ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქეთი გაბინაშვილი
ჟანრი: პროზა
10 აპრილი, 2023


მანძილი

  მაგრად გავაბრიყვე. 18,5 %-ით ავწიე ფასი.  ასფალტისფერი დაედო, ხელს რომ აწერდა, ისე უთრთოდა თითები, რაღაც მომენტში შემეცოდა კიდევაც, მერე ჩემი სოლიდური დანამატი გამახსენდა და საკუთარი თავით კმაყოფილება ვიგრძენი. მთელი დღე მოლოცვები და ამბები, ბოლო დროს საქმე ცუდად მიდის, კარგა ხანია ასეთი „მსხვილი“ კლიენტი არ გვყოლია.
  გვიან ჩამეძინა. პატარა გოგო მესიზმრა. მირბოდა, ვიღაცას მისდევდა თითქოს და ვერ ეწეოდა. მიწიანი გზა იყო, ცხელი, მზისგან გამომშრალი, ამტვერებული. ფეხსაცმელი გასძვრა. შეჩერდა. ჩაცმაში დროის დახარჯვა დაენანა. ხელი დაავლო თავის სანდლებს და ახლა ასე გარბოდა. მისი პატარა ნაფეხურები მტვრის კვალს ტოვებდა. სადღაც შორს კი ბავშვები იცინოდნენ. დასცინოდნენ. გოგონას ეტირებოდა,  სიმწრისგან ქვედა ტუჩს იკვნეტდა და გარბოდა, გარბოდა თავდაუზოგავად.
    სევდა მოიტანა სიზმარმა. მთელი დილა ვფიქრობდი იმ ბავშვზე, ვიღაცას გავდა, ვიღაცას საოცრად გავდა. ვერაფრით გავიხსენე. დილით სადარბაზოში მარინა დეიდა შემხვდა, შვილიშვილთან ერთად იყო, ცხელი შოთი მოჰქონდა, ბავშვს ყუა წაეტეხა პურისთვის და გემრიელად შეექცეოდა.  წუხანდელი სიზმარი გამახსენდა, ის გოგო გამახსენდა...
  5 წლის ძლივს ვიქნები. ბებიასთან ვართ. აგვისტოა. „ჯერ არ გათენებულია და ბუღი ასდის მიწას,“-ბუზღუნებს ბებიაჩემი და სადილს ამზადებს.  საშაქრიდან ხურდებს კრეფს და ნიკას უწვდის.
-წადით, შვილო, პური ამოიტანეთ.
  ნიკა და ნუცა  ნაჩქარევად იცვამენ ფეხზე. მეც უკან მივყვები.
-შენ სად მოდიხარ? - მიბღვერს ნუცა.
-პურზე.
-შენ პატარა ხარ, ვერ ივლი!-მეუბნება და თავის მწვანე თვალებს მიბრიალებს. არა და რა პატარა, სულ რაღაც ერთი წლით არის ჩემზე უფროსი, მაგრამ თავი დიდი ვინმე ჰგონია. 
-არ გრცხვენიათ?-უჯავრდება ბებიაჩემი,- წაიყვანეთ ბავშვიც. ოღონდ ფრთხილად, ხელი მოჰკიდეთ.
  არც ერთს ხიბლავს ჩემი წაყვანის პერსპექტივდა. სანამ თვალს მივეფარებით აქეთ-იქიდან ხელი აქვთ ჩაკიდული. ბებიაჩემის მხედველობის არეალს ვცდებით თუ არა, ხელს მიშვებენ და გარბიან.  ვეხვეწები დამელოდონ.  ხომ გითხარით, პატარა ხარ და ვერ ივლი-მეთქი,- მაჯავრებს ნუცა და ნიკასაც აქეზებს, რომ გაიქცნენ.  ფეხდაფეხ მივყვები, არაფერი პატარაც  არ ვარ. ვცდილობ, არ ჩამოვრჩე.
  თონესთან რიგია.
-მოდით, ბავშვებო, მოდით, შვილო,- გვამჩნევს მეპურე და ხელს გვიქნევს. მაღალი კაცია, მსხვილი კისერი აქვს, თეთრი მაისური  აცვია, თეთრი ქუდი ახურავს. ოფლით აქვს შუბლი დაცვარული.
-ვისები ხართ, კუდრაჭებო?- გვეკითხება, სანამ პურს მოგვაწვდის.
-მარგოსები.
-უჰ, ოქროს ქალია, ოქროს ქალი.
  პურს ნიკა ართმევს. ხურდას -ნუცა. 15 თეთრი გვერგება. ალბათ სიცხის ბრალია ან  რიგში მოუთმენლად მდგარი მშიერი ხალხის,  სათვალავი ერევა მცხობელს და 25 თეთრს გვიბრუნებს.
-ჩქარა, გავიქცეთ, - გვეუბნება  ნუცა და  ხელს შლის. ხელისგულზე  ხურდები უყრია. გარბიან. მეც მივყვები და ვეხვეწები, რომ დავაბრუნოთ ფული.  მცხობელი კარგი კაცი იყო და ჩვენ ვერ მოვატყუებთ.
  ჩემი ერთი სიტყვაც არ ესმით. გარბიან  და იცინიან, ისე უხარიათ, თითქოს მთელი სამყარო ჩაიგდეს ხელში. მე ფეხსაცმელი მძვრება.  სანამ ჩავიცვამ, საგრძნობლად გამასწრებენ და მეშინია, გზა რომ ამერიოს. ფეხსაცმელს ვიღებ და ფეხშიშველა გავრბივარ. მიწა  ცხელია და ქვიანი. ფეხისგულები მეწვის. მეტირება.
  მალხაზას მაღაზიაში  ერთ ჭიქა მზესუმზირას ყიდულობენ. გაყვითლებული გაზეთის კონვერტში უყრის დამწვარი მზესუმზირის მარცვლებს, ერთი არყის ჭიქა და კიდევ სამ თითს რაც ამოჰყვება. პროტესტის ნიშნად არ ვჭამ. მათთვის ეს ყველაზე გემრიელი მზესუმზირაა, პატარა თავგადასავალი, პატარა „თაღლითობა“.  ჩემთვის იმედგაცრუებული მცხობელი, რომელიც აღარასდროს მიჰყიდის ბავშვს პურს ურიგოდ. . . 
  ლიფტის  ჩაჟანგებულ და დამტვრეულ სარკეში საკუთარ გამოსახულებას ვათვალიერებ. ახლა ჩემსა და იმ ბავშვს შორის მანძილი 30  წელია. მე წინ მივდივარ, გრძელი, სწრაფი ნაბიჯებით, უკანმოუხედავად.  ის გოგო კი ისევ მორბის, წვიმასა და ქარში, თოვლსა და აგვისტოს ხვატში. ფეხსაცმელი ისევ ეხდება და ფეხისგულები სტკივა, მორბის  და ცრემლს გაჭირვებით იკავებს. მორბის და ვერ მეწევა...  ალბათ ვეღარც დამეწევა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები