ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
25 სექტემბერი, 2022


ორკესტრი. პაუზა

ნინო დარბაისელი

ორკესტრი. პაუზა

ფრანგულ საყვირებს, ნერწყვით ავსებულს მუხლზე ირტყამენ ორკესტრანტები.
სძინავს პიკოლოს ისტერიულს,
და კონტრაბასთან  აბაასდა დინჯი ბასუნი.
ვიოლინოსთან ისმის ვიოლა,
ვიოლამ საქმე გააიოლა.

მე გიმეორებ: - ის, რაც კარგია მუსიკაში, პოეზიაა.
მხოლოდ მან იცის, რას განიცდის წამსვლელ-დამრჩომი.

რომელი უფრო საბრალოა,
იკითხა ვინმემ?
- დამრჩომისაა გული იგი პოეზიისა,
ტირის უგონო, იქნებ კვნესა შენ გაუგონო;
წამსვლელისაა გონი იგი,
გონი უგულო
არ დაედევნო,  ცივი ცეცხლით გადაბუგულო!

თუკი წასვლაა,
წასვლა უნდა იყოს ასეთი:
უცებ ადექი,
დაგუბებული - ლოყების ბერვით,
ამოისუნთქე,
ხმა აღარ  დაძრა,
შეტრიალდი,
და გაეშურე!

წყალმა წაიღოს და მეწყერმა გადაუაროს,
რაც წინ მიმავალს უკან დაგრჩება.
ხოლო ვინც  გრჩება,
დაე, ჰქონდეს იმას კუნძული,
პალმის ხეებით,
ზეთისხილით,
მწვანე მდელოზე მოწანწკარე ალმასებით,
ბატკნით და ეჟვნით,
ხოლო დროდადრო,
ღამღამობით, ციურ მანანას რომ ჩამოთოვს,
შემდეგ თოვამდე სავსე ჰქონდეს
გობი და ქვაბი.

ცხოვრება ჩვენი - გაძლებაა.
უძლებ, თუკი ხარ ადამიანი
და თუ მხეცი ხარ, აქეთ გიძლებენ.
თუ ანგელოზი - ზემოდან უნდა  დასცქეროდე,
როგორ უძლებენ და ვერ უძლებენ სხვები ერთმანეთს.
სამივე ერთად შენში თუა -  ვინმე სხვას არა, 
უნდა ადგე და საკუთარ თავს თავად გაუძლო...

ჰოდა,  მეც ვუძლებ
და ნურავის ნუ გეწყინებათ,
როცა უეცრად გავექცევი თავქუდმოგლეჯით,
რადგან ცხოვრება ერთი გაბმული გაძლებაა,
მაგრამ გაბმული როცა ძალიან დაიჭიმება,
გასაწყვეტად როცა წკიპზეა,
მაშინ ცხოვრება -  გაქცევა და გადარჩენაა.

აი, ამ ერთხელ  კიდევ გადავრჩი!
წინ - მზერავ ჩემო!
ყურო ჩემო - ახალ ხმას მიჰყევ!
დაე, დროდადრო
გამოცდილი პერკოშენისტის მოზომილობით 
ნიავს მოჰქონდეს სუნთქვა შორი,
წანწკარი,
,მე- ეეე!’
ჩამოდგეს ჟამი
და ჟღარუნობდეს
ტამბურინზე კიდევ ეჟვანი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები