 | ავტორი: დებორა ჟანრი: პოეზია 14 აგვისტო, 2023 |
#ლექსები
გამათბობელი
9 - ბ (ციკლიდან - ეროტიზმი ბიბლიაში)
აბიგაილი
“- ლამაზი იყო აბიგაილი, მთელი ქვეყანა შემოვიარე, არ შემხვედრია სხვაგან არავინ, თან ქალი და თანაც ასე ჭკვიანი, არა ჭკვიანი, არამედ ბრძენი, ბრძენთა-ბრძენი, ქმარი კი მართლა სულელების სულელი ჰყავდა. ერთი ხარბი და გაუთლელი, თანაც მდიდარი. ქვეყნის კიდეზე რაც მიწაა და საძოვრები, სულ მისი იყო. ჩემი შიშით კი, აქ დავითის საზღვრებიაო, მტერი ვეღარ ეკარებოდა. ამას კი კარგი გადახდაც უნდა!
ჩემს მშიერ ბიჭებს ერთი ლუკმა პურიც არ მისცა, წყალიც კი არ გამოუტანა, მეფე დავითი ვინღააო, დასცინა კიდეც!
აღვენთე ბრაზით, მეორე დილის ბრძოლისთვის ვემზადებოდი, რომ მტვრად მექცია იქაურობა. მაშინ მეახლა აბიგაილი, ძღვნით მეახლა, მიწას განერთხო, გვაპატიეო, შეგვიწყალეო, მე ვარო მარტო დამნაშავე, მე რომ გამეგო, არაფერი მოხდებოდაო.
მომილბა გული, ვაპატიე, არ ამოვწყვიტე, რომ ნადავლი სულ წამომეღო და ნადავლში საუკეთესო როგორც წესია, ჩვენი ღმერთისთვის შემეწირა და მეორე დღეს მის ბრიყვ ქმარს უცებ გული გაუსკდა.
ჩვენი წესია, სადაც ვინმეს დაიმორჩილებ, ცოლი წაჰგვარო, ჰარამხანაში მიიმატო კონკუბაინად.
მასაც იგივე ბედი ელოდა. ლამაზი იყო და ჭკვიანი, ნდომისაღმძვრელი და მე ვუთხარი, დედოფლად დაგსვამ, თუკი ცოლად გამომყვები, გახარებ-მეთქი.
გაიხარა და თავისი ფეხით, საპალნიანი ვირით მეახლა, ხუთი მხევალი გამოიყოლა და სასახლეშიც შეიფერა მეფის ცოლობა.
ისიც არ ვიცი, რომელი ქალი უფრო მეტია, ვინც შენი ვნებით ვარვარებს და გონებას ჰკარგავს, როგორც ბეთსიბა და უგნურებას შენც არაერთხელ ჩაგადენინებს, თუ ვინც გონების ხმას მიჰყვება, შენც გაგიყოლებს, და საკუთარ ვნებასაც მართავს, წყვილი ცხენივით, საბრძოლო ეტლში შებმულვით და არ გაუშვებს არასოდეს ხელიდან აღვირს?
ლამაზი იყო აბიგაილი, ხრიკიანობაც როდი აკლდა.. ჭკვიანი იყო, არა, ბრძენი და ბრძენთა-ბრძენი! უცნაურია, ბრძენ მშობელს შვილიც ბრძენი რატომ არ ებადება? უგონო ქალი - ბრძენს გაგიჩენს… კიდეც დაგირჩენს და თუ დასჭირდა, ტახტისკენ გზასაც თვით გაუკვალავს…
თუმცა როდესაც ვნება გიქრება, ვინ-ღა გაიგებს, ქალთა შორის ვინ როგორია, ვინ ვის სჯობია. ძველი ამბები გაგონდება ფიქრთგასართველად…”
ღამეა გრძელი, მე - საწოლში - ვითარცა ძელი და ეს ამბები ძველისძველი, მე - დაძაბულმა გათენებამდე თუ გავუძელი!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. მადლობა მუხა! ეს საწოლში გამათბობლად ყოფნის ამბავი კიდევ გრძელდება ბიბლიაში. თან საოცრად . დაწერილი მაქვს, რომ დავჯდები კომპთან, დავამუშავებ და დავდებ. მადლობა მუხა! ეს საწოლში გამათბობლად ყოფნის ამბავი კიდევ გრძელდება ბიბლიაში. თან საოცრად . დაწერილი მაქვს, რომ დავჯდები კომპთან, დავამუშავებ და დავდებ.
1. ძალიან, ძალიან მომეწონა. გინდ ბრძენი იყოს, გინდ უგონო ,ქალთა შორის ვინ როგორია საწოლში გამოჩნდების.
გინდა იყოს კოჭლი, გინდა ბრუციანი, მაინც მეყვარებაა ჩემი კუზიანი ! ძალიან, ძალიან მომეწონა. გინდ ბრძენი იყოს, გინდ უგონო ,ქალთა შორის ვინ როგორია საწოლში გამოჩნდების.
გინდა იყოს კოჭლი, გინდა ბრუციანი, მაინც მეყვარებაა ჩემი კუზიანი !
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|