ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სოფო88
ჟანრი: პროზა
29 იანვარი, 2021


შენი ადამიანი!

რატომ არ თხოვდებიო, დაგიგვიანდაო მითხრა უკეთულშობილესმა ქალბატონმა, ჩემმა შორეულმა ნათესავმა თინა ბებომ. ვუთხარი ალბათ უბედობა თუ მიწერია ან ძალიან დიდი სიყვარული, რომლისთვისაც ლოდინი სალაპარაკოდაც არ ღირს-მეთქი.
გაბრაზებულმა ამომხედა, თავისი თანშეზრდილი ყავარჯენი ( მე სულ ამ ნივთით მახსოვს) მომიღერა და იმერული აქცენტით მომაყარა: ამ ჯოხს ხო ხედავო, კარგად დოუკვირდი რაფერი მყარი და ჩემსავით გოუტეხელიაო, უბედობა მეორედ არ ახსენო, თორე ევიღებ და მის გემოს განახებო. მერე კი უცებ თვალები გაუცისკროვნდა, სითბონარევი ცრემლები მოეძალა, ტუჩებზე შესამჩნევი ღიმილი გადაეფინა და თითქოს საიდანღაც, შორეთიდან მოდისო, ისე გაისმა სიტყვები: დიდ სიყვარულს კი დეელოდე ბებია, მაგფერი სიყვარულითა და გადარეული ხათუნიას წყალობითაა დღეს მე რო ცოცხალი დევიარები, თუ არა ჩემნაირ უბედურს ახლა ფეხზე რა უნდაო.( თინა ბებომ სამი ვაჟი დაკარგა აფხაზეთის ომში, ხათუნა კი ობოლი გოგო იყო, რომელიც საკუთარი და ღმერთის სურვილით მიეკედლა მაშინ შავოსან ქალბატონს).
ცოტა ხანს სიჩუმე ჩამოვარდა... ჩავფიქრდით... მე ამ დიდი სულის მქონე ქალზე ვფიქრობდი, ისიც ალბათ კადრებს თუ ხედავდა თავისი განვლილი ცხოვრების გამოსახულებით.
დიდ სიყვარულს დეელოდე ბებიაო კიდევ გამიმეორა, ასაკმა არ შეგაშინოს და მხოლოდ ამიტომ არ გათხოვდე, ღმერთმა დაგიფაროს და რომ რამე გაგიჭირდეს ჯობია სათქმელად ის გქონდეს სიყვარულით დამემართა, სიყვარულმა დამაბრმავა და არა უსიყვარულობამო.
ისევ ჩაფიქრდა...
ვთხოვე თავის თავზე მოეყოლა, თავის გადამრჩენელ გრძნობაზე.
სასწაულად გამოცოცხლდა, ათრთოლდა, აღელდა და ლოყებიც ისე შეეფაკლა, თითქოს ახლაც, ამ წამს ისევ 22 წლის უდარდელი, ფერადი გოგონა იყო და ისევ იმ კაცის წინ იდგა მზერადახრილი, რომელთანაც ნახევარ საუნეზე მეტი გაატარა.
.....
ერთმანეთი ავტობუსების გაჩერებაზე გევიცანით, იმ წელს მე უნივერსიტეტში მეოთხე კურსს ვხურავდი, ის პერიოდი იყო  გამოცდების ქარ-ცეცხლი რომ ტრიალებდა ჩემს გონებაში, დაძაბული და ფიქრებში გართული ვიყავი რომ მომიახლოვდა და პირდაპირ უტიფრად მითხრა: დაგინახე, მომეწონე და სანამ არ გამეცნობი მანამდე არ მოგეშვებიო. ძალიან გამაბრაზა მისმა სითავხედემ, საკადრისი პასუხი გევეცი და უკვე ჩამომდგარ ტრანსპორტს
შევაფარე თავი, ამომყვა და გვერდით მომიჯდა. მთელი გზა ლაპარაკობდა, ჩემი გულის მოგებას ცდილობდა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა, ჯიუტად ვდუმდი და ყურადღებას საერთოდ არ ვაქცევდი, ეს მას რომ მოჩვენებოდა ასე, თუ არა სინამდვილეში იმ საუბრიდან ერთი სიტყვაც არ გამომპარვია, დღემდე მახსოვსო.
რა გითხრათ-მეთქი?- ვკითხე აჟიტირებულმა.
-მოკლედ, ჩემი ცოლი გახდებიო, რაც არ უნდა გააკეთო და რაფერ შორსაც არ უნდა გამექცე, მაინც შეგაყვარებ თავს, ისე შეგაყვარებ ცოტა ხანში ჩემი ყველა ნაბიჯის მცველად იქცევიო, ახლა არ მიყურებ, მარა არა უშავს, მერე მთელი ცხოვრება ვერ მომაცილებ თვალს, მაგ ლურჯ მზერაში მხოლოდ მე ვიტივტივებო. იმ წუთს მაბრაზებდა მისი ასეთი თავდაჯერებულობა, მინდოდა რაცხა მწარე მეთქვა, მარა ენა არ მემორჩილებოდა, თითქოს რაღაც ძალა საუბრის უფლებას მიზღუდავდა, თანაც შიგნიდან სასიამოვნო ჩხვლეტებს ვგრძნობდი და ავტომატურად ვნებდებოდი შექმნილ გარემოს.
ჩემს გაჩერებაზე ჩამევიდა, მაინტერესებს სად ცხოვრობ, თორემ მე კარგა ხნის წინ უნდა ჩავსულიყავიო. არაფერს მალავდა, რაც უნდოდა ყოველთვის პირდაპირ და ღიად მეუბნებოდა.
ის დღე ასე დამთავრდა, მან ჩემი სახლის მისამართი უკვე იცოდა, მეორე დღეს კი ისიც გაიგო რა ფაკულტეტზე ვსწავლობდი და ბევრი საერთო მეგობარიც აღმოაჩინა, ზოგიც აქცია კიდეც საერთოდ. კურსის დამამთავრებელი გამოცდების ჩაბარების შემდეგ მე სოფელში დავბრუნდი, ზაფხული იქ გავატარე, არ გამოპარვია ჩემი ადგილსამყოფელი, რამდენჯერმე გამოჩნდა კიდეც უბანში, მაგრამ არაფერი შეუმჩნევია, შეგნებულად იჭერდა თავს შორს, მერე სოფლის სალაყბოდ რომ არ ვქცეულიყავი, უბრალოდ შემხედავდა, ცოტა ხანს გაჩერდებოდა და მიდიოდა, ასეთი ქცევით ჩემში მისდამი პატივისცემა იზრდებოდა და გულშიც რაცხა უცნაურობები ხდებოდა. სწავლა რომ დეიწყო მთელი დღეები უნივერსიტეტის კარებთან მელოდებოდა, საათობით იცდიდა, ყოველდღე სიყვარულს მიხსნიდა, მაგრამ მე ისევ ვაგრძელებდი სიჯიუტეს, დღესაც არ ვიცი ასე რატომ ვიქცეოდი, არადა მისი ყურადღება საოცრად მსიამოვნებდა. ერთ დღესაც აღარ გამოჩნდა, მთელი ის ტერიტორია, სადაც მზერა წვდებოდა წამიერად მოვათვალიერე, მერე სხვაგანაც გევიხედე, არსად ჩანდა. იმ დღეს მეორე მოყვა, მეორეს მესამე და ასე გაგრძელდა თითქმის ორი კვირა.
ვერავის ვერაფერს ვეკითხებოდი, არც არავინ ამბობდა მასზე რამეს. დარდისგან  ლამის მოვკვდი, ყველაფერ ცუდს ვფიქრობდი, ღამეები არ მეძინა, ისედაც სუსტი და კაფანდარა უფრო ჩამოვდნი, მივხვდი არაამქვეყნიურად მიყვარდა, მივხვდი და გამიხარდა, მაგრამ მისი გაუჩინარება საშინლად მტკიოდა.
ირგვლივ გაზაფხული ცეკვავდა, ჩემში კი შემოდგომის ავდრები კიოდნენ.
რომ მეგონა ვეღარ გადავრჩებოდი, სწორედ მაშინ გამოჩნდა, ჩემს სიცოცხლეს ისევ აუვიდა მზის სურნელი, უფრო მძაფრი და უფრო თავბრუდამხვევი.
მოვიდა და ისე მომესალმა, თითქოს ამბობდა ხომ მიხვდი, მე შენი ადამიანი რომ ვარო. არ მომრიდებია, მთელი არსებით ჩევეხუტე და ავტირდი, დიდხანს ვტიროდი, თან ვეჩურჩულებოდი აღარასდროს დევეტოვებინე. ასეც მეიქცა, მაშინვე მომკიდა ხელი, იქვე მდგარ ტყემლის ხეს ნორჩი ტოტი შეატეხა, ბეჭდის ფორმა მისცა და თითზე გამიკეთა, ამაზე ლამაზი ბეჭედი, მანამდე არსად მენახა, უსიტყვოდ დავთანხმდი. მიყვარდა, ღვთიურად მიყვარდა, ახლაც კი ვერ ვპოულობ შესაფერის სიტყვას ამ გრძნობის გადმოსაცემად!
ასე ჩუმად და მაინც ხმაურიანად დევინიშნეთ გაზაფხულის ერთ განსაკუთრებულ დღეს. ზაფხულში კი ვიქორწინეთ.
რადგან ზღვა ძალიან მიყვარდა, ქორწილის შემდგომი პერიოდი აფხაზეთში გავატარეთ.
ჩემი ცხოვრება ზღაპარს გავდა ჩემო გოგო, ის მართლაც ჩემი ადამიანი იყო, ჩემი ბედისწერა, ჩემი სიმართლე, ყველაფერს აკეთებდა ამ გულის იმედიანად ფეთქვისთვის, ბნელს მინათებდა და მწველ სხივებს ეფარებოდა, რომ არ დავმწვარიყავი. არ მახსენდება ისეთი კამათიანი დღე, რომელიც საღამოს ერმანეთის პატიებით და ალერსით არ დასრულებულიყოს. სამი შვილი გაგვიჩნდა, სამი ბიჭი, ჩვენი სამყარო უფრო გაფერადდა, სიყვარული გადიდდა, გეიზარდა, ზღვარს გასცდა და სამგზის იავნანად აღუღუნდა, მერე კი დაყმაწვილდა, დავჟკაცდა და სამშობლოს ენაცვალა...
თინა ბებოს ტკივილიანი ცრემლები გადმოსცვივდა,
დაპატარავდა, გათეთრდა.
გული მომიკვდა მის შემხედვარეს, ვთხოვე ეპატიებინა წარსული რომ გავახსენე. მომეფერა, გულში ჩამიკრა და მითხრა: შენ რა უნდა გაგეხსენებინა ბებია, რაფერ შეიძლება ის გამახსენდეს, რაც არასოდეს დამვიწყებია? პირიქით შენ მე ძალა აღმიდგინე, კიდევ ერთხელ მაგრძნობინე, რომ ოდესღაც მეც მქონდა სილამაზე და უსაზღვროდ ბედნიერი მრავალი წელი, რომ ოდესღაც ჩემი გულიც ყვავილობდა და აპრილს თესავდა დეკემბრის ყინვებშიც.
შენ ტკივილი კი არა სიცოცხლე გამახსენე, გენაცვალოს ჩემი თავიო!..
უსიყვარულოდ არ გათხოვდე ბებია, იმ დიდ ქარიშხალს დეელოდეო!
ხათუნაზე რას მეტყვი-მეთქი?
-ხათუნა ჩემი იმედიაო, ჩემი სინათლე და არსებობის მიზანიო, რაც იმ ბებერმა მიღალატა და წევიდა ჩვენ ბოვშებთან, მას მერე მხოლოდ ამ გოგოსა და მისი პატრებისთვის ვცოცხლობო, ჩემი სისხლი და ხორცი არ არიან, მარა მაშინ მომკლას ღმერთმა თუ ამნაირად არ მიყვარდნენო. გეცოდინება შენ ხათუნას ამბავი. ჩემმა ბიჭებმა რომ სამუდამოდ შავი ჩამაცვეს, იქიდან მალევე 9 წლის შავთვალება გოგო მომადგა კარზე და აღარც გამიშვია მერე არსად, მარტო ისაა შემსწრე და მნახველი რა ცრემლიც ამ დასაფსებ თვალებს დოუღვრია, რაღად ღირს ჩემი სიცოცხლე ბებია, მარა რა ვქნა ტკბილია სული და ამ ჩემ გოგოს რას ვერჩი კიდე, ჩემს ხათუნიას.
მისი ბედნიერებით ვხარობ მეც ჩემო ლამაზოო!
დეელოდე ბებია, შენს ადამიანს დეელოდეო,
კიდევ ერთხელ გამიმეორა და დამშორდა უიშვიათესად თბილი მზერით, ერთხელ კიდევ შესამჩნევად გამიღიმა, განუყრელი ყავარჯენი ხელში მყარად დაიჭირა და მტკიცე ნაბიჯებით გაუყვა გზას, როგორც თვითონ იტყოდა "გოუტეხლად!"

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები