ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სოფო88
ჟანრი: პროზა
4 თებერვალი, 2021


ორმაგი გაზაფხული

სამსახურიდან სახლისაკენ მიმავალ გზაზე ერთი საოცრად ლამაზი ბაღის გავლა მიწევდა ხოლმე. მიწევდა რა... ბევრი სხვა ბილიკიც არსებობდა შინ მისასვლელად, მაგრამ მე იმდენად მოხიბლული ვიყავი, მუდამ ახალგაზრდებითა და მხიარული სახეებით სავსე, იმ ადგილის მშვენებით, რომ თუნდ არ მდომებოდა, ნაბიჯები მაინც თავისდაუნებურად მიეშურებოდნენ მისკენ. ისეც ყოფილა, ჩამოვჯდებოდი რომელიმე სკამზე და დიდხანს, ძალიან დიდხანს გავცქეროდი თეთრი ხიდის ქვეშ მორბენალ ჟინმორეულ, აცეტილ რიონს, ოთხივე მხრიდან კი წყვილებისა თუ სხვა ბედნიერი ადამიანების სიცოცხლეანთებული ჩურჩულებიც მესმოდა. ბევრჯერ სტრიქონებიც დამიწერია იქ, ამ ხმების მოდარაჯეს! შემოვიღამებდი ხოლმე ასე სპეციალურად, სურვილით და  შეგნებულად, მერე სახლში მივდიოდი და გარეთ აკრეფილი სიამოვნებით ვჟღენთავდი ოთახებს. ხშირად ხდებოდა ამგვარად, ხშირად ხდებოდა და დიდხანსაც ასდიოდა იმედის სუნი ერთი უბრალო ადამიანის უბრალო ცხოვრებას. მინიმუმ დაძინებამდე მიმყვებოდა ხოლმე, ბუნების უნაკლოებით გამოწვეული, ბედნიერების უცნაური შეგრძნება. იყო შემთხვევები, როცა სიზმრებსაც მოივლიდა მსგავსი აღტკინება, მერე კი დგებოდა ახალი დღე, ახალი მზით, ახალი დღით და ახალი სულით!..
.........
მაშინაც სხვაგვარი სხივები დაჰკანკალებდა იმერეთის ნაცრემლარ მიწას...
.......
გაზაფხული იყო- სულების ზეიმის, გულების დღესასწაულის, მზერების აალების და ვნებების გადადების დრო! გაზაფხული იყო-ფერებად დამარცვლილი სიყვარულის თვე... უხდებოდა პატარძალ აპრილს ნუშისგან შეკერილი სადედოფლო, ვიღაცას ტყემლის ყვავილების გვირგინი დაედგა მისთვის თავზე, ესეც უხდებოდა... ხელში კი ჩვილი ატმების თაიგული მიეჩეჩებინათ და ასე ხომ მთლად ანგელოზს ჰგავდა ეს მიწიერი ცისარტყელა, ღრუბლებს გამოტაცებულ ანგელოზს!
გაზაფხული იყო...
ჰო... აპრილის ქორწინების დრო...
.......
იმ დღიდან დაახლოებით ორი წელი გავიდა, ორი "რაღაცნაირი" წელიწადი...
......
სამსახურიდან მომავალმა "ჩემს" ბაღში შევაბიჯე, წამიერად მოვათვალიერე გარემო, თავის ადგილას იჯდა ყველა, უკლებლივ! (სასაცილოა... თითქოს დათვლილი მქონოდა მათი რაოდენობა, უკლებლივ))).
ცოტა ბედნიერება ჩავისუნთქე, ფილტვები საღამოს ლანდებით შევივსე და გზა გავაგრძელე,
არ ვიცი რატომ, მაგრამ სახლში მიმეჩქარებოდა, თითქოს ვიღაცას ველოდი, თითქოს ვიღაცა მელოდა...
ჰო... მელოდა!..
ცოტაც და ბაღი უნდა დამეტოვებინა, ბნელ კუთხეში რომ სკამზე მსხდარი გამოსახულებები შევნიშნე. თავიდან ორი მეგონა, მიახლოებისას კი უსასრულობაში ჯიუტად მომზირალი ქალი დავინახე... ქალი, თავისტოლა ჩემოდნით.
მივხვდი რომ უჭირდა, მაგრამ იმას ვერ ვხვდებოდი რა უნდა გამეკეთებინა, თითქოს მეც მასავით გავიყინე, მოძრაობის უნარი დავკარგე. შინაგანად ვგრძნობდი უმოქმედობის დრო რომ არ იყო, თუმცა მოქმედების ნიშან-წყალს ვერცერთი ვავლენდით.
მერე დაიკვნესა, არა კვნესა კი არა, რაღაც არაადამიანური ხმა ამოუშვა, ისეთი, ტკივილზე მეტს რომ აჟღერებდა, მაგრამ არაფრით არ იყო ეს ხმა სასოწარკვეთილის, არაფრით... პირიქით, ფიზიკური სიკვდილის მიუხედავად, სული მაინც იმედიანად უმღეროდა. გამოვერკვიე!..
და მივესალმე!
ხმადაბლა, გულიანად მიპასუხა სალამზე.
უკვე აქ იყო, ამ სამყაროში, უსასრულობისთვის თავი დაეღწია და დაბრუნებულიყო. სიტყვებს ვეძებდი საუბრის დასაწყებად, გულში საკუთარ თავს ვკიცხავდი ასე დამუნჯებისთვის, ასეთი უუნარობისთვის.
თუ სურვილი გაქვთ ჩამოჯექითო თვითონვე შემომთავაზა. დავჯექი, ძალიან სწრაფად დავჯექი, თითქოს ვინმე მასწრებდა იმ ადგილას. ცოტა ხანს ისევ ჩუმად ვიყავი, მერე კი ვუთხარი:  მომიყევით, სხვა თუ ვერაფერი, მოსმენა მაინც შემიძლია, ვიღაცისთვისთვის გაზიარებით, მოჭარბებული ემოციების დაცლით იქნებ თქვენც მოგეშვათ-მეთქი.
გამიღიმა, გულწრფელად და იმედიანად. შემდეგ კი მიწას დააცქერდა (ალბათ ცრემლი თუ დამალა ჩემგან) და თითქოს უხერხულად გრძნობს თავსო ისე წარმოსთქვა: "მე უშვილო ვარ!" აღქმა ვერ მოვასწავი უცებვე დაამატა, ექიმებმა გადაწყვიტეს ასე, მაგრამ არ მჯერა. არა, იმას კი არ ვამბობ, რომ მედიცინა ცდება ან აქ, ამ ქვეყანაში არ შეუძლიათ სწორი პროგნოზის გაკეთება. უბრალოდ მე მწამს, ვიცი რომ შვილი აუცილებლად მეყოლება, როცა ხატებთან ვდგავარ ეს რწმენა უფრო ღრმავდებაო. ახლაც, ამ წამს რაღაც ძალა ცხოვრების გაგრძელების სურვილს მიხანგრძლივებს, თითქოს ღვთისმშობელი ჩამძახის დედობისთვის მოემზადეო.
ცოტა გამაკვირვა მისმა სიტყვებმა, თუ ასე სწამდა, თუ ფერადი მომავლის ასე სჯეროდა, მაშინ აქ, ამ დროს, ნამტირალევი მზერითა და ჩემოდნით ხელში რას აკეთებდა?
გაოცება შემატყო და სუბარი გააგრძელა. ყველაფერი საოცრად დაიწყოო!..
---------
ჩემი მომავალი მეუღლე მოსწავლეობის პერიოდში გავიცანი, მართალია სხვადასხვა სკოლებში ვსწავლობდით, მაგრამ ჩვენი შეხვედრა ბედისა და გარემოებების წყალობით ერთ დაუვიწყარ დღეს დაუვიწყებლად მოხდა. ყველა ფრაგმეტი, ყველა უმნიშვნელო დეტალიც კი მახსოვს იმ დღიდან. მაშინ, სკოლებს შორის, აქტიურად იმართებოდა სპორტული შეჯიბრებები. რადგან ლაშა (მეუღლე) ფეხბურთს ძალიან კარგად თამაშობდა (თამაშობს), შესაბამისად გუნდშიც ირიცხებოდა და ამიტომაც იყო, რომ იმ დღეს, მისი და ჩემი სკოლის გუნდების მიერ გამართულ შეჯიბრზე, ვიხილე ეს საოცარი ქმნილება (ასე ვთვლი დღემდეო, მორცხვად გაიღიმა). 15 წლის ბავშვს დანახვისთანავე შემიყვარდა ჩემზე 2 წლით უფროსი, ასევე ბავშვი. მასაც არ დავრჩენილვარ შეუმჩნეველი და 9 წლის შემდეგ შედგა კიდეც ჩვენი კავშირი.
უცებ ჩაფიქრდა. მერე რა მოხდა-მეთქი?- ვკითხე სასწრაფოდ (არ მინდოდა ისევ უსასრულობაში გადაშვებულიყო).
-სტუდენტობის პერიოდი ლამაზად გავიარეთ, ჩვენი სიყვარული იზრდებოდა, ბრძენდებოდა და ყოველ დილას ახალი მზეებით იღვიძებდა. არც ქორწინების მერე გახუნებია ფერი ამ გრძნობას, პირველ წლებში ხომ საერთოდ, ყველა აღტაცებული რჩებოდა, ვინც კი შეგვხედავდა, ახლობლები, მეგობრები, უცხო თუ უბრალოდ ნაცნობი ადამიანები. შემდეგ და შემდეგ კი ჩვენი ნაფერები ოჯახი შიშმა მოიცვა, ეს შიში ჩემი უშვილობით იყო გამოწვეული. თითქმის ყოველდღე მესმოდა დედამთილის მიერ, ქმრისა და შვილის მისამართით,  ჩუმად ნათქვამი სიტყვები: რა დააშავა ჩვენმა ჯიშმა, რატომ არ უნდა გაგრძელდესო?.. ლაშა ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ამ ფრაზას ჩემამადე არ მოეღწია, მისი მიზანი მხოლოდ ჩემი ბედნიერება იყო, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, ნებით თუ უნებლიედ მე მაინც მესმოდა ეს ტკივილიანი სიტყვები. თავს ვარწმუნებდი, რომ არაფერი გამიგონია, ხანდახან იმასაც კი ვფიქრობდი დედამთილის ადგილას ალბათ მეც ასე მოვიქცეოდი-მეთქი, ვცდილობდი მისთვის გამეგო, მაგრამ მიჭირდა, ძალიან მიჭირდა.
რაც დრო გადიოდა თავს უსარგებლოდ ვგრძნობდი და ყოველგვარ ადამიანურს ვკარგავდი, თუმცა დროდადრო, რაღაც შინაგანი ძალა მაფხიზლებდა და ვძლიერდებოდი. სწორედ ასეთ დროს მიჩნდებოდა იმედი, რომ მე შვილს აუცილებლად გავაჩენდი.
მერე ყველაფერი უფრო გართულდა, ოჯახში კონფლიქტების ერა დაიწყო. დედამთილი თავის უკმაყოფილებას აღარც ჩემთან მალავდა, კი არა და პირდაპირ მთხოვდა ქმარს გავცილებოდი, მისთვის ბედნიერების საშუალება მიმეცა. ყველაფერს ვითმენდი, ყველაფერს ვყლაპავდი, მეუღლეს არაფერი გაუგია მანამდე, ვიდრე ერთ დღესაც თვითონვე არ შეესწრო რძალ-დედამთილის "იდილიურ" საუბარს.
იმის მერე დედა-შვილს შორის ურთიერთობა დაიძაბა, რა თქმა ეს ფაქტიც მე დამბრალდა და ჩემი "დანაშაული" კიდევ ერთით გაიზარდა.
იმ პერიოდში ლაშას ხშირად უწევდა ხოლმე სამსახურეობრივ მივლინებებში სიარული, ასეთ დღეებში დედამთილი გვერდიდან არ მცილდებოდა და მარტოობიის საათებს თავისებურად "მილამაზებდა."
ამგვარ ჭიდილში 5 წელი გავიდა, ჩემი დაფეღმძიმების იმედი საბოოლოოდ გადაწურა ქალბატონმა და ხელოვნურის გაკეთება მომთხოვა. რა თქმა უნდა არ დავთანხმდი, კიდევ ერთხელ ავუხსენი, რომ მე მჯეროდა სასწაულების, ვუთხარი უფალი შვილს აუცილებლად მაჩუქებს, აი ნახავთ-მეთქი. ირონიულად ჩაიცინა, მერე კი ლაშას გაუმხილა თავისი გადაწყვეტილების შესახებ. მე და ჩემს ქმარს ერთნაირად გვწამდა ჩვენი მომავალი ბედნიერების, ამიტომ მისგანაც უარი მიიღო, რის გამოც საბოლოოდ შემიძულა.
რამდენიმე თვეა გაუსაძლის ყოფაში მიწევს ცხოვრება, ყოველგვარი ენერგია გამომეცალა. მივხვდი, რომ ბრძოლისთვის ძალა აღარ მეყოფოდა და ყველაზე კარგ გამოსავლად ოჯახიდან წამოსვლა მივიჩნიეო. მხოლოდ ის მაწუხებს, რომ ლაშასთვის არ მითქვამს, ის ახლა მივლინებაშია, მე კი ფაქტიურად გამოვეპარეო. ასე დაასრულა თავისი ისტორია!
მერე შენი იმედი, შენი ასეთი რწმენა-მეთქი? თუ მისგან წახვალ თქვენი მომავალი როგორღა ახდება-მეთქი?- მონათხრობისგან გაოგნებულმა კითხვები მოურიდებლად მივაყარე.
არ ვიციო... მაგრამ ის კი ვიცი, რაღაც საოცარი შეგრძნების სულ პაწაწინა ნაპერწკალი არასდროს რომ არ მტოვებსო. ახლაც ასეაო...
........
იმ ღამით, ის ღვთიური სულის გოგონა  ჩემთან დარჩა, კიდევ ორი დღეც არსად გავუშვი (წასასვლელი ბევრგან ჰქონდა), მერე კი მივლინებიდან დაბრუნებულმა, მასზე გიჟურად შეყვარებულმა მეუღლემ მოაკითხა და ხელახლა გაიტაცა, ისე როგორც რამდენიმე წლის წინ. წყვილი ნაქირავებ ბინაში გადავიდა. მე მათთან კონტაქტი არ გამიწყვიტავს და ვხედავდი, რომ თავიანთ ბუდეს, ყოველდღიურად, ბედნიერების ხელახალი სურნელით, უმტკივნეულოდ ჟღენთავდნენ.
ამ რამდენიმე კვირის წინ კი ჩემმა გოგონამ არაამქვეყნიური სიხარულით სავსე ხმით მაცნობა, რომ თვენახევრის ფეღმძიმე ყოფილა!
მითხრა ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ახლიდან გავჩნდი, საკუთარი სულიდან სულ სხვა სხეულად დავიბადეო, მგონია აღარასდროს დავსრულდები, რადგან ახლა ჩემთან ორმაგად გაზაფხულდაო!..
ამ ზარის შემდეგ, ჩემშიც ადრიანად აფეთქდნენ ნამცეცა იები.
....
სასწაულები ხდება, უფალი ყოვლისშემძლეა, მთავარია ადამიანებს მისი უპირობოდ გვწამდეს და მერე ყველაფერს ეშველება, ყველაფერს... ორთავე სამყაროში!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები