ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სოფო88
ჟანრი: პროზა
22 იანვარი, 2021


სავსე მთვარეობისას სურვილების ჩაფიქრება ვიცოდით ხოლმე ბავშვობაში, ჯერ კიდევ მაშინ ვიწყებდით, როცა მხოლოდ მოცისფრო-მოვერცხლისფრო რკალი ემჩნეოდა ცას და ვაგრძელებდით მანამ, ვიდრე ორსულ ქალს არ დაემსგავსებოდა ღამის ეს საოცარი ქმნილება. ბებია გვეუბნებოდა, როცა მთვარე ბოლომდე გაივსება ოცნებებიც მაშინვე დაიწყებს ახდენასო და ჩვენც გულისფანცქალით ველოდით ამ დღეს. თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე მოზრდილ ასაკამდე მჯეროდა ამის, მჯეროდა იმისიც, რომ სიარულისას მთვარეც ჩემთან ერთად დგამდა ნაბიჯებს და ყველგან თან დამყვებოდა, ამიტომაც ყოველ ღამით დაძინებამდე ვარწმუნებდი თავს, რომ ეს გამჭვირვალე ბრწყინვალება ფანჯარასთან იყო "ჩაცუცქული" და თავდახრილი მელოდებოდა როდის ჩავჩურჩულებდი სხვადასხვა ნატვრას. წამდა ეს ყველაფერი ჩემს ბავშვურ გულსა თუ გონებას და ბუტბუტებდა ღიმილდაცვარული, უცოდველი ტუჩები პირველ ზმანებამდე...
ვერ გეტყვით ოცნებები მართლა მიხდებოდა თუ არა, ახლა იმასაც კი ვერ ვიხსენებ საერთოდ რას ვანდობდი მთვარეს, მაგრამ ის კი ვიცი, რომ მეორე სავსემთვარეობამდე დღეებს ვითვლიდი. მწამდა გასაოცრად, შეიძლება იმიტომაც, რომ რომელიმე სურვილი მართლაც ამხდენია კიდეც ან წარმოვიდგენდი რომ ახდა და მის ადგილს მერე სხვა ნატვრა იკავებდა. აბა რას გაუგებ ბავშვურ გულუბრყვილობას, ყველაზე წმინდასა და დაუსვრელ ადამიანურ პროცესს?!..
არცთუ დიდი ხნის წინ ისევ შევნიშნე ორსული მთვარე, ჩემში ბავშვურმა სუნთქვამ გაიღვიძა და კვლავ ჩავიფიქრე...
ჩავიფიქრე, თუმცა ჯერჯერობით ოცნება კვლავაც ოცნებად ცეკვავს. სასაცილოა, მაგრამ ახლაც, ამ ასაკში არ მინდა მჯეროდეს, რომ ღამის "ნატვრის ხეს" სურვილების ასრულება არ შეუძლია, არ მინდა ის იმედი ცრუ აღმოჩნდეს, რომელიც ბავშვობაში სულზე მკურნალ მალამოდ მეცხებოდა და ჩემს წარმოსახვებს რომანტიკულ ალებად აგიზგიზებდა, არ მინდა მთვარე "ღალატში" გამოვიჭირო და ამიტომ ვფიქრობ, უფრო სწორად კი თავს ვარწმუნებ (ისე, როგორც იმ სუფთა წლებში), რომ ჩემი ოცნება იმიტომაც არ ახდა, რადგან მისი განდობა დამაგვიანდა, რკალობის პროცესი გამომეპარა, სხვისი ნატვრებით სავსე მთვარემ კი ალბათ ჩემი სურვილი ვეღარ დაიტია და უკანვე გამომიგზავნა, ბოდიშის მოხდით!
ასეა ეს... ასე იქნება... უბრალოდ სხვაგვარად შეუძლებელია, შეუძლებელი!..
დღეიდან კი დარაჯობა გადავწყვიტე, ის პაწაწა, ვერცხლისფერი რკალი ისევ რომ არ დავკარგო, ისევ რომ ბნელში არ დამრჩეს სინათლეს დანატრებული ეს მოუსვენარი ოცნება, ისევ რომ იგრძნოს სულმა მკურნალი იმედის გემო
და ისევ რომ სიცოცხლისფრად აცახცახდეს ბავშვობის უცოდველი, მიძინებული, ფერადი სიმები...
ჰო...დღეიდან მე დარაჯობა გადავწყვიტე...
ისევ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები