ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დებორა
ჟანრი: პროზა
15 აპრილი, 2023


ლილის კარაბადინი. სექსის რეპეტიტორი

#ლილის_კარაბადინი

ნინო დარბაისელი

სექსის რეპეტიტორი

    ჩვენს ბინა მეორე სართულზეა და ორი შემოსასვლელი აქვს, ერთი - საერთო - იტალიური ეზოდან და მეორე - ქუჩიდან - რომელიც მარტო ჩვენია, მაგრამ ჩვენც იშვიათად ვიყენებთ.
    ჩვეულებრივ დღეებში - ყველასავით ეზოდან შემოვდივართ და დღესასწაულებზე და რამე საგანგებო სტუმრიანობა თუ გვაქვს, მაშინ ვაღებთ.
    თუ ვინმე იმ კარზე რეკავს ზარს, უკვე ვიცით, რომ უცხოა.
  თანაც, ერთ ზარს რომ მისცემს, ხომ უნდა გაცადოს ადამიანმა. იქნებ რას შვრები, რა მდგომარეობაში ხარ. ეგრევე მეორეს და მესამეს რომ მიაყოლებს, გეგონება, ცეცხლი უკიდიაო.
  ჩავედი, გავაღე.
  ლელო დგას, ჩვენი ისეთი მეზობელი, ისე რომ აგივლ-ჩაგივლიან, სალამს რომ არ გაღირსებენ. ლელო გაუთხოვარია , ძმის ოჯახთან ერთად ცხოვრობს და ერთ ძმისშვილს ზრდის.    გამხდარია, ვარდისფერი საროჩკის ყველა ღილი შეკრული აქვს  ყელამდე და ზედ კიდევ ხელოვნური  თეთრი მარგალიტის ,,ჩოუკი” უკეთია - მოკლე, მახრჩობელა მძივი, ქვემოთ ნაცრისფერი ფანქარი-ქვედა და ფეხზე  - ისეთი წვრილქუსლიანი ფრანცუსკები აცვია, ეგ რომ სახლში შემოვიპატიჟო, ერთი უნდა გაიაროს კრესლომდე და ისე ღრმად უნდა ჩამიკენკოს მთელი ლაქწასმული პარკეტი  მთელ სიგრძეზე,  რომ გამოსაცვლელი უნდა გამიხადოს.
  მეუბნება:
  - ნუცი, ლილი როდის აპირებს, ხომ, არ იცით, მოსვლას? ნახვა მინდა, პირადი სათხოვარი მაქვს.
  -ზუსტად არ ვიცი, არ დაუბარებია, მაგრამ რომ გამოივლის, გაგაგებინებთ.
    მესამე დღეს ლილი მოდის,  ვეუბნები, ჩემს მეზობელს შენთან საქმე აქვს-მეთქი. ლელო სამზარეულოში ხელსახოცგადაფარებული ხილის თეფშით ხელში შემოდის, მე ბოდიშს ვუხდი, უნდა დაგტოვოთ-მეთქი და ჩვენკენ გამოვდივარ.
    ისმის -
  ლელო:
- ქალბატონო ლილი, თქვენი დახმარება მჭირდება და იმედი მაქვს, თუ შეგიძლიათ, უარს არ მეტყვით.
  ამ ფოტოზე უკან, მაღალი ბიჭი რომ დგას, ჩემი გიგიშუნაა. სკოლა  მედალზს დაამთავრა, სრულიად დამოუკიდებლად სამედიცინოზე ჩააბარა.  შეყვარებული ჰყავს, კარგი ოჯახის შვილი ძალიან,  ფაკულტეტის დეკანის უმცროსი გოგო. ჯერ მეგობრები არიან , ორჯერ მცხეთაში იყვნენ ერთად , მარშუტკაში უკანა გზაზე ხელიც გადაუხვევია და გოგოს არ მოუშორებია. მათი ურთიერთობა ახლოა იმ სტადიასთან, რომ გიგიშუნამ რამე უნდა უთხრას ან რამე მოიმოქმედოს.
  ხომ არ გყავთ ნაცნობებში ვინმე ქალბატონი, პრაქტიკული გაკვეთილებივით რომ მისცეს ჩემს გიგის,
მთელი კურსი, ბოლომდე. რაც ღირს, ყველაფერს გადავუხდით, თქვენთვის საჩუქარი კიდევ ცალკე გვექნება.
სიჩუმე.
ლილის ხმა:
- გიპოვით.  მაინც, რის გადახდას აპირებთ  ერთ გაკვეთილში?
ლელო:
- იცით, მე მუსიკის მასწავლებელი ვარ და საათში რვა დოლარს მიხდიან კერძო როცაა, ეს საქმე ალბათ ორმაგი მაინც ეღირება, არა? საათში  თხუთმეტზე თუ შევთანხმდებით, ცუდი არ იქნება.
ლილი:
- ქვემოთ ჩამომრგვალების მაგიერ ზემოთ რომ აამრგვალოთ, არა?
  ლელო:
- ცოტა მეძვირება, მაგრამ რა გაეწყობა! ოღონდ ერთი პირობით: ჯანმრთელობის ცნობა უნდა წარმოგვიდგინოს, კანისა და ვენერიულ სნეულებათა დისპანსერიდან.
ლილი:
- და, მეცადინეობის ადგილი? ქალბატონო ლელო?
-  როგორც მოვილაპარაკებთ! ჩვენთანაც შეიძლება კვირის სამუშაო დღეებში. საღამოს გარდა.
ლილი:
ერთი კითხვაც: თქვენი გიგი თუა მოწადინებული?
ლელო:
- მოწადინებული რომელია! ჩემი გაზრდილია, თვითონ მითხრა,  მამიდული, არ ვიცი, ამის მერე რა ვქნაო
ლილი:
- გაგიგებთ ყველაფერს.

გავდივარ სამზარეულოში. ლილი ზის მარტო, ეწევა.
ვეუბნები:
- ხომ არ მოიწყინე?
- არა, გოგო, შენი დაცენტრილი მეზობელი მეუბნება,  ჩემს ძმისშვილს ქალი უნდა და მიშოვეო. თან პასტაიანათ უნდა.
- მერე შენ?
- ეგ ისეთი ხალხია,  რასაც გთხოვენ, უარი არ უნდა უთხრა, თორემ არ გაპატიებენ და ეგრევე მილიცია-პოლიციას დაგაყენებენ თავზე. შენ რო არ იყო შუაში, პირდაპირ ვეტყოდი,  ფული რაში უნდა გადაყარო, ეგეთს რა გარე-გარეთ ეძებთ, დედაბუდიანად ბოზები სახლში არა ხართ-მეთქი?
მაგრამ მოთმენა ჯობია, დავპირდი და ელოდოს!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები