#ოპუსები
ნინო დარბაისელი
სექსი და შრომისმოყვარეობა
პოსტ სკრიპტუმი ციკლისთვის ,,პაპილონური”
ციკლის ერთ-ერთ ახალ ლექსში “შრომისმოყვარეობა” ფინალში გამოყენებულია სიტყვა ,,თამაში”. გაკვირვებული მკითხველისთვის ადვილი გამოსაცნობია, რომ იგი წარმოადგენს სინონიმ-ერზაცს რითმულად მოსალოდნელი სიტყვისა.
თამაში - ინგლისურ ენაში - ფართო სპექტრის ეროტიკულ- სექსუალური ტერმინია. ვიწრო გაგებით ნიშნავს იმას, რასაც ტრადიციულად ვუწოდებთ სასიყვარულო პრელუდიას,. ქართულ ენაში თამაშის უამრავი სინონიმი მოგვეპოვება. ერთი მათგანი პირადად მე მაქვს გამოყენებული თხუთმეტი წლის გამოქვეყნებულ ლექსში ,, ელეგია”, ასეთ კონტექსტში - ძაღლი ყვება მგელთან თავის სასიყვარულო თავგადასავალს და ამბობს:
ვინ რა იცის მარტო მგლისა, მგელზე უფრო უმგლესისა, ბურჯღნაობა, თავმიდებით ძილი!
უნდა აღვნიშნო, რომ განსხვავებით ინგლისურენოვანი გარემოსი, ამ ტერმინის შესაბამის ქართულ სიტყვებს ძირითადად წმინდად ნეგატიური ან ნეგატიურად შეფერილი კონოტაციები მოჰყვება. რატომ? ვფიქრობ, ეს ბიბლიის არამართებული ინტერპრეტაციის შედეგი უნდა იყოს. ღმერთმა სექსი, როგორც სასიამოვნო რამ, აჩუქა მისი ნებით დაწყვილებულ ადამიანებს. მისი ნების გარეშე დაწყვილებულთა თანაყოფა კი, რა სახისაც არ უნდა იყოს, მისთვის საძულველია და ამას ვერ შველის ბიბლიის ვერანაირი ახლებური ინტერპრეტაცია ( სხვათა შორის, არსებობს ასეთი გამოცემები, გამოცემები სადაც პოტენციური მკითხველის მდგომარეობასა და ორიენტაციაზეა მორგებულ-ადაპტირებული, - შეკვეცილი ბიბლია და საღდება კიდეც) ჩემი ფიქრით, სექსზე დამამცირებელი ლექსიკით საუბარი უპირველესად ნიშნავს უფლის “ძღვენის შემსუბუქებას”, მეტიც, დაკნინებას. გათანაბრებას მის კნინ სახეობებთან. არც უფლის არმოსაწონი სექსით აღტაცებაა დიდად მოსაწონი. არადა, სექსუალაური თავისუფლებაც ხომ დემოკრატიის კარგახნის მონაპოვარია! სხვათა შორის სექსისადმი დამოკიდებულება დიდად განსაზღვრავს ამა თუ იმ კულტურის ხასიათს. აქვე დავაზუსტებ, ჭეშმარიტი დემოკრატია სექსუალური თავისებურებების მქონე პირების შექმნას კი არ უწყობს ხელს, არამედ მათდამი, როგორც დანარჩენებისაგან განსხვავებული პიროვნებებისადმი შემწყნარებლობას, ტოლერანტულობას , არა-ძალადობრივ მოპყრობას მოითხოვს. საქართველოში ხომ ყველაფერი უნდა აისახოს სარკისებურად, მაგრამ ეს სარკე, როგორც წესი, მრუდეა. აი, ამ სცილასა და ქარიბდას შუა უწევს პოეტს, შემოქმედს არსებობა. აქ გუსტავ კლიმტის სიტყვებსაც თუ გავიხსენებთ, ,,მთელი ხელოვნება ეროტიკაა”. ცნობილია, რომ ეროტიკული და სქესობრივი ლტოლვანი არა მხოლოდ შემოქმედებით ენერგიად სუბლიმირებული სახით ამოძრავებენ შემოქმედს, არამედ ღიად თუ ფარულად, ან ნახევარფარულად, ათასგვარი ნიღბითა თუ ტრანსფორმაციით - ძირითად გამოსახვის საგანსაც თავად წარმოადგენენ, იმდენად მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავთ ადამიანის არსა და არსებაში. მრავალგზის მომხდარა ისე, რომ რაიმე სახის იდეოლოგიური დიქტატის ქვეშ, შემოქმედნი იძულებულნი გამხდარან, ან სიმბოლურ-ალეგორიული ენისთვის მიემართათ, ან საერთოდ იგნორირების საგნად ექციათ ეროტიკა. ხოლო ,,გამოტოვო” ადამიანის არსებიდან ეროტიკა, ეს ნიშნავს, დაუტოვო ადამიანს თავისი არსებობის ერთი მეოთხედი, თუნდაც იგი იყოს ყველაზე ფაქიზი და ამაღლებული, ხოლო სამი მეოთხედი - არსობრივი ნაწილი - ამოკვეთო. აქ, ვიცი, ვინმე დაუყოვნებლივ შემახსენებს გალაკტიონის სახელს. ამიტომ მოკლედ და მარტივად აღვნიშნავ, რომ მან, როგორც პოეტმა ვნებიანად დაიწყო, ეს ვნებიანობა, გარდაქმნილი შორეულამდე, მიღმიერამდე გაღწევის ძალად, ამოძრავებს მთელს მის სწრაფვებს “არტისტულ ყვავილებში”(1919), იგი განლევადი ინერციით გაჰყვება მას მერეც და… საბოლოოდ, …ძნელია წარმოიდგინო ქართულ პოეზიაში მეორე გალაკტიონისებრი არაეროტიკული პოეტი. აქ არ ვგულისხმობთ მისი სექსუალური ენერგიის სუბლიმაციას, რომელიც მისთვის, ასე ვთქვათ, შემოქმედებითი შრომის იარაღია და არა - შემოქმედებითი პროდუქტი. ვგულისხმობთ ეროტიკას, როგორც გამოსახვის ობიექტს, თემას. ეროტიკა გვიან გალაკტიონთან გროტესკის, ირონიულ- პაროდიული მიდგომის საგნად ექსპლიცირდება. პირადად მე ამის ძირითად მიზეზად საბჭოთა იდეოლოგიური წნეხი მიმაჩნია. ორმოციანი წლების შუაწელიდან ამ წნეხის სიმკაცრე დუნდება… თუმცა რატომ და როგორ, რა შედეგი მოაქვს ამას - ეს უკვე სხვა საუბრის თემაა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. მადლობა მუხა! ძალიან მიხარია, რომ კარგი ავტორები ვამოჩნდნენ. ერთი სული მაქვს, როდის მივყვები და წავიკითხავ. სასწრაფო სამუშაოს ვუზივარ, ცოტა ვიავადმყოფე და საქმე დავაგვიანე. ჩემს ლოდინში ჟურნალის ნომერი ფერხდება და მოვრჩები და გავუშვებ თუ არა, აქა ვარ! კარგო ავტორებო, არ მოიწყინოთ! მადლობა მუხა! ძალიან მიხარია, რომ კარგი ავტორები ვამოჩნდნენ. ერთი სული მაქვს, როდის მივყვები და წავიკითხავ. სასწრაფო სამუშაოს ვუზივარ, ცოტა ვიავადმყოფე და საქმე დავაგვიანე. ჩემს ლოდინში ჟურნალის ნომერი ფერხდება და მოვრჩები და გავუშვებ თუ არა, აქა ვარ! კარგო ავტორებო, არ მოიწყინოთ!
1. პირადად მე ამის ძირითად მიზეზად საბჭოთა იდეოლოგიური წნეხი მიმაჩნია. ორმოციანი წლების შუაწელიდან ამ წნეხის სიმკაცრე დუნდება… თუმცა რატომ და როგორ, რა შედეგი მოაქვს ამას - ეს უკვე სხვა საუბრის თემაა.
ვეთანხმები გამოთქმულ აზრს!
პირადად მე ამის ძირითად მიზეზად საბჭოთა იდეოლოგიური წნეხი მიმაჩნია. ორმოციანი წლების შუაწელიდან ამ წნეხის სიმკაცრე დუნდება… თუმცა რატომ და როგორ, რა შედეგი მოაქვს ამას - ეს უკვე სხვა საუბრის თემაა.
ვეთანხმები გამოთქმულ აზრს!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|