ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
24 მარტი, 2023


ოქროს ხბო და ქართული დილემა

ნინო დარბაისელი

ოქროს ხბო და ქართული დილემა
 
  ჩვენში ხშირად გაისმის,  მოსემ მონობიდან გამოყვანილი ერი უდაბნოში 40 წელი ატარა, ვიდრე  აღთქმულ მიწამდე მივიდოდნენო. ამასობაში რაღა დაგვრჩა!
    შეგახსენებთ, მოსე რომ უფალთან იყო წასული და თავისი ძმა  აარონი დატოვა უდაბნოში მიმავალ ერთან, მისი ლოდინით სასოწარკვეთილი ერი აარონს აუჯანყდა, რაღაც მაინც გვინდა გვქონდეს, რომ მის წინაშე ვილოცოთო. გაიღეს ოქრო-ვერცხლი და კერპი, ოქროს ხბო ჩამოასხეს.
  ჩემთვის ეს ნიშნავს, რომ
  ადამიანს, ერს რაღაცის რწმენა  მუდამ სჭირდება, (ურწმუნოებაც რწმენაა,  მინუს ნიშნით, სხვათა შორის).
  დიდი ხანია, ქართველი ერი დიდი დილემის წინაშე აღმოჩნდა და ეს დილემა დღემდე გადაუჭრელად  უწინდელი და დღევანდელი მთელი პოლიტიკური ისტაბლიშმენტის  წყალობით - ქართული შიდაპოლიტიკის  მართებულად გაუაზრებლობის გამო  მოვიდა; მოვიდა მათი  “დღევანდელი კვერცხის” პრინციპის გამო.
    დიახ,  ქართული “ოქროს ხბო” - ილია მეორე არის რუსეთის სპეცსამსახურების მიერ ჯერ კიდევ კომუნისტების დროს აღზრდილი და პატრიარქად დანიშნული პირი და ამაზე არ შეიძლება არსებობდეს რაიმე სხვა აზრი. მაშინ სხვანაირად უბრალოდ, არ ხდებოდა, უშიშროებასაც, საკავშირო მთავრობასაც, ადგილობრივ კომუნისტურ ხელისუფლებასაც ჰქონდა რაღაც ამგვარი სტრუქტურა ,,პარტიის ცეკას რელიგიურ საქმეთა კომიტეტი”, რომლის დასტურის გარეშეც დარაჯიც კი ვერ დაინიშნებოდა რომელსამე მნიშვნელოვან ეკლესიაში.
    და ეს იცოდა ყველამ. ხელისუფლებაში მყოფი კომუნისტური,  ათეისტური  იდეოლოგიის ამბავი, მოთხოვნა იყო ეს !
ვინმემ თუ ან სხვა მაშინდელი  გზა იცის, სხვა სცენარი ეგულება,  ან სხვანაირად წარმოუდგენია ეს ამბავი, ყურადღებით მოვუსმენ და თუ დამაჯერებელია, აზრსაც შევიცვლი და ბოდიშსაც მოვიხდი საჯაროდ.
    დიახ, იმ დროიდან მოყოლებული, ჯერ კომუნისტური, შემდგომ “პოსტკომუნისტური” -  რუსული ცენტრი ფინანსურად და პრაქტიკულად ყველანაირად ეხმარებოდა ქართული ეკლესიის ხელმძღვანელობას, რომ  დიდი გავლენა მოეპოვებინა არა მხოლოდ ლოკალური ხელისუფლების ყოველ საფეხურზე და ადგილობრივ ხალხში, არამედ სხვა ყოველ  ხელისუფლებასა  და უცხოეთში.
  მასებთან იდეოლოგიური მუშაობის წარმართვის ფორმაა ეს და დისერტაციებია დაცული ამაზე.
 

    ლირიკული გადახვევა:
  კომუნისტების დროს კინემატოგრაფი მიიჩნეოდა მასაზე ფსიქოლოგიური ზემოქმედების საუკეთესო იარაღად და არა  მაგალითად, წიგნი. თუმცა წიგნს გარეთ დიდად აქებდნენ,  ცენტრში  - ,,გოსკინო” იყო  მიჩნეული  მძლავრ იდეოლოგიურ დასაყრდენად,  იქიდან მთლად ცენტრის მოთხოვნები, უკვე დაკვეთადქცეული, უხვადაც ფინანსდებოდა.  კინო- შესაქმნელად ძვირი ხელოვნებაა.  პერიფერიების რეჟისორებს ისღა რჩებოდათ, საკუთარი შემოქმედებითი მიზანი რამენაირად ,,მოერგოთ” დაკვეთისათვის.
რატომ?
  წიგნს უნდა შერჩევა, შეძენა, წაკითხვა, მიხვედრა და ტირაჟის მიუხედავად, მაინც ლოკალური გავრცელების არე აქვს, თვით ხუთსულიან ოჯახშიც კი შეიძლება ერთმა ადაიანმა წაიკითხოს  იგი და  დანარჩენმა ოთხმა - არა.  ამისგან განსხვავებით, ფილმს უყურებს ყველა, პასიური მომხმარებელი ხდება, (ის გადის- შენ უყურებ) და  უნდა თუ არა, მისი ძლიერი ფსიქოლოგიური გავლენის ქვეშ ექცევა,  თანაც თუ არა სამუდამოდ, ხანგრძლივად მაინც,  - მაყურებლის დიდი მასა.
    ტელევიზია და ინტერნეტი ხომ ამ მხრივ პირდაპირ უმძლავრესი იარაღია მასისთვის “ტვინის გამოსარეცხად”.
    მაგრამ უკუკავშირი ასეთ შემთხვევაში ადვილი მოსახელთებელი არ არის. ანუ პასიური მაყურებელი, განსხვავებით საეკლესიო მრევლისგან,  რომლის წევრებიც აღსარებას ამბობენ, ინფორმაციას  პირდაპირ უკან არ აწვდის.
  მრავალრიცხოვანი  ელექტორატის მოსაპოვებლად იმაზე კარგი გზა არ არსებობს, რომ მრევლი მიიმხრო, ამისთვის კი რა არის საჭირო?
    საჭიროა, მიიმხრო ის ძალა, ვინც ამ მრევლს მართავს. ვინ წარმოადგენს ამ ძალას? ცხადია,  ცენტრი - რუსეთის მიერ მრავალი წლის ნაკვებ-ნასაზრდოები, საგანგებოდ გაკორუმპირებული მისი ხელმძღვანელობა.
გაკორუმპირებული  - რატომ?
იმიტომ რომ ეს აზრი, რომელიც მილიონჯერ  სხვადასხვანაირად ითქვა,
და სპეცსამსახურების სამუშაო პრინციპია მთელს მსოფლიოში, ჩვენშიც კარგად მუშაობს:

“Людьми легче управлять, воздействуя на их пороки и слабости, чем взывая к их добродетели.” (  ვისაც ამდენი რუსული არ გახსოვთ, გითარგმნით - “გაცილებით ადვილია ადამიანების მართვა, მათ ცოდვებსა და სისუსტეებზე ზემოქმედებით, ვიდრე  მათში კეთილმოქმედების სურვილის აღძვრა”)
  აქამდე ახალი და უცხო არაფერი მითქვამს, დაგპირდით კი, რომ რაღაც დილემაზე უნდა მელაპარაკა.
  დილემა კი ასეთია:
  ადამიანებს  მუდამ აქვთ რაიმე რწმენის მოთხოვნილება,  მოთხოვნილება იმისა, რომ რაღაც ნათელს ხედავდნენ თვით ყველაზე გამოუვალ სიტუაციაში, რაღაც სხივი ატანდეს გულში.
    ქართული მრევლი ძირითადად ასეთი ადამიანებისგან შედგება.
    მათთვის ეკლესია განასახიერებს იმ ინსტანციას, საიდანაც  სიკეთე, ნათელი გამოედინება და ამას ალტერნატივა ვერცერთმა პოლიტიკურმა ძალამ ვერ შეუქმნა დღემდე.
  მათ  ხომ ურჩევნიათ,  როცა დასჭირდებათ,  ერთჯერადად თუ მრავალჯერადად ელექტორატის მზა მასა მიიმხრონ,  მისი მმართველი ცენტრის  მეშვეობით, ვიდრე ძნელი საქმე იტვირთონ, სინათლის ახალ წყაროდ იქცნენ ან შექმნან მაინც
    აი, ესაა სწორედ დილემა!
ეკლესიის დღევანდელი, უკიდურესად კორუმპირებული თავი - საპატრიარქო, რომელსაც ჟამთასვლისაგან დაუძლურებული პატრიარქი - თავისთავად, იქნებ კარგი პიროვნებაც, უდგას სათავეში - რუსული სპეცსამსახურების მიერ ჯერ კიდევ როდის, ქარიზმატულობით, გარეგნობითა და ნიჭიერებით შერჩეული ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება ამ ჯილდო- განაჩენის მსხვერპლი აღმოჩნდა.
    მრევლად  - გაერთიანებულია  პირადად მისდამი სასოებით მაცქერალი მასა, მასა იმ პატიოსანი ადამიანებისა, რომელსაც  მოთხოვნილება აქვს  რწმენისა, ნათლისა და სხვა  ამდენი ხანია, ვერავინ ვერაფერს სთავაზობს.
      მრევლი - ეს არის დიდი, მართვადი ძალა, მართვადი ცენტრიდან ანუ საპატრიარქოდან. თავის მხრივ, საპატრიარქო, როგორც პერიფერია, მართვადი, მიერთებულია რუსულ ცენტრთან.
  რა მოხდება, თუ ეს ძალა  - მრევლი -აღარ იქნება მართვადი, გამოეცლება მისთვის ჭეშმარიტი, ჩვენი შეფასებით კი ფსევდოზნეობრივი, ფსევდოსარწმუნოებრივი ჯებირები?
    მოვუხმოთ ლოგიკას!
    იგი გახდება  უმართავი.
    და ვაი მას, ვინც ქვეშ მოჰყვება!
  და თუ საქართველოს გამარჯვება უწერია,  ჭეშმარიტად გაიმარჯვებს ის, ვინც მრევლს  ჯებირებს კი არ გამოაცლის, არამედ სანაცვლო ნათელს მოუტანს.
და ვინ გეგულებათ დღეს ასეთ ძალად?
- ურთიერთმჭამელი  გადამრბენ- გადმომრბენელი პოლიტიკოსები?
  - მათი მოიმედე,  პოლიტ-ტალახში მოწუწავე მხარდამჭერები?
  მე ვერ ვხედავ აქედან და თქვენ თუ ხედავთ, მითხარით!
გამიხარდება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები