 | ავტორი: ოთარ რურუა ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 28 დეკემბერი, 2021 |
2017 წელს - საქართველომ ვიზალიბერალიზაცია მიიღო. როგორც იქნა აღსრულდა ვახტანგ მეექვსის აღმზრდელის - სულხან - საბას ოცნება საქართველოს ევროპულ ოჯახში მიღებისა. როგორ სთხოვდა საფრანგეთის მეფეს - ლუდოვიკო მეთოთხმეტეს ჩვენს ქვეყანას დახმარებოდა, მაგრამ მუხრან მაჭავარიანის არ იყოს,
„საფრანგეთს ვთხოვოთ: გვიშველისო, - სასაცილოა! - შენი ვახტანგი ლუდოვიკოს ფეხზე ჰკიდია“.
თუმცა სწორედ ჩვენ ვართ პირველი ევროპელები, ამას ადასტურებს დმანისში აღმოჩენილი ზეზვას და მზიას თავის ქალები.
ბავშვობიდან მიყვარს ისტორია, ისტორიულ გმირებზე წიგნების კითხვა და ფილმების ყურება.
ჩემს მშობლებზე რომ აღარაფერი ვთქვა, ისტორიისადმი სიყვარული ჩემმა პედაგოგებმაც ჩამინერგეს გულში. ჩემი პედაგოგები მე და ჩემს თანაკლასელებს აღფრთოვანებით გვიყვებოდნენ გმირებზე, ქართველ მეფეებზე. განსაკუთრებით აღფრთოვანებით ჰყვებოდნენ დავით აღმაშენებელზე, რომელმაც დიდგორის ომი მოიგო.
ჩვენს დიდ მოურავს - გიორგი სააკაძეს აღმაშენებლის საფლავზე ფიცი ჰქონია დადებული, რომ დავითის საქართველოს აღადგენდა. სამწუხაროდ დიდ მოურავს შადიმანებმა შეუშალეს ხელი დიდ საქმეში, დანაწევრებული საქართველოს გაერთიანების საქმეში.
გიორგი სააკაძეს ასეთი სიტყვები აქვს ნათქვამი:
„გახსოვდეს: დიდკაცობას კარგი კაცობა სჯობს, კარგ კაცობას - კარგი მამულიშვილობა!“
ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას ერთგულმა თანამებრძოლმა, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერმა მამულიშვილმა - ბიმურზა დადეშქელიანმა „ქართველების მეორე დიდგორი 1991 წლის 9 აპრილი არისო, დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადება“ . დიდგორზე ყოველთვის მერაბ კოსტავას სიტყვები მახსენდება: „ჩვენი გამარჯვების გზა დიდგორზე გადის!“
1988 წელს საქართველოში ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის ახალი გარიჟრაჟი გარეჯიდან დაიწყო. ეროვნული მოძრაობა, სამშობლო, მამულიშვილობა - ჩემი საყვარელი თემებია.
1980-იან წლებში გარეჯის ტერიტორია რუსი სამხედროების პოლიგონად იყო ქცეული. 1988 წელს ეროვნული მოძრაობა მერაბ კოსტავას წინამძღოლობით გარეჯში ჩავიდა და რუს სამხედროებს კუდით ქვა ასროლინა.
მამულიშვილების ბრძოლამ საბოლოოდ შედეგი გამოიღო და 1991 წლის 9 აპრილს - ზვიად გამსახურდიამ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა! სამწუხაროდ ზვიად გამსახურდიას სულიერი ძმა - მერაბ კოსტავა ვერ მოესწრო დამოუკიდებლობის აღდგენას, 1989 წლის 13 ოქტომბერს - ავტოავარიის შედეგად დაიღუპა ბორითთან.
მერაბ კოსტავას ცხოვრებიდან ყველაზე დასამახსოვრებელი ალბათ მაინც მისი სიტყვით გამოსვლა იყო რუსთაველის პროსპექტზე 1989 წლის 9 აპრილს. მერაბმა შეკრებილებს შემდეგი სიტყვებით მიმართა:
„მამულიშვილნო, ძმანო და დანო! საქართველოს ისტორიაში ყოფილა დიდებული წამები და ეს წამი არის ერთ-ერთი უდიდებულესი. როდესაც ამ სამოცდაათი წლის მანძილზე, ამ ტანჯვასა და ვაებაში, ამ სისხლისღვრაში, პირველად, ასე შეკრული, ასე მთლიანი, წარმოდგა ქართველი ერი ღვთის წინაშე!“
„წამებულნი 9 აპრილისანი!“ - ასე უწოდა ერისკაცმა - ზვიად გამსახურდიამ 1989 წლის 9 აპრილს რუსეთის ბოლშევიკური იმპერიის ჯარის მიერ რუსთაველის გამზირის ბრძოლის ველზე მომწყდარ ქართველებს.
დაბოლოს, ჩემივე ლექსით მინდა დავასრულო:
შეწირულთათვის
ამ ქვეყნის მიწის ნაგლეჯი ჩვენია, განა სხვისია! საქართველოა გარეჯი, ქართველთა ჯილაგისია!
ისევ მღერიან „ჩაკრულოს“, ფოლკლორი ჩვენი განძია, ბედნიერ მერმისს ნატრულობს თვით სულხან-საბას ტანძია.
მინდა მგოსნებმაც შემინდონ, თუ რამე კარგად ვერ ვთქვი მე, ლოცვებში მოვიხსენიოთ თაყაიშვილი ექვთიმე.
ვკითხულობ იმათ ცხოვრებას, ვინც იყო ქვეყნის სინდისი... ერს მუდამ ემახსოვრება: ცხრა აპრილი და შინდისი.
მეც მტკივა ბერი თევდორე,- დუშმანმა ხმლით რომ აკუწა... ვარ იმის თანამედროვე, ვინც დააფასა ქაქუცა.
ქვეყნად ყველაზე მთავარი სამშობლოს სამსახურია, დავითიც მიყვარს, თამარიც, კოსტავაც, გამსახურდიაც.
მაოცებს ცოტნეს გმირობა, ლომ-ვეფხვს ვადარებ, განა მგელს, ვუქებ მამულიშვილობას ცხრა ძმას და სამას არაგველს.
აწ ქეთევანიც ვახსენოთ,- მარტვილი ქრისტეს რჯულისთვის... ვაცოცხლებ, ვიდრე ვარსებობ, ამ მიწის სიყვარულისთვის.
ვლოცულობ, დედა ღვთისმშობელს წყალობას შევსთხოვ ქართველი, ბიჭად-კაცს ცრემლშეუშრობელს რომ არ ჩამიქრეს სანთელი.
ლექსში-ვით უხმლო ქარქაშში, თუმც ყველა ვერ ჩავატიე, შეწირულთათვის ტაძარში მე ღამეები ვათიე.
ოთარ რურუა
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|