 | ავტორი: დიოტიმა ჟანრი: პოეზია 6 მარტი, 2023 |
#ლექსები
ამას წინათ რაღაც ლექსი დავდე და კომენტარში ვიღაცამ დამიწერა, ჩვენც ვკითხულობთ წიგნებს და ვიცით ეს ამბავი, უბრალოდ, გაგილექსიათ და დიდი რამე გგონიათო. ის არამკითხე ცხადია, წავშალე და იქვე მოვაბლოკე. თქვენ კი მეგობრებო, ვფიქრობ, შეხსენებაც არ გჭირდებათ, რომ გალექსვა ანუ ლექსის ფორმა/ უფორმობაში ტექსტის წარმატებით გადაყვანა - უკვე დიდი შემოქმედებითი საქმეა, თვით რუსთველი დამემოწმება:
“ესე ამბავი სპარსული, ქართულად ნათარგმანები, ვით მარგალიტი ობოლი, ხელის-ხელ საგოგმანები, ვპოვე და ლექსად გარდავთქვი, საქმე ვქმენ საჭოჭმანები”
????აქ ამ სმაილზე - ძალიან გაიცინეთ, და არანაკლები - წინ გელოდებათ, ამჯერად მე და გურამიშვილმა ვთქვით -
“მე რუსთველსა ლექსს არ უდრი, ვით მარგალიტს - ჩალის ძირსა; მაგრამ მიმროთიც კეკლუცნი ტურფად მოიკაზმენ პირსა; ოდეს მაშვრალს მოსწყურდების, მაშინ წყალი ღვინოდ ღირსა, დრო მოვა, რომ გატკბილდების, ხილად სშჭამენ პანტის ჩირსა. ” ???????????? და ესეც არ იყოს, არ დამიწერია ლექსი, სადაც პირველწყაროს უბრალოდ, ვლექსავ, შეიძლება რაიმე ავიღო მოდელად ან ინსპირაციის წყაროდ. რაც შეეხება ამ ლექსს, გამოვიყენე ესპანური მოთხრობა, რომელიც, რასაკვირველია, გადავამუშავე.
ნინო დარბაისელი
დონა დენისოს* იადონები (ციკლიდან: “დილისპირული”)
1.
ნეტა მცოდნოდა ამაღამდელ პაემანზე მოდარაჯედ ვინ მოგყვებოდა. ჩემს ბებერ ვირსაც ბანგი ვასვი, გამოვეპარე, ხვალ შუადღემდე იხვრინებს და მშვიდად ეგდება, ეს კი, ეს შენი მეგობარი, ეს - ტრუბადური, რომ არ ჰყოლია ქვეყნად ბადალი, შუაღამის თავშექცევისას ყოველწამიერ გარედან რომ გვეხმიანება: “მზე იწვერება და სხივები მთებს ედინება. ამღერებულან ბაღნარებში იადონები.
იადონები, დონები და იადონებიიი” - - რაც ნიშნავს, თავზე გათენდებათ, საიდანღაც საფრთხე მოდისო, ეს - ალერსი და განცხრომა რომ არ დაგვაცალა, იცი, ვინ არის? ვინ არის, მეთქი, იცი - მეთქი?! მაგრამ დაღლილმა თავი უკვე ძილს მიანებე. დე, ნურავინ განსჯის დაძინებულ ადამიანებს!
2.
როგორ მოუხდა დაკაცება! ამ გულში გამკრა და მუცლის გავლით ფეხებამდე - მთელ სხეულში დამიარა, თორემ შეხედვით -ვერც კი ვიცანი. ბიბილოს ნაზად რომ მიკბენდნენ მსხვილმარგალიტად ჩაწყობილი მისი კბილები და მხურვალე მისი ტუჩები, ჭიპის ღრმულში რომ მეწაფებოდა და ჩურჩულებდა, ჩემი ფიალა ეს არისო, ამის ქვემოთ კი ხელის ხლება არ იქნებაო. ჩემი ზღაპრული ფერია ხარო და მიწოდებდა “ესტერელოს”.* თითები - გრძელი, ნაზი და თანაც ღონიერი, წამოზრდილ ბორცვებს ღარშუა რომ ჩამაყოლებდა, ჩემი ხეობა აქ არისო, ხმაც - ღონიერი, თან რაკრაკა და სევდიანი, თითქოს დაექცა ნელსაცხებლის ფლაკონი მთვარეს ათასნაირი არომატით შეზავებული.
განა ასეთი მარმაშიანი ქვეშაგები გვეფინა მაშინ, მინდვრის მყუდროში, სადაც მდინარე ედინებოდა, იმის ნაპირზე, იქ, მოფარებულ ყვავილნარში გვქონდა ჩვენი ნედლი საწოლი.
3. აი, ცხოვრება! მე - სათნოებით და სიქველით სახელგანთქმული ვარ ქალბატონი, ცნობილ ოსტატთა ამონაქარგი თვალმარგალიტით მაქვს შემკული შესამოსელი და იმის შიგნით მოალერსე აბრეშუმი სულ მაქმანებით გაწყობილია, ის - სამ ინსტრუმენტს დაეუფლა და გმირ-რაინდებს ასე დაჰყვება სასიყვარულო პაემნებზე. გასამრჯელოსაც არ მოაკლებენ და ამიტომაც ადგას იმ ტანზე ახოვანზე მორგებულად სატრუბადურო… არადა, დიდი ბიჭი იყო მეჯინიბისა, და- ძმები კიდევ ბევრი ჰყავდნენ ჩემოდენები.
ჩვენ კი მივყრიდით აქეთ- იქით, რაც კი გვემოსა, მერე შიშვლები, მდინარეში ფერად-ფერად კენჭებს ვისროდით.
და საერთოდაც, ვისთან წევს ქალი და რის გამო, ქვეყანამ იცის, ხოლო სურვილი მაინც ვისკენ მიეზიდება, იცის მხოლოდ მისმა სიზმარმა. იყუჩე-მეთქი, ტრუბადურო, ხმათაფლიანო, იყუჩე გარეთ, დამასვენე, იყუჩე ჩემში, წადი, წაიღე, გაიყოლე ამ სიზმრებიდან მზე - სხივმდინარე! ჩავლილიც იყოს, გასახსენებლად მაინც ბასრია სიყვარულის ნირი და ნარი.
4. ვაი, რა ხდება, რა ხმაურია! დაშნის ტრიალი, ფლოქვების ჩქარი თქარა-თქური… ეს რა ძილქუში დაგეტაკა, გამოიღვიძე, დროზე-მეთქი, რა დროს ძილია, მე მარტომ როგორ დავძრა კარის მძიმე ურდული, სარკმლიდან ვხედავ, თვალღია გდია ტრუბადური, და ქვაფენილზე სისხლი თავქვე მიედინება. ხომ გვაფრთხილებდა:
“მზე იწვერება და სხივები მთებს ედინება. ამღერებულან ბაღნარებში იადონები.
იადონები, დონები და იადონებიიი”
- - - * დენისო - (ესპ). ქალის სახელი - ღვთიური განსჯა. * ესტერელო - პროვანსულ ფოლკლორში სიყვარულის ფერია.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. ძალიან , ძალიან მომეწონა ხელმეორედ მოვბრუნდები აქ, როგორი უშუალო, სათუთი, ასევე მგზნებარე შეგრძნებები გქონია ქალბატონო ნინო, რამტონ მეტად ვკითხულობ ამ ნაწერებს იმდენჯერ უფრო მომწონხართ, თაყვანს ვცემ თქვენ გულწრფელობას , ნიჭიერებას , ლექსმცოდნეობას შეზავებულ მაღალ იტელექტთან ერთად. ძლიერ მომეწონა.
ძალიან , ძალიან მომეწონა ხელმეორედ მოვბრუნდები აქ, როგორი უშუალო, სათუთი, ასევე მგზნებარე შეგრძნებები გქონია ქალბატონო ნინო, რამტონ მეტად ვკითხულობ ამ ნაწერებს იმდენჯერ უფრო მომწონხართ, თაყვანს ვცემ თქვენ გულწრფელობას , ნიჭიერებას , ლექსმცოდნეობას შეზავებულ მაღალ იტელექტთან ერთად. ძლიერ მომეწონა.
2. P.P შ
ესეც ჩემი ზემოთ ნახსენები ლექსმცოდნეობითი ოპუსი, რომელიც კონცეპტუალურ საფუძვლად უდევს ამ ლექსს, აღარ მახსოვს, აქ უკვე მედო თუ არა. ალბათ, უფრო - არა. შეიძლება ვინმეს კონტექსტის გარკვევაში დაეხმაროს.
#ლექსმცოდნეობითი_ოპუსები
ნინო დარბაისელი
ალბა და სერენი ანუ დილისპირული და ღამისპირული
ალბა და სერენი - ეს არის პროვანსული ლირიკის ორი სხვადასხვა ჟანრი. ძალიან მოკლედ - პირველი არის ერთგვარად გამაფრთხილებელი ლირიკული ლექსი მეგობარი-მზირისა, დარაჯისა, გუშაგისა, რომელიც ღამეული ტრფობით გატაცებულ წყვილს რაიმე საფრთხის, ქმრის, მეტოქის, მოულოდნელი სტუმრისა თუ რიჟრაჟის მოახლოების შესახებ ატყობინებს. მას შეიძლება გამოთქვამდეს, მღეროდეს/ამბობდეს აგრეთვე შეყვარებული კაცი, რომელიც საყვედურობს მეგობარს, ჯერ დილამდე დიდი დროა, ადრე რატომ გაგვაფრთხილე, ან საფრთხე რატომ მოგეჩვენაო.
ბულბული ისევ გალობს და მღერის, დღეა ნათელი თუ ღამე ბნელი, მე ამ ბაღნარში ჩემს ულამაზეს სატრფოს ვეხვევი საამო ხმაზე, ვიდრე კოშკიდან გუშაგი ჩვენი ყვირილს დაიწყებს: - ვეღარ გიშველით, დროა დაშორდეთ, არ გეწყინოთო, მოგისწრებთ ვინმე, უკვე ინათა!
(თარგმანი ნდს-სი)
სერენი კი - მიმწუხრის ლირიკაა, სატრფოს მონატრებას გამოხატავს, თუმცა შეხვედრის ბედნიერი მოლოდინი ახლავს. იგი შედარებით გვიან, მეცამეტე საუკუნეში (1263) წელს შეიქმნა და ერთ-ერთი უკანასკნელი ოსიანელ-პროვანსელი ტრუბადურის გუირა რიკერ დე ნარბონას (Guiraut Riquier de Narbona 1130-1292) სახელს უკავშირებენ. ესაა რეფრენი მისი ცნობილი სერენისა:
ხოლო მიჯნურმა ამოიოხრა: ჯერ დღე მტანჯავდა ძლივს გარდასული. საღამოვ, ასე გრძელდები, ოჰ, რად? აწ მოლოდინით მელევა სული!
(თარგმანი ნდს- სი)
შეიძლება ვთქვათ, რომ დილისპირულსა და ღამისპირულს საერთო აქვთ მოლოდინის მოტივი, ოღონდ განასხვავებს ის, რომ თუ პირველში სატრფოსთან განშორების მწუხარე მოლოდინი გვაქვს, მეორეში მოლოდინი შეხვედრის იმედით არის სავსე, შესაბამისად, განწყობითად, პირველი მთლიანად სევდიანია, მინორული, მეორე - ნაკლებად სევდიანი და სამაგიეროდ - იმედიანი.
ზოგადად, პოეტურ ლირიკას ფესვები სიმღერაში უდგას. ინგლისურენოვან ქვეყნებში დღემდე სასიმღერო ტექსტები - ლირიკად იწოდება. ლირიკულობა ჩვენში ტრადიციულად, ლიტერატურულ ლექსს ნაკლებად ახასიათებდა, სავარაუდოდ, ხალხურ ზეპირსიტყვიერებას მეტი შესაძლებლიბა ჰქონდა, უფრო ღია და კანონიკისგან თავისუფალი იყო საამისოდ. აქ გვიწევს, მხოლოდ ლოგიკასა და ვარაუდს დავჯერდეთ, რადგან ფილკლორულ ჩანაწერებზე ზრუნვა ჩვენში გაცილებით გვიანდელი ამბავია. უთუოდ აღმოსავლური პოეზიის გავლენით, ბესიკისა და მის პერიოდელთა, შემდგომ ალექსანდრე ჭავჭავაძისა და კიდევ შემდგომ აკაკი წერეთლის წყალობით, ლირიკა თანდათანობით წარმმართველი გახდა მთელი მომდევნო ხანის ქართული პოეზიისათვის. დღესდღეობით იგი მკვეთრად რედუცირებულია და ჩანაცვლებული მრავალგვარი დესკრიფციულობითა და ნარატიულობით.
P.P შ

1. ტექსტი ამდენის დამატების საშუალებას არ მომცემს. ლიმიტის გამო, ამიტომ ფეისბუქზწ დადებულ პოსტ სკრიპტუმს ვდებ კომენტარში
Tea Gvasalia Tamar Barbaqadze
ვიდრე ესპანური ენისა და ლიტერატურის უბადლო მცოდნე თეა გვასალია შემოიხედავდეს და გაკვირვებით იტყოდეს, ლექსი კი მომეწონა, მაგრამ ასეთი მოთხრობა არც ძველი და არც ახალი ესპანური ლიტერატურიდან არ მაგონდებაო, მე თვითონ ვაღიარებ. ვიხუმრე თავწერილში, ანუ აქ ყველაფერი ჩემი მოგონილია. მინდოდა მხატვრულად ამეხსნა დილისპირულის - ალბას - მეთორმეტე საუკუნიდან ტრუბადურთა მიერ ევროპულ ლიტერატურაში გავრცელებული პოეტური ჟანრის თავისებურებანი, რაც ამ ოციოდე წლის წინ შესანიშნავად განახორციელა თამარ ბარბაქაძემ, ამას წინათ კი მეც ვუძღვენი მცირე ლექსმცოდნეობითი ოპუსი, ცოტა ახალი ინფორმაცია შევმატე მას. მადლობა, რომ მოგეწონათ. ტექსტი ამდენის დამატების საშუალებას არ მომცემს. ლიმიტის გამო, ამიტომ ფეისბუქზწ დადებულ პოსტ სკრიპტუმს ვდებ კომენტარში
Tea Gvasalia Tamar Barbaqadze
ვიდრე ესპანური ენისა და ლიტერატურის უბადლო მცოდნე თეა გვასალია შემოიხედავდეს და გაკვირვებით იტყოდეს, ლექსი კი მომეწონა, მაგრამ ასეთი მოთხრობა არც ძველი და არც ახალი ესპანური ლიტერატურიდან არ მაგონდებაო, მე თვითონ ვაღიარებ. ვიხუმრე თავწერილში, ანუ აქ ყველაფერი ჩემი მოგონილია. მინდოდა მხატვრულად ამეხსნა დილისპირულის - ალბას - მეთორმეტე საუკუნიდან ტრუბადურთა მიერ ევროპულ ლიტერატურაში გავრცელებული პოეტური ჟანრის თავისებურებანი, რაც ამ ოციოდე წლის წინ შესანიშნავად განახორციელა თამარ ბარბაქაძემ, ამას წინათ კი მეც ვუძღვენი მცირე ლექსმცოდნეობითი ოპუსი, ცოტა ახალი ინფორმაცია შევმატე მას. მადლობა, რომ მოგეწონათ.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|