ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქეთი გაბინაშვილი
ჟანრი: პროზა
1 ნოემბერი, 2022


ზღვარი 39

ოცდამეთვრამეტე თავი

- სანამ ახალგაზრდა ხარ, გაზაფხულს ფერადი ყვავილები მოაქვს, რადგან თავს ირწმუნებ, ბუნებასთან ერთად მეც შემიძლია ცვლილებებიო, ასაკში კი - ტკივილი, რადგან გახსენდება, რამდენი რამის შეცვლა შეგეძლო, შენ კი იდექი და ელოდი, როდის შეცვლიდნენ ცხოვრებას მარტის ქარები! - თქვა მაგდამ, რომელიც, მაშინ უკვე უსინათლო იყო, ხილაბანდი გამოენასკვა ნიკაპქვეშ და ყავარჯენსდაყრდნობილი გაჰყურებდა მთებს გადაღმა სხვა სინათლეს.
  დამიანე უკვე სამი თვეც იქნებოდა, მის სანახავად არ ყოფილიყო და ახლა რაღაც სტკიოდა, თავს დამნაშავედ გრძნობდა, მის წინ ჩაიმუხლა და ჯოხზე ჩამოწყობილი, დაკუნტული თითები მუჭში მოიქცია. ფერდაკარგული, გალეული ქორწინების ბეჭედი ეკეთა. ამ თითზე აკოცა, ბეჭდიან თითზე.
- ბედნიერი იყავი, ბები?
  გაიცინა.
- რას გეტყვი, შვილო, იცი? მე ახლა უკვე იმ ასაკში ვარ, ბედნიერების რომ აღარ სჯერათ. შენ კი, ჯერ ისევ უნდა გჯეროდეს და იბრძოლო.
- ჩემს ასაკში რომ იყო, შენც იბრძოლებდი?
- მე ვიბრძოლე უკვე, ბები. აბა ამ ბეჭედს დახე, შემომაცვდა ომში - ჩემი სიყვარული იყო ჩემი მთავარი მარცხიცა და გამარჯვებაც.
- შენ დროს რა სიყვარული იყო, გაგირიგებდნენ და გათხოვდებოდი, - გაეღიმა დამიანეს.
- ჰო, ეგრე იყო.
- მერე?
- რაღა მერე, შვილო, ხომ გითხარი, ეს ბეჭედი იყო-მეთქი მთელი ბრძოლა.
- არ გიყვარდა პაპაჩემი? - გაოცება ვერ დამალა დამიანემ.
- რას ჩამაცივდი, შე გასაქრობო, - ჩაიქირქილა და ფუღუროსავით ამოჩიჩქნული თვალებით დამიანეს ძიება დაიწყო.
  გვერდით დაუჯდა. ხელისცეცებით მიაგნო და მხარზე აკოცა მაგდამ. გული აუჩუყდა დამიანეს. გაეცინა, ამ ბოლო დროს ეს ამხელა კაცი რა წარა-მარა ვტირი, ბავშვივით ვარო. სიგარეტი ამოიღო, მაგრამ არ მოუკიდებია, ბებოსი შეეხათრა. მაგდა კიდევ, ახლა უფრო შორს, სადღაც მიღმიერში იხედებოდა და სევდა ნისლივით აწვებოდა.
- ახალი დროის ქალები ძველებს სუსტებს ეძახიან, უსიყვარულოდ, ძალადობასა და უბედურებაში, როგორ ცხოვრობდნენო. არა და მე და შენ ხომ ვიცით, რა უფრო დიდი გმირობაა - დარჩე და ითმინო თუ თავქუდმოგლეჯილი გაიქცე. ან სად გაიქცევი, საკუთარ თავს სად წაუხვალ.
  რას ამბობდა ბებო, თან მიხვდა და თან ვერ გაიაზრა დამიანემ. იკითხა:
- რატომ ამბობ, ბები, მაგას?
- ყველაფერს ვხვდები!
- რას ხვდები? - ღაწვის თავებზე ცეცხლი მოედო.
- ჩემი ხნისას რომ მოიყრი, ღმერთმა 10 ჩემხელა მოგყაროს, მერე, შვილო, ის ენა, რომელზეც მანამდე საუბრობდი, სულ გავიწყდება, აზრსა და მნიშვნელობას კარგავს და სხვა ენაზე იწყებ ლაპარაკს, ის სხვა, უფრო გულისკარსმიღმიერი ბგერები, უთქმელადაც გესმის.
  გაჩუმდა. მანაც თავი ჩაღუნა, თითქოს დაიღალა.
- მოგეხმარები, ბები, დაწექი.
- რა მჭირს, ბიჭო, შენი მოსახმარებელი?! - იწყინა.
  გაეცინა და გვერდზე გადგა. ნელი-ნელ წამოიწია, თითქოს შემოდგომის მზე ცდილობსო ცაზე გაბატონებას, მაგრამ ამაოდ. წელში მოხრილი სვენებ-სვენებით მიადგა მორყეულ, ჭიისაგან გამოხრულ კარს და ოთახში შევიდა.
- ვა, ბები, რა ძალიან მაგარი ქალი ხარ შენ!
- ჰი, ჰი, ჰი, - ჩაკუჭკუჭდა. საწოლის კიდეზე ჩამოჯდა და ხელით ანიშნა გვერდით მომიჯექიო. 
  დაემორჩილა.
- ჩემი კაცი რომ წავიდა, მაშინ ვიფიქრე, ახლა როგორღა გავაგრძელებ გზას, კლდეს მივადექი და გზა აღარსადაა-მეთქი, - სულ სხვანაირი ხმით დაიწყო საუბარი, - ვიწექი თვალღია და ისე მეშინოდა, საკუთარ თავს ველაპარაკებოდი: ვითომ პატარა ბალღი ვიყავი და ძიძა მეწვა გვერდით, მერე ვითომ ქალწული ვიყავ და სწორფერს ვეხვეოდი... აიტ, მაგდავ, გაგიჟდი-მეთქი მგონი, ამდენი დარდით, - შემეშინდა. ან სული რომ ამომხდეს და ვერ ვინ გაიგოს, ასე გაძიძგნონ-მეთქი მღრღნელებმა ჩემი ნეშტი, ან სადმე გადავიჩეხო... აღარც ვიცი, ჩემს თავს დავტიროდი თუ პაპაშენს. მერე ვთქვი: რაც არის არის, ახლა ვეღარც ამ კაცს გავაცოცხლებ, ვეღარც თვალ ავიხელ, ვერც წლებს ჩამოვიკლებ, რაც არის და როგორც არის, ამაშიც უნდა ვიპოვნო სიმშვიდე-მეთქი. მომეწონა მარტოობა, როცა მინდა ავდგები, როცა მინდა დავწვები, რასაც მინდა ვეტყვი ამ დაყრუებულ კედლებს, და შენ უნდა ნახო რა ხმებია თურმე სამყაროში, რაც აქამდე მოგისმენია, ბები, სულ ტყუილია თურმე, ნამდვილი ხმები აი ასე, მარტომყოფ შენს თავთან შეგიძლია მოისმინო თურმე. როცა აღარც არავის საყვედურობ, აღარც ელი, აღარც არაფერს ითხოვ - მაშინ პოულობ საკუთარ თავს.
  ორივე გაჩუმდა. რაღაცნაირად შეშურდა კიდევაც დამიანეს მისი სიმშვიდისა და მარტოობის.
- შენ რატომ გინდა, ბები, მასთან? რა მოაქვს?
  ერთი პირობა იფიქრა, გავიკვირვო, ვინ მასთან, რას გულისხმობო, მერე გაეცინა საკუთარ თავზე, ხელი ჩაიქნია.
- ორი სხვადასხვა საწყისი ვიყავით თითქოს. მე სიმშვიდე მინდოდა, ის ნამდვილი ქარიშხალი იყო, ყველაფერს ლეწავდა რაც გზაზე შეეჩეხებოდა. მაგრამ მაინც ერთმანეთისკენ მივდიოდით, თითქოს მე ამ სიმშვიდეში ქარიშხალს ველოდი, ის კი სიმშვიდისთვის მძვინვარებდა.
- მერე, ბები?
- მერე, ბები, მე ბავშვი აღარ ვარ, ზღაპრების რომ მჯეროდეს.
- ჰოო, - ამოიოხრა და დადუმდა. შუბლზე აკოცა დამიანემ და ჩემი წასვლის დროაო აწი, - დაჩეხილი შეშა მოუმარაგა ღუმელთან, ქალაქიდან ამოტანილი პროდუქტები ადვილად მისაგნებ ადგილას დაულაგა, წყალი აუვსო. მაგდა ჩაწვა, დამიანე უხმაუროდ დადიოდა, არ გავაღვიძოო. უკვე კართან იყო, რომ მიადევნა:
- დამიანე! - შეჩერდა, - ისე, ბები, შენ ჭკვიანი კაცი ხარ და უნდა იცოდე: ზღაპრები ბავშვებისათვის კი არა, უფროსებისთვის იწერება!
- რა? - უცებ გადაავიწყდა წეღანდელი საუბარი.
- არაფერი, ბები, კეთილ გზაზე გევლოს-მეთქი.
  გზა კი ნისლს დაეფარა და აღარაფერი ჩანდა. გზა უსწორმასწორო და ოღროჩოღრო იყო, თითქოს არც მიდიოდი, თითქოს სამყაროს მიჰყავდა და არ იცოდა სად წასულიყო. მაგდას სიტყვებზე ფიქრობდა, არასოდეს შეგეშინდეს მარტოობის, ცუდ თანამგზავრს კარგი ფიქრი სჯობია, რომელიც მხარში ამოგიდგება და იქნება გზაც შეგიმოკლოსო.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები