეთს ვერანაირად ეწყობოდა… არ იყო ახლა მართალი. რომელი მორწმუნე თვითონ იყო, რომ სხვაზე რაიმე ცუდი ეფიქრა (მორწმუნემ მით უმეტეს არ უნდა იფიქროს ვინმეზე ცუდი), წელიწადში ერთხელ თუ შემოივლიდა ეკლესიაში და ისიც დედის თხოვნით… დედილო, ტკბილო დედილო… ,,ვილოცებ ცოტას, აქ უსაფრთხოდ ვარ, ჯერ-ჯერობით- გაიფიქრა და ცოტათი შეშინდა… ვაი და, იქ მყოფებს უკვე სცოდნოდათ სკოლაში მომხდარი მკვლელობის შესახებ… რა, ქვებით ჩაქოლავდნენ?.. არაფერი იყო გამორიცხული. მაინც როგორი სასაცილოა: მკვლელი შეეხიზნა ეკლესიას- ნეტავ ეს ყოველივე იქ მყოფებს სცოდნოდათ. პოლიციამ მასწავლებლების დაკითხვა დაასრულა. მათი ნაწილი სკოლაში დარჩა, ნაწილი კი ვალერი ჯავახიშვილის სახლისკენ დაიძრა. უკვე აღარ ეპარებოდათ ეჭვი იმაში, რომ ბიჭის მკვლელობა ჯავახიშვილის ჩადენილი იყო. პოლიციის მანქანა- რომელშიც განყოფილების უფროსი (ახალგაზრდები ხუმრობით შერიფს რომ ეძადნენ) და ორი ნაკლებად გამოუცდელი ოფიცერი ისხდა- პედაგოგის სახლს მიუახლოვდა. სირენები არ ჰქონდათ ჩართული. -გადადით ახლა და დააკაკუნეთ- უბრძანა შერიფმა ახალგაზრდა ოფიცრებს- ცოტა ხელი გაანძრიეთ თქვენც… მე ნუ შემომყურებთ. -წამო- უთხრა ოდნავ ნაწყენმა ოფიცერმა მეორე ოფიცერს. ისინი მანქანიდან გადავიდნენ. ჩვენი შერიფი, რომელმაც ოფიცრებს ცოტა აწყენია, არ იყო ცუდი კაცი. იგი ხალისით გაჰყურებდა გამოუცდელ ახალგაზრდებს. უკვე დიდი ხანი იყო, რაც პოლიციაში მუშაობდა და კარგადაც მოეხსენებოდა, რომ მკვლელი ადგილზე არ დაუხვდებოდათ… მაგრამ მაინც ღირდა შემოწმება. მისმა მობილურმა წკრიალი დაიწყო. ბოტოტა თითები ჯიბეში ჩაიყო და მობილური ამოაცურა, ზედ დახედა და ამოიქშინა: ნიკოლოზი ურეკავდა (რომლის თავგადასავალსაც სხვა დროს მოგითხრობთ). კარგი ბიჭი იყო ნიკოლოზი, ბევრ ოფიცერზე ჭკვიანი… მაგრამ ახლა მისთვის არ ეცალა, შერიფმა მობილურის გათიშვა ამჯობინა და ქნა კიდევაც ეს. მან ულვაში აიპრიხა და თავი ნახევრად გაღებული ფანჯრიდან გაჰყო. -კარგად დააკაკუნეთ! ნუ იზოგავთ თავს!- გასძახა ბიჭებს. მათაც დიდი მონდომებით განაგრძეს საქმე. -პოლიციიდან ვართ, კანონის ძალით გიბრძანებთ, გააღოთ კარი!- გაჰყვიროდნენ ბიჭები. ,,კანონის ძალით გიბრძანებთ”- ასეთი სიტყვები შერიფს არასდროს გამოეყენებინა მთელი ,,კარიერის” მანძილზე. გულმა ვეღარ უძლო და მანქანიდან გადავიდა. -შევამტვრიოთ?- ჰკითხა ერთ-ერთმა ოფიცერმა. -იცი, რა არის, ჩემო ბიჭო? სიმართლე ის არის, რომ ეგ ვახოა, თუ ვინცაა, დიდი ხნის დამტყდარია სახლიდან- ახალგაზრდამ ეჭვის თვალით შეხედა- დამიჯერე და ყურში შეუშვი, რასაც გეუბნები… მაგრამ მაინც სცადე, უბრაგუნე, უყვირე, იქნებ ვახტანგამ (ვალერი იგულისხმა) თუ არა, სხვა ვიღაცამ მაინც გაგიღოს. მე კიდევ, ამასობაში საზღვარს შევამოწმებ. -მარტო მე უნდა ვუკაკუნო? -ჰო… ნუ ჩამოგივარდა ცხვირ-პირი, ხალხს გამოგიგზავნი. -და რატომ არ იქნება სახლში, უფროსო? -მე ჩემი გითხარი და… შენ, დათკა! ჩემი ბიჭი! ჩაჯე მანქანაში. -მივდივართ? -ჰო. ისინი მანქანაში ჩასხდნენ. განყოფილების უფროსმა ფანჯრიდან კვლავაც გამოჰყო თავი. -სანამ ჩვენი ხალხი არ მოვა, მანამ არ შეამტვრიო კარი, რამე არ იტკინო- თქვა და ტკბილად გადაიხარხარა. მან რაცია აიღო და შიგნით ჩასძხა: -სმენა და გაგონება! შერიფი ვარ, მიპასუხეთ- პასუხი მალევე მიიღო- მინდა ქალაქის თითოეულ გასასვლელში თითო პოლიციის მანქანა და ორი გუშაგი დააყენოთ. ასე უფრო შევამცირებთ დამნაშავის ქალაქიდან გაქცევის შესაძლებლობას. ხომ გესმით? ყველა საზღვარი უნდა იქნეს ჩაკეტილი და რაც შეიძლება სწრაფად! კავშირის დასასრული. ახალგაზრდა, გამოუცდელმა ოფიცერმა შიშით გამოჰხედა თავის უფროს. -ქალაქიდან გავიდოდა ვითომ? -ან კი, ან- არა- მიუგო მოკლედ- წავედით, წავედით. მანქანა უკანა სვლით გაიყვანა ჯავახიშვილების ეზოდან ქუჩაში და უბანს აუყვა. მან სირენა ჩართო, რაზეც ოფიცერმა პრეტენზია გამოთქვა, მასე ხომ დამნაშავეს დავაფრთხობთო, მაგრამ უფროსმა ყურიც კი არ ათხოვა. მათმა მანქანამ ნელი სვლით ჩაიარა ხიდის ქვეშ, ჩაუარა ეკლესიას- თანაც ისე უაზროდ აცეცებდნენ თვალებს, რომ მასში შემავალი ვალერი ვერც კი შენიშნეს. ჯიბომ მეექვსე თავის კითხვაც დაასრულა, რასაც ისევ მოჰყვა პირჯვრის წერა და ,,ამინ!”-ის წარმოთქმა. -უფალმა დაგლოცოს და გაგაძლიეროს, შვილო ჩემო- დალოცა მამა ვახტანგიმ იგი. -გმადლობთ, მამაო. სულიერად დამშვიდებული ჯიბო ვალერისაკენ გაემართა, რომელიც უნახავი ბავშვივით მისჩერებოდა ეკლესიის ჭერს, რომელზედაც წესით წმინდა მარიამი, ხელში ახლად შობილ ქრისტესთან ერთად უნდა ყოფილიყო გამოსახული… მაგრამ ვინ გაიმეტა ამისთვის ფული? არავინ. ჭერზე მხოლოდ და მხოლოდ წმინდა მარიამის სახის გარკვეული ნაწილი ეხატა. -გამარჯობა, ვალერი? -გამარჯობა… -ვალერიმ მეტი ვერაფრის თქმა მოახერხა. ვერც გაღიმება შეძლო. -დადიხართ ხოლმე აქ? მე სულ და არასდროს მინახავხართ. მაინც რა საოცარი კაცი იყო ეს ჯიბო, ხან ,,შენობით” მიმართავდა ვალერის, ხანაც- ,,თქვენობით”. -ხანდახან მოვდივარ ხოლმე- უპასუხა მან. -აჰა. ამის შემდეგ დუმილი ჩამოვარდა მათ შორის. სულ მალე კი მამა ვახტანგი ავიდა შემაღლებულ ადგილზე და ხალხმაც მის გარშემო იწყო დენა. ჯიბოც მათ რიგს შეუერთდა. ვალერი კი დარჩა მარტო. კვლავაც გარდაცვლილ დედაზე ფიქრობდა და ცრემლებს ძლივს იკავებდა… ,,რატომ? რატომ? რატომ მაინც და მაინც დედაჩემი?”- ეკითხებოდა ღრუბლებში მჯდომ უფალს, ის კი პასუხს არ იძლეოდა. თავდაპირველად, ვალერის გადაწყვეტილება ჰქონდა მიღებული, რომ აღსარება მამა ვახტანგისთვის ჩაებარებინა, მაგრამ მალევე გადაიფიქრა- არავინ არ იყო სანდო, თუნდაც წმინდა მამაო. წმინდა ეძახე და მასაც შეეძლო ვალერის პოლიციაში დაბეზღება… არადა, ვიღაცისთვის აუცილებლად უნდა მოეყოლა, რაც გულში ჰქონდა გამჯდარი, ისე ვერანაირად ვერ გათავისუფლდებოდა ამ მძიმე ტვირთისგან… უნდა ეპოვნა მოკავშირე, რომელიც მას გაუგებდა და რომელიც ქალაქიდან უსაფრთხოდ გააპარებდა… მაგრამ სად იპოვიდა ასეთ კაცს? ,,არავის ნდობა არ შეიძლება”. ყოფილი პედაგოგი ბარმენის ზურგსა და მოკლე, ხუჭუჭა თმას დაშტერებოდა. არც ეს კაცი იყო სანდო… მაგრამ საიდან იცოდა? იცოდა. ბოლო ერთი საათის განმავლობაში ისეთი საზარელი რაღაცები დაატყდა თავს, რომ… იცოდა, უკვე ყველაფერი იცოდა… არადა, როგორი თბილი კაცი იყო ჯიბო. წეღანაც რა თბილად მიესალმა, რა თბილად გაუღიმა… ვითომ ასეთ კაცს შეიძლებოდა გულში რამე ცუდი სდებოდა? არა, არა, რისკი დიდი იყო. თანაც უკვე წარმოედგინა, როგორ გაუმხელდა მას ყოველივეს და ის რითი უპასუხებდა: ჯიბო დაიწყებდა თავი ქნევას, ეს რა ჩაგიდენია ამხელა კაცსო… მერე ხალხს მოიხმობდა- აი ამ კაცმა, თითის ტოლა ბავშვი დაღუპაო… და ამის შემდეგ გავეშებული ბრბო, უფლის სახელით ჩაქოლავდა… ზედ გადაუვლიდა, დაუნანებლად… მამა ვახტანგი კი მათ უფრო წააქეზებდა: ,,უფლის სახელით განწმინდეთ ცოდვილი. ცოდვილი, რომლის სულსაც ეშმაკი დაჰპატრონებია!” სულ ბოლოს კი პოლიცია მოვიდოდა… ერთი ორი კაცი მოვიდოდა დამკრძალავი ბიუროდანაც. პოლიცია შეაქებდა ბრბოს, კარგად გიმუშავიათო და საწყალი ვალერას ცხედარს თან გაიყოლებდა. დიახ, რაღაც ასეთი მოხდებოდა- ეჭვიც კი არ ეპარებოდა. ამასობაში მამაომ ქადაგება დაასრულა. ბრბომ ,,ამინ” წარმოთქვა და ზოგმა სახლში, ზოგმა კი სამსახურში იწყო დენა. საბოლოოდ ათი კაციღა შერჩა მონასტერს. ჯიბო კვლავაც მიუახლოვდა პედაგოგს. იგი კვლავაც სათნოდ იღიმოდა. -ვალერი ბატონო, რაღაცა ფერი თქვენი არ მომწონს… ან აქაურის სინათლის ბრალია, არა? -არ ვიცი- ვალერიმ ლოყაზე ხელი მიიდო- ტემპერატურა არც უგრძნია. -წეღან დაგინახეთ, ეკლესიაში რომ შემოირბინეთ- ბარმენმა ხმადაბლა ჩაიცინა- ისეთი… თითქოს ვიღაც მოგდევდათ…-ვალერის პასუხი არ გაუცია- ფერი მაინც არ მომწონს თქვენი. იქნებ სიცხე გაქვთ? ,,ან ახლა, ან არასდროს”- გაიფიქრა ვალერიმ. ან ახლა უნდა მოეყოლა ჯიბოსთვის ყველაფერი, ანდაც სამუდამოდ მოეკუმა პირი და სამარემდე ჩაეტანა თვისი ცოდვანი. აღსარება თუ გაქცევა? მეორე ამჯობინა. პოლიციის ნაწილი სკოლიდან გავიდა, ნაწილი კი- დარჩა, რათა მოკლულის ახლად მოსული მშობლები დაეკითხა. ერთმა ოფიცერმა სკოლის დარაჯის დაკითხვა ითავა. დარაჯმა ყველაფერი სიტყვა-სიტყვით ჩაუკაკლა… მხოლოდ ერთი რამ დამალა: როგორ არ გაუშვა მეორე გაკვეთილიდან დაღუპული ბიჭი. -საკმარისია- მორჩა დაკითხვა. სკოლის დარაჯმა დატოვა დასაკითხი (ყოფილი სამასწავლებლო) ოთახი და პირველ სართულზე დაეშვა. იქ თავის საყვარელ სკამზე, ფანჯარასთან ჩამოჯდა და თვალებით აკანკალებულ მუხლებს დააშტერდა. მან- სამოც წელს მიღწეულმა კაცმა- ბიჭი არ გაუშვა, არადა… არადა, თურმე ყველაფერი მასზე ყოფილა დამოკიდებული… -მასწავლებელი მთვარი გასასვლელი კარიდან გავიდა, ხომ… ანუ, სხვა კარი თუა სკოლაში, რომ შემოხვიდე-გახვიდე?- ჰკითხა მას ოფიცერმა. -არა, მარტო ერთი აქვს- მიუგო დარაჯმა. -და რა უფლებით გაუშვით პედაგოგი სკოლიდან… რაიმე ნებართვა არ სჭირდებოდა? -არ ვიცი… მასწავლებელი კაცია და მეც ცუდი არაფერი მიფიქრია… -სულ მთლად აიჭრა დარაჯი. -და დრო, რომელი იყო? წუთი, საათი, გახსოვთ? -ალბათ თერთმეტი თუ ხდებოდა… ზუსტად არ მახსოვს, მართლა. -ესე იგი, თერთმეტისკენ გავიდა შენობიდან- ჩაიწერა ოფიცერმა ბლოკნოტში- რა ერქვა… რა ჰქვია? -ვის? მასწავლებელს? ვალ… -ჰო. -ვალერი. -ავად სახსენებელი ვალერი- ჩაილაპარაკა ოფიცერმა. -ხო- თავი დაუქნია დარაჯმა. თვალებიდან ცრემლი სდიოდა. აი, ასე დასრულდა მათი საუბარი. საწყალი ბიჭი… არადა, არ ჩანდა ვალერი მასეთი კაცი, რომ ბავშვი ასე დაუნდობლად გაემეტებინა… ,,ჩემი ბრალია, გამეშვა, რა”- იდანაშაულებდა თავს. ნეტავ მართლა გაეშვა, მაგრამ- არა! ჯიბრში ჩაუდგა. მობეზრებული ჰქონდა ბიჭის საქციელი: ერთხელ მაღაზიაში გაუშვა, მეორეჯერ მოსაწევად და ასე, ნელ-ნელა დაიწყო ლაწირაკმა მისი მანიპულირება… ,,თუ გაპარვა გინდოდა, დარჩენილიყავი სახლში, რას მოდიოდი საერთოდ?- რაღაც ამის მაგვარი უთხრა მეორე გაკვეთილის დაწყებისას. აღარ იყო ბავშვი… და მასაც მიუძღოდა ბრალი… და მაინც. ვალერიმ ჩაიდინა ეს ყოველივე?.. არადა, როგორი გაწონასწორებული კაცი ჩანდა, თანაც როგორი მშიშარა- ეს მის თვალებშიც კარგად იკითხებოდა. ,,სუსტების დრო მოდის”- ჩაესმა დარაჯს ეს სიტყვები. გაეღო კარი ცხონებული ბიჭისთვის, რა იქნებოდა… ნუთუ ბავშვმა იგრძნო, რომ საფრთხე უახლოვდებოდა და მიტომაც სთხოვა სკოლიდან გაშვება?.. ამას ვერასდროს გაარკვევდა. უფ, როგორ ნანობდა თავის საქციელს… არ მოუკლავს ბიჭი… მაგრამ მასაც მიუძღოდა ბავშვის მკვლელობაში წილი. იკუშა ძმა-ბიჭების ტერიტორიას მიადგა. იკუშა ენა ჩლიფინა შაკოს უმცროსი- მეშვიდე კლასელი ძმა გახლდათ. მან მალევე შეიტყო სკოლაში დატრიალებული საზარელი მკვლელობის შესახებ- ისიც კი გაერკვია, ვინ იყო მკვლელი და ვინ- მსხვერპლი. ეს ყოველივე თანაკლასელმა, რომელიც სკოლიდან სახლში ახალი მისული იყო, ტელეფონის საშუალებით უამბო. თორმეტი წლის იკუშამ მთელი სახლი უფროსი ძმის ძახილით შემოირბინა. -შაკო სადაა, დე? -რა გაყვირებს, ადამიანო?! შენს გარდა კიდევ ვინმე ყვირის ამ სახლში?!- და თვალებ ჩაწითლებული დედისგან სილა მიიღო ტუჩებში. ატირებული, ცრემლნარევი ხმის მიუხედავად, იკომ მაინც შეძლო კითხვის დასმა: -სად წავიდა შაკო? -სად იქნება? ქუჩაში! მიდი შენც აჰყევი, აეკიდე. დედის ნათქვამი ჭკუაში დაუჯდა იკუშას, ამიტომაც სახლიდან გაიპარა… კარგად მოეხსენებოდა, რომ საღამოს ლანძღვა-გინებას ვერ ასცდებოდა- როგორც დედის მხრიდან, ისე- მამისგან. გარეთ ოდნავ წინწკლავდა… მაგრამ მალევე გადაიღო. ბიჭი სირბილით აუყვა ნაცნობ ქუჩებს, ნაცნობ ადგილებს… და სულ მალე მიადგა იმ ადგილს, სადაც ვარაუდობდა, რომ შაკო და მისი საძმო იქნებოდა- ეს ადგილი იყო ქალაქის ერთადერთი პარკი. ბიჭები დილაობით აქ, საღამოობით კი- ჯიბოს ბარში ეყარნენ. პარკის გასწვრივ მერიის შენობა იდგა. წვიმას მიწაზე გუბეები დაეყენებინა და აეტალახიანებინა. პარკის შესასვლელში შავი მანქანა ეყენა, რომელზედაც ორი ბიჭი მიყუდებულიყო. ერთი, რომელსაც თავზე მოყავისფრო ქუდი ეფარა, სიგარეტს აბოლებდა… მეორეს კი, ვირსავით დაკრეჭილს, ეტყობოდა, რომ კარგა ხნის წინ მოეწია- თანაც სიგარეტზე უარესი რამ. იქვე მდგარ ხის ძირში მესამე ყმაწვილიც შენიშნა. ბიჭს ტანს ზემოთ არაფერი ეცვა და კარგად მოუჩანდა გარუჯული და დაკუნთული სხეული. იგი ბალახს წიწკნიდა. -ეს ცინგლა ვისია?- დაცინვით იკითხა მანქანას მიყრდნობილმა ქუდიანმა ტიპმა. მან სიგარეტი მიწაზე დააგდო და ფეხით გასრისა. მეორემ, ვირის სიფათიანმა, დაუყოვნებლივ გასცა პასუხი (პასუხს იმედია მომიტევებს მკითხველი): -სირი შაკოს ბიჭია. ამას მოჰყვა ხარხარი. -ეეე!- მანქანიდან თავი გამოჰყო შაკომ (იგი მგზავრის მხარეს იჯდა) და მუშტი ხია მასთან ყველაზე ახლოს მდგომს. -მე რა, ამან თქვა- მხრის სრესვას შეუდგა ბიჭი. ისეთი დაბოლილი იყო, რომ ხელის შებრუნებაც არ უცდია. მხოლოდ უაზროდ აგრძელებდა ღიმილს, ისევე, როგორც მის გვერდით მდგომი. -სენ რა გინდა აქ?- აღშფოთდა შაკო ძმის დანახვისას- დაახვიე დროზე! -შენ თვითონ დაახვიე თუ კარგია!- პასუხში არ ჩამორჩა იკო. დედმამიშვილობის მიუხედავად, ძმები ერთმანეთს ვერ იტანდნენ. იკუშას ამისთვის მიზეზიც ჰქონდა, თან არა ერთი: ,,ყოველთვის მე უნდა ვიყო დაჩაგრული, რახან პატარა ვარ?”- ასე წუწუნებდა ხოლმე იგი, როცა მშობლები შაკოს ფულს აძლევდნენ, მას კი არა. ,,მე სულ ადრე უნდა დავწვე ხოლმე, შაკო კი სულ გარეთაა ხოლმე”. ,,შენც გაიზრდები- ამშვიდებდა გამელოტებული მამა- შენ რა გაზრდა კარგი გგონია?” იკოს აწუხებდა ის ფაქტი, რომ ოჯახის ყველაზე უმცროსი წევრი იყო. მიუხედავად იმისა, რომ შაკო ხშირად ამცირებდა უმცროს ძმას, იკუშამაც იცოდა მისი სუსტი წერტილი: ,,ს” და ,,შ”- ეს ორი ასო ხშირად ერეოდა ლაპარაკისას ბიჭს. -საკო! საკო!- ასე აღიზიანებდა უმცროსი ძმა უფროსს… -შენ თვითონ დაახვიე თუ კარგია! -ხახახ!- სიცილი ატეხეს მანქანას მიყუდებულმა ბიჭებმა… ცოტა ხანში მათ ხარხარს ხის ძირში მწოლიარე, დაკუნთული ტიპიც აჰყვა, რომელიც ოდნავ ფხიზლად იცინოდა. -რაო, პატარა ძმა გაჩმორებს?- გაემასხრნენ შაკოს. -ჩაიჯ…!- თვალები ააბრიალა შაკომ. -ზურა მოკლეს, იცით?- ძალიან სწრაფად გააცნო ახალი ამბავი იკომ ბიჭებს. მოკლე პაუზის შემდეგ, ვიღაცამ, საიდანღაც, ხმა ამოიღო: -ვინ ზურა?- იკუშამ შაკოს გვერდით, საჭესთან მჯდომი ტატო შენიშნა- სამაგალითო ბიჭი. -აი, აქ რომ იყო ხოლმე, თქვენთან ერთად- ახსნას შეეცადა იკო. -ჩვენი ზურა?- კითხვით გამოსძახა ტანთ გახდილმა ტიპმა. -ხო. -ზურაბ ჩხაიძეზე ამბობ? -რაშ მიედები?! დაახვიე, რა!- აუღრიალდა შაკო უმცროს ძმას. -აცალე- მხარზე ხელი დაადო ტატომ. -არ გატყუებთ- თავის მართლებას შეეცადა იკო- მართლა მოკვდა, ოღონდ მოკლეს. იცით ვინ მოკლა? ისტორიის მასწავლებელმა… პოლიციაც ყოფილა სკოლაში და… -ვინ მასწავლებელმა? -ჩემი ისტორიის მასწავლებელმა. -სახელი? -მასწავლებლის? ვალერი. -გვარი? -ჯავახიშვილი- დაირცხვინა იკომ. არ უყვარდა გვარების დასახელება. -აზრზე ხარ?- შაკოს გახედა ტატომ. -მერე, პოლიციამ რაო?- ჰკითხა ხის ბინადარმა ბავშვს. -არაფერი. სახლებში გამოუშვიათ ბავშვები… -სენ რა იცი? სკოლაში არ იყავი და… -არ ეშვებოდა შაკო ძმას. -ჩემმა კლასელმა დამირეკა და იმან მითხრა. -ვალერას რა მოუვიდა? დააკავეს? -არა, გაიქცაო. -თუ იტყუები, გცემ!- თვალი თვალში გაუყარა შაკომ ძმას. -არ ვიტყუები-მეთქი- წამოიყვირა იკომ. დუმილი ჩამოვარდა. -რა ვქნათ, ტატო? -არ უნდა შევარჩინოთ მაგ ვალერას, რაც გააკეთა- ხმადაბლა მიუგო ტატომ- როგორ მოკლა, ბიჭო, ზუსტად გვითხარი. -არ ვიცი…- მხრები აიჩეჩა ბიჭმა- კლასელმა მითხრა, კლასში მოკლა ბიჭიო და სისხლი სდიოდაა… ა-ა! გამახსენდა!.. ერთ მასწავლებელს უთქვამს, ძირს დაეცაო ზურა… -და ვალერი გაქცეულა? -ხო. -რანაირად? -არ ვიცი. -რა ვქნათ, ტატო?- იგივე კითხვა გაუმეორა შაკომ მას, რაც ცოტა ხნის წინ. -არაფერი… დაჯექით მანქანაში!- მოულოდნელად აყვირდა იგი. -რა გჭირს, ტატო?- მანქანაში თავი შეჰყო ქუდიანმა ტიპმა. -რა მჭირს კი არა, დაეყარენით მანქანაში. დროზე! მეორეჯერ გამეორება აღარ დასჭირვებია. ბიჭები უკანა სავარძელზე მოთავსდნენ. ტანთ გახდილმაც კი იკადრა ფეხზე ადგომა და მათ გვერდით მიჯდომა. -ტატო, ჩემი მანქანაა ეგ…- მხოლოდ ახლაღა გაახსენდა მას ის ფაქტი, რომ მისივე მანქანის საჭეზე სხვა ვიღაც იყო მიმჯდარი. -დაიკიდე… არ დაგიმტვრევ- დაცინვით მიუგო ტატომ. -რას ვშვრებით ახლა? -შაკო, შენი ძმა გაუშვი ჯერ. შაკომ მანქანიდან თავი გამოჰყო და ძმას უყვირა: -შახლში წადი, და დედასა და მამას არაფერი მოუყვე, თორემ მაგრა გცემ! დროზე! და მანქანა დაიძრა. მეტი რა გზა ჰქონდა იკოს. თავი დაღუნა და სახლისკენ გასწია.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. როგორც გნებავთ, უბრალოდ რამდენიმე უწმაწური სიტყვაა. როგორც გნებავთ, უბრალოდ რამდენიმე უწმაწური სიტყვაა.
1. წითელი ველით დაფარულ ტექსტებს არ ვკითხულობ
წითელი ველით დაფარულ ტექსტებს არ ვკითხულობ
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|