ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიგო
ჟანრი: პროზა
26 თებერვალი, 2009


თავშესაფარი

პირველი დღის ღამე...

  წელიწადის რა დრო იყო იცით? - აი ღამემ რომ დაესესხა დღეს წუთები.

  მათი ლოგინებიც ამ წუთების სუსხით იყო შეპყრობილი. ეზარებოდათ ორივეს საძინებლის ოთახამდე მისვლა. გაცილებით კომფორტულად გრძნობდნენ თავს მისაღებ ოთახში, სადაც შეშის ღუმელი გიზგიზებდა. აგზავნიდა ნაპერწკელბს, ბოლთან ერთად საკვამურში, თითქოს ოჯახის სადარდებელიც თან გაიყოლაო...
მამაკაცი, ასე შუა ხნის, შეთეთრებული წვერ-ულვაშით, რომელსაც დაეფარა მეტყველი ტუჩები, აბუტბუტდა ხელმეორედ:
  - ეს ზამთარი, ნამეტანი ახურებს ჩვენი ღუმელივით...
  - მერე რა კაცო, რამ შეგაშინა? შვილები გვიმყოფოს კარგად და ყველაფერი გვექნება! - მეუღლის აბუტბუტებულ ტუჩებს შეაგება, ჯერ კიდევ ზამთრის სუსხით აწითლებულ ლოყებში მოქცეული წითელი ტუჩებიდან წარმოთქმული სიტყვები.
  - კარგად არიან, ვიცი, დარწმუნებული ვარ!
  - ხო, მეც ამას ვამბობ...
  - თამრიკო, წავიდეთ, დავწვეთ! კი მეზარება გასვლა საძინებელში, მაგრამ დღე ხომ უნდა დავასრულოთ. გრძელი ღამეც გველის...
  - ახლავე, მოვრჩები დალაგებას და წავიდეთ...


  * * *
  ღამის მეტყველი ფიქრები...

  წინ მათ ბებერი ღამე ელოდათ... მოძველებული და უკვე ნასესხები წუთებისაგან გასუქებული ღამე მოსვენებას არ აძლევდა ცოლ-ქმარს...

  - კოტე გძინავს?
  - არა.
  - რაზე ფიქრობ?
  - შვილებზე...
  - მეც!
  უყვარს ღამეს დუმილი...
  უხდება ღამეს ფიქრები...
  - ჩვენი პატარები...
  - რაღა დროს, პატარები?! შვილიშვილები გვყავს უკვე. მართალია ჯერ არ გვინახავს, მაგრამ აუცილებლად ვნახავთ! ხო შეგვპირდნენ წაგიყვანთო?..
  - კი.
  - ჰოდა წავალთ, აქედან... გავასწრებთ! მაინც ომს ველოდებით. ვინ არის ჩვენი პატრონი? მარტო ჩვენი შვილები.
  - არ მინდა აქედან წასვლა!
  - შენ არ გინდა -  ჩვენს ვაჟს უნდა! ქალიშვილი, ქე იცი... ვერ დავაწვებით კისერზე... ხო იცი სიძეა მაინც...
  - ხო, მართალი ხარ!
  - ჩვენს შვილიშვილებს თუ ასწავლიან ნეტავი ქართულს?
  - აუცილებლად ასწავლიან, აუცილებლად! მე მჯერა გიორგის და კესოსი!
  - ძნელია! კი... ჩვენ გვჯერა შვილების, მაგრამ ისინი ხომ მუშაობენ? დროც ნაკლები ექნებათ ენა ასწავლონ. ქართული ენა, თავისი ისტორიის მსგავსად მძიმე და რთულია. არ მინდა გრამატიკული, მხოლოდ სიტყვა სამშობლო და საქართველო იცოდნენ. დანარჩენს ჩვენ ვასწავლით როცა ჩავალთ.
  - ხვალ პენსიაზე უნდა წახვიდე.
  - ხო, მართალი ხარ!

  დღის ექვსი საათი...

  - მოდი ადამიანო, გათბი და მერე წადი პენსიაზე.
  ხმის ამოუღებლად დათანხმდა მეუღლის შემოთავაზებას კოტე. გარეთ თოვდა. ღუმელთან ნებივრობაში შვიდის ნახევარიც გახდა.
  - თამრიკო წავედიი, ჩაკეტე კარები!
  - კარგი.

პენსიის რიგში.

  ერთი პატარა ოთახი ქალაქის გარე უბანში, რომელიც საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე მდებარეობს. ხის მოფამფალებული კარები „ამშვენებს“ ოთახს. ოთახსა შინა „არაჩვეულებრივი“ სინესტეა. ოთახში მყოფთ ფეხები წაყინვოდათ.
  - ღმერთო! მეტი არ შემიძლია, წამეყინა ფეხები. რას გავს ეს?
ხელში მომარჯვებული საპენსიო ბარათებით ყაყანებენ მოხუცები. ქაოსია რიგშიც. მოხუცებულთა რიგი კორპუსის ეზოშიც გადიოდა. შვიდი საათია უკვე. მოლოდინში არიან კუთვნილი ფულის.
  მოლარეებს სკამ ქვეშ ხის ფიცრული შეუკრავთ. (სულ ორი მოლარე ემსახურებოდა მოხუცებს.) ეცოდებათ თავი. აბა, პენსიას ვინღა მისცემს მოხუცებს თუ ეს ბედოვლათი მოლარეები მოუკვდებათ?
  - ლუიზა, დარეკე ერთი ბანკში, ფულს როდის მოიტანებენ?
  - ჯერ, ათი არ არის, გახარებულო! რა დროს ბანკია?
  - მართლი ხარ!
  ზომიერების ფარგლებში საუბრობდნენ მოხუცები პოლიტიკაზე, თანხის მოლოდინში.
  ერთნი აშკარად აგინებდნენ მოხდურებს ამა ქვეყნისა! არ ემადლიერებოდნენ აშკარად... მეორენი ეპასუხებოდნენ მათ. თუმცა უმცირესობაში იყვნენ აშკარად. ძალიან უხაროდათ ხუთ ლარიანი მატება...
  - რა გინდა შე კაცო? რას აგინებ? ხომ გითხრა მოგიმატებთო? აჰა! მოგვიმატა... მერე რა, რომ ხუთი ლარით? აგერ ორმოცდაათ თვეში ას დოლარამდე გაგვეზრდება...
  - ორმოცაათი დღე არ გაუთენდა მაგას! ჩემი ცოდვით სავსეს... კიდევ პატრიარქის სული გვიდგია! ღმერთი დიდია!!! ღვთისა და პატრიარქის იმედი გვაქვს მხოლოდ! და ის ორმოცდაათი თვე თუ იცი რამდენია შე ქალო? ოთხი წელი და ორი თვე... ოთხი წელი  ვიცოცხლებ მე?
  - აბა, ვინ გინდა შენ? ამას ვერ იტან. პენსია არ გაკმაყოფილებს...
  - არავინ მინდა მე აწი... ჩემი ცხოვრება მოვჭამე და გავლიე შრომაში. რა, დამიფასდა თუ იცი? ნაჯაფ-ნაღვაწი წყალში ჩამიყარეს!
  აშკარად უმცირესობაში აღმოჩნდა საწყალი პატრონიანი მოხუცი, რომელიც თავგამოდებით იცავდა „სასიქადულო მამულიშვილს“.
  ერთმა, მეორეს გადაულაპარაკა ყურში. ის მეორე მის ზურგს უკან იდგა. თავი მიატრიალა დაჩასჩურჩულა:
  - აშკარად არ უჭირს, ამ ჩვენს ქალბატონს.
  - ხო, არ უჭირს. არ იცი? ის ხომ ჩაქცეულია ფულში. მისი შვილი ბიზნესმენობს. მთავრობაში ყავს კაცი...
  - აჰა, გასაგებია მისი შემართება და თავგამოდება.
  - არაფერი უთხრა... ვერ ხედავ ინიღბება და პენსიის ასაღებადაც კი დილის შვიდზე აქ არის. არ რცხვენია არაფრის...
  - იქნებ რცხვენია, კიდეც უბრალოდ სხვა გზა არ აქვს...
  - ახლა დაუჭერიათ, მისი ბიჭი.
  - რატომო ნეტა?
  - ისინი, ხო თავისიანებსაც არ ინდობენ... კრიზისიაო და დახმარება სჭირდება სახელმწიფოსო...
  - მართალი ხარ! მერამდენეა ნეტა?
  - არ ვიცი?! ჩვენი ქალაქის ყველა ფულიანები თითქმის მოხვეტენ! ყველას აწერენ ფულსო, ასე ამბობენ...
  - საწყალი! მეცოდება მაინც. პატარა ამბავია შვილის დატუსაღება?
  - მოიცა, შე, ქალო! გადაიხდის ფულს და ესეც შენი „სვაბოდა“...

  ყველაფერს ამას ხმა ამოუღებლივ უსმენდა კოტე. ის უმრავლესობას ემხრობოდა. უბრალოდ, დაიღალა ყოველ ახალ თვეში უაზრო პოლემიკით. შედეგი არსად ჩანდა. ფუჭად სიტყვების ნაყვა, კი, არ უყვარდა კოტეს. მისი შვილები ხომ ამ მთავრობამ წაართვა...


* * *
  საფრანგეთი.

  - დალი. ექვსი საათია უკვე...
  - დღეს, ხომ დასვენების დღე გვაქვს. თან ბავშვის გასეირნების დღეც.
  - სად წავიყვანოთ?
  - სასაფლაოზე.
  - სად? სასაფლაოზე რა გვინდა? ან ვინ გვყავს, როო მანდ?!
  - როგორ თუ ვინ?! ჩვენი წინაპრები, აქ არ არიან? ჩვენი სასიქადულო მამულიშვილები...
  - მართალი ხარ! გიორგი დღეს დედას უნდა დაურეკო ხომ იცი?
  - კი.
  - არ დაგვავიწყდეს.
  გიორგის ოჯახი საფრანგეთში ლტოლვილებად ჩაიწერა. ყოველთვიურ დახმარებას იღებდა. ბავშვის დაბადებამ მისი გეგმები შეცვალა. საფრანგეთის მთავრობა მას მოქალაქეობის სტატუს ანიჭებდა. ფრანგულს  ძლივს აბამდა თავს. აი მეუღლემ კი უკეთ იცოდა. რვა წლით იყო უფროსი მეუღლეზე. პროფესია ორივეს გააჩნდა, მაგრამ გიორგი უმუშევარად იყო. ვერ იშოვა ენის არ ცოდნის გამო. დამტვრეული ფრანგული კი არავის უნდოდა.
  - დღეს სათვისტომოში უნდა წავიდეთ.
  - რატო?
  - ეგებ რამე მიშოვონ. თორემ დავიღუპებით. მშობლებს უკვე მეოხთე თვეა ფულს ვერ ვუგზავნი. რაც აქ ჩამოვედით შვიდი თვეა. მხოლოდ დარეკვა უშველის?
  - კარგი წავიდეთ. მე ვფიქრობ შენ უფრო გინდა სასაფლაოზე წასვლა, ვიდრე ჩვენს პატარას. აბა... რა უნდა ნახოს მანდ? ის ხომ ჯერ ორი თვისაა, მხოლოდ.
  - ჩემო საყვარელო, აღზრდა აკვნიდან იწყება! ეს ჩემზე უკეთ იცი. თან ქართული აღზრდა ჭირდება მას და არა ევროპული.
  - გიორგი, არ გახსოვს სიტყვები: - ჩვენ ვართ ქართველები და მაშასადამე ვართ ევროპელებიო?
  - მახსოვს, როგორ არა! უბრალოდ ეს ევროპასთან ინტეგრაციის გამო წარმოსთქვეს და მეტი არაფერი. არც კი ვიცით რა გვინდა: ევროპა თუ დასავლეთი?! თვითონ ვერ გარკვეულან. მე ტყულა არ ვარ პოლიტიკური დევნილი ძვირფასო და შენს ხელფასს ორ ოჯახს ვერ ვაკმარებთ. აქაც კრიზისია ვერ ხედავ? თან უამრავი გადასახადები  პარაზიტებივით გვიჭამს ნერვებს. მხოლოდ საარსებოდ სამასი ევრო გვრჩება. აბა რას უნდა ვამყოფინოთ ეგ თანხა? უბრალოდ იმედი მაქვს უკეთ ვიქნებით. მშობლებსაც შევპირდი ჩამოგიყვანთ-მეთქი. - თავისივე სიტყვების უკვირდა გიორგის, რადგან გული სამშობლოსკენ უძახოდა და აზრადაც არ მოსვლია მშობლების აქეთ ჩამოყვანა. გული საპირისპიროს კარნახობდა: - უკან დაბრუნებას. უბრალოდ ტელეფონის ყურმილში წარმოთქმული სიტყვები გაიმეორა და მეტი არაფერი.
  - სათვისტომო დაგვეხმარება ყველაფერში, გიორგი.
  - მჯერა საყვარელო!

* * *
  სათვისტომსათან მისულებს რიგი დახვდათ.

  - რა ხდება, ხომ ვერ მეტყვით?
  - კრიზისთან დაკავშირებით, ახალი კანონი მიიღეს და დეპორტს გვიპირებენ. უწყება მოგვივიდა და გამოვცხადდით. თქვენ არ მოგსვლიათ?
  - არა?! - უთხრა გაკვირვებულმა...
  - დალი წავიდეთ აქედან! დღეს არ ღირს მათ თვალებში ჩაგვხედონ. მითუმეტეს უწყება არ მოგვსვლია. ჩვენი ფეხით ხომ არ მივალთ სასაკლაოზე?
  - წავიდეთ.

* * *
  სასაფლაოზე მისულებს, თბილი ნიავი შემოეგებათ... ნასესხები წუთები, რომელიც ღამემ დღეს დაესესხა, აშკარად არ ამართლებდა... რადგან წუთებში დათბა. ხორცთა სამფლობელომ იგემა მისი მომავლის ბედუკუღმართობა, თვალები ამეტყველდნენ... საფლავთა ქალაქი სტუმრობდა მომავლს, რომელსაც ისევ სამშობლოს ფარგლებს გარეთ ზეიმობდნენ... ეს დღესასწაული კი მათ თვალებში იკითხებოდა... თითქოს ამეტყველდნენ სტუმრის მიღებისას... ცდილობდნენ დახმარებას, მაგრამ როგორ? აქ ხომ, მხოლოდ, ხორცთა სამფლობელოა! თუმცა, გიორგი ასე არ ფიქრობდა. მან მიიღო მათი შემოთავაზება და დათანხმდა მასპინძლებს, გასაუბრებოდა... თითოეულთან მეტყველებდა თვალებით, არ სურდა დაემძიმებინა ისედაც დარდითა და სამშობლოზე ტკივილით წასულთა სულები...


* * *
  ტელეფონის ყურმილი...

  - როგორ ხართ მამა?
  - ღმერთო, შვილო შენ ხარ?
  - ხო მამა, მე ვარ!
  - როგორ ხარ გიორგი?
  - კარგად მამა. დღეს გამოგიგზავნი ფულს მამა. ორასი ევრო იქნება.
  - არ გინდა, შვილო, პენსია ავიღე დღეს, ჩემი და დედაშენის. ჩვენ გვყოფნის ეგა. თქვენს თავს მიხედეთ. - იყო ცრემლნარევი პასუხი მამის.
  - ჩემს დაიკოს, ხომ არ დაურეკია მამა? ჩემთან არ რეკავს, რატომ არ ვიცი?!
  - გუშინ დარეკა, შვილო, კარგათ ვართო... ბავშვებიც კარგად არიანო... უბრალოდ ცივა ძალიანო.
  - ხო, მამა ციმბირშია და აბა როგორ იქნება. იქით ძალიან მაგრად ყინავს...
  - მაქეთ ყოველთვის ყინავდა ჩვენთვის, ქართველებისთვის, შვილო...
  - მართალი ხარ, მამა! დედა სად არის? დაუძახე!

  ყურმილი დედის ხელში...

  - კარგად დედა... - ნუ ტირი დედა... - ხო დედა თავს გავუფრთხილდებით... - მეც მიყვარხარ დედა...

  - თქვენი ანგარიში ამოიწურა. (ფრანგულად)

  შემოქმედება

  - დღეს არაფერს წერ? - სიტყვების დამარცვლით უთხრა დალიმ მეუღლეს.
  - არაფერს... მოკლე და უხასიათო პასუხი გიორგისგან.
  - ნეტა რატომ?
  - არ ვიცი დალი, რაღაც ვერ ვარ!
  - ცუდათ ხომ არ ხარ? დაფეთდა ქალი.
  - არა... რა ცუდათ... ყველაფერი რიგზეა... უბრალოდ ფურცელი დამიმრთავდა.
  - შე საწყალო! ახლავე გავიქცევი და გიყიდი ფურცლებს. - თქმის-თანავე დატოვა სახლი დალიმ და მაღაზიაში გაიქცა. უკან დაბრუნებულს დახვდა შემოსასვლელ კართან მინაწერი:

  შეტყობინება მოვიდა დალი... სასწრაფოდ ითხოვენ ჩემს მისვლას...

  ამის დანახვაზე, დალიმ სასწრაფოდ ჩააცვა პატარას და სათვისტომოსკენ გაეშურა. მისულს ისევ რიგი დახვდა. მეუღლე კი ვერსად იპოვა. - ალბათ უკვე შიგნითაა შესულიო... - გაიფიქრა და ხვეწნა-მუდარის შემდეგ შეუშვეს ურიგოდ სათვისტომოს შენობაში. მეუღლე ვერსად იპოვა, მაინც.
  ადმინისტრაციამ განუცხადა: - თქვენმა მეუღლემ უკვე დატოვა სათვისტომოს შენობა, შეტყობინება მოვიდა საელჩოდან, მასზე ძებნა გამოცხადდა. ინტერპოლი ეძებს. ვწუხვართო... მისი აქ ყოფნა სახიფათოა და თქვენიცო. ერთი ადამიანის მისამართი მინდა მოქცეთ, რომელსაც შეუძლია დაგეხმაროთ. თქვენს მეუღლესაც მივეცი მისი მისამართი. ქართველთა სასაფლაოსთან ცხოვრობს ახლოსო. იქნებ მასთან წავიდაო...

ძებნა...

  მისამართზე მისულს არავინ დახვდა სახლში დალის.
ძებნაში დაღლილმა იფიქრა: - ბოლო იმედიღა დამრჩა და ამასაც ვცდიო...
უკვე საკმაოდ შეშინებულბა ულამაზესმა ქალმა, რომელსაც თვალის უპეები ტირილისაგან დაბერვოდა, გადაწყვიტა სასაფლაოზე გასულიყო და იქ დაეწყო ძებნა...
  ძებნაში გართულმა მიაგნო მეუღლეს, მხოლოდ, მეორე მამაკაცთან ერთად.
  ძიება სრულ აგონიად იქცა დალისთვის...
  უცხოელ მემამულეთა შორის იპოვა ქართველები თავქვე დამხობილები..
  ისინი მოეკლათ...
  გიორგი და უცნობი...
  მუხლებზე დაეცა სევდა ქართული...

  სასაფლაომ იგემა დედა სამშობლოს მოთქმა...
  წვიმს, ქართველი დედის მიერ შეკერილი ღრუბლებიდან, ცრემლი...

  სირცხვილი „ჩამოირეცხა“ მთვარობამ და ის დაკრძალეს როგორც ერთგული სამშობლოს და საზოგადო მოღვაწე. უბრალოდ არ აღიარებული ფაქტი, მწერლის წასვლისა სამშობლოდან, თეთრი პიარით შეამკეს...

  ისევ დასცინეს...

  ზურგში მოხვედრილი ტყვია საზოგადოებისთვის უხილავია!

  ის მოკლეს ქართველთა სასაფლაოზე...

  სამშობლოში კი დაკრძალეს ჩოხა-ახალუში გამოწყობილი...

  * * *
  პენსიის რიგში.

  პენსიის რიგს ახალგაზრდა ქალბატონი მიემატა, ხელში მომარჯვებული ორი საპენსიო ბარათით...

25 თებერვალი 2009 წელი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები