ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნუნუ ნონა
ჟანრი: პროზა
27 თებერვალი, 2023


ცთომილი ყირამალა

        დარბაზში ბუზის გაფრენასაც კი გაიგონებდი, მიუხედავად იმისა, რომ ხალხით იყო გაჭედილი. საპატიო ადგილებზე მიჯრით იჯდა ხალხი, უმეტესწილად ქალბატონები.  სულ უკანა მერხებიც კი, თითქმის ყოველთვის  ცარიელები რომ რჩებიან ხოლმე,  დაკავებული იყო...  მოგზაური ქალბატონი ყვებოდა თავის ამბებს;
      - მეტად  ჭრელია სამყარო,  რას აღარ ნახავ, როცა მიწისმიღმიერ შორეულ სივრცეებში გაინავარდებ. რა ფორმის და ზომის ცთომილები აღარ დახეტიალობენ ყოველმხრივ. ყირამალა ცთომილსაც კი გადავეყარე...
      ამ სიტყვებს დარბაზში ჯერ გაოცების გამომხატველი  შორისდებულები, მერე კი შეკითხვა მოჰყვა;
      - რატომ ქვია ასეთი უცნაური სახელი?
      - უბრალო ამბავია, - ამ სიტყვებს  ეშმაკური ღიმილი ამკობდა, - როდესაც ცთომილის ერთ მხარეს იმყოფები და მეორე მხარეს გაიხედავ, დაინახავ, რომ იქ ყველაფერი ყირამალაა. მთები, ზღვები, ხეები, შენობები, ყველაფერი თავდაყირა მოჩანს. ადამიანებიც თავდაყირა დადიან...  მაგრამ როცა იმ მეორე მხარეს გადაინაცვლებ  და უკვე იქიდან გამოხედავ  იმ ადგილს, სადაც აქამდე იყავი, ახლა უკვე იქაა ყველაფერი ყირამალა.
      პაუზა. სიჩუმეს არაფერი არღვევს, მსმენელთა ყურმა აითვისა მოსმენილი, მაგრამ გონებას მისი გადახარშვა უჭირს. მოგზაური ქალბატონი ეშმაკურად იღიმება.
    - ვერ ხვდებით, რატომ მოჩანს ყველაფერი ყირამალა?- ისევ მან დაარღვია პაუზა.
    - ვერა, - ამოიხვნეშა დარბაზმა.
    - კარგად დაფიქრდით.
    - ვფიქრობთ, არაფერი გამოდის...
      არცერთი ყირამალა აზრი თავში არ მოგვდისო, ვიღაცამ თავისთვის ჩაიბუტბუტა უკანა მერხზე. უბეში ბოთლს  მალავდა ის ვიღაცა, ხანდახან ხელითაც მიეფერებოდა ხოლმე. მან ისის იყო დაიტრია ბოთლი, როგორ და რა გზით, აღარ აქვს მნიშვნელობა,  სწორედ მის დალევასაც  აპირებდა, როცა ყური მოკრა, მოგზაური ქალბატონი თავის შთაბეჭდილებებს გვიზიარებსო. ისიც მაშინვე დარბაზისკენ გაქანდა, ბოთლის დაცლა გადადო ამ საპატიო მიზეზით.
      - ისევ მე გეტყვით, თუ რა ხდება, - მოგზაური ქალბატონი  კვლავ ეშმაურად იღიმებოდა, - უკვე გითხარით, რომ  სამყაროს სივრცეში უამრავი უცნაური ფორმის მქონე ცთომილი შეგხვდებათ.  ხომ გახსოვთ?
      - გვახსოვს, -  ერთხმად მიუგო დარბაზმა.
      - ის ცთომილიც  ძალიან უცნაური ფორმის გახლდათ. აბა თუ მიხვდებით, როგორი ფორმა უნდა ქონოდა.
      სიჩუმე.
      - კარგად დაფიქრდით.
      ისევ სიჩუმე.
      ქალბატონი ელოდება, როგორც იტყვიან, არსად არ ეჩქარება.
        უცბად იმ ვიღაცის  ხმა გაისმა, უბეში ბოთლს რომ მალავდა.
      - ალბათ  რაღაც მეტად დაღვლარჭნილი ფორმა ექნებოდა.
      - ახლოს ხართ, - გაიღიმა ქალბატონმა, - აბა  კიდევ ვის რა გაქვთ სათქმელი. თუ ხვდებით, რა ფორმისაა ცთომილი.
        ისევ სიჩუმე. ბოთლიანიც უმწეოდ იქექავს თავს.
        - ისევ მე გეტყვით, - ღიმილიანი სახით ამბობს ქალბატონი, - რვიანის....
        - რა რვიანის... რა შუშია რვიანი, - გაისმა შეკითხვები.
        - რვიანის ფორმა ჰქონდა იმ ცთომილს.
        - ჰოო, - ამოიხვნეშა დარბაზმა.
        - მიხვდით ხომ?- ქალბატონი პირდაპირ ბრწყინავდა სიხარულისგან, - ვიცოდი, არ დამაღალატებდით,  სამყოფი გაგება გექნებოდათ.  ცთომილი ზუსტად  რვიანის ფორმას იმეორებს, შუაში გაწვრილებულია, მის ორივე მხარეს  თვითონ  ცთომილია განაწილებული. თან  ერთმანეთის მიმართ შებრუნებულები არიან. ამიტომაც  მოზცანს ყოველივე თავდაყირა, როცა ერთერთი მათგანიდან მეორეს უყურებ,  მთები, ზღვები, ხეები, ყველაფარი თავდაყირაა,  როგორც უკვე გითხარით.  ადამიანებიც თავდაყირა დადიან.
      - ფრინველებიც თავდაყირა დაფრინავენ?
      - რა თქმა უნდა.
      - თვითმფრინავებიც?
      - ცხადია.
      - ალბათ ბოთლიდანაც ყირამალა წამოვა სასმელი, - მეოცნებე სახით თქვა ბოთლიანმა. მარჯვედ უნდა დაუხვდეო, დააყოლა.
      ამ სიტყვებს დარბაზი სიცილით გამოეხმაურა, ყველას როგორღაც გულზე მოეშვა, გაცხოველებით ალაპარაკდნენ, ხმამაღლა გამოხატავდნენ გაკვირვებას, ასეთ რამეს ვერც კი წარმოვიდგენდითო, ამბობდნენ.
      მერე საპატიო დამსწრეებიდან წამოდგა ერთი საპატიო ქალბატონი, მოგზაურ ქალბატონს  სამადლობელი სიტყვით მიმართა:  რა დიდი ბედნიერებაა ჩვენთვის, თქვენ რომ გვყავხართო, უთხრა, - უამისოდ  ჩვენ ხომ არ გვეცოდინებოდა,  ასეთი სასწაულებრივი ფორმის მქონე  ცთომილი თუ არსებობს სადმე.  ეხუმრებით რვიანის ფორმას? ეს ხომ სრულიად წარმოუდგენელია... კიდევ კარგი, ასე რომ გიყვართ მოგზაურობა და რაც მთავარია (აქ საპატიო ქალბატონმა მრავალმნიშვნელოვანი პაუზა გააკეთა),  სულ არ გეზარებათ ჩვენც გვიამბოთ  ყოველივე იმის შესახებ, რასაც მოგზაურობისას გადაეყრებით,  ხატოვნად და მიმზიდველად გვიზიარებთ თქვენს შთაბეჭდილებებსო.
      ამას მქუხარე ტაში მოჰყვა, მერე კი ყველა ენად გაიკრიფა;  ერთმანეთს არ აცდიდნენ, დიდ მადლობას უხდიდნენ მოგზაურ ქალბატონს,  ასე დაუზარელად რომ ირჯებოდა მათთვის, უზიარებდა თავის მრავალფერად შთაბეჭდილებებს.
      ტაშის ცემა არ წყდებოდა,  მადლობის მთქმელებსაც ბოლო აღარ უჩანდა,  მაგრამ აი, მოგზაურმა ქალბატონმა ხელი ასწია იმის ნიშნად, რაღაც კიდევ მაქვს სათქმელიო. ტაშისცემა მაშინვე მიწყდა, დარბაზი გაისუსა.
      - მინდა ერთი  სასიამოვნო სიახლე გამცნოთ, - ასე დაიწყო  თავისი სიტყვა მოგზაურმა ქალბატონმა, - უახლოეს ხანში ისევ ვაპირებ სამოგზაუროდ წასვლას. ყური მოვკარი, ერთი ცთომილი აღმოუჩენიათ, მიდიმოვდივარ ჰქვია სახელად. აუცილებლად უნდა ვეწვიო, ერთი კარგად მივიარმოვიარო იქაურობა, ყვალაფერი კარგად დავათვალიერო.  როცა დავბრუნდები, აუცილებლად გაგიზიარებთ ჩემს შთაბეჭდილებებს.
      დარბაზში მყოფებმა გულმხურვალე ტაში დასცხეს, ამაზე სასიამოვნოს რაღას გაიგონებდნენ. ერთმანეთს აბრწყინებული სახეებით შეჰყურებდნენ, ვიცოდი,  დღეს რაღაც ნამდვილად გამიხარდებოდაო, ამბობდნენ.
      ბოთლიანის ხმაც გაისმა უკანა რიგებიდან, შეკითხვა მაქვსო,  ხელისაწევით იძახდა.
      - ბრძანეთ, - თქვა მოგზაურმა ქალბატონმა. დარბაზიც სმენად იქცა.
      - რატომ ჰქვია იმ ახლადაღმოჩენილ ცთომილს სახელად მიდიმოვდივარ?
      - მართლაც, რატომ ქვია ასეთი სახელი? - სხვებმაც აიტაცეს ეს შეკითხვა. ყველამ ყურები გამობასრა.
      მოგზაურ ქალბატონს, ცხადია, ამაზეც ჰქონდა პასუხი.
      - იმიტომ რომ იმ ცთომილს ბევრნი დასდევენ უკან, რაკეტას რაკეტაზე აგზავნიან მისკენ, მაგრამ ნურას უკაცრავად,  ვერ ეწევიან, ვერანაირად. ვერავინ შეძლო, თუნდაც ერთი ნაბიჯი დაედგა  ცთომილ მიდიმოვდივარის ზედაპირზე. მაგრამ გარწმუნებთ, მე ვერსად გამექცევა,  იმასაც დავეწევი, ვესტუმრები, იქიდან დაბრუნების შემდეგ კი თქვენც გაგიზიარებთ ჩემს შთაბეჭდილებებს.  დამიჯერეთ!
      აბა ვინ არ დაუჯერებდა, ისეთი შინაგანი რწმენა ისმოდა  ჟღერდა  მოგზაური ქალბატონის სიტყვებში.  ხალხმა ამაზეც შეაწია ტაში, ხელებს თავგამოდებით უტყაპუნებდნენ ერთმანეთზე, თან თავისთვის იმეორებდნენ მიუწვდომელი ცთომილის სახელს:  მიდიმოვდივარ...
        - მიდი, მოვდივარ,- უთხრა ბოთლიანმა თავის ბოთლს  და კარებში გაიძურწა, მეტს ნამდვილად ვეღარ დაიცდიდა....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები