ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დიოტიმა
ჟანრი: პოეზია
16 აგვისტო, 2023


დავითის ათი კონკუბაინი

#ლექსები

ნინო დარბაისელი

გამათბობელი
(ციკლიდან - ეროტიზმი ბიბლიაში)

9 ბ

დავითის ათი კონკუბაინი

რა გულმოდგინეთ გვემსახურებით,
მოხვალთ,
რაც გვინდა, რაც სჭირდება მეფეთა მეფეს,
მოაწესრიგებთ
და  მორჩილად გაიკრიფებით…

დავითის ათო კონკუბაინო,
ათო კედარო ლიბანისა,
ოდესღაც მართლა ტანკენარო,
ცეცხლში დამწვარო,
ათივე  მუნჯო  მოჩვენებავ,
ზეთის სანთლებით ხელში
სასახლის
ბნელ ტალანებში თავდახრილად მოსიარულევ!

დავითის ათო კონკუბაინო,
ემიმ ამიხსნა,
ეგენი ერთად, ერთ ოთახში, 
ჩვენი სასახლის მეორე ბოლოს ბაღი როა, იქ ცხოვრობენო,
ენის წვერი აქვთ მოჭრილიო,
ენის მოჭრა ამას ჰქვიაო,
თორემ
მთლიანი  თუ მოაჭრეს,
ადამიანი ლუკმას ვეღარც დაღეჭავსო,
ენა - კბილებს ეხმარება,
უკბილონი რომ იღმურზლებიან,
ენას  - კბილადაც მოიხმარენო.

დავითის ათო კონკუბაინო,
სათითაოდ დაპყრობილი ქვეყნებიდან
არჩეულებო,
საჰარამხანედ მოყვანილებო.

ვინ იცის,
ვისი  და იყავით,
ვისი ასული ან  ვის საცოლედ დანიშნული,
ვის ეხსომება თქვენი სახელი!
აქ ხომ წესია,
ადამიანს სახელს უცვლიან,
ახალს არქმევენ,
მერე ეჩვევა და
იმ ძველის დაძახებაზე  აღარც მოგხედავს,
სასახლის გარეთ ცხოვრებასავით
ალბათ სიზმარში თუ ახსენდება.

ემიმ, დავითი 
უკვე კარგად ხანდაზმული
მეფობის წამრთმევ  ძეს თავისას,
აბსალომს როცა  გაექცაო,
მთელი ამალა,
ორმოცივე  უმამაცესი მეომარი  და
კიდევ მთელი ჰარამხანა წაიყვანაო,
აქაურობა -  ათ კონკუბაინს ჩააბარაო.
აბსალომი კი შემოიჭრა,
ყველა შეიპყრო,
მერე ჯარი  და აქ დარჩენილი მოსახლეობა,
უკლებლივ ყველა მესაყვირეებს მოახმობინა,
საცოდავები  ათივენი, გაბაწრულები  დიდ მოედანზე გამოყარა და
მამამისის - მეფე დავითის საბოლოოდ დასამცირებლად,
ათივე მათგანს  ყველას თვალწინ დაეუფლაო.
ასეთი რამე არაკაცს ქვეყნად არ უქნიაო,
კაცი - ერთი და
ქალი - ათიო!

ვინ უშველიდა, საწყლებს
ვერავინ შეეწიაო,
თავი ცოცხალი არ უნდოდათო,
იმ აბსალომმა ხომ ჯერ სიცოცხლით გაგვიმწარა მეფე დავითი,
მერე სიკვდილით  - ათი იმდენად გაგვიმწარაო,
ჯორზე დამჯდარი  შუა ომში ხეს გამოედო,
ტოტზე  ეკიდა მწიფე ნაყოფად
და ჯოაბმაც ერთი მოქნევით ჩამოწყვიტაო,
ჩემს ხელმწიფეს გავახარებო
და სასახლეში დაბრუნებულმა
გულმდუღარე და გულმოწყალე
ჩვენმა ხელმწიფემ
თავისი ძის წაბილწულები ჰარამხანაში ცოლებთან  რომ ვერ დააბრუნა,
ათივენი აქ მხევლებად-ღა  დაიტოვა,
ხელზე მოახლედ,
ოღონდ
ენები დააჭრაო.
მოწყალეაო ჩვენი მეფე,
დიდი დავითი!
ათივე მეფის ერთგულია,
მე კი ათივეს უფროსი ვარო,
აქ სასახლეში ჩვენ გარდა ქალი არ ჭაჭანებსო.

დავითის ათო კონკუბაინო,
ათო კედარო ლიბანისა!
მუნჯო ლანდებო,
ირიჟრაჟებს და მეთერთმეტედ მოგემატებით!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები