ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქეთი გაბინაშვილი
ჟანრი: პროზა
23 მარტი, 2023


...

  ახლა ბებიას შვილმკვდარი დედა ერქვა, მე- ობოლი.  სახლიც ჩვენსავით პირქუში იყო. ჩამოღამებული, ნახევრად მიწაში ჩაფლული,  ვიწრო, პატარა ფანჯრებით.  და დუმილით. გრძელი და უსასრულო დუმილით. ხანდახან ვგრძნობდი, როგორ ეძებდა ბებიაჩემი სიტყვებს, რომელსაც მეტყოდა, მაგრამ მისი სული ოკეანეში ჩაძირულ  ცარიელ სკივრს გავდა, აქ ადრე განძს ინახავდნენ, ახლა კი წლებს ტალღებივით გაეძარცვა. ვერც ერთ სიტყვას ვერ აგნებდა, ჩემთვის სათქმელად.  შემომხედავდა და მძიმედ გადასცდებოდა ცრემლი. მე მამის თვალები მქონდა.
  გარეთ შემოდგომის ქარი ზუზუნებდა, აგრემც მოუკვდებაო დედა, აღარ ჩადგაო ეს ვერანი, უნდა გამეთოშოს, მისი ისედაც გაყინული ძვლები, მიმქრალ მკერდზე  გადაიჭდობა ხელებს და გაჰყურებდა შიშველ ხეებს.  მეჩვენებოდა, რომ  ეს ტყემლის ხე იყო ბებიაჩემი. ძალაგამოლეული, გამხმარი, წასაქცვად მზადმყოფი და დასასრულის მომლოდინე.
  გრძელი დღეები იდგა.  ვერგასაძლები. ერთი კვირა არ  იქნა და არ შემოდგა ფეხი პაპაჩემმა სახლში. თავის საჩარხ დაზგასთან ტრიალებდა.  მერე იყო და რანდავდა და აშალაშინებდა ხეებს, აკაკუნებდა და ახლა ამ კაკუნზე აწყდებოდა ბებიაჩემს ისედაც გაწყვეტაზე მყოფი ნერვები. ნეტაი შენო, ნეტაი შენ რომ კლდე ხარო, კაცი კი არა, ქვის ყოფიხარო. კიდევო რომ აემაგეების დარდი გაქვსო.
    სიტყვები, ბებიაჩემის არ იყოს და, მეც სადღაც დამკარგვოდა, მეც ვეღარ ვუყრიდი თავს სათქმელს. ის ციგა რომ დავინახე, ერთი მადლობაც ვერ ვთქვი,  გავიქეცი და პაპაჩემს ფეხებზე შემოვეხვიე. არ წამაქციო, შე ვირისთავოო, თავზე ხელი გადამისვა. 
  ფანჯრისკენ გადაბრუნებულ ძილს მივეჩვიე.  მალი-მალ იყო და მესიზმრებოდა, თოვდა. საკუთარი აჩქარებეული გულის ბაგა-ბუგი მაღვიძებდა. თვალებს ვახელდი და გარეთ მიწა იყო, ბებიაჩემის კაბასავით შავი და პირქუში. თვალებს მაგრად ვხუჭავდი და ვცდილობდი  სიზმრის დაბრუნებას, მაშინ ჯერ არ ვიცოდი, რომ ის ვინც დაუმშვიდობებლად წავიდა შენგან, აღარასოდეს დაბრუნდება.
  იმ წელს ისე მოაკითხეს მერცხლებმა მიტოვებულ ბუდეებს, ერთი ფიფქიც არ დასცდენია ცას. ის ციგა სხვენში აიტანა პაპამ და მას შემდეგ აღარ დამჭირვებია, უთოვლო ზამთრებს ბავშვობაც მიაქვთ თურმე. 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები