ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნიკე...
ჟანრი: პროზა
1 ივნისი, 2022


ანდერძი(4)

ცხრა საათი ხდებოდა მარიამი დეიდას რომ ესტუმრა.
მზე უკვე კაი ხნის ამოსული იყო და მაისის ამ მიწურულს დილიდანვე ცხელოდა.
ხვალიდან ხვატი ოფიციალურად შედიოდა ძალაში.
თუმცა სიცხეზე ვინ დაიწუწუნებდა ჯერ, სანამ მზე კარგად არ გაახურებდა  თბილისს.
ამ წელს ხომ გაზაფხული წაართვა ამინდმა ადამიანებს.

  მარიამს დედის  გარდაცვალებამაც მიავიწყა ცხოვრების  ისეთი წვრილმანები როგორიცაა უთოვლო ზამთარი, უმზეო გაზაფხული და მისთანები, მაგრამ ის რაც თხუთმეტ აპრილს დაიწყო მის ცხოვრებაში, მთლად კალაპოტიდან აგდებდა.

ბოროტ ხუმრობას ჰგავდა ყველაფერი.
მაინცდამაინც თხუთმეტ აპრილს, დედის დაბადების დღეს, მის სახელზე გაკეთებული საკურთხის სუფრასთან მსხდომებმა შეიტყვეს, რომ სადღაც, ვიღაცას სანაგვეში გადაუგდია ადამიანის  გული, რომლის გამოც  მას და მის ოჯახს  აღარც დღე ჰქონდა მოსვენება, აღარც ღამე. თუმცა მაშინ ვერც კი წარმოიდგენდა რომ ეს უცნაური სატელევიზიო ინფორმაცია, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიების დაწყების შესახებ, მათ რამენაირად შეეხებოდათ.

- მოდი, მარიკუნა, - თბილად შეეგება დისშვილს ჭიშკართან და სახლში შეიპატიჟა მაიამ.

- დეი,  როგორ ხარ? დაგადექი დილაადრიან, - გადაკოცნა მარიამმა დეიდამისი.
- მოდი , გეხვეწები, ფანჩატურში დავსხდეთ, ბავშვებს ძინავთ ალბათ, ნუ გავაღვიძებთ .

- ვის სძინავს, გოგო, არ იცნობდე მაინც. ტოროლებივით არიან, იქეთ არ აძინებენ სხვას.
მოდი, საუზმეს ვუმზადებ. ბარემ ჩვენთვის ყავასაც გავაკეთებ და სადაც გაგიხარდეს იქ დავსხდეთ. -  წელზე მოხვია ხელი და სახლისკენ გაიყოლა  მაიამ.

- მოხდა რამე?
რაღაც აღელვებული მეჩვენები, დეი,
ბავშვები რა უყავი, რატომ არ წამოიყვანე?

- მამამისს დავუტოვე, ეძინათ ჯერ.
თან მამაც სახლშია .
მიხედავენ ცოტა ხნით. - უპასუხა მარიამმა, სახლში შეაბიჯა და ტელევიზორთან წამოსკუპებულ, თუმცა მაინც ანდროიდებში ცხვირჩაყოფილ, თინეიჯერ დეიდაშვილებისკენ ხელგაშლილი წავიდა. ჩაიხუტა, ჩაკოცნა, მოისიყვარულა და შუაში ჩაუჯდა.

თითქმის ნახევარი საათი იყო გასული, რაც  დეიდა-დისშვილი ფინჯან ყავასთან ისხდენ, მაგრამ  საუბრის დაწყება ეძნელებოდათ.

ისევ დეიდამ გადაუხვია ბაღზე და ყვავილებზე საუბარს და ჰკითხა მარიამს:

- ჰე ახლა, ნუ დამილიე სული, მითხარი რა ამბავია შენს თავს, თორემ დედაშენივით, ხომ იცი, კარგზე არაფერზე მეფიქრება.

- ჰო, მაო, ვიცი. ზუსტად დედაზე მინდოდა შენთან ლაპარაკი. არ ვიცი რა გკითხო, საიდან დავიწყო. საერთოთ ღირს თუ არა შენთან ლაპარაკი იმაზე , რაც გულს მიღრღნის. მაგრამ იქნებ შენ მაინც იცი რამე.

ეს მამაჩემი შვიდი თვე კვდებოდა, დედაშენი ისე, დედაშენი ასე...
ნუ როგორცაა ხომ იცი.
ვერ მივემსგავსე, ვერ დავეწიე დედას, ვერ ვაჯობე...
ხომ იცი გაგებით ვეკიდები, ასაკშია და...
მოკლედ არ ვურთულებ. ვყლაპავ , სადამდეც შევძლებ.

მთელი ეს დრო, დედას გარდაცვალებიდან, ისე იქცეოდა, თითქოს მაგას მოუკვდა ცოლი და მე დედა არ დამეკარგოს. არ ვიცი ასეთი იყო სულ? თუ ახლა მღლის მისი ეგოისტობა.

  იმ ანდერძის, გამოძიების და ამბების მერე ძალიან შეიცვალა. აღდგომის მეორე კვირას რომ ავედით სასაფლაოზე, სულ კრიჭაშეკრულმა უბრახუნა ქვას მუშტები.
ვცადე გამეჩერებინა, რას აკეთებ-მეთქი და უარესი ქნა, ტირილი მორთო. " ესაა ჩემი იმედი უნდა გქონდესო? ის მაინც ვიცოდე რას მატყუებდი" - ქვას უყვიროდა.

ძლივს დავამშვიდე...
თუმცა რა დავამშვიდე? სანამ არ იღრიალა ბოლომდე და არ მაღრიალა მეც არ გაჩერდა.  დაიცალა და
მერე ძლივს მოითქვა სული.
იქიდან რომ წამოვედით, იჯდა საჭესთან და  კაი ხანი მანქანის დაქოქვის თავი არ ჰქონდა.
- ყვებოდა მარიამი, დროდადრო ყავას მოყლუპავდა და ისევ აგრძელებდა.

- ამბობს, რომ რაღაც ხდებოდა დედას თავს, რაღაცას მალავდა... 
დაიჟინა, გინდა თუ არა ფანჯრიდან გადახტაო.

ამ სიტყვებზე ცრემლი მოერია მარიამს, იმანაც არ უშველა რომ მამაზე ბრაზით ლაპარაკობდა. ბრაზი უსასოობას მაინც ვერ ფარავდა.

- გთხოვ, თუ რამე იცი, მე მაინც მითხარი და დამეხმარე, იმ საწყალი დედაჩემის სწორ ხსოვნაში, თუ როგორ ვთქვა არც კი ვიცი...
ხომ იცი არაფერი შემეცვლება მის სიყვარულში, იოტისოდენაც კი, მაგრამ სიმართლე მინდა ვიცოდე.
ნუთუ მართლა შეეძლო ყველაფერი ისე მოეწყო, რომ ფანჯრების წმენდისას მომხდარ უბედურ შემთხვევას დამსგავსებოდა მისი სიკვდილი და სინამდვილეში თავი მოეკლა?
ვერ დავიჯერებ, რომ ვიღაც მოშეს გამო მოიკლა თავი.

- რა სისულელეა, მარიკუნა?! არავინ არავის გამო არ იკლავს თავს. თავს იკლავენ მაშინ როცა აღარ შეუძლიათ იმ ყოფის ატანა, რომელშიც არიან და რომელიც უსასრულო ეჩვენებათ.
- როგორც იქნა ჩაერია დეიდა.

- მაშინ მითხარი, დეი, რატომ დაწერა ის წყეული ანდერძი? ანდერძი ხომ ნამდვილად მისი შედგენილი იყო?!

- კი, მისი  იყო.

- შენ იცი, ყველაფერი იცი. გთხოვ, მითხარი რა მოხდა.

- ახლა მხოლოდ ის მინდა რომ დამშვიდდე.
ეკას  ველაპარაკე,
თავს ვალდებულად თვლის, როგორც დედას მეგობარი ისე დაგელაპარაკოს, თორემ როგორც ნოტარიუსმა გასცა პასუხი გამოძიებას.
მითხრა კიდეც, მარიამი როცა მზად იქნება მინდა გავესაუბროო.

- ჰო, ეკა! - ამოიოხრა მარიამმა -
დედას როგორ უხაროდა გახსოვს ?
ხალხით გადავსებულ მეტროს ვაგონში, ჩემ ხელებს მოჰკრა თვალი და მიცნოო, ხელის მტევნებით მიცნოო. 
კაცს გული გაუხეთქა მასსა და დედას შორის რომ იდგა.
ჯერ გასწია, უკაცრავადო, მერე იმხელა შეჰკივლა "ანააა!", შეხტა ის საცოდავი კაციო.

- ჰოდა მოვიდა მგონი დრო. დავურეკავ და შევხვდეთ, გინდა ჩემთან მოდით ორივე, მისამართი იცის, ნამყოფია რამდენჯერმე.
გიორგის რაც შეეხება, მაგასაც უთხრა  რაც სათქმელი იყო.

- და რა უთხრა მამას? რა იყო  სათქმელი? - დაიძაბა მარიამი.

- არაფერი ისეთი. შენი ცოლის ხსოვნას ეცი პატივიო. ჩემ ხელში იყო ანდერძი და ვიცი არაფერი ჩაუდენია ისეთი, რაზეც გულს იხეთქავო.

ხომ იცი ეკა როგორიცაა?! არასდროს უყვარდა მამაშენს ეგეთი თამამი ქლები.
ბედნიერებას ჰგვრიდა რუსეთში რომ იყო გადაკარგული წლობით. გადაკარგული მამაშენის თქმით, თორემ ხომ ხედავ ისწავლა, იშრომა და მიაღწია რასაც ფიქრობდა. მიზანდასახული გოგოა. ისე მაგარი დაქოქილი კია. - გაეღიმა მაიას.
- ჰო, მართლა, ის პათანატომი  გაუშვეს. სამსახარებრივი უფლებების გადამეტების გამო.
პრინციპში იოლად გამოძვრა. იმიტომ რომ ვიღაც ქუჩაში გარდაცვლილი, უპატრონოს  გულს  დაადო დედაშენის პირადი მონაცემები.
ნუ მომჩივანი არ ჰყავს.
თუ მამაშენმა არ  მოინდომა მორალური ზიანისთვის კომპენსაცია.

- არ მგონია.
ყველამ იცის რომ შეცდომაა.
ყველამ რა, ვინც გაიგო ეს ამბავი. ძალიან ვიწრო წრეა ისედაც და... 
თან, ვინც იცნობდა ანას...

"ცნობა" როგორი "სკოლსკი" სიტყვაა, შეიძლება ისე მოგაცუროს, რომ ცხვირპირი დაილეწო... - ნაწყვეტ-ნაწყვეტ და ნერვიულად საუბრობდა მარიამი.
- მაგრამ ანდერძი ხომ ნამდვილად დედასი იყო?

- კი, მარიკუნა, ნამდვილად მისი იყო, მერამდენედ მეკითხები?!

- მაშინ ვინ იყო ის კაცი?
რატომ დაწერა დედამ ასეთი ანდერძი?
ან იმ პათანატომს რა რჯიდა?

- გაიგებ, ყველაფერს გაიგებ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები