#ლექსები
ნინო დარბაისელი
დ- ომი-ნო - - -
თქვენ თუ გინახავთ ან ოდესმე გაგიგონიათ, უსაქმურობით მოწყენილი მეხანძრეები ზარის ლოდინში დომინოს როგორ თამაშობენ? (თუმცა ის დროა, ვიღას რაღა ეთამაშება?)
წრედ შემომსხდარნი, ფართოდ გაშლილი ხელისგულებით ძველ მაგიდაზე დაყრილ შავ ქვებს მიმოურევენ, დაირიგებენ, მერე გახსნიან თავ-თავისას, ერთს ჩახედავენ და აი, ასე, ახალი ხელის დაწყებამდე პირდაპირ ქულებს ითვლიან და აწერინებენ, შემდეგი ხელის დასარიგებლად ქვებს ასარევად აბრუნებენ, ასე შემდეგ და ასე შემდეგ.
როცა ომია, იარაღის ბიზნესი ყველგან იფურჩქნება ცეცხლის ყვავილად, მთლიანად ჰყავის და სტატისტიკას ერთი, დიდი ზეიმი უდგას: ყოველდღიურად, აქეთ თუ იქით, სამხედრო ძალამ ან რა ზარალი განიცადა, რა დაიკავა, წინ რა მანძილით წაიწია, ვის სად მოუხდა უკან დახევა, (ცხადია, მუდამ გეგმიური, სტრატეგიული!) ცალკე ითვლება, მშვიდობიანი მოსახლეობის ზარალმა რამდენს მიაღწია... როგორი არის მსხვერპლის საერთო რაოდენობა, და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და თან საქვეყნოდ, ყველაზე დიდი მგმობელია ომისა იგი, ვინც მას აჩაღებს ან განაგრძობს, სურს გააგრძელოს!
ო, განა არა! როცა სჭირდებათ, შენც - გახსენებენ რიტორიკულად, მაგრამ მართლა კი ედარდები, შენ დედაო, სამშვილიანო, იღბლიანი ჟურნალისტის კამერამ რომ დაგაფიქსირა, შემოძონძილი, ტუჩმკვნეტავი, სისხლგამდინარი წინ კოჭლობით როგორ მიიწევ, თან ერთი ბავშვი ზურგზე გკიდია, ხოლო მეორე - ფეხაუდგმელი - ხელში როგორ გყავს ატატებული, მესამეს - მოზრდილს, შეუძლია თვითონ გამოგყვეს, კაბის ბოლოზე ჩაჭიდებული პატარა მუჭი მაგრად ეჭიროს, რომ არ გაგისხლტეს, იქნებ და ერთად გააღწიოთ სამშვიდობოსკენ!
აი, ეს არის ომის მთელი ანატომია! თვითონ არ იცი, საით გარბიხარ ცეცხლმოდებული ტყიდან ნადირი. უჭერობას და შიმშილს ეჩვევი, შენ - იკარგები ან გეკარგება, შენ - დაბლა კვდები ან გიკვდება, ხოლო შენზემოთ, შუაში - ვინმე - იჭყლიტება, მოყოლილი სხვების თამაშში და მერე ზემოთ, ზემოთ და ზემოთ, ნელდება ექო ცეცხლოვანი პირამიდულად, ხოლო სულ ზემოთ, პირამიდის წვეროზე სხედან ზარის ლოდინში მოწყენილი მეხანძრეები ქვებს არიგებენ, დახედავენ, ქულებს ითვლიან, მერე ხრიალით მიმოურევენ და ახალ ხელსაც დაარიგებენ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. აი, ეს არის ომის მთელი ანატომია! თვითონ არ იცი, საით გარბიხარ
ომი საშინელებაა. აი, ეს არის ომის მთელი ანატომია! თვითონ არ იცი, საით გარბიხარ
ომი საშინელებაა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|