ნინო დარბაისელი
არგინდებისა
არ გინდა, ჩემო სულ პირველო, ნაქურდალო შაურიანო, უზარმაზარო, ოქროსფერო, სპილენძისაო, ისევ ისე გხეხავდე და გაპრიალებდე და ვერაფერში ვერ დაგხარჯო, დღით - პირველკლასელს სკოლის ფორმის ჯიბეს მიწვავდე, ღამღამობით - ბალიშქვეშ მენთო და ვერაფერს რომ ვერ მოგიხერხებ, მაღაზიაში ვიღაც უცნობს გავუწოდო მოკაშკაშე შენი სხეული, ვკითხო - ,,დეიდა, ეს თქვენ ხომ არ დაგივარდათო” და იმანაც ერთი დაგხედოს და უმადლობოდ მწვანე პორტმანში ჩაგაწკაპუნოს?
არ გინდა, ჩემო სულ პირველო მეგობარო, შენთან მოსული, გემრიელად გართობილი შინ გამაცილო? მერე მარტო ხომ არ გაგიშვებ, მე გაგაცილო, მერე მარტო ხომ არ გამომიშვებ, გამომაცილო, მერე მარტო ხომ არ გაგიშვებ, მე გაგაცილო მერე მარტო ხომ… და ასე შემდეგ, ვიდრე მშობელთა სიმკაცრეები დაღამებულზე ისევ ჩვეულ დისციპლინაში ჩაგვაყენებენ.
არ გინდა, დედი, ისევ ისე ვმალავდე დღიურს? სკოლისას - სადმე, ფოსტის ყუთში, რომ ვერ ნახო ცუდი ნიშნები. პირადს - ფანჯრისქვეშ, რადიატორს და რაფას შუა, რომ არ გაიგო, რას ვფიქრობ შენზე სინამდვილეში, ცალკე დღიურს კი ძველებურად შენთვის ვწერდე და ვითომ დამრჩა სიჩქარეში, ზედ მაგიდაზე. შენ კითხულობდე: “ჩემი დედიკო ამქვეყანაზე მე ყველაზე ძალიან მიყვარს, ის დღე და ღამე ჩემზე ზრუნავს. გავიზრდები და ყველაფერს ვიზამ, მისი ამაგი ცოტათი მაინც დავაფასო და ბლა-ბლა-ბლა… თვალცრემლიანი შატალოდან დაბრუნებულს ტორტ ,,დღე და ღამეს” მახვედრებდე, ნინოს უყვარსო.
ან შენ არ გინდა, ჩემო პირველო გარდაცვლილო? - ახალი იყო, ჭირისუფლებში ისევ მე გეჯდე გამოცდილები მეუბნებოდნენ, გასვენებაში ყველა თავის მკვდარს დასტირისო. და ძველებურად ვერ ვიჯერებდე, რომ მართალია, რაც ხდება და შენ გაგასვენებთ, ჩაგიშვებენ გრძელი თოკებით, მიწას მოგაყრით, მოვტრიალდებით და დანარჩენს კი ის მუშები უჩვენოთაც დაამთავრებენ და ახალ ბორცვზეც გვირგვინებს თვითონ დაალაგებენ.
არ გინდა, ჩემო სულ პირველო შეყვარებულო? - სადმე, ატმებით მსხმოიარე ბაღში ვიყოთ მოჩრდილულები, ბალახზე ვისხდეთ და შენი თავი კალთაში მედოს, ჩამოგხაროდე და თან წარბიდან ნახაზის დამრღვევ ღერებს გწიწკნიდე, შენ ცხენივით ფრუტუნებდე და ვიცინოდეთ.
არ გინდა, ჩემო სულ პირველო მამაკაცო, ერთმანეთისა ისევ ისე რომ გვეშინოდეს, გვეშინოდეს ღამის დადგომის და ერთმანეთს გამოვუტყდეთ, ამ საქმისა კი არაფერი არ გაგვეგება, მაგრამ სხვა გზა არ დაგვრჩენია, რაღაც მაინც უნდა ვცადოთო.
არ გინდათ ისევ, დანარჩენებო?
აი მორევი! ადამიანი სიზმარ-ცხადს რომ ვერ მოერევი. მე მენატრება ღამე ულანდო და უჩვენებო, რად მემუქრება ძილში ვიღაც, შეგაჩვენებო, აი, ხომ დარჩი უშენებო და უჩვენებო, ეგრე გინდაო, სხვას აღარაფერს არ გაჩვენებო?
სად გაჰქრი, ჩემო სიხალისევ, რა დარდებს ვისევ?! აქ გაიცინეთ და დავიწყოთ ისევ, ახლიდან, მხიარულად: - არ გინდათ ისევ?! ისევ ისე!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. არგინდებისა კი მინდებისა, მაგრამ სადაა, ამ ლექსით თქვენთან ერთად გავიარე ყველა ეტაპი. დავრჩი ნასიამოვნები და ცოტა მოწყენილი, მაგრამ ისევ მინდა ახლიდან გავმხიარულდეთ . ცხოვრება მოძრაობას მოითხოვს. არგინდებისა კი მინდებისა, მაგრამ სადაა, ამ ლექსით თქვენთან ერთად გავიარე ყველა ეტაპი. დავრჩი ნასიამოვნები და ცოტა მოწყენილი, მაგრამ ისევ მინდა ახლიდან გავმხიარულდეთ . ცხოვრება მოძრაობას მოითხოვს.
1. სევდიანი და კარგია! სევდიანი და კარგია!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|