ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დიოტიმა
ჟანრი: პოეზია
7 მარტი, 2009


დალილა ბედიანიძის კიდევ რამდენიმე ლექსი

X X X

ასე მოხდა:
კაბა,რომელიც მე უნდა მეცვას,
სხვა ქალის ტანზე აყვავებულა...
სიტყვა,რომელიც მე უნდა მეთქვა,
სხვა ქალმა გითხრა...
კოცნა ,რომელიც მე მეკუთვნოდა,
სხვა ქალის ბაგემ მიისაკუთრა...
მე კი ვდგავარ უჩრდილოდ
და აგვისტოს დაფდაფის ხმაზე
თავდავიწყებით,
ჩემს მაგივრად სხვა ქალი ცეკვავს,
მე საკუთარი ცრემლების ჩრდილქვეშ
კაბას,
კოცნას
და
საყვარელ ცეკვას ვემშვიდობები...


- - - - - - - - - - - - -

X X X

ფოთოლმა ფოთოლს რა უთხრა,
სადამდე აფრინდებოდა?
”წინ ცა მომელის, აუ, ცხრა,
შემინდე, გტოვებ მეგობარს.
მაგრად იყავ და მომყევი,
ცა გვერგო ერთი გაფრენა,
ქარები _ ჩვენი მოყვრები
არ გვყრიან მიწის საფენად.
ხის ფრთები ამბებს მიწისა
ზეცას ვუყვებით ფრენისას
და მტვრისაგან და ბიწისგან
კვალი არ რჩება ჩვენისად.
თუ ვინმეს მოუსმენია
გაფრენილ ფოთლის სიმღერა...
ვიმღეროთ, ზეცა ჩვენია,
ირგვლივ სიმწვანე იღვრება.
მომყევი, ცაში შევხვდებით,
იქ აგვაცეკვებს ქარიო
და ერთმანეთთან შეხებით
სული ფრენაში დავლიოთ!”
ჩემო ლამაზო ფოთოლო,
უკვე აგვისტოს ოცია.
ქანაობ, ხეო _ გოდოლო,
ფოთოლთ გზა დამილოცნია.

  - - - - - - - - - - - -  - - -- -

X X X

ზღვაო, ჩურჩულით მითხარი,
რომ შენც მელოდი ძალიან,
ღრუბელს რქას აჰკრავს მზის ხარი
და წვიმა _ პატარძალია.
ზღვაო, დამახრჩვე ალერსით
და მომეხვიე ტალღებით.
სხივი მჭირს კლდეზე ნალესი,
მზე დადის წითელ წაღებით.
ზღვაო, ეგ შენი სინაზე
ათას უფლისწულს ეყოფა.
გეხვევი მტრების ჯინაზე
ჩემს უღალატო მეგობარს.
ვკეკლუცობ მე შენს სარკეში
და თავს გაწონებ ოცნებით
და ტალღებს, ჩემზე დაგეშილს
მეც ვეგებები კოცნებით.
ზღვაო, ნუმც განმეშორები,
შენი მზე ნატვრისთვალია.
ყოველთვის მემახსოვრები _
ზღვაო, მიყვარხარ ძალიან.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები