 | ავტორი: ოთარ რურუა ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 9 აპრილი, 2021 |
9 აპრილის გახსენება
... და გაისმოდა მუსიკა ქარში, ყველა ტაძარში სანთლები ენთო. ვაი, რაღა ვთქვა... ოთხმოცდაცხრაში ჩვენ გაზაფხული მოგვიკლეს ღმერთო.
ოთარ რურუა
2010
...................................................................................................................................................................................
ცხრა აპრილის ბაღში
ცხრა აპრილის ბაღში ხეთა ტირილს ვისმენ, ავდარშიც და დარშიც გული მოთქვამს ისევ.
ცხრა აპრილის ბაღში სუნთქვა მიჭირს ქართველს, ისევ ვანთებ ქარში მე ოცდაერთ სანთელს.
გულს არ ავიწყდება, ვიდრე მკერდქვეშ მიცემს, გმირებს დავიწყებას არასოდეს მივცემ.
ოთარ რურუა
2019
...........................................................................................................................
ფიცი
ვფიცავ, ჩემს ქართულ ხასიათს, ღვთისმშობლის წილხვედრ მიწას, დიდგორს, შამქორს და ბასიანს, ცრემლშეუშრობელ რიწას.
მანდილს - ქართველი ქალისას, სიყვარულივით წმინდას, გოგლას უმწიკვლო მარიტას, ფხოვს, ჩარგალს, სტეფანწმინდას.
ვფიცავ, მთაწმინდის მთვარეს, ნაციონალურ ცეკვებს, ვაჟას შვლის ნუკრის თვალებს, ალგეთში დაზრდილ ლეკვებს,
რომ სანთელივით იწვის მკერდქვეშ მართალი გული, ესმის ყივილი მიწის, უსმენს სულგანაბული.
გულწრფელ სტრიქონებს ვუწერ მე ცხრა აპრილის გმირებს, დედას, რომელიც ურწევს აკვანს პატარა შვილებს.
ვფიცავ, სიმღერას გედის, დედის სამარეს წმინდას, ღუღუნს მშვიდობის მტრედის, გრემს, გელათს, ნიკორწმინდას,
რომ უთქმელადაც მიყვარს ყველა მამულიშვილი, აქ ნათქვამ არც ერთ სიტყვას არ მიადგება ჩრდილი.
ოთარ რურუა
2020 .........................................................................................................................................................................
მამულიშვილებს
მამულიშვილნო! მიყვარხართ, დიდია თქვენი ამაგი, ჯიხვის რქით დამილოცნია ჩვენი ჯიში და ალაგი.
იყო დიდგორი, შამქორი, ცხრა აპრილი და შინდისი, ყველა ერთგული ქართველი არის ამ ქვეყნის სინდისი.
თავისუფლებას უმღერის დღეს მათი შთამომავლობა... სამშობლოს სამსახურისთვის მამულიშვილებს - მადლობა!
ოთარ რურუა
2020
...............................................................................................................................................................
შეწირულთათვის
ამ ქვეყნის მიწის ნაგლეჯი ჩვენია, განა სხვისია! საქართველოა გარეჯი, ქართველთა ჯილაგისია!
ისევ მღერიან „ჩაკრულოს“, ფოლკლორი ჩვენი განძია, ბედნიერ მერმისს ნატრულობს თვით სულხან-საბას ტანძია.
მინდა მგოსნებმაც შემინდონ, თუ რამე კარგად ვერ ვთქვი მე, ლოცვებში მოვიხსენიოთ თაყაიშვილი ექვთიმე.
ვკითხულობ იმათ ცხოვრებას, ვინც იყო ქვეყნის სინდისი... ერს მუდამ ემახსოვრება: ცხრა აპრილი და შინდისი.
მეც მტკივა ბერი თევდორე,- დუშმანმა ხმლით რომ აკუწა... ვარ იმის თანამედროვე, ვინც დააფასა ქაქუცა.
ქვეყნად ყველაზე მთავარი სამშობლოს სამსახურია, დავითიც მიყვარს, თამარიც, კოსტავაც, გამსახურდიაც.
მაოცებს ცოტნეს გმირობა, ლომ-ვეფხვს ვადარებ, განა მგელს, ვუქებ მამულიშვილობას ცხრა ძმას და სამას არაგველს.
აწ ქეთევანიც ვახსენოთ,- მარტვილი ქრისტეს რჯულისთვის... ვაცოცხლებ, ვიდრე ვარსებობ, ამ მიწის სიყვარულისთვის.
ვლოცულობ, დედა ღვთისმშობელს წყალობას შევსთხოვ ქართველი, ბიჭად-კაცს ცრემლშეუშრობელს რომ არ ჩამიქრეს სანთელი.
ლექსში-ვით უხმლო ქარქაშში, თუმც ყველა ვერ ჩავატიე, შეწირულთათვის ტაძარში მე ღამეები ვათიე.
ოთარ რურუა
2021
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. დიდი მადლობა. დიდი მადლობა.
2. კარგებია, გაიხარე ოთარ ბატონო! კარგებია, გაიხარე ოთარ ბატონო!
1. ნამდვილი პატრიოტის გულისთქმა ამოვიკითხე. :)) ძალიან მომეწონა! ნამდვილი პატრიოტის გულისთქმა ამოვიკითხე. :)) ძალიან მომეწონა!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|